სიმონ ჩიქოვანი // ფიქრი მტკვრის პირას
ფიქრი მტკვრის პირას
(შესავალი)
ესეც გამოველ და უწინაპრომ ამოვირჩიე დღე ნაღვლიანი და
სევდებით შეყვითლებული
ვქადაგებ ხალხში სახარებას ახალ გმირობის - ტვირთი
ფიქრების ავითვალწუნე
ჩემს გულს გასაბრწყინებლად მე ჩაუნათე ზაჰესიდან წვირი
სანთლების
მე გადავხსენი კალენდარი მომავალ დღეთა გადუფურცლავ
პლანტაციების
და ციბრუტივით ცერების წვერებზე - შევატრიალე შიგნით
ცხოვრება.
მინდოდა წინად მზითვის მომება თოკი ღვლეჭივით და
მოსაგლეჯად ძირს დამექაჩა
მაგრამ ვიცოდი ჩემი ღონე ვერ ააღწევდა ამ მოთხოვნაში ას
ცხენის ძალას
და მოველოდი, რომ მიწოდებდენ მშობლის შემცხვენელს
მუქთახორას და მაწანწალას;
მაშინ პირაღმა ავიფორთხე შენობების კიბეებზე და კატასავით
ავეთამაშე ბუზებს ჰაერში
ვიყავი კარგი, მოთმენილი, გრილი სურვილით შევსცქეროდი
ზეცას ჭორფლიანს
მაგრამ ძვლების სიმძიმით მოწყვეტილი ცხოვრების გზებზე
გავიშხლართე როგორც ჭანდარი ძირამოფხვრილი
და ყავრის ლურსმნის სიგრძე სხეულმა გავიხსენი
სევდების ნისლი აორთქლება და ჭრილობები.
და მეუბნება მტკვარი სიმძიმით, როგორ იქნება ავეჯეულობა
თავს დაიმტვრიო ისე გაცოფდე
როგორ იქნება შენი გრძნობები გაუშინჯავად გადმოკიდო
სანთლის ტილოზე
ჯერ მთლად ყმაწვილი ობოლ სულივით რაღაც ფიქრისთვის
ბერიკაცობდე
ასეთი ქცევა ჩემო მნათობო, შენგან განუჭვრეტ ჭრელ ქვეყანაში
სასაცილოა-სასაცილოზე.
როგორ იქნება მოკლა ფრინველი, გაუპუტავად გადაუგდო
ძაღლს ნაქლოშინარს
იყო ტბილისში და აწვე ტფილის მომღლელ ბარგივით,
ჩაღამებულ ბნელ კალოშივით.
როდესაც გამოვდივარ და ვერეკები ბაღების ძეგლებიდან
ჩიტებს ჟივილით
და ღრუბლებს ვგრძნობ ვით ჩემს ოთახის კუთხეებში ობობას
ქსელებს
მე ვხსნი აჯანყებისთვის შეკრულ უჯრედებს
ვკითხულობ ცხოვრების ცნობებს სიამოვნება გახსნილ
ლექსებით.
როცა ეყვინთებათ მოქალაქეებს და შენობები მოყვებიან
დასაძინებელ კუჭებივით ტახტების ჭრიჭინს
ვითვლი ვარსკვლავებს, შეშინებული მეჭეჭებით ცრელს ვღვრი
თითებზე
დასცქერის თბილის, მთელი თავის მოწყობილობით შეხუნებული
ცა ჭორფლიანი;
დუდუნებს მტკვარი და იზლაზნება მზით შეოქრული როგორც
თითბერი.
ნეტავ მეც მქონდეს დედაო მტკვარო შენსავით სული ყალბი
ციური
ან ვიყო მაინც გაგრძელებული, რომ მე მთაწმინდა გამომადგეს
ყურთბალიშივით.
ფეხს მბანდეს მტკვარი, რომ განბანილმა და განწმენდილმა
შევითვისო მზე გამოცრილი
და საკუთარ ცაში ვინახულო შეწუხებული ღმერთი ყურბანი.
როდესაც ვხედავ როგორ აბრუნებს მტკვარი წისქვილებს
ფრქვავს ხორბალს, ქვებს, ბარათაშვილის ფიქრებს დაკუმშულს
და როცა ბორბლების ტრიალს ღვედებივით ერტყმებიან
ტალღები მტკვარის
მოთმინების ბუშტები დამისკდება, გადმოდინდება დაჯერების
სავსე ფიალა
შეუერთდები მტკვარს აღელვებულს, დავახრჩობ ღრონტს
აქაფებულ ტალღის ღრიალით.
უმანკო ნუკრივით შევსცქეროდი წინად მე ზეცას და მოველოდი
ელვის სასწაულს
ოჰ, ვენდობოდი გულუბრყვილობით ცას ამოგდებულს და
გადმოშლილს
ოკეანების უზღვავ მუცლიდან.
საუკუნოებს და ასეთ რამეებს რომლის აშვება შეიძლება ხეებზე
და სახლის თავებზე
მე ვამზადებდი გასაფრენად ვით პაპურუსის ჭრელ პარაშუტებს
და მეშინოდა არ მოსულიყო ცის დოქებიდან სევდების ნისლი
არ მოსწოლოდა გულს აღტაცებულს დასასიებელს და
დასაჩუტებს.
როცა მგონია ოთახის კედლებს აუდინდა სუნი კარბოლის
გაზაფხულამდი სულის სამშობლოს აწი ხელახლა ვერ
იყმაწვილებს
სივრცე ფიქრებით და ნატეხებით მტკვართან სირბილში
წაიბორძიკებს
და ებადებათ სახლებს ფანჯრებით საუკეთესო განწყობილება.
მართალი არის ჩემს მიღებაზე მაღლა ზეცამ გადაწყვეტით
მითხრა უარი
მე კი თვით დამაქვს ზეცა ღლიავის, ზეცა მუცელის, ზეცა
ყრონტს ზემოდ და ასე შემდეგ.
ერთის მაგიერ ცხრა ზეცა დამაქვს ხელშესახები და საკუთარი.
და არ ვიცოდე სინიდის ვფიცავარ რათ მეჭივრება საზიარო
ზეცის შენდობა.
ას ცხენის ძალით ვექაჩები მზეს მოსაგლეჯად ძირს დასაგდებად
ჩვენი მიზნები ვით თაველები სულ მუდამ იყრის და წუთებივით
ცელს ხმარობს ფართოს
მოგზაურები და იალბუზი აღელვებული საბაასოდ სდგას
მაგიდაზე
ჩაექცეს ყველას თვალში ნაღველი ვინც ცა და მიწა გადმოხედვთ
ვერ შეაერთოს.
გადავიხეხე კოჟრიან აგურით გახელებულმა მუხლებში ძარღვები
და დავარდნილ ფეხებით მოედნებზე შევევედრე ტრამვაებს
შველა
სულში ჩავიდგი დღე გამჭირვალე, გაოფლილ გულზე დავიყარე
ფიქრთა ღერღილი
როგორც გაქლექილი მარცვლები შვრიის.
შემდეგ როდესაც ჩაუვარდი მოძრავ წისქვილის ბორბლებს
და ბორბლებმა ტრიალში დაგრეხილი და დაწურული
გადამაგდეს მტკვარში კნავილით
დაბეჟილ მხრებმა თვით შეხედეს ხან ცხოვრებას, ხან ცის
ქანდარას
მიმიახლოვეს ღმერთს ფეხს დაბანილს და მოსეირნეს ცაში
ღრუბლის წინდებით
ვიცი ვყელა ეს წამება აღუნიშნავი დარჩა კალენდარს
და ვხედავ გამოვრჩი სამუდამოდ რიცხვს წმინდანების.
ამიტომ ვფიქრობ გზების მტკეპნელზე მტკვარი მოიტანს თავის
არჩევანს
და მის ტალღებით ბრძოლით დაცვენილს ვამაგრებ სახსრებს
რომ გაზაფხულში და სინორჩეში არ მოვიდეს მინდა სიქაჩლე
და სიყვარული შობელძაღლი, ჩემი ლექსებით მე მათახსირებს.
როცა პროსპექტზე კომუნის ნიშნით დადუმებული დევს
ეკლესია
დუდუნებს მტკვარი, შესცქერის კუნტი მთაწმინდის მაღლობს
მეუბნებიან სამშობლოში, მოტორებმა ბარათაშვილის მერანი
მოკლეს
და სისხლ გადმოღვრილს ასე ვუყურო არ შეიძლება, საძაგლობაა.
მაგრამ მე ხომ შემიძლია მტკვარი ტალღები გადვიმტვრიო
მუხლებზე ბრაზით
გავიშეშო ყველა ძარღვები, გამოვიხმო ტვინი პურის ბზესავით
საყვარელ ქალის ალერს საპასუხოდ, დავუღრინო როგორც
ნაგაზი
და ცა ანგელოზებით სავსე გამოვაცხადო ღმერთის საბოზეთ.
უკანასკნელად მტკვარის წისქვილები ფრქვავენ ხორბალს,
ბარათაშვილის ფიქრებს დაკუმშულს
საკუთარ ცაში მოწყენილი არც ერთ ცნობას არ ღებულობს
შებერებული ღმერთი ყურბანი
მე მაშინ მინდა უშუალოდ გავხსნა ვარსკლავებთან სასარგებლო
ჩემთვის კავშირი
მოვეწყო ცაში ისე, რომ ღრუბლის ნაკვთები გამოვიყენო
დასვენების დროს ყურთბალიშებად.
როცა გადავალ რომ გადავხსნა კალენდარი მომავალ დღეთა
გადუფურცლავ პლანტაციების
მტკვარი ზარმაცი ჩემი ზურგივით თვის ნაპირებში მოთქმას
მოყვება,
და ჩემი გულის გასაბრწყინებლად თუ ჩავანათებ ზაჰესიდან
სანთლის ბაცილებს,
როგორც პეპლები ლამპის შუშებზე გულს ღამეები
ეხეთქებიან.
I
მტკვარი გადმოდის ნაპირებზე, სადაც მხეცები თამაშობენ ცას
და კაუტროტს,
იწყებს ტალღები გახლეჩილი სპილენძით ბოყინს.
ნეტავი იყოს წყალდიდობა და სიყვარული ვით საკმეველი,
თქვენი თვალები ჩაძირული დამძიმებულ მტკვარში ქვებივით.
მე შენობები მომყვებიან არწივის ფრთიან სირაქლემებით
დაბოლილი ნისლი პროსპექტზე, სირაქლემებით მისდევს
ტრამვაებს.
დუდუნებს მტკვარი, ტკბილ სიმღერებს სივრცეები
ბარათაშვილის
და ასტრალურ წარმოდგენებში: თქვენი გასტროლებით, თქვენი
ფარსებით და აშენებებით
ზიხართ სირაქლემებზე და შემოდიხართ ორსართულიან ვრცელ
ფანჯრებიდან;
გხვდება მრავალი შენობები; ისინი მოდიან მოდუნებულ მშვიდ
ნაბიჯებით,
მოაქვთ ქვეყნები უხილავი, მზით აგებული რომანტიულ სქელ
ნივთებიდან.
მოდიან ფანჯრებით:
ფანჯრები არის დავიწყებულ თვალების გუგა,
და ფიქრობს მტკვარი ტროპიკულ სქესზე მხეცების ქურქში.
ნუ გამიწყრებით შავ წარბა გოგოვ,
და განცდებიდან პრიმიტიულს ნუ აგებთ ბოგირს!
თვითონ სთქვას მტკვარმა, თუ მე გულზე დღეს ტკაველი
დაღი არ მქონდეს.
გადმობრუნებული ფრინველები შენობებივით ეშვებიან ძირს
მდინარეში,
თქვენს მაგიერ მდინარე ამბობს: ჩვენი ცხოვრება სახამუშოა
და მოსათმენი,
სიცოცხლის ფენები ხავერდივით შესაგრძნობი და შესახები,
გულს წონის სიტკბო გადმოკიდულ მნათობებზე ცის ოწინარით,
თქვენ ხართ მწერებში ვით პეპელა საალერსო და უწყინარი.
და თუ თქვენ ამბობთ: სთქვით რამე; ექსცენტრიული და ძლიერ
უცხო,
დაკეპეთ სხივი და ნუ უყურებთ სინანულით ვარსკვლავს
დარდიანს.
ჩემი ნატვრაა მეგრული ფაცხა, თქვენთან მთვარე ოქროსი,
მაგრამ კოვზივით დაფერილი და მოვერცხლილი.
თქვენ გიყვართ ვიცი გაზაფხული და ტრამვაებთან ფუტკრების
ფრენა,
პროფკავშირების სასახლეზე ბუდე მერცხლების.
სდუმს ბარაბანი.
თქვენი გადმოხედვა ჩვენ გვაგონებს სევდიან ღრუბლებს,
ობობას ქსელებს, მოხრილ ნიშნებს გაკვირვებების,
დაწმენდილ ჭვარტლების ჭურჭლებს, სივრცეებს ნაკეცს!
მომეცით სკამი, გადახტომა მინდა ჩემს გულზე!
ახლა დაარტყამს ბარაბანი გადაჭინთულ მაგარ ძარღვებზე:
ვდგევარ სიმარტოვე, ტოლსტოივით ვეთამაშები სარტყელ
სიმორცხვით.
სდუმს მტკვარი, იზლაზნება და მკვდარ ზლოკვივით
მელანხოლიკობს.
თქვენ მოგსდევთ წყება პოეტების, გამხდარ ბავშების,
დეგენერატების,
პედერასტები ლორნეტებით მეგობრები, სათვალეებით.
რათ ითმენს მტკვარი ქართლის მოდგმის უკუღმართობას
და წყალდიდობით რად არ წარღვნის გერმაფროდიტულ ჯიშის
სიყვარულს.
იშორებთ ჭუჭყს მნათობებით გულზე დალეკილს,
დამჭკნარ ვარსკვლავებს თანამავალებს უნდათ თქვენს მკერდზე
სიყვარულის ზარებს დარეკონ.
ცხოვრების კარები დაღარულია და ბრმა სახლები შეკვნესიან
ვარსკვლავს დარდიანს
— შეიძლება რომ შემოვიდეთ?
— ჩვენთან მუდამ ღიაა კარი!
დაკორტნილ თვალთა ნამცეცები ჩვენ დავყარეთ გუშინ
პროსპეკტზე,
რომ ჩვენამდის სამოგზავროთ გზა მოიკვლიოთ.
მტკვარი ზაჰესით გაანათებს თქვენს ბრწყინვალებას
სამეურნეო ლექსების მსგავსად.
სადა ხართ თქვენ?
გამოვიტანე მე კაკლის გული
და ნაჭუჭებში მოგათავსეთ ფეხებ მოხრილი.
ბროლის შუშაში მე ვინახავ ობოლ სიყვარულს
და რომანტიზმი გულს მოედო დამბალ ობივით.
მტკვარი კი სტირის და დუდუნებს ჩემს დაკარგვაზე და
ურბანიზმზე:
ო, შენც გინდაო გაზაფხული მწვანე პარიკით,
გამოსვლა მზეზე და გათბობა ქვებში ხვლიკივით.
ესალმებიო შენც ტრამვაებს და ნაცარში ცივ გულს აღვივებ,
ეძებ ფანჯრებში გადმოკიდულ სხივების ნაჭრებს:
უმატებთ თქვენც: მოსაწყენია ეს ჩიქოვანიც,
გავს დაზამთრებით აწურული წიწილს აბუზულს,
აშენებს გრძონებს ღრუბლებივით ნაჩვლეტიანებს,
სივრცეთა ზომით თავს რომ გვაბეზრებს
და იჭვიანი საპროტესტოთ ძველ ნივთებზე მიზეზიანობს.
ნუ დაუჯერებთ მტკვარს, მეგობარო,
პროსპექტი გიყეფთ, როგორც ბულბული,
თქვენ ფრინველები გიმღერებენ - ბრბოს და გალიებს;
კომუნართ შიშით ანგელოზები აგროვებენ ბოთლის ნაფჩხვენებს
და კაფეებში ინახავენ სხეულს დაბეჟილს.
თქვენ კი დადიხართ,
გტკივათ ფეხები
და მძიმე ნივთებს, ტკბილ კომფორტულ საგნებს,
ბოთლის ნაფჩხვენებს, შუშის რეცეპტებს,
მოტორებს გზას, ეხებით თქვენ,
ვით სათუთ და სათბურ მატერიალებს.
გამოდის მზეზე ეს კარნავალი
და თქვენს გარშემო დასაღუპავ სიბრტყით ტრიალებს.
მტკვარო, მე მახსოვს დღეს ურბანიზმი და სიმღერებზე
დავიღრიალებ,
მაგრამ ოთახი ექვსი კუთხით კლასიკური, როგორც ღამურა,
დაახრჩობს ღრიალს და საჯინებოში დაბმულ ცხენივით
ავქითინდები.
აიღეთ ეს ვარსკვლავები, გადანახული ტილოს ჯიბეში,
ლამპის პეპლები რევტრიბუნალთან და ანტრაქტებზე
შეგროვებული.
შენ იცი მტკვარო, უკანასკნელი პოეტებში მეამბოხე და
ურბანელი
არალეგალურად ვინახავ მთვარეს — მთვარეს ავადმყოფს
ნაცრის ფიფქიანს,
მაგრამ ვინ არის დამნაშავე ამ სირბილეში,
ამაზე მტკვარო შენ არასდროს არ გიფიქრია!
II
„მრწამს რომ არს რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ
შორის და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის
საუბრის“.
ნიკოლოზ ბარათაშვილი.
თქვენს ნაკვალევზე მეეზოვე ჰყრის სათითაოდ ვარსკვლავის
მარცვლებს,
თქვენ სავარძლებზე ზის პოეზია,
თქვენს სავარძლებზე ზის გაზაფხული
და თეფშებივით გულწრფელ სივრცეებს ადგიათ ცა,
ცა ცვარიან მცენარეების, ცა ბარაბანის და სკანდალების.
ხასიათების ძველ იარაღებს, სავარძლების გადავლილ ხალისს,
მოღებულ ფანჯრებს, ფანჯრებიდან გადმოხედვას ნედლი
თვალებით
მოყვება მუდამ ჩანგლის წკარუნი
და გაზაფხული სხივების ძერწვით.
სიამოვნებებს, სიყვარულს, დრამას,
მოთხოვნილებებს ბედით კმაყოფილს,
შარჟებში ჩივილს,
შორს მოგზაურთა ცეკვას, სივრცეს და სიმარტოვეს
ახურავთ ცა გადაკეცილი მოძრაობით დადგმულ სკამების.
მტკვარი გრძნობს ტკივილს.
შეღებილ ვარსკვლავის თანამგზავრი
და მნათობების გადამყრელი ცაში ფეტვივით,
გამძაფრებული დღეს ყელს ვიჭრი
მზის სასხილავ და სასხეპი გრძელი მაკრატლით;
ჩემი ყრონტიდან გაკეთდება კარგი საყვირი,
საყვირი მტკვარზე, როცა მზე კვდება თქვენ სიღრმეში მძიმე
ხროტინით.
ხავერდზე სიკვდილს, დახუთულ სუნთქვებს ვერ შემპირდებით.
თქვენ ჩამოივლით საიდუმლოებებით მოხრილ შენობებს
და ყველა კარებს დაღით დასტოვებთ.
წაბლის ბურძგებზე შეწუხებული სავარძელიდან ამოიღებთ
მთვარეს ხორკლიანს,
შპალერის შეხებით მე გამოვდივარ ფეხშიშველი და უსარტყელო,
როგორც ტოლსტოი.
— სჭამეთ ეს მთვარე! აქვს სიყვითლე და სიმჟავე ნერწყვის
მომგვრელი,
ნუ სწერთ სიბრძნეებს,
ჭრელ ცხოვრებას ვინ გადაირბენს აბრეშუმზე დაუთუთქავად!
გვეხვევა ბამბა,
ბამბით ტკივილებს გვრიტებივით ვინ დაგვიფარავს,
ფოთლებს - ფრინველებს მე მოუნახავ ენას, სიმუნჯეს და
საიდუმლოს.
თქვენ ეფერებით ფოთლების ძარღვში დაგროვებულ სხივებს
დასრესილს,
აბრეშუმს,შრიალს,
აბრეშუმის ნაოჭებიდან გადმოვარდნილ მაისის ბობოლს;
გასარკვევია თქვენი სურვილების ფონი რა ფერს ატარებს
და სურვილებში ვინ გიმღერით ვარდ-ბულბულიანს.
რამდენჯერ ფეხაკრეფით ჩვენ გადავივლით ჭრელ ცხოვრებას,
შუადღის ფილტვებით დაორთქლილ ბოლთას,
იმდენჯერ მტკვარი ტალღებში უმატებს ოხვრას
და ჩვენი გრძნობები წარეკილი ცაში ცხვრებივით
ღრუბელთა შორის ნაკვერცხლებად აცინცხლდებიან.
მტკვარს თუ ჰგონია: მე შემიძლია გადავიჭრა მკლავი
გალსტუკით,
შევდგე ბოთლებზე, გამოუშვა ღამე ლამპებად,
შევულაპო ბამბა,
და ფილტვებიდან ალის მაგიერ ამოვარდეს ბამბების ბოლი.
მტკვარო,
აბა თვით სცადე: გამოსჭერი გალსტუკი ტალღის, -
ისე ძნელია სწერდეს პოეტი: გულს - ტრილოგიას
და მთაწმინდაზე შემოღამებას.
როდესაც თქვენ სჭამთ ჩემს განწყობილებებს,
გამოწელილს კუთხეებიდან ყაჭის ძაფივით,
მას ჩააყოლებთ სკამს და მარაოს.
თქვენი თვალები სხედან სავერძლებში
და დაოთქლილ გულზე მე მატყდება ცა გაბზარული.
მეც ხომ ვაშრობდი აივანზე გარეცხილ მთვარეს,
მოსაბრუნებელ წვეთების ცარიელ შუშებს,
ახლა თქვენ აღელვებულ ირმის ხორცს ხავერდებით ვინ
დაგვიშუშებს,
გარეცხილ ღრუბლებს სამზარეულოში კატლეტებად ვინ
დაგვიმზადებს.
მისდევს სივრცეებს სავარძლების უცხო ხალისი,
დაკაფულ სხივებს ფანჯრებში ვხედავ
დამწკრივებულს გრძელ ზაფრანებათ,
როდესაც ხელის გულზე დაგთამაშებთ მარცვალივით თქვენ
სიხარული,
თქვენი ნატვრაა მდინარის თვალებით სავარძლებზე შორს
გადააფრენა,
ვერ ხედავთ პოეტს აშენენულს ჭიქის სახსრებით
და ტუჩს დაკბენილს კბილით ძარღვებით, სიბრაზეებით
და ზურგმოხრილი სავარძელში თუ ზის პოეტი,
კითხულობს ცაზე ვარსკვლავების ლურსმულ წარწერებს;
დაფნის ფოთლებში თქვენ დაწუწნით ძარღვებს სითხისგან
და გააბრუებთ ოთახს, კუთხეებს,
მაგრამ მე პურის ყნოსვა მიგრილებს ნესტოს,
ფხაჭნი შპალერებს,
ოქროს ჩარჩოდან ძირს ჩამოდის თვითონ ტოლსტოი
და სპირიტიულ წარმოდგენებში ის კვნეტავს მთვარეს
კოვზივით მაგარს და ხორკლებიანს.
თქვენ კი ინახავთ სიყვარულს, ჩივილს,
ვით საიდუმლო მტკვარი საუნჯეს
და თეფშებივით გულწრფელ სივრცეებს
ახურავთ თავზე ჭიქებივით ღრმა ვარსკვლავები.
გაზაფხული დგას ტრამვაებზე,
ჰყრის პროსპექტზე აბრეშუმს, მაისის ხოჭოებს;
თქვენ გადმოდიხართ პაპირუსის აშრიალებულ ფარატინებზე
და ქვაფენილის კუბიკებში თამაშობთ კოჭებს.
მაგრამ მუხლებში (ველურს) მიდგება მტკვარი,
თქვენი სხეული - ნაკვერცხალი მე დამწვავს ფრჩხილებს
და ჩემი გოძნობების ცხვრების ფარად - აივსება ცა მატყუარა.
თქვენ გიკვირთ ალბად გული კენჭივით წინად მეგდო მტკვრის
საბუდარში
და უმღეროდი ცხელ სიმღერებს
მტკვარს მელანხოლიკს და წყლის მუცლიანს,
იქ ეგდო კენჭი,
მაგრამ სიმძიმე ამ სქელ მდინარის
თქვენი თვალების გადმოგდებამდე მე არასოდეს არ განმიცდია.
ყველაფერი ეს ჰგავს ლიტოგრაფიულ ასოების შრიფტს,
გაგანიერებულ და შენობებივით ჩაცვენილ თვალების გუგას,
მაგრამ, შავწარბა გოგოვ, ამ განცდებიდან ააგებთ ბოგირს
გადმოხვალთ პროსპექტს სხივებად გაშლილ პაპირუსის
ფარატინებზე
და შეგიწუხებთ ირმის ხორცს, ვნების სირსველი, როგორც
ნუსხა სურვილების.
თუ ჩაგივარდათ თვალში ვარსკვლავი, ნუ არწევთ წამწამს, -
შევბერავ სულს და ამოვაგდებ.
დავყრი ცთომილებს თქვენ წინაში წინწკლის კლანჭიანს
და თქვენი თვალები გვრიტებივით ჩასხდებიან რბილ
სავარძელში.
ეს ხდება მაშინ,
როცა ცხრაასი ფუთი მზე ცას გადმოჰკიდეს
და ძირს უშვებენ მაგარ თოკებით.
თქვენი თვალები აშვერილი მზის მოლოდინში
ვარსკვლავებად დარჩენ ზეცაში,
ზაჰესს ეგონა წელთა გალიებს გაუფრინდენ ტროპიკული
მთვარე და ღამეები,
მაგრამ ისრების სროლით მზე დაცლილი რომ დაიკუმშა.
ზაჰესმა გახსნა მნათობების უცხო კავშირი
და დაურიგა მუშებს შუშები.
როცა ყველაფერი ამოძრავდა, დავრჩი შიშველი და უგალსტუკო,
ვეძებდი მზეში ობობას ქსელებს,
დასრესილ სხივებს,
თვალებს ჭვარტლიანს
ფხვნილივით ვშმუშნიდი მე თითებში ცრემლებს უეცარს,
ვეძებდი ცას გარდამოხსნილს და გამსჭვირვალეს.
მტკვარი მოდიდდა წყალდიდობით
და წარღვნებით გაცოფებულმა
წაიღო სივრცე, მოტორები, მოტოციკლეტები -,
და თითბერები მოუთენთელი ბერიკაცობით.
ახლა მის შემდეგ მტკვარი წევს წურბელივით
და წურბელივით მეუბნება ახალ ანდაზებს:\
- „არც კაცი ვარგაო რომ ცოცხალი იდგეს პროსპექტზე
და ერთ შენობის სათვალეშიც არ ჩაიხედოს.
თქვენ სავარძლებზე ისევ ზის პოეზია,
თქვენ სავარძლებზე ზის გაზაფხული
და თეფშებივით გულწრფელ სივრცეებს
ადგიათ ცა,
ცა სავარძლების, ცა ბარაბანის და ცა ცვარიან მცენარეების.
მე ყელს ვიღადრავ, მზის სასხეპი და სასხლავი გრძელი
მაკრატლით,
ჩემი ყრონტიდან გაკეთდება კარგი საყვირი,
საყვირი მტკვარზე,
როცა ათასი ფუთი მზე კვდება თქვენ სიღრმეში მძიმე
ხროტინით.
თქვენ თითქოს ზიხართ მტკვარის ტალღებზე,
თქვენი ორბიტი ცაზე მოსჩანს ოქროს შვილდივით,
მჩხვლეტენ ფიქრები,
თითქოს შუშების ფხვნილი დავაყარე ძარღვებს დახერხილს,
ვტოვებ მტკვარს,
მტკვარს საწყაულს აღუვსებელს და ფიქრების ჭვარტლიან
ჭურჭელს,
და თითქმის ცოდვების გამომგონმა
მტკვარის მუცელში მე ჩავაღრჩე გული - მერცხალი
და ფეხშიშველმა მსურს გადვირბინო გახურებული მზე -
ნაკვერცხალი.
მზე თვითონ მოვა და მკვდარ შენობებს აახმაურებს
დაკეტილ კართა აჭრიალებით.
მივმართავ ფრთხილად მთებს და მდინარეს:\ - ვხედავ ჩამქოლეს ნახერხის ფხვნილით,
დაიდგი სკამი, გადიმღერე სივრცე ბულბულის
და გაზაფხულში არ იმარხულო.
მტკვარო მდინარევ, ზაჰესის შემდეგ პროპეკტს იზარებ,
მტკვარო მდინარევ, მუხლში მიდგახარ,
ტალღების ქშენით მისილავ გრძნობებს,
სიზარმაცეში დაწოლილი მძიმედ დაბასრულს აგროვებ აზრებს
და სავარძლებზე ჰყრი აქაფებულ ტალღებს ღვარძლივით.
..............................................................................................................
მტკვარის ჩქერების დახლეჩილი ბოყინებს ჯოგი,
აგროვებს სირსველს და სურვილებს თქვენთვის წამებულს.
და სავარძელში თუ ზის პოეტი: —
კითხულობს ცაზე ვარსკვლავების ლურსმულ წარწერებს,
სწერს სიყვარულზე გრძელ ტრილოგიას
და მთაწმინდაზე შემოღამებას.
III
ა) ამიყოლია სიყრმიდანვე მტკვარის ჩივილმა,
ტალღების ძარღვებით შეევედროს უნდა ღვთისმშობელს
ცხოვრების ჩვრებით გადავშალეთ გულის დაფაზე
ჩამოსხმული გრძნობა ცარცივით
წარვიღე ფიქრი,
განიერ თვალებში ადუღებული ჩავისხით შაბი,
და ბრმა მზერით ჩვენ ჩავხედეთ ღამეების ფოტრო მუცლებში.
როცა დროის ფრინველებს მოაქვთ დღეების ჭეშმარიტება
და ფოთლებით დღეთა სიყვითლე
ვხედავ ჩამიტყდა შუა ცხოვრებაში გადგმული ხიდი
და ამოვყევი სევდების ბაღებს.
უმანკოება წაბილწულ ზეცას
უახლოვდება ბებერ ცაცხვისგან მზე გამოთლილი
და მტკვარის ტალღები კვლავ შეუდგენ გათენებისთვის
დახლეჩილ ბოყინს.
როცა ფანჯრები ენებივით გამოგდებულნი გამოაქვთ სახლებს
ზედ აგროვებენ სხივების ჯარებს
სახურავებზე მზე ყრის გამომშრალ სხივებს, როგორც პურის
ბზეს
და სამშობლო აწეულ ცას ებღაუჭება, როგორც ლესბოსი.
გზებზე ფურგონებს თუ მოაქვთ მზე, დახლეჩილი და დაპობილი
ჯეირანივით
დაპობილ მზეს მოსდევს ზაჰესი, მზის მიმბაძველი
ელეკტროს ძალით და საფუძველით.
ო ვინ დაარღვევს ამ დღეების ერთფეროვნებას,
ო ვინ გაყვება ასეთ ფრინველებს, მოტორებს. სუნთქვას
ვინ გაგვიკურნავს ენას მოწეკილს
ნახშირის კვამლით აბუებულს ცის გულს გამურულს
გარეცხე თვალი, ნუ შეგიპყრობს ნივთების ჭუჭყი და საწყაული;
ბუხარი, სკამი, ფაიფურები, კიდობანი გამომხმარი კვნესის,
ჭრიჭინებს:
დავრჩით ხეებათ და სახეხად ნახერხი ჭიქის ვერსად ვიშოვეთ.
ჩვენ გადუჭერით თითი ბევრ მზეებს,
შენ კი ღლიავში დაგაქვს ღრუბლები,
მკერდზე გიბრწყინავს გაზაფხული ვერცხლის აბაზათ;
და პლანტაციებს, სარდაფებში დადგმულ ბოთლების
უცქერი როგორც სხივის ბებუთით გამოკვეთილ ჭიქის
ორკესტრებს.
შენ ღრუბლის გულით მთლად შეისვი ჩვენი სისოვლე
არ აღუდექი ღამეების შესასუნთქავ ბნელს, მოჭარბებულს.
გარედ ვარდება შენობების შიგნეული, როგორც სულელი
და ფურგონებით ნამძიმები, დარბაზები დაგვიწყებენ კბილებით
ელვას.
წარიღე სულო ეს მძიმე ფიქრი,
მოვითხოვ თვალებს, ნესტიანებს, ბუზებივით სარკეზე მიმხმარს.
და ისე გიცდი, როგორც სიცხეში მოელის დედას მფეთქავი
ბარტყი - ;
თქვენ გარყვნილებას, ენის სინედლეს, ყველას შეგინდობს
გული ბოროტი
გავაძროთ მზესაც დასაწვავად გახუნებული ნაკვერცხლის ტყავი
დავირტყათ თავში სავსე გრაფინი და იატაკზე გავიხლართოთ
ორივ ხროტინით.
მზე გვინახულებს განსვენებულებს და დაგვიტოვებს სხივებს
ბროლივით.
და ფანჯარაზე დადგმულ ჭიქაში თავს ჩაიხრჩობს სხივთა
მკურნალი.
დღეს ორმაგობას და უძარღვობას მზეს ვერავინ ვერ
დააბრალებს
და მზეს კარს ვერვინ ვერ მიუხურავს, უარყოფით და ბრაზიან
კრულვით.
მაგრამ დღეები თუთიყუშებივით დასხდენ ფანჯრებზე
დამიკორტნეს და დამიწეწეს სიხარული და ხასიათი.
გაჯავრებულმა გადვიფრცქვენი სხეულზე კანი
და ყორნების დასაშინებლად გავაკარი ცხოვრების გზაში
დადგმულ მუხაზე.
წინეთ კი დღეებს უცქეროდი, როგორც უჯრედებს და ვრცელ
ოთახებს
ვიყავი შიგნით, ბრაზით დავხედე სხივებისგან გაკრულ
შპალერებს
და გამოსვლისას გულნაკლულმა ბოროტების ხეს, ბედი მოვტეხე
კალოშებით ნაბნელებ სულში ორმოც სანთლიანი ჩავიდგი
მთვარე
და განათების გამო კრისტალებივით გამოიკვეთენ გულზე
დადგმული ყველა დღეები.
წავიდა მტკვარი წყალდიდობით, მთების ნამქერით და
ყინულების მჭრელ სიბრტყეებით.
ბ) ცხოვრება ხშირად სახიფათოთ გვებაასება როგორც ქალი,
რომელიც ფეხზე ფეხს გვაბიჯებს,
და სერიოზულათ სივრცეში იცქირება, თითქოს ისუნთქავს
ნისლების სისქეს.
მაზოლი მტკივა, ხაზგასმულ გრძნობებს, ცხოვრებასთან მუდამ
ვამუნჯებ
და მოწიწებით მივართმევ კარგი, ციცინათლებით ამოვსებულ
ბზინვარე ქისას.
ო მტკვარო, რამდენ სპირიტიულ წარმოდგენის მნახველი ხარ,
რამდენი ამბის შენ ხარ მოწამე,
თუმცა უტყვი ხარ, რომ წარხოცო ეს ფიქრები, ნააზრევი,
ნადუდუნევი,
ჰდუდუნებ შენ, მაგრამ ვერ მიბან მკურნალობით მე ტკივილებს
აწრიალებულს.
ვიღებ მხრებიდან და ვალაგებ: დღეების მწუხრებს, შეღამებას,
ძარღვებ დაზილულ მკერდ ნაწყობ მკლავებს,
ვერ გნახე ცაო, მობინდულო ღრუბლისა და ნისლის დიდებით,
ძირს სიფაქიზე, გაუმარჯოს ჩვენი გრძნობების ჭვარტლით ზეცას
მოკალულს,
იწამეთ ყველამ ყვითელ დღეების გამოკრული ჭეშმარიტება.
წინათ ვამბობდი: არ ღირს ცხოვრება, შევყლაპავ ტყვიას და
ავფეთქდები,
რადგან სიყვარულის ცეცხლმა ჩამომიწვა გაუფოთლავი ფილტვის
ფურცლები,
და ვინ იცის რაოდენ ღმერთს დედის ძარღვი მე გავაცალე.
დამარცვლილი იმედები ცერცვებივით ვაყარე კედლებს
და სიყვარული დღეების გამომეტყველებას მე შევაფურთხე.
ო რაოდენჯერ სიმწრით ტუჩები სულ დამიკვნიტავს, დაბადება
დამიწყევლია
და მშობლებისთვის ქუჩურ კილოთი მე შემიკურთხავს.
ხომ ხედავთ ღმერთებს დაავიწყდით, წამოგყარათ უპატრონოდ
ქვეყნად თხებივით,
სევდიანებს დაგიტოვათ საოცნებოდ ცა და ფანჯარა,
მას სიყვარულზე და სიქაჩლეზე აწი ცნობები არ ეკითხება, —
აცხადებს ზეცა ჩემი პირით უკვე საჯაროდ.
როდესაც სხივებით სავსე ჭიქაში ვაწებ განსაკურნავად ენას
მოწეწკილს,
ღრიალებს ყრონტი:
„ნათელს ბნელი სცვლის და ბნელს ნათელი“
და მთაწმინდაზე ყველა ამსვლელი განუზომელად წყეული იყოს,
თუ ჩემ ვიწრო მკერდს ქუსლის ლურსმებით არ გადათელავს!..“
ხელის გულზე ცხოვრება მაყრის თავის ნამცეცებს,
თითქოს გრძნობები აწვებიან ზეცას გადმოხნნილს, ღრუბლის
ლებიანს,
ამ სიცოცხლის ნაკვთები თუ სიცილით ჩვენაც გვარგუნეს,
ვინ რა უწყის ამ სილაღეში თუ რაოდენი ტკივილებია.
როდესაც ვიგონებ განვლილ ქალების სავნებო უპეებს,
როგორც ფინჯანებს ჩაის და ღრუბლის მკვრივ საჭურჭლეებს
უკანასკნელ ზაჰესით განათებულ ყრონტით მე ვეძახი ჩემ თავს
უბედურს,
მწყურიხართ თქვენ, როგორც შუშები და სანთლები ხორცი
მაჭამეთ.
წარვიდენ დღენი სასწაულთ ქმნისა, როგორც იტყვიან, დროთა
ბრუნვაში, —
სად არის დროის მბრუნავი ხელი, შესაჩერებელს მოუგდებ
ანკესს,
ხელშესახები მომეცით რამე, ნუღარ დამტოვებთ სასტიკ
მჭმუნვარეს,
თორემ საძირკველს ცას გამოუნგრევ და ძირს ჩამოვყრი
მაღრჩობელა ღრუბლების ზანგებს.
მე მინდა მქონდეს გაუმჯობესებული ყნოსვა, რომ სიცოცხლესაც
სუნი უდინო, როგორც ქალის თმებს,
ვიცოდე ნეტავ, რამდენი სლოკინით შეიძლება ამოვარდეს
გული ბუდიდან
და რამდენი წონა აქვს ჰაერში მფრინავს სულს ამორთმეულს.
თუ ღვთისშობელი მეუღლე იყო, მართლა, დურგალის,
რად არ ასწავლე ქვეყანას, ღმერთო, ბურღის შენება, რომ
ათვისებდი ლოცვას-სეფისკვერს.
შველას არვინ გთხოვს, მაგრამ რა ამოაგდებს ამ წვრილ
ყელში ჩემს გულს მოგალულს
და მდინარეში ვინ გადააგდებს ასეთ უვარგის, სოველ სიპის
ქვას, -
ეს უფრო მიტაცებს, ვიდრე მნათობების დაკიდება ეჟვნებივით
გამხმარ ფეხებზე,
და ხმაურობით გაცოცხლება ანგელოზებით მოდუნებულ
ცის გარესკნელის.
დამარტყით ზურგზე ხუთასი როზგი, თუ არ გადუქნიე
სამშობლოს წკნელი,
მოვყევი ლექსებით ჩხავილს
და დავემსგავსე სასახლეების სახურავებზე შემოდგომაზე
შემომჯდარ ყორანს.
მაფურთხეთ თვალში ძველ როკაპ პოეტს, ღამეების
უღმერთოდ მღეჭავს და მუქთახორას.
ცხოვრების გზები დაღარულია სახსრებ დაცვენილ
ჩემ ნაბიჯებით,
ცხოვრების ცნობები ისე მშრალია, რომ ხალხში ჰყრია პურის
ბზესავით.
ღრუბლები რბილად ეფერებიან ჩემი კბენისგან ცას
გალურჯებულს,
ღრუბელი ცას ებღაუჭება, როგორც ვნებისგან ქალი ლესბოსი.
მამაკაცები იკეთებენ სხივებით გამოკრულ გალსტუკებს,
სვამენ ხასიათს, ვით გახსნილ ყავას,
შუშები ფოჩვებივით ჰკიდია სახლებს,
რომ ამოხოცონ ფანჯრებიდან სანთლის ციმციმი.
ამხანაგებო! მე ბავშობაში გახურებული ცხენის ნალი ბეჭზე
დამარტყეს
და ტკივილების უარყოფა ყელს ჩამომკიდეს.
მაშ, რად გეხალისებათ ამ პროსპექტზე თავჩაქინდრული
უსაქმოთ დგომა
ნუ ემგზავსებით სევდებიდან დედაბრებს და ვარსკვლავს
კუდიანს.
ავაშენოთ სხივთა საბძელი და გავარკვიოთ შიგნით
შემადგენლობა ღრუბლების გულის და შენობების
შიგნეულობის.
ყოველი ჭიქა დაიწვავს სხეულს, რომ შემოდგომის ფერფლი
სადმე დააჯდეს.
მაისის ნახვას შესცდებიან შემოდგომაზე დაორთქლილი,
სქელი ფანჯრები
და ამომავალ მზეს შეხედავენ ნივთები მუცლით.
შუშის ფილტვებიან დღეებით, ცხრაფეხებით, ობობებით
ფრჩხილებით, ჭუჭყით,
ბუხარი, სკამი, ფაიფურები კვნესის, ჭრიჭინებს
როგორც ცხოვრების მქჭრელი ბორბალი:
დავრჩით ხეებათ და სახეხათ ჭიქის ნახერხი ვერსად ვიშოვეთ,
რომ ხეხვისაგან შევადგინოთ სულის მაგიერ ბამბების ბოლი.
როცა მზე უახლოვდება ფანჯრებს
და თვალებ გასახელ სხივებს შეაგროვებს ეს ბრმა სახლები.
ჩემს სასწაულებს მე ავხდი ფარდას და გაგიმარტავთ ფიქრს -
წარმოდგენილს,
მივდივარ ზემოთ მთაწმინდისაკენ,
ცხოვრების ჩარხის წაღმა-უკუღმა გაზომილ ტრიალს,
შეღრინავს მტკვარი, აქაფებულ ტალღის ღრიალით
და ის ადგილი უწმინდური, რომ აობლებდა სულს დაობებულს
ეხლა საწყაულს ამოვსებულს ოხრავს, მატყუებს, ნივთების
ჭუჭყით
მაგრამ უგზავნის სინათლეს საგნებს და შუშებისგან სხივების
ბებუთს
და ხასიათი გზებზე ნაბრწყინი გარიჟრაჟებულ დღესთან
ჭრიჭინებს.
უნდა დაიდგას ამ ნაპირებში ძეგლი გრძნობების და
წარწერების:
ქადაგებს ასე სახარება ახალ გმირობის — მტკვარი დარაჯი
ძველი ტფილისის
ამ სიცოცხლეში მოწყვეტით ყოფნას — მუნჯი, პირღია
სამარე გიჯობს
ყინული შუბლზე ვინც ოცდა სამში სიცოცხლის ფურცლებს
ვერ შეითვისებს
და სიყვარული შუაგულ ცეცხლშიც მოურიდებლად ფეხს
შეაბიჯებს.
1925 წელი.-ტფილისი. თებერვალი