ნიკოლოზ ჩაჩავა // პრაქტიკულ კითხვებისათვის (გაკვრით)
პრაქტიკულ კითხვებისათვის (გაკვირთ)
ა. თვალის ჩინი.
ლიტერატურისა და მკითხველ საზოგადოების შესახებ კიდევ შეიძლება ლაპარაკი. გვაინტერესებს სხვა რამ.
ეს არის ქართულ გამომცემლობისა და სასტამბო კულტურის საკითხი.
H2SO4-ს საბჭომ თუ ერთის მხრით შექმნა ქართულ ლექსისა და პროზის გარშემო ინტერესი. მეორეს მხრით საგამომცემლო კულტურასაც მიაქცია ყურადღება. ჟურნალი „H2SO4-" – არ არის მარტო რევოლიუცია. ჩვენი პრიმიტიული სტამბების პირობებში აქ მოცემულია გამომცემლობის ტეხნიკური ყველა შესაძლებლობანი. ასოების უვარგისობა არ ამართლებს გემოვნება მოშლილ გამომცემელთა საქციელს. არც ეკონომიის პრინციპები იგებენ უპასუხისმგებლო გამოცემებით. თანამედროვე წიგნის ბაზარი მოითხოვს არა მარტო წიგნს, არამედ ვიტრინის შთაბეჭდილებასაც. გარეგანი ფორმა, ტეხნიკური მიღწევები უფრო მეტი გარანტიაა წიგნის საბაზრო საქმეების განვითარებისათვის. ისედაც არ არის სასიამოვნო – თანამედროვე კულტურელ ადამიანს თანახლდეს გუტენბერგის დროის სასტამბო ტეხნიკური მიღწევები. თუ კი გერმანეთში სასტამბო კულტურამ იმ დონემდე აიწა, რომ ლიტოგრაფიის საქმეებს თვითვე ასრულებს, ჩვენში რად არ შეიძლება უბრალო ტეხნიკური საშვალებები (ერთიანი შავი ხაზები. სხვა და სხვა ფორმები, ახალი ასოები და სხვა) სტამბისათვის გამოსადეგი დარჩეს. ხშირად უბრალო შავი ხაზი, რომელიც როგორც სტამბისათვის, მით უმეტესს ბევრ გამომცემელთათვის უბრალო სასტამბო მასალას წარმოადგენს, ხშირად ლექსის ხასიათს, წიგნის ღირებულების საკითხსაც სწყვეტს. სტამბას აქვს შერჩენილი ძველი გემოვნების მიხედვით შეკვეთილი მასალები. ეს ალბათ გიორგი ერისთავის გაზეთის მასალებრივ ორგანიზაციას არ არის დაშორებული. თანამედროვე მკითხველს სურს ქრონიკა უფრო სხვა ასოებით აიწყოს, ვინემ სადისკუსიო წერილები. ლირიული ლექსი სხვა მასალებრივ განწყობილებას მოითხოვს ვინემ ყოფა ცხოვრებაზე გალექსილი ტრაქტატი. აქვე სჩანს ქართული პლაკატის უქონლობა. H2SO4--ის საბჭოს აფიშები პლაკატების როლს თამაშობენ, აქ ნაჩვენები იყო როლი და ორგანიზაცია მასალებრივი დალაგების. ამით გამოაშკარავდა ხალხის ფსიხოლოგიაც. – სენსაცია ყოფის საკითხად გადაიქცა და აფიშებსაც დაეტყო ორგანიზაციული თვალი. აფიშა ქუჩისა და მოძრავი მკითხველის ფსიხოლოგიით უნდა იზომებოედს და არა მარტო ახალი ამბვის გამოცხადებით, რომელიც დასასვენებულად გამზადილ მოქალაქესაც შეუძლია ამოიკითხოს გაზეთის 4 გვერდზე.
წიგნის ბაზარი და მკითხველის თვალი მოითხოვს ქართულ გამომცემლობისა და სტამბის კულტურას.
ბ) ენის გასატეხი,
ხლებნიკოვისათვის „უნივერსიტეტის“ ნაცვლად საჭირო შეიქნა „ვსეუჩბიშჩე“. ეს იყო ეროვნულ სახელდებების ძიება რასაც უკარნახებდა მესიანიზმის საკითხი. ქართველ ერს ყეელაზე უფრო სჭირდება სახელდებათა ძიება. ისტორიული სვლა. სხვა და სხვა პოლიტიკური პირობები ახდენდენ გავლენას ქართულ ენის განვიოარებაზე და ყოველდღიური ლაპარაკიც ივსებოდა უცხო სახელდებებით. ილია ჭავჭავაძის თაობის „თერგდალეულობა“, შესაძლებელია გარდამავალ ისტორიულ საფეხურის უკანასკნელი გესლი იყო, მაგრამ გრიგოლ ორბელიანისაგან ქართულ ენის ფორმების დაცვა მაინც დასაფასებელი დარჩა. ქართველ ფუტურისტებს ენის გაწმენდის (ჰიგიენის) საკითხი უფრო რიგ აინტერესებთ. ამიტომ იყო მე წამოვაყენე ახალი სახელდებები: ხედეირა, ცამდიარი, როშარი და სხვა. აქეთკენვე ისწრფვის ჩემი ლექსის მასალებრივი ლაბორატორიაც. ამ საკითხს მე დავუბრუნდები შემდეგ წერილში „ქართულ სახელდებებისათვის“). ასეთ დროს არა სასიამოვნოა ენისგან ვითარებაში მეტი უარყოფითი მოველენები. ორიგინალურ ლიტერატურის გარდა არსებობს მეორე სამყაროც, სადაც ყველაზე უფრო სახიფათოა ენებრივი ოპერაციები. განსაზღვრულ ენას თავისი განსაკუთრებული ფორმები, ხასიათი და წყობა აქვს. მე ამით არავის ვახსენებ გრამატიკის ფორმებს და ბოდიშს არ ვიხდი სილოვან ხუნდაძისა და პეტრე მირიანაშვილის წინაშე. აქ საინტერესოა ძირითადი თვისება ენის. ენებრივ მასალის წყობისა და ორ განიზაციის საკითხი. თარგმნილ მასალებში არავინ არ აქცევს ყურადღებას ამ ფაქტს. ყოველდღიურ პრესას უფრო ეტყობა რუსულ ენის უშუალო გავლენა. არ კმარა მარტო რუსულის „ქრისტომატიული“ ცოდნა, ან ქართულის ყოველ დღიური ლაპარაკი. პირდაპირი თარგმნა ამახინჯებს ენის ძირითად თვისებებს. ქართული ენის რუსულისაგან არსებითი განსხვავება მოითხოვს მეტი ყურადღებით მოვექცეთ მთარგმნელობითი საქმეს. სახელდებების გამონახვისა და შეცვლის საკითხი უფრო ადვილად გასასწორებელი საქმეა, ვიდრე ათიათას მკითხველ საზოგადოების მიერ ჟურნალ გაზეთებიდან შეთვისებული სტილის გადაცვლა. ენის ხასიათი თარგმნის დროს უფრო აშკარად ირკვევა. სხვა და სხვაობის გამო არის რომ ხალხური თქმები ძნელი გადასათარგნი რჩება ხოლმე. ხალხურ თქმებში უფრო გამოსჭვივის ენის განსაკუთრებული თვისებები და ხასიათი.
თუ კი არსებობს სხვადასხვაობა, უნდა არსებობდეს მთარგმნელობითი პასუხისმგებლობაც.
გაზ. „დროული“ 1926 წ. №2