cover

ნიკოლოზ შენგელაია // მონადირე

მონადირე

ბაი ბეთქილი...
თვეთნოლდიდან ნისლი ლილადა
ფეხდამცდარ კლდიდან
თითო-თითოდ მოდის მთა-ბარი,
ზედ მონადირე...

გამოძახილს მოსდევდა ხმები:
ლილეო!!
დალი!!
რომ მწვერვალზე გადაენთები
თვალი მართალი,
ზედ ხანჯალი, იმედი კიდე.

შენ მონადირე,
უშბის წვერზე რომ დაეკიდე,
თვალებში გენთო თაფლის სანთელი.

მაგარი თეძო მეგობარია ვაჟკაცის მთაში,
და ჩეგემიდან გადმოტანილი სტამბულს
ეჭირა კბილებში კაჟი.

გახარებული ბედი მოგინდა,
შუბლს გიელვარებს თოვლის ნათელი.
მოგენატრება ჯიხვის ჯოგიდან
დამსკდარ კლდეების კორიანტელი.

მოდიდებული სისხლი ძარღვებში
გაიჭედება რკინის კუნთები.
ათასში ერთი რომ აგიცილდეს,
ვიცი, რომ სოფლად არ დაბრუნდები.

თავგამეტებულს გზა გეადვილა,
სუნთქვამ მაღლობზე უფრო იმატა.
ცა
დაბალია თავშესაფარი.

ბაი ბეთქილი!!!
თვეთნოლდიდან ნისლი ლილადა.
ფეხდამცდარ კლდიდან
ბურთებივით ცვივა მთა-ბარი.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი