ლექსები
ახალ ფუტურისტებს
ფუტურისტები დაირქვით
სკანდალებსაც აწყობთ მარა,
პოეტობისათვის მარტო
დამიჯერეთ ეს არ კმარა.
საქმე მასში ხომ არ არის
დაირაზმოთ ვითა წერო,
ვისაც პოეტობა გინდა
უნდა იკითხო დასწერო.
გაზ. „ტრიბუნა“ 1923 წ. № 389
მკლავს „ფუტურიზმი საქართველოსი“,
რადგან ის მეტად მოსაწყენია!..
მოსაწყენია!.. ეს არაფერი,
მაგრამ ვერ ვუძლებ ამ „პრეტენზიებს“,
რათ არ ეცვლება, ვსთქვათ, ამ ხალხს ფერი,
სადაც რო არ სთესს, იქ რომ ეძიებს?!
ჟურნ. „დროშა“ 15.1.1926
ფუტურისტული
ყანწით ცისფრით ვადღეგრძელებ,
ახლად გამოჩეკილ გმირებს.
ახალს ვუძღვნი ამოსახსნელს
გამოფუტურებულ პირებს,
ზეკაცები მოგვევლინა
ვინ გაბედავს მათზე ძვირებს.
ირწმუნება კრიტიკოსიც,
რომ ვერა სჯობს რაშნი ვირებს...
რა ჰქნან რომე ბეთხოვენი,
მათთვის მხოლოდ ყრუი არი,
არავინ სჩანს მათი სწორი,
შექსპირსაც კი უთხრეს უარი.
ლანდათ უჩანთ რუსთაველი,
დანტეს მიუხურეს კარი,
ნიჭი მაგათ დაელოცათ,
მალე ნახავთ თუ ვინ არი.
აიწოკ
ჟურნ. „ეშმაკის მათრახი“ 1916 წ. № 16
ხონელი „ფუტურისტები“.
როცა ხონელ კაცს ანგარიშებში,
თავის უძირო და ვრცელ ჯიბეში,
სიმცირე გროშის შეეპარება
და მით დარდები შეეჯარება,
დაუწყებს ძებნას შეცდომებს თვისას,
გადმოაბრუნებს საფულე ქისას,
აქექ-დაქექავს ძველსა ნაცარსა
და გამონხავს ეგრე ქანქარსა.
თქმულება ესე ძველის ძველია,
იჭვის შეტანა რაშიც ძნელია,
და თუ მომისმენ, ძმაო ეშმაკო,
გიამბობ ეხლა ამათსა ამბავს, ისე
რაც ძველსა ზღაპრებს მეტად წააგავს:
მატრაპაზების დაბა-ქალაქში
პაოლოს რაზმი გამრავლებულა,
ხურუშიანთა ფუტურისტობა,
ხონის „ქალებშიც“ გავრცელებულა.
ბევრჯერ მსმენია აქაურ ქალთა
სილამაზისა ქება დიდება;
ყველა ამბობდა: „ხონელის სიძე
მოულოდნელათ ფულით მდიდრდება“.
განა არ მახსოვს გიგოს და ბესოს
ქალთა ქორწილი სადიდებელი,
როცა შეინძრენ ჩარჩნი ვაჭარნი
ფული დარიგდა სამდიდრებელი?..
მაგრამ გაფრინდა დრო სანეტარო
სასიძოები გამოილია,
გასათხოვარი ყველა მოხუცდა,
რამეთუ იგიც დროთა შვილია.
მაგრამ ხონელი რის ხონელია,
თუ ვერ იშოვა გამოსავალი
და გაჭივრებას, კარზე მომდგარსა,
დროზე არ დასდვა ღირსი წამალი?
და აჰა ესე ორმოცი წლობით,
უქმროდ შთენილნი დღე, დარაზმულან
და აღჭურვილნი ყოფილის ეშხით
კვლავ გისათხოვრათ ამზადებულან!
და თუ ახერხეს ქმრების წართმევა,
იერიშებით მივლიან ყველგან,
აღარ ითხოვენ ნებართვას შენგან.
გამოაცლიან ოჯახს მამასა,
და მიჰქრის ეტლი იმავ წამასა.
ქეთო, მაშიკო, პატარა კატო,
როდი არიან ამ ჯგუფში მარტო!..
ჩამოთვლით ბევრი ჩამოითვლება,
მაგრამ ჩამოთვლა მეტი იქნება.
მხოლოდ სიმონი, ჩვენი მსაჯული,
ახალი ჯგუფის სული და გული,
ვინ დაივიწყოს, არ მოიგონოს,
როცა ქალები, უქმროდ ნაკრები
გაუთხოვრობით დანაჩაგრები,
მას შეყურებენ ოცნების თვალით
და სიყვარულის ძლიერი ალით
გაუხსნეს გული, წარსტაცეს სული,
და მიჯნურთ შორის ერთი პირველი,
რომელს ეწოდოს „ლამაზი“ ქეთო,
სიმონ ივანიჩს უნდა შეერთო.
მარა ოცნებას გატაცებულთა
წინ გადაუდგა მეუღლე ქმრისა,
ქეთოს ბაზარში სილა გააწნა
დღე გაუთენა მწუხარებისა.
სკანდალსა პირველს მეორე მოჰყვა,
აღარ გათავდა რომანი გრძელი
და ერთ საღამოს, კლუბის დარბაზში,
კვლავ გამოგორდა ქიშპობა ძველი.
ქეთო, მაშიკო, პატარა კატო,
სხვებიც მრავალი ხონში ცნობილი
ვის მაჭანკლობა დასჩემებია
და თანა ახლავს როგორც აჩრდილი,
სიცილ ხარხარით შეხვდენ ამ ამბავს...
კლუბში გამართეს ღამის ორგია,
ქეიფს და ლხენას ჩვეულებრივათ
მოჰყვა ცბიერი დემაგოგია.
მათი გვარებით თავს არ მოგაწყენ,
სურათებს ვეძებ, დავეხეტები,
და თუ შეიტყვეს ჩემი განზრახვა
მოიმართბა მარჯვეთ კეტები.
ეს მაგალითი ერთი არ არის,
ის ვაჭართ შორის გავრცელებული
და ოჯახური ურთიერთობა
მსგავსათ ბევრგანა გამწვავებულა.
ნაქები არის ხონი ხრიკებით,
დარწმუნებული რაშიც იქნებით,
მარა ასეთ ხერხს ვინ მოიგონებს,
და ჩამორჩენილ უქმრო „გოგონებს“
ჩამოურიგებს ცოლიან კაცებს,
სამსახურით და ფულებით ნაქებს
და ამა, რიგათ, ხერხით ნაცადით
თვით ისარგებლეს სხვისი ნაწალდით.
განა კი ღირდა ამაზე წერა,
გრძელი შაირით გრძელ-გრძელი
მღერა?..
მარა, ეშმაკო, ჩემო ძმობილო,
ამა ხალხისგან მარად გმობილო,
თუ ეს დავტოვეთ შეუმჩნეველი,
მაშინ ეს სენი დაუძლეველი,
მყის მოედება ახალგაზრდობას,
გაიდგამს ფესვებს, მოიხვეჭს ნდობას
და ფუტურისტთა გრძნობის ხურუში,
მოუხეშავი, ტლანქი და მრუში,
ჩასწვდება სულში მოზარდ თაობას
და მით შეაჩვევს ზნეთა ავობას.
მიპლიფონცქი
ჟურნ. „ეშმაკის მათრახი“ 1916 წ. # 24
ახალი პოეზიის ნიმუშები
ჭლექიანი კრუხი
(ძღვნად ფუტურისტებს)
დაჭლექდა კრუხი, სამიკვირა ის აზის კვერცხებს,
გამოსჩეკს წიწილთ და საბრალო მალე ფეხს გასცხებს,
მოკვდება კრუხი, კრუხი ნაზი და შავთვალწარბა,
მაგრამ... ახ არა! მან მოლოდინს გადააჭარბა:
წიწილებიც ჰყავს, დღესაც ცოცხლობს ლამაზი კრუხი,
და ეფინება ეზოს მისი ბნელი რუხრუხი...
გარს - ეხვევიან წიწილები შავ, — ყვითელ,- რუხი...
წიწილებს უხმობს, საკვებს სძებნის სანაგვეს ქექით,
მაგრამ დღეს თუ ხვალ ის მოკვდება ყვითელი ჭლექით.
წიწილთა ტრფობამ დააჭლექა კრუხი საწყალი,
კვერცხებზე მჯდომი სიცხემ დასწვა, სწყუროდა წყალი,
იგი, ვით დედა შეეწირა ფეხცელქ წიწილებს...
და სანამ სცოცხლობს იმათ მაინც ვეღარ იცილებს.
მაგრამ სანამდე?!! დაეცემა ფრთებ დალეწილი,
ცხარე ცრემლებით დაიტირებს ყველა წიწილი,
ბრბოს კი, რა ნახავს, აუტყდება მწვანე სიცილი...
მე მოვალ მაშინ და გაკოცებ ტუჩ გაცრეცილი...
შექანჯალებული
ჟურნ. „ეშმაკის მათრახი“ 1917 წ. № 11
ბალშევიკებს
(ფუტურისტული ჰიმნი)
1
მოდიან რღვევით, გიჟური ცეკვით,
გიჟური ცეკვით მოიჩ-ქარიან,
დღეს სულ ყველაფერს უცქერენ ეჭ-ვით!..
ანგრევენ მუდამ და უ-ხარიან!
თავხედ თავადებს, ავხორც თ-ავადებს,
აზავთებულებს ვნებით, ტანც-ხელებს,
იქნებ ჰგონიათ ჭკუით-ავადებს,
შექმნა ძალუძდეს რამის მათ ხელებს.
მადიან ნგრევით, მოდიან მტვ-რევით,
აზავთდენ გმირნი ნგრევის ქაოსში,
ჰე, თავადებო, ნუ გადი რევით!!
სად მიგვაქანებთ?! — სასაფლა-ოსში??
რატომ დალეწეთ „პირა-მიდები“?*)
რატომ მიჰჭენებთ ვით არ-აბული**)
— სარგებლობთ, გიდგათ თქვენ ა-მინდები,
ბრბო გაიტაცეთ თვალ დან-აბული?!
გაივლის ჟამი, ჭკუაზე მოხვალთ
მოგაგონდებათ,
ვით მიჰჭენებდით,
ვით მიჰქროდით,
ვით გიჟი რაში,
თქვენ შეცდომებზე მაშინ თქვენვე
მწამს დაღონდებით,
დღეს არაფერი აღარ გახსოვთ
გიჟ სიმღე-რაში.
ცხოვრება გათრობთ, დაბარბაცებთ
ვით გადა-კრული,
გეოცნებებით უხილავი
თქვენ ბან-აკები,
ჰე, გამოფხიზლდით, თქვენს წინ-ხედავთ
არის უფს-კრული,
ნუთუ არც ხალხი და არც თავი
არ გენ-ანებათ.
თქვენ რომ მიდიხართ, მიიჩქარით,
მიგი ხარიათ,
იმ გზაზე სისხლი, ძმათა სისხლი,
ხომ გრძნობთ იღ-ვრება!!!
თქვენ მოგვევლინეთ და ამ ქვეყნათ
სიმწუ−ხარეა,
ბრბომ დამშეულმა, აღარ იცის, თუ
რასაც შ-ვრება.
ჰეი, შეჩერდით, შეაჩერეთ
გიჟი მე-რანი,
თორემ უფსკრულში ხალხს გადაჩეხთ,
გადიჩე-ხებით,
ერთი შეჰკითხეთ ერთხელ თავსა
რანი ხართ-რანი,
ხალხი ვერ ივლის, თავადებო,
თქვენი ფე-ხებით.
შექანჯალებული
ჟურნ. „ეშმაკის მათრახი“ 1917 წ. № 51
ფუტურისტებს
პაოლო და დარიანი
შეზარხოშდენ გვარიანი
და რუსეთელ ფუტურისტებს
ღვინო ასვეს ძმარიანი.
კიტა, ქეიფს რომ თაობდა,
ფუტურიზმთან ხომ დაობდა.
ხუნაგი
ჟურნ. „ეშმაკის მათრახი“ 1917 წ. № 12
ფუტურისტებს
ბინძური მზე — სილამაზე,
დავაყარე სილა — მაზე,
მოგიძღვენ და შეგთავაზე!..
დასასრული
სოლომონს
(ფუტურისტების ხმაზე)
მოკვდა მგოსანი, მიიცვალა ალმური ცისა,
დადუმდა ბაგე არ მეტყველობს ენა ვით წყლისა
და გლოვა ჩვენი უიმედო სრული ორ წლისა
გვაწევს ვით ლოდი საუკუნის მრავალი ხნისა.
ლამაზ ქალწულებს კოცნას ვართმევთ, კოცნას გრძნეულსა,
და გრძნობას ჩვენსას მწუხარებით სავსეს, ძლეულსა,
თაიგულათ ვკრავთ, რომ საფლავი მითი შევამკოთ
და მგოსნის ხსოვნა საგალობლით ასე შევაქოთ.
ჰეი თქვენ ხალხო, უგნურო და მთვრალო ეშხითა,
მოდით დღეს ჩვენთან სავსე სუფრით, სავსე თეფშითა,
გადავკრათ ღვინო, სოლომონსა ასე უყვარდა,
თორემ ჭიქებში ღვინო. იგი ძალზე აძმარდა.
დღეს ჩვენ საფლავზე ფარჩის კაბებს დავფხრეწთ და დავხევთ
მთელ საქართველოს ცრემლთა ზღვაში ვაცურებთ გავხვევთ.
მოდით ქოშებით, ჭიქის ყელი გალობდეს უნდა
ძველი ელინთა რობაქიძე ჩვენში დაბრუნდა.
ვფიცავთ სოლომონს, ვფიცავთ მისსა პოეზიასა,
ვფიცავთ მის შვილებს, ნათესავებს, მოხუც ძიასა,
ვიფიცავთ ხსოვნას ძვირფას მგოსანს გარდაუვალსა
ვფიცავთ მეუღლეს პირზე მისსა შავსა ვუალსა
ჩვენ არ მოვშორდეთ საფლავს მისას, ქოშით დავადგეთ,
რომ იმ ქვეყანას საცხონებლათ მის სულს წავადგეთ.
ტანისა რხევა, ფიტველ ფეხთა ოცნების ცეკვა
და სოკოთუბნის ეკლესის ზარების რეკვა,
მთელსა სამყაროს შეაძწუნებს და შეაშფოთებს
ხოლო ძაღლები თავის ყეფით მთლათ ააქოთებს.
ვარსკვლავებს დავგლეჯთ, მთვარეს გავტეხთ, მზეს დავაბნელებთ,
ქვეყნის ვაებას კიდევ უფრო ჩვენ გავაძნელებთ,
თუ არ გამოჩნდა ლეგიონი ცრემლმორეული:
და სატრფოც ჩვენი ფარჩის კაბით სულ შორეული
ალბათ მოგვისწრებს, კოცნას არი იგი ჩვეული.
ჰე სოლომონჯან! სული ჩვენი შფოთავს ვით ნესვი,
ჩვენსა დიდებას შენ გაუდგი პირველათ ფესვი,
მადლობის ნიშნათ მოგადგება დღეს შენი ხალხი
(ნეტა გაჩვენა, როგორ გვშვენის ეგფარჩა თალხი)
და ორი წლისა მწუხარება გულში ნაგუბი
გადმოინთხევა შენ საფლავზე, ვით კინტოს ჩხუბი.
ხუნაგი.
ჟურნ. „ეშმაკის მათრახი“ 1917 წ. № 43
საპნის ბუშტები
(„ბარიკადის გმირებს“).
„ბარიკადებზე“ დგანან მუშტებით
პავლო, გრიგოლი, მათთან ტიციან,
სცლიან ყუმბარებს საპნის ბუშტების და
ვის ებრძვიან — თვით არ იციან.
რა სურთ ამ ვაჟებს, ქუჩის ბრექიებს,
რომ ტრაბახობით წაიღეს ყური?!.
არ მოგაგონებთ „ნაცარქექიებს“
მათი მუქარა, მათი ფაფხური?..
ვაშა, ვაჟებო! თქვენს რაინდობას
შთამომავლობა არ დაივიწყებს;
დღეს თუ უცხადებს ძველთ მაინც ნდობას,
ხვალ სამუდამოთ გადაივიწყებს.
მაშ ააჩქეფეთ გრძნობის ფანტანი,
ქუჩა მოჰფინეთ ვნების ვარდებით
და გაახარეთ კაფე-შანტანი,
ვიდრე მოდიდან გადავარდებით!
ხუმარა
ჟურნ. „ეშმაკის მათრახი“ 1920 წ. № 47
პატარა ფელეტონი.
სიმღერა ფუტურისტისა
ვარ ფუტურისტი,
რითმების ხურო,
მაქვს, ტვინის ნაცვლად,
თავში ფუტურო.
ჩემი ლექსია
ლალი და ქარვა,
სხვა კი ყოველი
არის მიქარვა!..
დღეს აქ მწერლობის
ვარ სათავეში,
შეგუებისა
ავიღე გეში,
ჩვენთვის გულუხვობს
დღეს ნარკომპროსი,
ვხრავთ მხატვრულ სიტყვას
საქართველოსი,
ვიცვამთ, ვეხვევით
ჭრელ ქაღალდებში,
საჭმლით ყოველ დღე
სავსე გვაქვს თეფში.
ვბინადრობთ სახლში
ხოშტარიასი
ბედმა გვარგუნა
ლატარიაში...
თავსა ვგრძნობთ თბილად
და არხეინად,
თვითო ჩვენგანი
ღირს ცხრა ჰეინედ!
ჩვენ პროლეტარულს
ვქმნით ხელოვნებას,
მას ვუმორჩილებთ
ჩვენს გემოვნებას.
ვტლინკაობთ,
როგორც წყლის პირს ჭინკები,
არც სტკინთ, არცა სწყინთ
ჩვენი ტლინკები,
და მოდის ჩვენკენ
მილიონები,
მხოლოთ გვწყინს: არის
მარტო ბონები!..
ონისიმე
გაზ. „კომუნისტი“ 1921 წ. № 244
პატარა ფელეტონი
(ფუტურისტების სიმღერიდან).
ავუშვი ლექსები... დავაბი ძაღლები...
ბაღლინჯოს ბრძოლაში მჭირდება ჯარები;
შეხედეთ! დავწერე ლექსების „კრებული“ —
გავავსე ბაზარი — შევიქენ ქებული!
ფინთიხი
გაზ. „კომუნისტი“ 1922 წ. # 50
ჩემი ლექსების კრებულიდან:
გზაზე, რომ სულში ამივარდა მე ნიახური,
მუცელს დავადე ამ ზამთარში ცხელი აგური...
პრასას ვუწოდე გაფუჭება შავი ყორნების.
არ მეყო ყლაპვა მე. ამ წელში წყეულ ბონების.
ქვეყნის კიდურზე გამოვსჭედე მე საქანელა,
მივექანები მედიდური მასზე ნელ-ნელა.
ავაბზიალე ტანი, ფეხზე, თავი, კისერი,
არ მიჭამია მე ამ თვეში გოდრით კისელი.
და გულმოსული ავაფრინე ჯორი, ვირები,
აბა, ჩემს მეტი ვინღა არის ჩვენში გმირები...
ბუდეზე დავდე სამი კვერცხი ზედ დავაჯექი,
ჩამირთო კრუხმა თვის ნისკარტი – ზეზე ავდექი...
გამოჩეკაში ვერ მაჯობებს წუწკი მელია,
ბუზებს დავიჭერ, თუ საჭმელი შემომელია!
და ამიტომ ვშიშობ ჭამას გამწარებული,
მაგრამ არ მიშავს, თუ დავსწერე კიდევ „კრებული“!
მაშინ ტაძრიდან ძირს კამერით გადმოვარდები,
თუ არ შემიწვეს თხილის წვენში შავი ვარდები.
ამიტომ მქვია მე პოეტი რაშის ჭენებით,
თვალი მევსება „ვეჩერებში“ ღამის თენებით;
პეტრეს მოვპარე შავი კატა... მიყვარს ჭენება...
მამაჩემს ძაღლი შევაჭამე-თაგვიც ენება.
გაზაფხულივით გადავმალე მთვარეც და მზეცა,
გიჟური ლტოლვა გაბრაზებით ორღობეს ეცა!..
ფინთიხი
გაზ. „კომუნისტი“ 1922 წ. № 50