cover

სიმონ ჩიქოვანი // მერანი

მ ე რ ა ნ ი
მეგობრებს

მშიერ-მწყურვალი, დაფლეთილი მე გამოვყევი მიზნის ნაკვალევს...
მეგულებოდა გზები ფაქიზი და პირდაპირი სამოგზაურო განთიადისკენ.
მე შველა ვსთხოვე, მზე გამოჩნდა საპასუხოთ ზეცის დაზგაზე;
ვესროლე ცას ღამის მკლავები გადახერხილი, სისხლში დასვრილი,
გაძლევ პირობას გულწრფელობას და ნაგულის დავთმობ ყველაფერს,
დავტოვე ძმები, ცინიზმი და ხეების ძირას მხრების აჩეჩვა.
გულუბრყვილობის და სიცრუის გულმოდგინედ მე ვარ გამყვლეფი
და ახალს ველი მე სიმღერებს და საბრძოლველად მინდვრებს საჩემოს.
მე ცას ვუჩქმიტე გასახვრეტად ნაწვეტები თითი სალოკი
მე ცოცხალი ვარ და გაზაფხულზე უფრო მინდა მღერა ცოცხალი;
ვით ღვედი ძუძუ დამეძიძგნოს ტანი ლეკვებით,
თუ მე ვითხოვდე სამშობლოს ცის, დედისა და ღმერთის წყალობას.
ვიღებ სიყალბეს, ორპირობას, რომ მოვემწყვდიო იღბლის ბორკილებს.
მოკაკვე თითი, შენ ცხოვრებაში ნათრეველავ მუხანათობით,
გასწავლი ქენჯნას, გაიძვერობას, დაიკვნეტავ ტუჩებს მოკუმულს.
მომეცი ხელი, ცხოვრების ნისლში მე დაკარგულ გზას გაგინათებ.
მშიერ კუჭს თუ არ ჰყავს დედა, დედას ხომ დააქვს კუჭი გამხმარი,
ვინ დამარცხდება და შეშინდება ცინიზმით და ბედის ქუხილით
მოვკვდებით ერთად, დარჩება ბავშვებს და გამვლელებს ჩვენი ფარხმალი.
მსოფლიო სევდა გულზე დადგება ანაგები ჭვარტლის ქოხივით.
დავძლიეთ ყველა, მაგრამ დროება გასროლილი ვეღარ დავძლიოთ,
სირცხვილ დაკარგულ შუბლს, სიმწრის ოფლი გადმოდინდება.
ჩემო მერანო ნუ თუ ვერ ვნახავთ, მზის ამოსვლას, ახალ ალიონს,
წავიდეთ წინ! ჩვენ სივრცეების გადალახვა გვინდა ძალიან.
ჩვენ ვხედავთ გზებს, მდინარეებს, აქლემების სივრცეს ცარიელს,
შური და ღვარძლი ბოროტებით დანანთხევი გული ნაშხამი...
უცხო ზღვებიდან უტლაშუნებდით რაინდულად ტალღებს, დარიალს,
ჩვენ ვწევთ უზანგებს და იმედებმა ნივთებივით შეგვახრამუნეს.
ჩვენ მიზეზი ვართ, ჩვენ აღვუდექით აჯანყებით ცას მოსაზრებულს;
ინებეთ მკლავი, მართლადაც ძმებო, მოგაბეზრათ თავი ხუმრობამ
მშიერ-მწყურვალი, დაფლეთილი, გაიძვერა და უზრდელები —
თვალებს დავითხრით და ყრონტებიდან ახალ მზეებს დავაბრიალებთ.
ნუ გამიაროს ძარღვებში სისხლმა, არსად მენახოს გზა გასავალი,
გამომეცალოს ფეხში უზანგი და არ დამეცეს ცა სახურავათ,
თუ გადუდექი ყურძნისა და თეთრი პურის მჭამელ პოეტებს,
მე იმათ შორის მუდამ მექნება სალაზღანდარო და საყვირალი.
იყვირეთ ყველამ! ვაშასა და გამარჯვების წრფელი ძახილი.
ჩვენ პური ვითხოვეთ, უკბილოებს სასიკვდილოდ ქვა მოგვახალეთ.
დადექით ერთად! დაგვარტყით როზგი! ჩვენ ვართ ძაღლები,
როგორც წყურვილი, ჩემო მერანო, ისე გვინდა ჩვენი გალახვა,
ეკლების გზებზე ფეხებ-ნაგლეჯი, გულუბრყვილოდ მაჯა-გაჭრილი,
მივრბივართ ჩქარა, ნივთები ცეკვას ასწავლიან სივრცეს ყვავიანს.
ჩვენ ცოცხლები ვართ!.. ჩვენც ცა გვიჭირავს სავსე ჭიქებით!..
დე, სთქვან გლახებმა - ჩვენი სისხლი ამ მგზავრობაში დამნაშავეა.
არ გვიჭირს სუნთქვა, ჩვენ ავიმაღლებთ იმედს და მკლავებს,
წყვილ-წყვილი მოვალთ, უმოწყალოს ჩვენ მოვიტანთ ეკლებს და შხამულს,
თუ გსურთ გაგვსრისეთ მოტორებით ან ლურსმნების ძიძგნით მოგვკალით,
თუ გსურთ დაგვკიდეთ პოეტები კავკასიის მთებზე შაშხებად.
მშიერ-მწყურვალი დაფლეთილი მე გამოვყევი მიზნის ნაკვალევს...
ჩვენ მიზეზი ვართ, ჩემო მერანო, დიდხანს დავრჩებით კიდევ ცოცხალი.
ჩვენ არ გვიყვარდეს მაჩანჩალა, დავრდომილი და გულმოკლული;
და არსაიდან აღარ მოველით გამოწვდილ შველას და მოწყალებას.
იყვირეთ ყველამ, ვაშასა და გამარჯვების წრფელი ძახილი,
თქვენ გახსოვთ ალბად — ჩვენ პური გთხოვეთ, — ქვა მოგვახალეთ,
დადექით ერთად! გაიძვერები, ორპირები, ჩვენ ვართ ძაღლები,
როგორც წყურვილი, ჩემო მერანო, ისე გვინდა ჩვენი გალახვა...

გაზ. „დროული“ 1926 № 3.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი