სიმონ ჩიქოვანი // პოემიდან: ჩემი დანაშაული წვიმების ქვეშ
პოემიდან: ჩემი დანაშაული
წვიმების ქვეშ
ახლა ვიგონებ გამოვლილ თვეებს
მთაწმინდის გაღმა,
და ჩემი მხრები შენი ტრფობით ჩამოთოვილი
იხრება ქვემოთ
და სიბრალულით ხეებსაც ახმობს.
ჩვენ გავიარეთ ამ მთებიდან სამხრეთისაკენ,
დასავლეთიდან წამოვიდნენ ღრუბლის ზანგები —
ცა გადმოეშვა ძირს, შრიალით ამონაკვნესი,
და აგალობდნენ მთიდან მთები, წვიმის ჰანგებით.
ჩვენ აგალობდით შორს,
ხეებიდან მოშორებულნი,
ტრიალ მინდორზე ღეროებად მდგარი ისრები,
მთიდან ქარბუქი წვიმის სიმებს მოაშრიალებს,
თითქოს დარდია წვეთთა ხმებით შესრულებული.
მოგვისწრო წვიმამ, ჩვენ დაგვეცა ცრემლები მძიმე,
დაგუბებულად გადმოდიან ღრუბლები ციდან,
გამომიწოდე ხელი საშველად, ჩამოჰკარ სიმებს,
ვფიქრობთ: კვნესაა ამ წვიმების პროვინციიდან.
წვიმა ჩამოდის, აკვნესებს სიმებს, დანესტილ სიმებს,
წვიმა წუხილს შლის, ამ მწუხარს აკვნესებს.
შრიალოს წვიმამ — მიშველე, სიმონ —
გვისველებს ტანს, გვისველებს სულს ნეკნესებივით.
შრიალებს შარას — ჩამოდის სულში დანესტილი,
მომეცი ხელი, — არ არის დრო ამაყი ფიქრის,
წვიმაში შენ სისალუქე დაგისუსტდება.
შენ გცივა ახლა, და დასველებულს სხეული გითრთის,
წვეთთა სიმები დანესტავენ ღრუბლების ნაღველს,
მთაწმინდის წუხილს ეს წვეთები ესხურებიან.
ჩემი წუხილი, ნეტავ, ამ წვიმას გადაღმა გაყვეს,
ალბათ, იქნება სადმე კაცი წვიმის სევდებს მოწყურებული.
სუნი გაქვს ხორცის ამ წვიმაში ძლიერ მსუბუქი,
წვიმის მესტვირევ, სევდა დაეცა მოწყვეტილივით.
შფოთავს შტოები — სიშორე გვშურს ბედის შუქივით,
და წვიმის პლაშჩი მინდორს შრიალებს წყვდიადებიდან.
შორს მოტეხილი ხე — ბავშვისავით ჰყვირის,
— მუხლებში შიში: — ჰკრთი და ჰკანკალებ.
წვიმის თმებიდან ჩვენ გავიგონებთ დანესტილ ტირილს,
და ჰყრიან შტოებს ქარბუქები დაკონკილები.
წვეთთა წკრიალი შტოთა კალმებზე,
ჩვენ ვკარგავთ თვალებს — ვინ ნახავს იმას —
ჩვენ გვაყრის ზეცა წვეთთა ალმასებს
და ეფარება ხორცის ცოდვა დამკარგველ წვიმას.
ნეშოები შორს — მიბაძვა უნდა ხეების შრიალს,
ო, შენ მიშველე, ჩემო კარგო, რა საშინელი ამინდებია!
ნეშოები შორს — ხეების მტვრევას მოხშირებულებს,
ცის სიმწვანენი წვეთთა დარდით აენთებიან.
ნუ გეშინია, გზა გვანუგეშებს და ვიწურებით,
განუკითხავად დღეს ზეცისგან ტანჯვას ვღებულობთ.
მივდივართ მინდორს — ჩვენ სიმშრალეს მოწყურებულნი,
და ერთმანეთი მაინც გვიყვარს ამ წვიმაში დასოვლებულებს.
მიდის ეს ტანი ამართული, როგორც ნალია.
ის იტანს სივრცეს და ზეცისგან მტანჯველ მოხვიებს,
რომ წამოხვედი ამ წვიმაში ჩემი ბრალია,
მომიახლოვდი — წვიმა შრიალებს — ხელი მომხვიე.
შენ სოველი ხარ ქალწულობის ყოველ რბილამდე,
მეც სოველი ვარ, სინდისის დავრჩი ამარა,
ნეტავ, ჩემ სხეულს ამ სინესტით მაინც სძინავდეს,
და არ ეძებდეს უბსკრულების გამრღვევ კამარას.
ასე ვდიოდით ჩვენ ნისლების გადაღებამდე,
ორი სოველი — ორთქლიც გვდიოდა სხეულ ანთებულს.
ვხედავდი, დღეს შენს ქუსლებთან სულს რომ ჰღაფავდა,
და შენ მუხლები გეკვრებოდენ სოველ კალთებზე.
ნუ გეშინია, გზა გვანუგეშებს მობოდიშებით,
მამშრალებივით ღრუბლები დიან გულ დაგეშილი.
სოველი ვრჩებით მსოფლიოში მხოლოდ მე და შენ,
და ვერასოდეს ვერ გავშრებით გუშინდელივით.
შემოდის წვიმა ყოველ რბილში ნეკრესებივით,
და მთიდან მთები შავდებიან აკვნესებული.
ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. № 1