cover

სიმონ ჩიქოვანი // ჩემი სიტყვა მემარცხენეობის დისპუტზე

ჩემი სიტყვა მემარცხენეობის დისპუტზე

ჩემო ძვირფასო მსმენელებო
მე არ ვკამათობ
მე ვამბობ მხოლოდ
სანამ უნდა ისისინოს მემარჯვენობამ
ეს ხომ გრძელდება
ექვს საათიან გაკვეთილიით
და ამ ბრძოლიდან ვინ გამოდის
გალურჯებული. და როგორც ღვარძლი
როგორც შური
როგორც ზიანი
სდგას სხეული და კომუნიზმთან
მოდის ციებით
ბებერ კრეტინებს უთანაგძნობს
გორდეზიანი
და ხშირათ გვლანძღავს გაზეთიდან
რეცენზიებით
მოლექსეები გამოფიტულ ძვლებზე უკრავენ
თითქოს არტყიათ ამ „ციურებს“
ვარსკვლავთ კრებული
გასივებული ლირიკოსიც მცონარ კრავივით
აყვირებულა შარდის ტალღით
ამოგდებული.
გელეიშვილი სდუმს ნაგავში
გომართელივით
შერჩა გინება ჩემს ლექსებზე
გადმონთხეული
და პიროვნება უნიჭობით გამართლებული
აღარ ღაღადებს
პასეისტურ მოთხრობებიდან
გაჯახირებულ სხეულიდან ლექსი
გამოდის
ჭადის ნატეხებს ემზგავსება
სულის ნახევი
ვერსად იშოვნეს რედაქციის
დიდი კამოდი
ჯავახიშვილის ნაჯღაბნების დასამარხავი.
და მცირე ჯგუფი
მათ უმზადებს ნამდვილ მახვილებს
ჩვენ მებრძოლები — მედროშენი მემარცხენეების
და ყოველგან მოსჩანს დარტყმეული
ჩვენი ძახილი
როგორც მიწაზე დარჩენილი
ტორნი ცხენების.
ჩვენ მარტონი ვართ — და ხალხია
ჩვენი მსაჯული
ხალხი რომელიც ეხლა მოდის მაგარ თაობათ
ისმის ჩვენი ხმა
ბრძოლებიდან გალურჯებული
და მეტყველებით
ჩვენ დავიწყებთ ფარიკაობას.
ისმინე მიწავ მოწოდება მყოფადერების
შეგრცხვეს მშობელო ჩამორჩენით
აღტაცებანი
და ჩვენ მწერლობას სიახლებზე გადამტერებულს
უჩვენე დღეთა ძარღვებიდან
სისხლის ბგერანი.
თქვენც ჩემო ძმებო
საძირკვლებო ახალგაზრდობის
გამომრკვევლებო ჩვენი ყოფის
ახალ — სახსრების
ჩემი გონება თქვენ აზრებთა
სითბოთ საზრდოობს
და უნდა შევკარათ დროის ხლართი
ამოსახსნელი.
ამხანაგებო მსმენელებო
მე არ ვკამათობ
მე ვამბობ მხოლოთ
ნამყო ჩადგა დროში ტბებივით
ბრძოლა გრძელდება ექვს საათიან
გაკვეთილივით
და გადმოხრილან ძველთა კლდენი
გატიტვლებული.
არ ესმით ჩვენი
დე აივსონ შურის ძიებით.
ჩვენ ისევ დაგვრჩა
უფლებები ურბანელების
დარჩება წყება
წლებს უნიჭო რეცენზიების
და ჩვენ დროება გონებაზე გადარბენილი.

27 წელი, გაზაფხული
ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. № 2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი