cover

შალვა ალხაზიშვილი // ბანზაი შანხაი

ბანზაი შანხაი

21 მარტს კანტონის ჯარებმა აიღეს შანხაი. გაზეთებიდან

მძიმედ გადმოეფარა შუადღე ქალაქს.
შესწყდა ხმაურობა. „ალლო! სეტლმენტ!“
გაწყდა არტერია მსოფლიო ქუჩის.
ქარხანა-ფაბრიკის საყვირი სდუმს.

ბანზაი შანხაი! ყვირიან მასსები.
გვახსოვს ვან-სიანი: დახვრეტა. ცემა.
კანტონით მოზღვავდა რევოლუცია.
დაინგრა კედელი ათასწლოვანი.

ყოველ ჩინელის გულში მარხია
სახე ლენინის.

პენჯაბის ინდოელს პატარა რიკშა
მტვერში გახვეული ესაუბრება:
დღეს ყველა ერთია,
აღმოსავლეთის ყველა ერებო,
შეერთდით!

ჩინელებს გვახსოვს სუნის აღთქმა:
მილიტარისტებო, აიღეთ ნავაჭრი და ნაქურდალი.
გადაიბარგეთ დრედნოუტებზე.

შანხაის ზეცა გალურჯისფერდა.
მრუდე თვალებით. ყვითელ სახეებით
იძვრის აზია მილიონებით.

„არცერთი იმპერიალისტი ჩინეთის მიწაზე!“
ჯერ კიდევ ბრწყინავენ სეტლმენტის ფანრები.
ყველა სახლებში: „მილედი, ჩარლსტონ!“
გავარდა თოფი. შანდუნის ჯარები
რუს გვარდიელებით გარბიან ჩრდილოეთს.

წითელ-ცისფერი ასწიეს დროშები:
ბანზაი შანხაი! ბანზაი შანხაი!

ლენინის საყვირი ჩინეთის მინდვრებზე
აღვიძებს ბუდდას. მთვლემარე კონფუცის.
მძიმე აკლდამებს. ბრინჯაოს ღმერთებს.

დღეიდან გასწორდა ჩინელის ზურგი.
ვეღარ იტყვიან ვოიაჟორები:
„განა ჩინელი ადამიანია!
ჩინელი მურდალი შავი ცხოველია!“

ზანტი ნირვანა — ოპიოფაგები.
მომაკვდინებელი ჰაშიშით თრობა.
იბრძვის ჩინელის მშრომელი მკლავი.
ჩაქუჩი. ნამგალი. მაგარი მუშტი.

გასწორდი წელში. ასწიე ხელი.
ათასწლოვანი თვლემა მოიხსენ.

დაიღრიალე: თავისუფლება!
შანხაი აიღეს! ბანზაი შანხაი!

„მემარცხენეობა“ 1927 წ. №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი