შალვა ალხაზიშვილი // დავით კაკაბაძის მხატვრობა
უდავოა ფაქტი: ყოველი ხელოვნება ვითარდება სოციალ-ეკონომიურ პირობების გავლენის ქვეშ. მაგრამ, გარდა ამ, ასე ვსთქვათ, სოციალურ მომენტისა, რომელსაც უსათუოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, არსებობს მეორე ხაზი, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი: ყოველი ხელოვნება ვითარდება თავის საკუთარ, სპეციფიურ კანონების მიხედვით და ხელოვნების სხვადასხვა დარგები სწორედ იმით განირჩევიან ერთმანეთისგან, რაც უშუალოდ, შინაგან, იმანენტურად ეკუთვნის მას. ესე იგი იმით, რასაც ბ. ეიხენბაუმი უწოდებს ამა თუ იმ ხელოვნების „ორგანიულ ფერმენტს“. მხატვრობას, როგორც ხელოვნების, განსაკუთრებულ და სპეციფიურ დარგს ახასიათებს უმთავრესად პლასტიურობა. ეს უკანასკნელი წარმოადგენს იმ შინაგან „ორგანიულ ფერმენტს“, რომლის განვითარებით და გაძლიერებით მხატვრობა წინ მიისწრაფის და პროგრესიულობს.
არიან ეპოქები, როდესაც ხდება ამ ორგანიულ ფერმენტის გაშიშვლება, ე. ი. მხატვრობა ვითარდება უშუალოდ პლასტიურობის კანონების მიხედვით. რაც შეეხება „სოციალურ მომენტს“, რომელიც ზევით ვახსენეთ, იგი წამოიჭრება უმთავრესად მაშინ, როდესაც ადამიანი მოითხოვს ხელოვნებისგან „შევსებითი ფუნქციის“ (ბ. არვატოვი) ასრულებას. უკანასკნელ შემთხვევაში კი პლასტიურობა გადადის მეორე პლანზე, ან სრულიად იდევნება, და წინ იჭრებიან სიუჟეტურობის, სინამდვილის ფოტოგრაფიული ასახვის და „დაზგის“ (станковое) ხელოვნების საკითხები. მოკლედ: მხატვრობაში ძლიერდებიან სახვითობის (изобразительности) ელემენტები. შეიძლება ითქვას, რომ მხატვრობის ისტორია ხასიათდება სწორედ ამ სახვითობის და პლასტიურობის ბრძოლით.
აქ არ შეუდგებით მაგალითების მოყვანას ისტორიიდან, რადგან ეს შორს წაგვიყვანდა. საჭიროა მხოლოდ აღინიშნოს, რომ დავით კაკაბაძის მხატვრობა სწორედ ზემოთ თქმულ ორგანიულ ფერმენტის, პლასტიურობის გაშიშვლებით ხასიათდება. საქმე იმაშია, რომ მსოფლიო ომის და დიდი რევოლიუციის შემდეგ მოხდა საერთოდ სახვითობის გახრწნა (разложение изобразительности) რასაკვირველია, დასავლეთის და რუსეთის მხატვრობის საუკეთესო წარმომადგენლები ამას გრძნობდენ ჯერ კიდევ მსოფლიო ომამდე. მაგალითად, სეზანი ამბობდა: „მხატვრობა სრულიად არ წარმოადგენს ხელოვნებას ხაზების და ფერების საშუალებით რომელიმე საგნის გადმოცემისა, არამედ იგი მოწოდებულია ჩვენს ინსტინქტს გადასცეს პლასტიური შეგნება“. აქ კი ხვდებიან ერთმანეთს ევროპიული და არაევროპიული (უმთავრესად აღმოსავლური) მხატვრობა. დაწყებული მე-XIX საუკ. მეორე ნახევრიდან მთელი ევროპიული მხატვრობა განიცდის და უშუალოდ ვითარდება არაევროპიულ მხატვრობის (იაპონური, ნეგრების, სპარსული და სხვ.) გავლენის ქვეშ. აღმოსავლეთის მხატვრობას კი უპირველესად ახასიათებს პლასტიურობის სიძლიერე. მისთვის დაზგის ხელოვნება (станковизм) როგორც ასეთი, თითქმის უცხოა. „სტანკოვიზმი“ ევროპიული წარმოშობისაა და მას ახასიათებს უმთავრესად სიუჟეტურობა, წმინდა სახვითობა, დეკორატიული ხაზი და ორნამენტალური კომპოზიცია — აი მთავარი, რაც ახასიათებს აღმოსავლეთის მხატვრობას.
დ. კაკაბაძის მხატვრობა აღმოსავლურია იმდენად, რამდენად იგი ხდება ინტერნაციონალური. ამის ტენდენცია კი დიდია ჩვენს ეპოქაში. ხელოვნება ღებულობს ინტერნაციონალურ ფორმებს. ერთის მხრით იგი ნამდვილი შვილია აღმოსავლეთის თავისი ხელოვნების მთელი სტრუქტურით და ოსტატური ნიჭით.
შემდეგ: გარდამავალი ხანა, რომლის დროს ჩვენ ვცხოვრობთ კონკრეტიზაციაქმნილ იდეების პერიოდში, როდესაც იდეები პოულობენ თავის კონკრეტიზაციას პუბლიცისტიკაში და მეცნიერულ ლიტერატურაში. იდეები სრულიად არ საჭიროებენ დღეს სიუჟეტურ კონკრეტიზაციას, ე. ი. გამოგონილ, ხელოვნების პლანში განსახიერებულ კონკრეტიზაციას. იდეის კონკრეტიზაცია სიუჟეტში ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სინამდვილეში, რეალურ ცხოვრებაში ყოფითი იდეა (Бытовая идея) არაა საკმარისად კონკრეტული. ამ შემთხვევაში იგი (იდეა) საჭიროებს ესთეტიურ ხაზგასმას ეგრედ წოდებულ შევსებაში (აქედან: ლიტერატურული რომანი, სახვითი მხატვრობა და სხვ.). ევროპიულ, უმთავრესად ბურჟუაზიულ, მხატვრობაში ბატონობს იდეების სიუჟეტური კონკრეტიზაცია, იდეების კონკრეტიზაცია გამოგონილ სიუჟეტში. აღმოსავლეთის მხატვრობას, რომელმაც უკანასკნელ დროს დიდი გავლენა იქონია ევროპიულ მხატვრობაზე, უმთავრესად ახასიათებს იდეების პლასტიური გაფორმება. აქედან გამომდინარეობს მოწინავე და მემარცხენე მხატვრობის უსაგნობა (Беспредметность) უსიუჟეტობა. მაგრამ იდეების გამომხატველი უსიუჟეტო მხატვრობა არ შეიძლება იყოს სუბიექტიური. მას არ აზის ინდივიდუალურობის დაღი. იგი ხდება ობიექტიური და სწორედ ამითაც განირჩევა აგრეთვე ახალი მხატვრობა მთელ აქამდის არსებულ მხატვრობისაგან. სუბიექტის ობიექტივაცია ახასიათებს როგორც ფ. ლეჟეს, რომელიც იძლევა იმპერსონალურ მხატვრობას, უფრო სიურეალისტურს, ვიდრე კუბისტურს. ეს ახასიათებს სხვა განხრით დ. კაკაბაძის შემოქმედებასაც.
დ. კაკაბაძე წარმოადგენს პოსტ-კუბისტურ მოვლენას თანამედროვე მხატვრობაში. მართალია, მან გაიარა ფრანგული კუბიზმის სკოლა, მაგრამ ისევე დასძლია იგი, როგორც, მაგალ., ჟორჟ ბრაკმა, თვითონ კუბიზმის დამაარსებელმა. საერთოდ დღეს კუბიზმზე ლაპარაკი მეტად ფრთხილად მართებს. ამიტომ პირდაპირ გასაოცარია, როდესაც შ. დუდუჩავა ოფიციალურ პრესსის ფურცლებზე უწოდებს დ. კაკაბაძეს „ორტოდოქსალურ კუბისტად“. საერთოდ მისი წერილი მეტად დამახასიათებელია იმისთვის, თუ როგორ არ უნდა იწერებოდეს მხატვრობაზე. წერილი ამჟღავნებს ავტორის სრულ უცოდინარობას ჯერ კუბიზმის (მაგ. კუბიზმი არისო „გარეგან მოვლენების გეომეტრიზაცია“) და შემდეგ დ. კაკაბაძის შემოქმედების („კაკაბაძის ყველა სურათები გაკეთებულია კუბისტური მსოფლმხედველობის თვალსაზრისით“!). გარდა ამისა წერილი ააშკარავებს გამოფენისადმი ობივატელურ მიდგომას: მაგალ., „არც ერთი ნატურმორტი, არც ერთი პეიზაჟი, არც ერთი კონკრეტული პორტრეტი, არც ერთი ყოფის სურათიო“, თითქოს მხატვარი მოვალე იყოს იმის ჩვენების, რაც ამა თუ იმ სუბიექტს მოესურვება. ასე იქმნის, სამწუხაროდ, ჩვენში „ოფიციალური აზროვნება“. მაგრამ ეს გაკვრით.
გარდა ზემოთმოყვანილ პრინციპებზე აგებულ სურათებისა, დ. კაკაბაძეს აქვს აგრეთვე მთელი რიგი ნაწარმოებისა, სადაც გამოყენებულია ნივთების ფუნქციების გადატანის ხერხი: როდესაც განსაზღვრული ნივთი ღებულობს ახალ ფუნქციას. ეს არის ხერხი არაესთეტიურ კათეგორიის ელემენტის შეტანისა ესთეტიურ კონსტრუქციაში მისი ესთეტიურად გამოყენების საშუალებით. უტილიტარულ ნივთების (სარკე, ვინტები და სხვ.) გამოყენება არაუტილიტარულ მიზნებისათვის. აქ დ. კაკაბაძე უახლოვდება თანამედროვეობის ისეთ დიდ მხატვარს, როგორიცაა პ. პიკასსო, რომელიც არამხატვრული ელემენტების შეტანით სურათში ქმნის „სკულპტურულ ნატურ-მორტებს“ (რკინა, ხე, შუშა და სხვ.). სწორედ ასეთ „სკულპტურულ ნატურ-მორტებს“ წარმოადგენს დ. კაკაბაძის ნაწარმოებთა განსაზღვრული რიგი. აქედან კი ერთი ნაბიჯია კონსტრუქტივიზმამდე და საწარმოო ხელოვნების შექმნამდე.
მესამე რიგს წარმოადგენენ, ეგრედ წოდებულ, „ბრეტანის ციკლის“ ნაწარმოებნი. ეს„პეიზაჟები“ იძლევიან ბუნებრივი მოვლენის მხატვრული ეკვივალენტის ძებნის ცდებს. ამა თუ იმ რეალურ, კონკრეტულ საგნის მხატვრული ეკვივალენტის გადმოცემას, რაც დიამეტრალურად განირჩევა იმპრესსიონისტულ და თუნდაც ექსპრესსიონისტულ მხატვრობის გაგებისაგან.
უკანასკნელად საკითხავია, რამდენად მისაღებია დ. კაკაბაძის „ექსპერიმენტები“ საბჭოთა გარემოში. რასაკვირველია, მისი წაბაძვა და კოპიისტობა მეტად არასასურველი მოვლენა იქნებოდა და არც არის ეს საჭირო. ამით იგი ვერ გაახარებს ზოგიერთ „მქაფავ“ მხატვრებს, რომელნიც ჩვეულნი არიან სხვის შტამპებზე მუშაობას. მაგრამ დ. კაკაბაძის მხატვრობას უსათუოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ხელოვნების წინ წაწევის საქმეში. საჭიროა მისი მხატვრობის შესწავლა და შეგნება. იგი იძლევა არაკონსერვატიულად განწყობილ ახალგაზრდობისათვის დაუშრეტელ იმპულსს მემარცხენე მხატვრობის ფაქტების შექმნისათვის.
გარდა ამისა, საბჭოთა სინამდვილეში დ. კაკაბაძის მხატვრობის ყოველგვარი გამოყენება შეიძლება. ამის გასაგებად მოვიყვანთ პატარა ანალოგიას საბჭოთა წარმოებასთან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყოველი წარმოება ვითარდება უმთავრესად ორნაირი გზით.ერთის მხრივ: ბაზრის მოთხოვნილება, საქონლის გამოშვება, განაწილება და მისი დაგზავნა. მეორეს მხრივ: ვიწრო ტეხნიკური მხარე წარმოებისა: ხარისხობრივობის აწევა, საქონლის გაუმჯობესება და სხვ. უკანასკნელ ხაზით წარმოება ვითარდება თავისი საკუთარი, სპეციფიური კანონების ძალით. ისევე, როგორც მაგალ. ტეხნიკურ გაუმჯობესებამ ჩაინიკიდან კაცობრიობა მიიყვანა ორთქლის მანქანამდე. და როდესაც გამოჩნდებიან ისეთი ოსტატები, რომელიც გამოიგონებენ ახალ საშუალებას, ან ხერხს წარმოების საქონლის გაუმჯობესებისათვის, მას საბჭოთა ხელისუფლება აჯილდოვებს. თითქმის ასეთივე ხდება ანალოგიურად ხელოვნებაში. არიან ხელოვანნი, რომელნიც ძველი შტამპებით განაგრძობენ მუშაობას, ძველი ფორმებით და ხერხებით. მაგრამ არიან ექსპერიმენტატორები, გამომგონნი, რომელნიც აუმჯობესებენ ხელოვნების (ამ შემთხვევაში, მხატვრობის) ხარისხობრივობას და იძლევიან ახალ საშუალებებს და ხერხებს მხატვრობის საქონლის გასაუმჯობესებლად. ამ მხატვრების რიგს ეკუთვნის აგრეთვე დ. კაკაბაძე და მისი მნიშვნელობა არა ნაკლებია, ვიდრე მაგალ. რომელიმე მუშათა გამომგონებლისა განსაზღვრულ წარმოებაში მომუშავის, რასაკვირველია, მხოლოდ ხელოვნების პლანში.
დასასრულ, არ შემიძლიან, არ მოვიყვანო ცნობილ მხატვარ ალბერ გლეზის სიტყვები: „მართალია, მხატვრობის უკანასკნელი პუნქტი იმაში მდგომარეობს, რომ დაიმორჩილოს მასსა, მაგრამ არა მასსის ენაზე უნდა მიმართავდეს მას მხატვრობა, არამედ თავის საკუთარ ენაზე, რომ ააღელვოს, დაიმორჩილოს და წინ გაუძღვეს მას“.
„მემარცხენეობა“ 1928 წ. №2