ნიკოლოზ ჩაჩავა // ლიტერატურული კალიმახიზმი
ორი სახის მკითხველისადმი უხდება ქართველ ფუტურისტებს ანგარიშის გაწევა. თუ ერთის მხრით კომუნისტურ აზროვნების ორიენტაციაში მოხვედრილ საზოგადოებისათვის მემარცხენე ხელოვნების მიღწევები „გაუგებარია პროლეტმასისათვის“, მეორე ბანაკი გაგების თვალსაზომითვე უდგება საკითხს.
რა ტერმომეტრი გახდა ეს „გაგება“, რომ ხელოვნების სიცხის გასასინჯათ სჭირდებათ პატივცემულ მობანაკეთ.
ჩვენს კრიტიკოსებს მუდამ ზეპირი კრიტიკა უყვარდათ და ეს მოსიარულე ზეპირსიტყვაობა მათ დილეტანტიზმს უფრო ამტკიცებს და ჭორიკანაობასთან ნათესაურად აკავშირებს.
აბა რას ნიშნავს, რომ დღემდე საქართველოს მემარცხენე ხელოვნების შესახებ და კერძოდ ფუტურიზმის გარშემო მოწინააღმდეგე ბანაკში არ არსებობს არც ერთი დასაბუთებული აზრი. „გაგები“-ს საზომი ხომ საკმარისი არ არის რომ გადაიჭრას პოეტიკის პრობლემები.
ან პროლეკულტურაზე ძახილი ხომ არ არკვევს ფორმისა და ტემატიკის საკითხებს. მაშ სად არის თქვენი საბუთი გაგების ორიენტატორებო? ხელოვნების გარშემო პარტიაში არ არსებობს ერთი გადაჭრილი აზრი. თუ ზოგიერთ კომუნისტებისათვის ხელოვნება არის „ცხოვრების შენების მეთოდი“.
ლუნაჩარსკისათვის იგი „ცხოვრების გამშვენიერებაა“. ასეთი ულტრა ესტეტიური ლოზუნგი რომანტიზმის პარფიუმერიულ მაღაზიისა და მისი ფილიალების ფაბრიკულ მარკად გამოდგებოდა მარტო.
ვორონსკის ხაზი, რომელიც სინტეტიზმისაკენ იხრება „არც აქეთ, არც იქეთობის“ შთაბეჭდილებას ტოვებს.
მოწინააღმდეგე ბანაკი ტროცკის შეხედულებებს სრულიად არ იცნობს (შეიძლება დრო არა ქონდათ და ვერ მოასწრეს „ლიტერატურა და რევოლიუციის გადათვალიერება).
ფუტურიზმი მისთვის არ არის საფრთხობელა, მემარცხენე ხელოვნების მიღწევებს არ სთვლის „მავნე მოვლენად, რომელიც ინტელიგენტებმა გამოიგონეს“. ტროცკისთვის ფუტურიზმი გარდამავალი საფეხურია, რომელიც პროლეტარულ კულტურის მშენებლობაში უდიდეს როლს ითამაშებს. „ძნელია ეხლა სრული უარყოფა ფუტუ რისტების მიღწევების“ - ამბობს ტროცკი. სხვა კრიტიკოსები ხელოვნებას გემოვნების თვალსაზომით უდგებიან, მაგრამ ხელოვნება ხომ რესტორანი არ არის, რომ ლექსი ბუტერბროტივით გაისინჯოს. პოლემიკამ გამოარკვია, რომ ხელოვნება სახელმწიფო საქმიანობად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ეს კიდევ იმას არ ნიშნავს უფლება ქონდეს ყველა კალმის მოყვარულს სწეროს რეცეპტები პოეტიკის პრობლემათა გარშემო. ასეთ პროფესიის ხალხს ვურჩევთ გახსნან საკანცელარიო მაღაზიები, სადაც დააცხრობენ კალმოსნურ ნიჭიერებიჩ ტკივილებს.
ხელოვნების საკითხები მეცნიერების დისციპლინის სფეროს ექვემდებარებიან და ვისაც არა აქვს პირდაპირი პრეტენზიები ამ საკითხების გარშემო სთხოვეთ გვაცალონ. პირველ კატეგორიის მკითხველთათვის „ფუტურისტული ლექსი გაუგებარია“, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი არ ესმის ქარხნის მუშას, მაგრამ რატომ იმავე საზომით არ უდგებიან პროლეტპოეტებს, რომლებიც ჩვენი გავლენის ქვეშ სწერენ პროლეტა სულ სიურპრიზებს. ან რას ნიშნავს ეს გაგება?
მრავალი მეცნიერული ნაშრომი, თვით მარქსის „კაპიტალი-“ც იმავე ქარხნის მუშისათვის გაუგებარია, მაგრამ რომელი მათგანი უარყოფს მარქსიზმს მხოლოდ ამიტომ.
ქარხნის მუშებისათვის თვით შუამავალები ქმნიან გაუგებრობას, რომელთა უმრავლესობა მეშჩანური თვალსაზომით სჭრის საკითხებს და ბაზარზე გამოაქვთ გასასაღებლათ თავიანთი „მსოფლმხედველობანი“.
„მასები კულტურულად და ესტეტიურად არ არიან მომზადებულნი და წინ წავლენ ნელის ნაბიჯით“, სწორედ ეს ქმნის მრავალჯერ გაგების სათვალხედო რეაბილიტაციას.
კულტურა, ხელოვნება ნელის ნაბიჯით მოსიარულეთ წინ უსწრებს.
ჩვენ გვგონია, რომ შუამავალთათვის მეტი გაუგებარი რჩება მემარცხენე ხელოვნების მიღწევები, საერთოდ ხელოვნებაც კი, ვინემ მუშებისათვის, რომლებიც გაგების ორიენტატორების ასპარეზად არიან გადაქცეულნი.
ჩვენ არ ვიცით როგორ მივიღოთ გაგების დებულება, მაშინ როცა ამავე ორიენტაციის ხალხი რუსეთში უარყოფს მაიაკოვსკის და პროლეტარიატს ოსტროვსკისა და პუშკინისაკენ მოუწოდებს.
არა მგონი პროლეტარიატისათვის გამოსადეგი იყოს გადაღმა ბანაკის სულისკვეთებითა და ყოფით გაჟღენთილი ხელოვნების ტრადიციები.
ეკონომიურ ძალთა განვითარება, სოციალური პირობები ქმნიან განსაზღვრულ სტილს, რომელსაც ყველაზე უწინ პოეზია ითვისებს.
ეპოქა იძლევა ფორმას, თემებს. ფეოდალურ კულტურის დროს თანამეოროვე ტეხნიკური მიღწევები შეუძლებელი იყო.
ტეხნიკის ეპოქამ შექმნა თავისი განსაკუთრებული ფორმები, წამოაყენა ახალი თემები, რომელსაც ხელოვნება ამუშავებს.
ყოფა, არსებული პირობები ქმნედითი პროცესზე, სიტყვის პრობლემებზედაც მოქმედებს.
ამიტომ არის რომ სიტყვა ბევრჯერ კარგავს თავის სოციალურ შინაარს და სულ ახალ სახელდების მატარებელი ხდება.
ენაც, სიტყვაც საჭიროებს თავისებურ გიგიენას.
შოთა რუსთაველის პოეტურ ფორმებით, ენებრ მატერიალით დღეს არც ერთი პოეტი არ დასწერს და ვერც დასწერს, რადგან ყოფა ორგანიულათ არსებობს მასში.
ენის გადახალისება, ბგერების ორკესტროვკა, რომელიც ყველაზე უფრო აწესრიგებს ლექსის სტრუქტურას, ყოფისა და თანდროობის ფორმებს ექვემდებრება.
დატოვებულ საუკუნეთა კულტურის არც ფორმა, არც შინაარსი პროლეტარიატისათვის გამოსადეგი და მისაღები არ არის.
ხელოვნება უპირველეს ყოვლისა ყოფისა და ნივთების ორგანიზაცია არის (პოეზიაში სიტყვის) და როგორ შეიძლება რამოდენიმე ისტორიულ საფეხურებით გადაღმა დარჩენილ კულტურის მიღწევები პროლეტარულ მშენებლობისთვის გამოსადეგი გახდეს.
ფუტურისტებმა მოახდინეს ბგერითი რევოლიუცია. ლექსიკონი გასწმინდეს ჰიგიენურად მიუღებულ სიტყვებისაგან, ხელოვნებაში შექმნეს ლაბორატორიული მუშაობა და პოეტი ზეშთაგონებიდან მომქმედათ გახადეს, მოძრაობის პროცესში გადაიყვანეს.
პოეზია დღეს საქმიანობა არის, სადაც ნივთები მუშავდებიან და არა მთვარე და მასთან ახლო მდებარე საგნები, რომელიც პროლეტმასისასთვის ნაკლებად გამოსადეგი ინვენტარია.
სწორეთ ამიტომ პროლეტპოეტები მემარცხენე ცხოვრების მიღწევებს უშუალოდ ითვისებენ და ქმნედითი პროცესს ფუტურიზმის ფორმალურ ხერხის ქვეშ ატარებენ.
გასულ საუკუნეების მიღწევებზე ეყრდნობა მეორე კატეგორიის მკითხველებიც და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ფუტურისტები უარყოფენ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ ტრადიციებს, მათთვის ყველაფერი გაუგებარი ხდება.
საკითხის ასეთს გადაჭრას ლიტერატურული კალმახიზმი უნდა ეწოდოს.
წინასწარ შექმნა ატმოსფერის, რომ „ფუტურისტული ყველაფერი გაუგებარი არის“ ეს რუსულ ინტელიგენციის გამონაცვალი მემკვიდრეობა დღესაც სახელმძღვანელოდ გამხდარა ზოგიერთ ქართულ ურაპატრიოტ ინტელიგენტისათვის.
ვაჟა ფშაველას შემდეგ ქირთული პოეზია ასცდა ეროვნულ ნიადაგს და მირაჟებისა და სარკის პოეზიამ (სარკის ბრუციან ხალხს ეშინიან მარტო) ქართული სიტყვა დეკადანსამდე მიიყვანა.
ჩვენ პირველ მანიფესტიდანვე ხაზი გაუსვით ქართულ მესიანიზმის საკითხს.
ყანწელების მიერ შემოტანილმა ფრანგულმა დეკადენტიზმმა ქართულ ლექსის, ლექსიკის, რიტმის, კონსტრუქციის საკითხი სრულიად დაშალა და მთელი იდეოლოგია ქართველ ქალის ფერუმარულზე ააგო.
ჩვენ, ქართველ ფუტურისტებს ეროვნული კულტურის საკითხები უფრო გვაინტერესებს ვიდრე ვარდინის რეცეპტურმა.
ჩვენ თავიდანვე ქართული ლექსის, პროზის, სიტყვისა და ბგერების პრობლემებზე ვმუშაობდით; მხოლოდ ჩვენმა ორგანიზაციამ შესძლო ეროვნული ხაზის გამონახვა, ქართულ ხელოვნების ორგანიულ კავშირის აღდგენა.
ამას თავიდანვე დაინახავდა ის ვისთვისაც კორპუსით ნაბეჭდი ძნელად წასაკითხი არ არის – და ვინც „ნაკადული“-სა და „ჯეჯილი“-ს ასოებს ზესჩვევია მათთვის ვეცდებით ცალკე შევადგინოთ ხელოვნების ანბანი.
გაზ. „დროული“ 1925 წ. №1.