cover

სიმონ ჩიქოვანი // ბედი-რესპუბლიკა

ბედი — რესპუბლიკა
პირველი ნაწილი
(კარი პირველი)

გზას გაუდგეთ ხალხს მოველით მადლობელს,
თუ მინდორზე სადმე მტერი ალანდე,
ნაბდის დაფნით — დაიფინე დაბლობი,
ავასრულოთ დავალება დილამდე.
გაჩნდენ გზები — გაჰქრენ გზები — მისდევს მთები ჯარს,
ტკეპნის მიწას ცხენი გარიჟრაჟებს სვამს,
მირბის გზები, მირბის გზები, გზები მთების წინ
და მიდამოს ცვლილებებში ცა შლის ფარატინს.
გზებს გაუდგენ — გადუარეს მინდორებს
მიეშველონ უნდათ გლეხის შვილს
დილამდისინ ჯარს სირბილი უნდა რა
გადუძახებს მიდამოებს გადაშლილს.
ცას გახედავ — დილას ელი მადლობელს
თუ ღრუბლებშიც მნათობები ალანდე
დაუსჯელათ გადალახავ დაბლობებს
აასრულებ დავალებებს დილამდე.
შორს განძები — ვარსკვლავები დარდით აკვნესდენ
მთიდან ნისლი მიდამოებს დააკვდა
გადიარეს ღრე-ხრამები, გადიარეს კლდეც
და განძები — ვარსკვლავები დარდით აკვნესდენ.
ღრუბლის ხვავში გაეხვიენ გაბრაზების ნიშნით
თქვენ ხომ მუშებს ეხმარებით
განძებს, ყოფნას გვიშლით.
თქვენ ტყვია გაქვთ ნარგიზათ
გულში რა მზე გიზისო
ვიძირებით სარკეზე
მდინარეზე ვმიზეზობთ.
რაო? რაო-ვინ იძახის საიდანო
ნისლი ფაფარს ერია
ცის ლაჟვარდებს ხრამთა ყელში ჩაიტანო
და დაბლობებს ჩუმათ მიიმღერიან.
ცა-ფირუზ-გზაზედა ცხენი ფრუტუნებს
მნათობთა კვალზედა — კვამლის გზებია
ამ მთების ზედაც სცემენ ტორები
განთიადზედა ამხედრდებიან.
მირბის გზები და მირბის გზები და გზები მთების წინ
და მიდამოს ცვლილებებში ცა შლის ფარატინს.
მიჰქრის ზეცას მირბის ჯარი, მისდევს მთები ჯარს
ტკეპნის მიწას ცხენი გარიჟრაჟებს სვამს
დრო გრძელდება — ზეცა ნაცრის ფერია
მიდიან და აღარ მიიმღერიან.

ასეთი იყვნენ ჯარების გუნდნი
დრო ეშმაკობდა სკამის ფეხივით
შიგნით და გარეთ მთავრობის ხუნდი.
მთავარი შიში. მინისტრი კუნტი, გამოფშეკილი.
თვალებ დათხრილი ცა მდუმარებდა
ვარსკვლავს წამლათაც ვერ იშოვიდით
ზარბაზნები და დარდი მთებიდან
მთები და ნისლი, სროლა შორიდან
დახსნას ელოდა — - ყაზარმებიდან
ხალხი გაწვრთნილი პლეხანოვიდან.

მთები მუხლებში მოუდრეკელი
გონება დახშულ სპილოებივით
იდგენ და იყო დიდი კედელი
სიკვდილ-სიცოცხლის ასპარეზივით.
ღრუბლის მცენარით ცა დაკარგულა
შეხედე ზეცას, თავი ჩაკიდე
შენ დამარცხება დრომ თვით გარგუნა
რას გამოარკვევ ლაპარაკიდან.
დადგა დროება
მდინარეც იდგა თავის ადგილას
ჩექმაც ლურსმნებით — კვნესაც ლოდივით
სახლნი გასცურდნენ სანდალებით
და შიში სჭამეს მოსალოდნელი.
კვნესა ისმოდა წასულ ლურსმნების
დაბლობებიდან საგზალს ელოდა
მიდამო სდუმდა. მთები სოველი
გამოსათხოვარ ლექსებს მღეროდა:
დილამდისინ დარდი გდისო მერე რა
მწუხარე ხარ მდუმარე ხარ და
სად გაშლილხარ — სანამდისო სად
მინდორზე მდგომს მხიარული მემღერა
ცა დადუმდა — მიწაც სდუმდა მერე რა
დილამდისინ გზა ისლივით
ცა ნისლივით, მიწა მწვანე მაისივით
რომ არ გაწყრეს არ გესმისო დილამდისინ
ოდაც მდგარა, მუხაც მდგარა და მურია
ყეფდა დილას ოდელ დელის
მინდორი დინჯი მოგვინდურია
უთხრა მდინარეს დარდი დადინდა.
დილამდისინ დარდი გდისო ცისკრის
გაგულისდი დასულისდი
სულ იზრდები დილამდისინ ნისლი.
საგალობელს უარობდე მთებიდან
ვინც წარსულის დაგიყეფებს შაირებს
დარდი განდევნე დაბლობებიდან
დარდი დაარტყი დაირებს.
დილამდისინი დარდი გდისო მთიდან
საღამომდისინ გემღერა გსურდა და მოგერიდა.
უობდენ მთები და ნისლების უბდას
ახვევდა ხეებს მოსარებივით.
ნისლები იყვნენ სიმღერებ სუფთა
და უსარგებლო მგოსანებივით.
სდუმს დაბლობი და სდუმდა უდათა
ხინჯი მდინარის — მკერდი მთიების
ნისლი ხეებზე დადგა ქუდათა
დაყნოსა სუნი მაგნოლიების
მთებო დიადო ნისლში შებმულხართ
ცა გაშლილია სანამდის? — სადო?
დამშვიდებულხართ, დადუმებულხართ
გარიჟრაჟები რომ განიცადოთ.
დილამდისინ შენ შესძელი გემღერა
მწუხარეც ხარ, მდუმარეც ხარ მერე რა.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. № 2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი