cover

ნიკოლოზ შენგელაია // ქართული კინო „ვინ არის დამნაშავე“

ქართული კინო
ვინ არის დამნაშავე

ქართულმა რეჟისორმა პირველად დასდგა სახ. კინო-მრეწველობის სურათი. თავიდანვე სჩანს, რომ სურათს ხელმძღვანელობდა ქართულ ყოფასთან ახლო მყოფი ადამიანი და არა კარიერისთვის მოვარჯიშე „კინო-მოღვაწე“. ეჭვს გარეშეა, რომ რეჟისორი ფსიქოლოგიურად მომზადებული და გამორკვეულია კინო-შემოქმედების განსაკუთრებულ თვისებებში. თემა, რომელიც მოცემულია სცენარში, არ არის ორიგინალური და ახალი, მაგრამ იგი პირველ სურათად საშიში და კარგი მასალაა რეჟისორის პოტენციალის გამოსარკვევად. სცენარი, რომელიც იძლევა სიუჟეტის გამორკვევას ურიცხვი სცენების საშუალებით, აბანდებს რეჟისორს. ლეიტმოტივი იკარგება. ძნელია ამის დაძლევა დამდგმელისათვის, თუ მას არა აქვს უნარი შემოქმედებითი ბალანსის ფორმების კონცენტრაციის, ისე, რომ ფაბულა უფრო გაძლიერდეს. ეს ერთ-ერთი მთავარი მომენტია კინო-რეჟისორის მუშაობაში. წუწუნავას ცოდნია შეჩერება, მას ესმის მოქმედების მობილიზაციის სიძლიერე.

გაუწვრთნელი ფანტაზიისთვის ამერიკა ცირკით, ფოქსტროტებით, კოვბოებით საშინელია. აქ შეიძლება რეჟისორი საუკუნოდ დაიღუპოს. გურია კი თავისი ზნე-ჩვეულებებით ხომ წუწუნავასთვის კიდევ უარესია. საჭირო იყო წონასწორობა. სცენარი ვერ ქმნის ამ წონასწორობას. ამაში სცდება რეჟისორი და ამ მიღწევებში ათეული რეჟისორი მარცხდება. ამიტომ არის, რომ ხოლმე ერთ გაფრენილ სიყვარულს ექვს სურათში მისდევენ. ამის საწინააღმდეგო არაფერია, თუ ზოგიერთი სცენები გრძელია და მოსაწყენი, ეს სხვა საკითხია – მონტაჟზე ცალკე.

კადრების მხატვრული გაგება, მისი კომპოზიცია, მსახიობებისთვის მოფიქრებული მიზანსცენა, ნატურასთან შეფარდება – ყველაფერი თან ახლავს რეჟისორს. ტიპები განცდილია; რეჟისორს ძარღვებში აქვს გამჯდარი ტიპების ხასიათი – უწინ ხასიათით გამართლებული ქართული ტიპები სახკინმრეწვის სურათებში არ ყოფილა – ისინი ლიტერატურული გაგებით მოქმედებდნენ, ცხოვრების სინამდვილე აკლდათ.

კონკრეტულად: ისიდორე პიესაში არ არის. ის ახლად არის შეტანილი სცენარში – კომედია თავდება სიკვდილით, კარგი და განცდილი ოსტატობით გატარებული საშუალებაა. სურათის ფინალის შთაბეჭდილების გასაძლიერებლად მიზანშეწონილი ხერხია; მაყურებელთა წინაგრძნობა იტანს – გარდა ამისა, ისიდორე თავისთავად საინტერესო ფაქტია სურათში.

ჩემის აზრით, არც ერთ სურათში, არც „სამ სიცოცხლეში“, არ ყოფილა ნატა ვაჩნაძე ასეთი სრული ამსრულებელი თავის როლის.
დაკვირვებული მაყურებელი ვერ უარყოფს, რომ ნატა ვაჩნაძეს გარეგნული ყველა საშუალება აქვს, რომ ეკრანის კარგი მსახიობი იყოს, მაგრამ მას აკლია მთავარი – ეს არის მსახიობის ფსიქოლოგიის შეგნებული ორგანიზაცია და მისი როლის შესაბამისად გამოყენება. ამის ორგანიზატორი არის რეჟისორი (საუკეთესო მაგალითი კოტე მარჯანიშვილი და უშანგი ჩხეიძე ჰამლეტში). ასეთი მიღწევის შედეგია მოფიქრებული სახე, ზომიერი და ცოცხალი, არა ყალბი თამაში. მსახიობის ნერვი აზროვნებს სცენის შინაარსით. მსახიობს უნდა შეასმინო, დააჯერო და არა გააგებინო. ამისთვის სხვადასხვა მეთოდებია. წუწუნავამ შესძლო, რომ ნატა ვაჩნაძე თავიდან სურათის ბოლომდე შეგნებულად ასრულებს თავის როლს და ორგანიულად განცდილის შთაბეჭდილებას სტოვებს მაყურებელზე.
ყველა იმ კადრის კომპოზიცია, სადაც არის ნატა ვაჩნაძე, მარტოობის, ტანჯვის, ძალმომრეობის და თავის მკვლელობის ხასიათით არის შექმნილი, რაც ხელს უწყობს ნატა ვაჩნაძეს, უფრო მძლავრი თამაში მოგვცეს. ეს უკვე რეჟისორის კიდევ ერთი კარგი მეთოდია. „ვინ არის დამნაშავე“ ყველაზე უფრო საინტერესო უნდა იყოს ნატა ვაჩნაძესთვის. იგი უკვე შეგნებულად იწყებს როლის თამაშს, ის აქ არ არის შეშინებული, ეტყობა, რომ მსახიობობას მიუხვდა, მაგრამ ცხადზე უცხადესია, რომ კიდევ დასრულებისთვის დიდი მუშაობაა საჭირო.

კოტე მიქაბერიძეს სცენარი მაინცდამაინც არ წყალობს, მას არა აქვს საშუალება თანდათანობითი თამაშისა და რეჟისორიც ნაკლებად ეხმარება – განსაკუთრებით ფინალში რეჟისორის თვალი ძალიან სუსტობს, რაც მსახიობსაც უშლის ხელს. მაგალითად, მისი ბარბაცით სიარული, როდესაც ის დადის დედის საძებნელად – ეგ, ჩემის აზრით, ყოვლად დაუშვებელია, სცენის მჩატე მოფიქრების შედეგია. სწორედ ამ სცენას სჭირდებოდა ყველაზე უფრო სერიოზული დამუშავება. დანარჩენ ადგილებში კოტე მიქაბერიძე კარგი ამსრულებელია თავის როლის. იგი თანდათან წინ მიდის (საინტერესოა, რატომ არ აცხადებდა ანონსებში სახკინმრეწვი კოტე მიქაბერიძეს? ჩემის აზრით, ასეთი მეთოდი მსახიობებთან დამოკიდებულების სამარცხვინოა).
ცეცილია წუწუნავა დასრულებულად თამაშობს თავის როლს. მას უნდა მიექცეს ყურადღება. იგი ქართულ ეკრანისთვის გამოსადეგი და საინტერესო მასალაა.
ისიდორეს როლს ტრაპაიძე უნაკლოდ ასრულებს. არც ერთი მისი ნაბიჯი გადამეტებული არ არის. ჩვენის აზრით, ისიდორეს ტიპი საუკეთესო გამოსაყენებელი მასალაა ქართულ კინემატოგრაფში.
დანარჩენი მსახიობები თავიანთ როლებს კარგად ასრულებენ.

აღსანიშნავია მხოლოდ ყიფიანი (ბესია), რომელსაც როლი ძლიერ ცუდად აქვს შეთვისებული და გაგებული. საერთოდ, ეს მსახიობი რეჟისორისთვის ძალიან ძნელად დასამუშავებელი მასალაა.
ჟოზეფიზე უკეთესი ამსრულებლის მონახვა შეიძლებოდა. საერთოდ, ჩვენი სახკინმრეწვი უნდა ცდილობდეს, ქართული სცენარები, უპირველესად ქართველ რეჟისორებს გადასცეს დასადგმელად და მსახიობთა კადრის შევსების დროსაც მეტი ყურადღება მიაქციოს ქართველ მსახიობებს.

მონტაჟს ცოტა ძალდატანება ეტყობა. ტექნიკურად სუსტია, ბევრ ადგილას აკლია სამონტაჟო ნაჭრები. ეს არის შედეგი იმისა, რომ რეჟისორს გადაღების დროს მონტაჟის წინასწარი წარმოდგენა სუსტი აქვს, ჯერ კიდევ დაჩვეული არ არის.

ფოტოგრაფია ადგილობრივად მისაღებია, მხოლოდ ხშირად ცუდია – ბევრი კადრი დანათებულია (засвеченно), ოპერატორს დაკვირვება აკლია.
ლაბორატორია პირდაპირ დაუშვებელია. უკანასკნელი ნაწილები კონტრა ტიპებს ჰგავს.
ვირაჟი ცუდია. ზოგიერთ ადგილას დაშლილია – ფირის ხარისხი დაბალია.
„ვინ არის დამნაშავეს“ დადგმით წუწუნავამ შესძლო, თავისი თავი დაემტკიცებინა როგორც კინორეჟისორი. იმედი გვაქვს, რომ ქართულ რეჟისორებს მეტი ყურადღება მიექცევათ და ქართული სიუჟეტები ქართულ ყოფა-ცხოვრებასთან დაშორებული პირების სავარჯიშოდ არ გადაიქცევა.

გაზ. „დროული“ 1926 წ. №3

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი