ნიკოლოზ ჩაჩავა // დურუჯი
დურუჯი
ქართული თეატრის ისტორია ჩემი საქმე არ არის. მე არ ვეცილები სათვალეებიან ისტორიკოსებს, რომელთაც ამ დამტვერილ ქაღალდების პრობლემები აინტერესებთ. საკითხი 29 იანვარს ეთანაბრება, მის გარშემო აპირებს ორიოდე შენიშვნა დასტოვოს.
იანვარი ქართული თეატრის თვეთ უნდა ჩაითვალოს.
თუ ერთის მხრივ 2 იანვარი ქართულ თეატრის ისტორიას უმატებს თითო წელს, 29 იანვარი ახალ თეატრის არსებობას ამტკიცებს.
გიორგი ერისთვიდან დღევანდლამდე ქართულ თეატრის პრობლემებს არკვევდენ, მარჯანიშვილამდე ქართული თეატრის ორგანიზაციული გამოსვლა არავის მოუხდენია.
არსებობდენ ნიჭიერი მსახიობები ყოველგვარ შკოლისა და ორგანიზაციის გარეშე. ეს თითო-ოროლა ნიჭი სრულებით განცალკევებული იყო, რადგან ანსამბლში თავს იყრიდა შემთხვევით მოხვედრილი ხალხი.
ხალტურა, „თეატრალური დილეტანტიზმი“, სუფლიორზე მთელი იმედიბის დამყარება, უპასუხისმგებლობა როლის გაგებისა და ასრულების დროს, დეკორაცია და კოსტიუმების შეუთანხმებლობა და მრავალი სხვა.
რეჟისორმა წუწუნავამ სცადა ამ ნაკლთა ნაწილობრივად გამოსწორება. მან პირველმა მიაქცია ყურადღება ქართულ სცენაზე ანსამბლის შექმნას. საკითხი მაინც გადაუჭრელი რჩებოდა.
თეატრს ხელს უშლიდა უორგანიზაციობა, უდისციპლინობა და ყოველგვარ შკოლის გარეშე დგომა.
არ არსებობდა თეატრი და კუჭმოშლილ ინტელიგენტების მიერ იყო თეატრის კრიზისის შესახებ ლაპარაკი.
მარჯანიშვილმა საკითხი სხვა რიგ გადახარა. მისი ჩამოსვლით ქართველმა საზოგადოებამ იგრძნო თეატრის უქონლობა და შექმნა მის გარშემო ლაპარაკი.
საჭირო შეიქმნა რეჟისორის მოქნილი ხელი და ორგანიზატორული უნარი.
ახალი გაგება და ორგანიზაცია თხოულობდა ახალი ძალების დარაზმვას. ჩვენ ვხედავთ „დურუჯის კორპორაციას“, რომელმაც უარჰყო ძველი „თეატრალური ორგანიზაცია“ და ვადაგასულ მსახიობებს „ბებერი კამეჩი“-ს სახელდება უბოძა.
ქართველი საზოგადოებისათვის ასეთი მიმართვა ზრდილობის ანბანის ჭეშმარიტებას შეურაცხყოფდა.
შეიქმნა ბოიკოტის შესახებ ლაპარაკი, მაგრამ ხალხი დარწმუნდა, რომ „დურუჯი“ ქმნიდა ახალ ქართულ თეატრს, შეურაცხყოფილმა მაინც მიიღო იგი.
„დურუჯი ახალი ეპოქაა ქართული თეატრის“, ამბობს „დურუჯელების“ მანიფესტი, რომლის ლიტერატურულ ღირებულებაზე ლაპარაკს არ ჩამოვაგდებთ.
„დურუჯი“ რწმენაა საკუთარ უნარის, საკუთარ ღირსების ხელოვნებაში“. ჩვენ ვეთანხმებით მანიფესტის ამ განმარტებებს.
„დურუჯმა“ შექმნა ახალი ეპოქა ქართულ თეატრის ისტორიაში. მან შექმნა საკუთარ ძალის დაჯერება, დაუახლოვდა თანამედროვე თეატრალურ მიღწევებს.
ჩვენ ბევრ რამეში არ ვეთანხმებით „დურუჯსა“ და მათ მესვეურებს მარჯანიშვილსა და ახმეტელს, მაგრამ ეს არის თეატრალური პრინციპები და გაგება.
მთავარი, რაც აღსანიშნავია, ეს არის ორგანიზაცია და ქართულ თეატრის დისციპლინის საკითხი.
დღეს უკვე არსებობს მჭიდრო კოლექტივი. ყოველწლიურად მატულობს ქართული რეპერტუარი.
მსახიობმა თავისი ადგილი იცის: ის, როგორც მთავარ როლს, ისე მეორე, მესამე ხარისხოვან როლებს სრული პასუხისმგებლობით ასრულებს.
ვასაძისათვის არ არის სათაკილო ერთ დღეს ჰამლეტის ბიძა იყოს და მეორე დღეს „სპარსეთში გაყიდული ქართველი“ (ლისაბონის ტუსაღები). მის თვის ორივე როლი სრული პასუხსაგებია და ორივეში მეტი გათვალისწი ნებით უდგება შესრულებას.
ასევე ითქმის ყველა მსახიობებზე. ეს მთავარია, რაც შექმნა ორგანიზაციამ და დისციპლინამ.
მსახიობი არ ექიშპება არავის. იგი ექვემდებარება რეჟისორს და მისგან განაწილებულ როლს სრული შეგნებით ითვისებს და ამუშავებს.
ასეთმა ორგანიზაციულმა მუშაობამ შექმნა მთელი რიგი ახალი მსახიობებისა, მზადდება ახალი კადრი რეჟისორების, რომელთაც იგივე დისციპლინა, გეგმაზომილება და პასუხისმგებლობა ახასიათებთ.
აქედანვე შეიქმნა ქართული თეატრის აუდიტორიაც, რომლის შეუქმნელობა ძველ თეატრს ქართველი საზოგადოების უკულტურობაზე ჰქონდა აშენებული.
ყველაფერი ეს და მრავალი სხვა დეტალებიც საშუალებას გვაძლევს 29 იანვარი ჩავთვალოთ აღსანიშნავ დღეთ.
გაზ. „დროული“ 1926 წ. №3.