სიმონ ჩიქოვანი // მიძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილს
მიძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილს
შენ გქონდა სული დარბაისელის, ფიქრნი დაყარე ნაპობებივით
და აბედივით თუ ღეჭავ ღრუბლებს, ცის სხეულობას ამით იბედებ.
წლები წარმოდგენ შენ გრძნობებიდან სევდების ნესტით დაობებული
და ცის ლაქებზე დასდევ მერანით ლამპის რგოლიან ველოსიპედებს.
შემოღამებით მოდიხარ შენ — მთაწმიდას ურტყამ მათრახს და ნალებს:
ადამიანო, მიზანს მოხედე, მოგაძებნინებ დაკარგულ საგნებს,
წარსულ დროებას სიბნელეში ამოსაშრობად ჩაუქრობ თვალებს!
და შორს მირეკავ მოძრაობისთვის ჯერ დაუძრავ მთების აქლემებს.
მე ხმელ სხეულით მოსიარულე და მწიგნობარი ასახსნელი შარადებივით,
გამხმარ მკლავებით ცხოვრების ღერძზე უძლურობით ჩამოცდენილი
ვგოდებ მერანით დღეთა დაფაზე გადაუშლელ ჭეშმარიტებას
და გრძნობები სჩანს ხალხის ფეხებით ნათელი და გადაცელილი.
არ ვყიდით გრძნობებს და სინდისი კაცობრივი მაინც გვღალატობს,
ლამბაქებივით ჩვენ დავაწყეთ სივრცეები ხალხის სუფრაზე;
ცა გადაგვეხა ჯაგრის თმებზე, გაქურდულებს როგორც ქაღალდი,
სადაც ეწერა ჩვენი კაცობა, ადამიანთა მიუღწეველ თავისუფლებათ.
შენ პირველი ხარ და უკანასკნელს ჩემში ხედავს დროს წლოვანება,
მოგაქვს დაცინვა გაუმართავი და სამუდამოთ გატეხილი პატიოსნება,
და ჩვენ ვქმნით გრძნობებს, სიცოცხლეში ძაღლებივით აწრიალებულს,
და შიშველ სულში მეც მესობიან ღამეები მტანჯველ ლურსმნებად.
მათრახის დარტყმით ფერდები სტკივა მთაწმინდის მიწას მოსულდგმულებულს...
შეხედე ჩემს მკერდს, ბეჭედი აზის დამდაღველი მიზნის მახვილით.
მე შენ გასრულებ, მაგრამ ჩემს შემდეგ ვინ შეაგროვებს ჩემს თქმულებებს,
ვინ მეტყვის მე, მადლობა შენ, წინაპარო, რომ ადრე მოხველ,
მადლობა დროს და შენს აზრებით გადაბერტილ ბრძოლის მინდორებს,
მეც ვცდილვარ შენებრ მგზავრის გრძნობების და სურვილების განპიროვნებას.
შენ ვერ იშორებ ყორნების ჩხავილს და დაეკიდე საუკუნეს კოშკზე კიოტად,
მიგაქროლებდა შენ მერანი კლდეთა გამპობი, მკერდ მოპირული,
მოგდევდა ერი უქალამანო და ბრბო ტკივილებს შენს მოჰკიოდა.
გამოიცვალა ქუდი ცხოვრების, ამ საუკუნის მე ვარ საყვირი,
მუხლები ურტყამს ფეხებს მახვილად და არ მოსულა სულის ფსალმუნად.
ღონე მიხდილებს წიხლი ჩავკარი, მე ტკივილები აღარ მახველებს
და საქართველო ფეხზე ადგომით ჩემში შენ წყლულებს მოგესალმება.
შენ მეუბნები: რიჟრაჟი სულს შეწუხებულს კვლავ დავაპკუროთ,
გავაქრეთ მერანი, მოძრაობაში გადასული სული ნებივრობს,
გამოსავალი ხალხში არ არის, ცხოვრების გზები არის შეკრული
და ღამეებმა სახურავებზე გადაიქროლეს ფრთიანებმა ყორანებივით.
ჩემი სხეული ძვლების გიდელი, გადაჭინთული ძარღვთა ღვედებით
დაეწაფება მიწის ცხოვრებას და არ მოელის ციდან მანანას.
ვერ ნახავ ბილიკს, ამ ცხოვრებიდან შემოგყეფს მტკვარი თავგამეტებით
და ჩემი ხათრით ხალხის წინაშე ყველა ცოდვები მოგინანიე.
თუჯის ნალებით აბიჯებ რიჟრაჟს და გადმოდიხარ დარბაისლური.
შენ მშვილდი ხარ და მე ისარი ბრძოლას შევადგენთ გამოგონებულს,
მე ვიხდი ბოდიშს, რომ ანდერძები შენ სათითაოდ ვერ აგისრულე
და თვით შევავსე შენი გრძნობები, რომ დამდგარიყო ქვეყნად სუნი მაგნოლიების.
და თუ შენ ფიქრობ, ჯერ მე ბავში ვარ, სიბრძნის კბილი ჯერაც მაკლია,
და ძლიერ ვჩქარობ, რომ ვამზადებ სამერანოთ დადაღულ კვიცებს,
მე გიპასუხებ: გული დიდი მაქვს, ადამიანთა ვარ საძირკველი
და შენი სისხლი, ჩემ ძარღვში რომ სდგას, შთამამავლობას მე დაუმტკიცებ.
ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. № 1