cover

დემნა შენგელაია // ნიკოლო მიწიშვილი _ „თებერვალი“

ნიკოლო მიწიშვილი _ „თებერვალი“

გამომცემლობა „შრომა“. ტფილისი. 1927 წ.

ჩვენ ვიცოდით, რომ როზანოვი, ეს ერთი უდიდესი მამათმთავართაგანი ახალი
პროზისა, აჯადოებდა გრიგოლ რობაქიძეს, მაგრამ გრიგოლ რობაქიძე მოერია მას და აქროზანოვი ოდნავ ხმაურობს. სამაგიეროდ ნ. მიწიშვილმა ძირეულად გამოიყენა იგი. ამისდასამტკიცებლად სრულიად საკმარისი არის ჩვენ წინ მდებარე „თებერვალი“ და მისივე„გარდაცვალება“, რომ ჩვენ უახლოესი კავშირი მოვნახოთ "уединенное"-ს და "Люди лунного света"-ს ავტორთან.
ახლა ჩვენ არ ვილაპარაკებთ „გარდაცვალებაზე“, ჩვენი ყურადღების საგანს შეადგენს„თებერვალი“. რა არის დამახასიათებელი ამ რომანისა? უპირველეს ყოვლისა, შენიშვნები, რომელიც მოთავსებულია ფრჩხილებში. ესე არის როზანოვის
სტილის უმთავრესი გარეგნული ნიშანი. მაგრამ თუ ჩვენ უფრო ღრმად ჩავიხედავთ
ნ. მიწიშვილის გადმოცემის ხერხში, დავინახავთ, რომ ავტორი იმ გამოსავალ
წერტილიდან, რომელიც ასე ახლოს უნდა იყოს და ორგანიულად გამომდინარე თავისი ლიტერატურული ხერხებით, თითქოს წინააღმდეგობაშია თავის თავთან და უმთავრესად როზანოვთან. რასაკვირველია, მას ეს უკანასკნელი მიზნად არ ჰქონდა დასახული, მისი მიზანი იყო როზანოვის მეთოდის გამოყენება, უფრო სწორედ რომ ვსთქვათ, ის ზემოდან წავიდა ძირებში და ამიტომ არის, რომ ეს რომანი მეტად მსუბუქ შთაბეჭდილებას ახდენს, ამითი შეიძლება აიხსნას ის ფელეტონური სტილი, რომელიც ასე დაუკავშირდა ამ რომანს.
ნ. მიწიშვილს რომანი რამდენიმე ფენად აქვს მოცემული. აქ ავტორი უმთავრესად ფელეტონისტია, ამას გარდა მას უნდა კიდევ ისიც მისცეს მკითხველს, რასაც ფელეტონი არ იკარებს ორგანიულად, ამისთვის ის პოულობს მეორე გამოსავალს, გადადის _ფრჩხილებში.
როზანოვისათვის მთავარ ინტერესს არ წარმოადგენს რაიმეს
მოჰყვეს, მას ეინტერესება, რა არის დაფარული სტრიქონებს შორის, მას
ათასი აზრები ებადება, ვერ ეტევა ჩვეულებრივი წერის წესებში და მაშინ ის ხსნის
ჯებირებს, ჩამოდის ძირს და შენიშვნების სახით შლის იმ პრობლემებს, რომელიც იჭრება გზადაგზა. ამგვარად ტექსტი არ არის მისი მთავარი მიზანი, მას იტაცებს შენიშვნები, შემდეგ ეს შენიშვნა იწვევს კიდევ შენიშვნას და, როცა მის წიგნს კითხულობთ, თქვენთვის მთავარი ინტერესი გადადის შენიშვნებში, რომლის რეზუმესაც წარმოადგენს თვითონ ტექსტი.
მისი სტრიქონი სავსეა დაცინვით, სიხარულით, მწუხარებით, იმიტომ რომ ამის
ზედმიწევნით ატანა მხოლოდ შენიშვნას შეუძლია და არა „ოფიციალურ“ ტონს. ის აქ
საპყარია, ველური, რასკოლნიკი, ჟინატეხილი და მუდამ გაუმაძღარი.
ის მთლიანად სლავიანიზმიდან, ძველი სასულიერო წიგნებიდან და ნაწილობრივ სემიტიზმიდან არის გამოდენილი და, მე ვფიქრობ, მას აქვს
რაღაც საერთო „გოლემის“ ბუნებასთან. აქედან: ერთი ცხადია: როზანოვი გამოყენებულ უნდა იქმნას. თუ ერთის მხრით ახალ პროზას სათავეში უდგას ანდრეი ბელი, მეორე მხრივ უნდა დადგეს როზანოვი „გოლემ“ (უკანასკნელი პინკერტონული სიუჟეტისა და ყოფის მოცემით) და კ. ედშმიდი თავისი პათოსითა და ბიოლოგიით (როზანოვიდან არის გამოსული აგრეთვე პროზის ისეთი დიდი ოსტატი, როგორიც არის ვ. შკლოვსკი. აქ მე განგებ არ ვლაპარკობ რემიზოვზე, რომელმაც ისე გასტეხა ბ. პილნიაკი).
როგორ უნდა მოხდეს ეს? ეს არის საქმე ცდებისა და დაჟინებული მუშაობის.
ამიტომ საჭიროა იმ მეთოდების შესწავლა, რომელიც მათ პირველად სცადეს და მერე
ამ მეთოდების მიხედვით ქართული ისტორიული ლიტერატურისა და განსაკუთრებით სასულიეროსი შესწავლა. მე ვფიქრობ, „ქართლის ცხოვრება“, „დაბადება“, იაკობ ხუცესი, იოანნე საბანისძე, მერჩული, „ვისრამიანი“, საბა-სულხან ორბელიანი, დავით გურამიშვილი, სიგელები და ილია ჭავჭავაძე გაცილებით
ბევრის მომცემი არის, ვიდრე მთელი ევროპის ლიტერატურა ქართული შემოქმედებისათვის. არცერთი მწერალი არ იღებს მხედველობაში ზემოხსენებულ ავტორების ცდათა გამოყენებას და, ჩემის აზრით, აქ არის მარცხი მთელი ქართული ახალი ლიტერატურისა და მათ შორის ნ. მიწიშვილისაც.
მიწიშვილის მეორე და უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანი არის ირონია, რომელიც ერთი ნაბიჯით არის დაშორებული ოხუნჯობისაგან, რისგანაც მას იხსნის ის სევდა, რომელიც ასე თვალსაჩინოდ მიჰყვება მთელ წიგნს.
სამწუხაროდ, საბიოგრაფიო არე არ მაძლევს ნებას, რომ ყოველივე ის, რაც ჩემ მიერ იქნა ზემოდ თქმული, ტექსტუალურად დავამტკიცო.
ხანდახან მიწიშვილის სტილში ერევა ეპოსიც, რაც კარგად არის გამოყენებული.
მაგალითად: „ქალაქში დაჯდა რევკომი“...
ყოველივე ის, რაც მე ზემოდ აღვნიშნე, არის, ჩემის აზრით, მწერლის უდიდესი ღირსება და ეს ღირსება მდგომარეობს იმაში, რომ მან ახალი გზა დაუსახა ქართულ პროზას. შესაძლებელია, იგი დამარცხდა, მაგრამ ეს დამარცხება გაცილებით უფრო ძვირფასია ქართული ლიტერატურისათვის, ვიდრე ის ეგრეთწოდებული „გამარჯვებები“ ჩვენი მოსაწყენი ამბების მომყოლი მწერლებისა.
ეს ერთი საგულისხმო ცდათაგანი არის ჩვენს ლიტერატურაში და ჩვენ იმას
ვესალმებით.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი