ნიკოლოზ ჩაჩავა // ლაპარაკი შოფერთან პოეტების გასაგონად
შოფერო, შენ ჯანს, მითხარ, რა უძაგს,
მთები არა აქვს ფეხით სავლელი.
ტფილისიდან თუ შორს ძევს ძაუგი,
მანძილი ხომ გაქვს შენ განსწავლილი.
მთელი დღე გარჯილს განჯინებივით,
დაგაქვს მგზავრებთან ფეხსაცმელებიც.
არ უძახი გზად მეჯინიბეებს -
დილიჟანსებს რომ ჰყავდათ მცველებათ.
შემოხვედრილი გოგო-ბიჭები
გზას სათვალავში აურევია.
მინდვრები გვხდება ქუსლ ნაბიჯარი,
აღმართიც - ხშირი ნაურმებია.
მაგ შენ სახედარს გზების ტალახი
აინუნშიაც არ ეხრილება.
ან რად სჭირდება ჩაიბალახოს
მინდორში გულის გასაგრილებლად.
(მაგათ რა უთხრა, პოეტებს მართლა,
რომ ურჩევნიათ ურმის შეხვედრა.
ბავშები არ ვართ, ჩვენ უკვე გვმართებს,
შენში ვხედავდეთ ახლობელ მხედარს).
მაგ მოტორები უცხოეთის გემს
მოატანინა გასროლილმა ხმამ.
გააკეთებდა საცოდავი ჯემს
ან და მისი ძმა.
შორეულიდან მოსულ სახედარს,
თუ გულის ნაცვლად მოტორი უძევს,
ჩვენთან ისეა, თითქოს სახლს ხედავს
და ბავშობიდან აქ დაეფუძნოს.
მაგრამ შენს პირუტყვს უღელისადმი
აქვს ხასიათი ახირებული.
მე შენ გეტყვი და გადივლის სადმე
მეზობლის ყანის ასაოხრებლად.
შენთან წამოსულ ცხენს ვერ უვლია,
გამოუყვია გზა ნაწილებათ.
მით უფრო ურემს სად შეუძლია
შენოდენი გზის გამანძილება.
სოფლად ერთი ჰყავს ცხენი მამაშენს,
შენ კი ორმოცი ცხენის ძალა გდევს.
დრო არის - ჭირმა გადააშენოს
ეხლა ურმობის მღაღადებელი.
1926 წელი
ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. №1