cover

დემნა შენგელაია // ტაქტილიზმი

ტაქტილიზმი

იტალიის ფუტურიზმი გახდა მაჩანჩალა ბურჟუაზიული იდეოლოგიის და ამას ყველაზე უფრო ჩვენ ვგრძნობთ. ჩვეული გამბედაობა აღარ არის მარინეტის მანიფესტებში, თუმცა ყოველი ახალი დასახელება გვიწვევს გამოსახმაურებლად. 1922 წელში პირველათ გახმაურდა სიტყვა ტაქტილიზმი. ეს სიტყვა მე მაშინვე ოთხკუთხოვან სხეულივით ვიგრძენ. მანიფესტში ბევრი იყო ნათქვამი სავარძლების უკეთ მოწყობაზე (მარინეტი ღირსია რომ კარგად იჯდეს!), რომელიც უჩვეულო ემოციებს აღძრავს, ხავერდის შენებაზე, შვედურ ქაღალდზე, ტყავეულობაზე, შუშისაგან ახალი ქაღალდის დამზადებაზე და ბეწვეულებზე. იტალიელ მეშჩანინის
დრუნჩზე სეირნობის შემდეგ მარინეტის ყოველგვარი ნაზი შეხება ამშვიდებს. მარინეტი ამტკიცებს, რომ ყველა ამ ნივთებს შეუძლიათ გამოიწვიონ ახალი შეგრძნება და ეს უკვე არ შეიძლება გავიგოთ, როგორც რეკლამის ხერხი, თუმცა რუს ფუტურისტებიდან ჩვენ ამასაც მოველით.
ჩვენ კიდევ ერთხელ გვიხდება უარი განვაცხადოთ იმაზე, რასაც იტალიის ფუტურიზმის მესაჭე ამაყად ისვრის. ჩვენ ტაქტილიზმის სინტაქსიურ მნიშვნელობას მივიღებთ და ამ „შეხების განცდას“ თავისებურად შევეხებით და განვიცდით.
პოეტი არ არის მისტიური არსება, რაღაც მაღალი ჯიშის ადამიანი, შემოქმედება არის საქმე და არა წირვა. ლექსი არის ნივთი და არა ლოცვა.
თუ ლექსი, რომანი, ან სურათი არის ნივთი, ნაშინ ჩვენ ამ ნივთს უნდა ვეხებოდეთ. ჩვენ უნდა ვეხებოდეთ ჩვენი ხელებით, ჩვენი ზურგით და მთელი ტანით ამ იდეებს ისევე, როგორც მე ვეხები სკამს, ჩემს ლოგინს და ჩემი ოთახის კედლებს.
იდეები ჩვენთვის ისეთივე აუცილებელ რამედ გადიქცა, როგორც დგამი ჩვენს ოთახში და იდეებს ისე სჭირდება ხოლმე გადალაგება, დაწმენდა და გაბერტყვა, როგორც სკამებს, სავარძლებს, წიგნებს, რომელიც ჩემს ოთახში აწყვია.ტაქტილიზმი უმთავრესად შეხებასთან არის დაკავშირებული და დანარჩენი ოთხი გრძნობა ამ შემთხვევაში გამორიცხულია. ჩვენ მას ვიღებთ, როგორც მომენტს საგანთან ანუ ნივთთან შეხებისა.
ჩვენი სურვილი არის ისევე, როგორც ბგერად ლექსებში, სადაც სიტყვა სრულიად განთავისუფლებულია ინვენტარისაგან და იგი მოსპობილია, როგორც წოდება ნივთისა და დატოვებულია მხოლოდ ნივთის ბგერადი თვისება, იგივე ცდა მოვახდინო აქაც და გავანთავისუფლოთ ნივთი სხვა გრძნობათაგან, უმთავრესად შეხედვისაგან და ავწეროთ მხოლოდ მათთან შეხებით გამოწვეული შეგრძნებანი და ამ შეგრძნებათა მიერ გამოწვეული იდეები.
ცივილიზაციური ქვეყნები გახდენ მონები მათ მიერ შექმნილ ნივთების, იდეები დაახრჩვეს ნივთებმა, კულტურა მოჰკლა ტეხნიკამ და თუ ევროპამ გზა ვერ მონახა, მაშინ მართლაც დაწყებულია ევროპის დაისი.
თანამედროვე ადამიანი დამოკიდებულია მის ირგვლივ მყოფ ნივთებისაგან. ეს არ ახასიათებდა ველურ ადამიანის ცხოვრებას. ამ მხრივ მეტად საინტერესოა წიგნი „პაპალაგი“. ასეთ კულტურას ახასიათებს უმთავრესად რელიგია და სქესი. ცივილიზაციას არც ერთი მათგანი არ გააჩნია. თანამედროვე კაცობრიობას ახასიათებს ნივთისა და მაშინისადმი დამოკიდებულება. შესაძლოა მით არის
გამოწვეული დღეს ფროიდის ქვეშემეცნებანი!
შეიარაღებულ ადამიანის განცდა ძირეულად განსხვავდება უიარაღოსაგან. რა იწვევს ამ განსხვავებას? პასუხი ერთია იარაღი.
ვერც ერთი გენიალური აქტიორი ვერ ითამაშებდა ანტიურ ხაზებში ანტიურ ადამიანის განცდებით ოიდიპოს მეფის როლს, თუ იგი შესაფერისად არ იქნებოდა შემოსილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებდით ყველაფერს, გარდა ოიდიპოს
მეფისა.
ჟანგო ღოღობერიძე მიმტკიცებდა, რომ ადამიანი, რომელიც უძიროებს ატარებს, გაქცევაზე ფიქრობს, რომ ის გაქცევის ფსიქოლოგიით არის შეპყრობილი.
ვიქტორი შკლოვსკი „ZOO” -ში ამბობს:
„მე რომ მეორე კოსტიუმი მქონდეს, არ მეცოდინებოდა რა არის დარდი.
„მოხვალ სახლში, გამოიცვლი ტანისამოსს, გამოიჭიმები, _და უკვე სხვა ხარ.
„ქალები ამითი რამდენიმეჯერ სარგებლობენ დღეში. თუ რამე საქმე გაქვთ ქალთან და ელაპარაკებით, პასუხი მაშინვე მოსთხოვეთ, თორემ ის მიიღებს თბილ ვანნას, ტანისამოსს გამოიცვლის და მერე ყველაფერი ისევ თავიდან უნდა დაიწყოთ.
„მათ, გადაცმულებს, ავიწყდებათ ის მიხვრა-მოხვრაც, როგორიც მათ ჩვეულებად ჰქონდათ.
„მე გირჩევთ ქალს პასუხი მუდამ დაუყოვნებლივ მოსთხოვოთ ხოლმე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ხშირად მოგივათ ისე, რომ დაბნეული იდგებით რომელიმე მოულოდნელ სიტყვის წინაშე.
„ქალის ცხოვრებაში სინტაქსისი თითქმის არ არსებობს.
„მამაკაცს მუდამ მისი ხელობა ღალატობს.
„იარაღი არამც თუ განავრცობს ადამიანის ხელს, არამედ თვითონვე გადადის მასში და ვრცელდება.
„ამბობენ, რომ ბრმა შეხების ლოკალიზაციას თავისი ჯოხის წვერში ახდენს.
„ჩემი ფეხსაცმელების წინაშე მე არ განვიცდი განსაკუთრებულ პატივისცემას, მაგრამ ის მაინც განმავრცობს მე, ის ჩემ ნაწილს შეადგენს.
„ნელში სატარებელი ჯოხი ხომ სცვლიდა გიმნაზიელებს, ამიტომ კრძალავდენ მას.
„მაიმუნი ყველაზე გულწრფელი მუდამ ტოტზეა, ტოტიც ახდენს გავლენას ფსიქოლოგიაზე.
„ყველაზე უფრო ადამიანს მანქანა სცვლის.
„ტყვიამფრქვეველი და კონტრაბასისტი გაგრძელებანი არიან თავის იარაღების. „მოხდა ისე, რომ მე რამდენიმე წელიწადს ვცხოვრობდი შოფერებში.
„შოფერები იცვლებიან მათი მოტორების ძალის რაოდენობის მიხედვით, რომელსაც ისინი მართავენ.
„ორმოც ცხენის ძალიანი მოტორი უკვე ანადგურებს ძველ მორალს“.
ნივთები ჰქმნიან გარკვეულ განყწობილებას ადამიანში.
ნივთთან ცხოვრებას აქვს ახალ ემოციათა გამოწვევის უნარი. მაგალითად მე ვიცნობ ერთ ცნობილ ენტომოლოგს, რომელიც კრაზანას ჰგავს, და განა ცოლი და ქმარი არ ემსგავსებიან ერთიმეორეს!?
განა მთელი „გოლემის“ ფანტასტიკა არ გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ამ რომანის მთავარ გმირს ქუდი შეეცვალა?
ორიოდე სიტყვა ქართული ტაქტილიზმის ისტორიისათვის:
ჩვენ ვიკრიბებოდით კარადივით პატარა ოთახში.
ჩემთან დადიოდენ ხშირად პოეტები.
თემა იყო ხელოვნება. ჩვენ ყველანი ვსიმშილობდით თითქმის უზრდელობამდე. ვლაპარაკობდით სამეგრელოს წარმართობაზე, ფალლოსის კულტის შესახებ საქართველოში, ვიჯექით ჩუბინაშვილისა და საბა-სულხან ორბელიანის ლექსიკონებთან და ვეძებდით სასწაულთმომქმედ სიტყვებს.
აქ დაიწერა ჩემი რომანი: „ტფილისი“ და სიმონ ჩიქოვანის პოემა, რომელსაც სათაური ჩემი რჩევით დაერქვა: „ფიქრები მტკვრის პირას“. აქ ვლაპარაკობდით ჩვენ უტუ მიქავაზე, რომელიც მე შესწავლილი მქონდა, ახალ „მერანზე“, ახალ კლასიციზმზე და აქ დაიბადა პირველად იდეა ტაქტილიზმისა, ამ ოთახმა გამოიწვია ეს იდეა. ჩვენ მაშინვე მოვძებნეთ მარინეტის მანიფესტი ცოტა მეტიც ამის შესახებ, მაგრამ ის არ იყო ის, რაც ჩვენ გვინდოდა. „ტფილისი“ და „ფიქრები მტკვრის პირას“
დაწერილია სულ სხვა მეთოდით.
ჩვენ ვიცოდით, რომ მთავარი არის მეთოდი. რომ საგანი არის მუდამ ერთი და იგივე, რომ მისი მიწვდომაა საჭირო, საქმე მისი არსის პოვნაა და არა გარეგანი ზერელე შთაბეჭდილება, როგორც ამას იმპრესიონისტები სჩადიოდენ, რომ საგანი არ არის მისტიკა, როგორც ამას სიმბოლისტები აღიარებდენ. ჩვენ ვამბობდით საგანი
საგანია და მისი დამწყვდევა მხოლოდ მეთოდით შეიძლება.
„იყო სიმაღლე და სიდაბლე, იყო დრო, იყო მატერია.
„ახლა არაფერი არ არის. მსოფლიოში მეთოდი გაბატონდა.
„ადამიანმა მოიგონა მეთოდი.
„მეთოდი“
„მეთოდი გავიდა სახლიდან და ცხოვრობს ცალკე.
„ღვთიური საზრდო“ ნაპოვნია, მაგრამ ჩვენ მას არ ვეკარებით.
„ნივთები და ყველაზე რთული ნივთი მათ შორის მეცნიერებანი დადიან მიწაზე.
„როგორ ავამუშაოთ ისინი ჩვენ სასარგებლოდ.
„საჭირო კი არის?
„ხელოვნებაშიც მეთოდი დადის ცალკე“
„ადამიანი, რომელიც სწერს დიდ რამეს, ჰგავს შოფერს, რომელსაც 300 ძალიანი მოტორი მიჰყავს“ (ვ. შკლოვვკი).
ჩვენ ვიცოდით მეთოდის მნიშვნელობა და ვეძებდით მეთოდს.
სიარული ძველი გზით არ შეიძლებოდა. H2SO4-ით ჩვენ მიველით იქამდის, რომ ჩვენ ან თავი უნდა მოგვეკლა, ან ლიტერატურისათვის თავი დაგვენებებინა, ან-და ახალი გზები მოგვენახა.
H2SO4 იყო ჩვენი თანამედროვე ლიტერატურის უარისყოფა. ჩვენ მასთან არავითარი კავშირი არ გვქონდა. ჩვენ უნდა გვეპოვა მეთოდები.
მეთოდები ჩვენ ვიპოვეთ და ერთი ამ მეთოდთაგანი არის ტაქტიქტილიზმი.
ხელოვნებას ჩვენ უნდა შევხებოდით, როგორც ფაქტს, გვეგრძნო როგორ არის იგი გაკეთებული, დაგვეშალა იგი შემადგენელ ნაწილებად ისე, როგორც ქიმიის ლაბორატორიაში, ამ დაშლაში ჩვენ გამოვიყენეთ ფორმულა H2SO4. H2SO4. ჩვენ ახლა დაშლილ ნივთებს ვსწავლობთ, ვეძებთ საშუალებას, რომ გაკეთდეს ისეთი
ნივთი, რომელსაც ვერავითარი ხსნადი ვერ დაარღვევს.
ჩვენ დავარღვიეთ, რევიზია მოვახდინეთ ხუთივე გრძნობისა და გამოვაცხადეთ ამ გრძნობათა იმანენტობა. შეიძლება მხოლოდ ხედვით იყოს დაწერილი მთელი რომანი. განა ანდრეი ბელის რომანი „პეტერბურგი“ ასე არ არის აშენებული?...
კერძოდ შეხებითი გრძნობიდან გამოვიდა რომანი „ტფილისის“ პირველი ნაწილი: „ზოდიაქო: კურო შუთურბა“ და სიმონ ჩიქოვანის პოემა: „ფიქრები მტკვრის პირას“.
არ შეიძლება ტაქტილიკის ისე გაგება, თითქოს საკმარისი იყოს რაიმესთან შეხება, მიიღო განცდები და მერე სწერო ამაზე, მაშინ ჩვენ შევიძენდით პატენტს, აუარებელ პოეტებს დავამზადებდით ამ ხერხით ჩვენს ლაბორატორიაში და დაუგზავნიდით ისეთ ღარიბ ქვეყნებს ამ მხრივ, როგორიც არის ინგლისი და ამერიკა.
ჩვენი ტაქტილიკა ნიშნავს ნივთის იდეამდე დასვლას, საგნის თავისთავად მიწვდომის ცდას, ნივთის ინტიმობამდე დასვლას. როდესაც სიმონ ჩიქოვანი ამბობს: „მე გამოვდივარ შპალერებიდან ფეხშიშველი, როგორც ტოლსტოი“, ის იწვევს უცნაურ განცდას, აფიქრებს მკითხველს და აჩერებს მის ყურადღებას იმ შპალერებზე, რომელსაც ის ყოველდღე ხედავს თავის ოთახში და ერთხელაც ყურადღება არ მიუქცევია მისთვის. ელენე გურო ამბობს ერთ თავის ლექსში: ნივთები რომ გადააბრუნო ოთახში უცხო ქვეყანა გაჩნდება.
და განა ეს ასე არ არის? განა არ ებადება ადამიანს ხანდახან სურვილი გადააბრუნოს ყველაფერი უკუღმა და ისე დაალაგოს, – ბავშივით გამოშიგნოს ყველა ნივთები? ეს მომენტი მოცემულია „ტფილისში“, საცა პოეტი უკუღმა აყენებს ნივთებს და ჰგონია რომ იგი ამით უკუღმა, სარჩულით გადმობრუნდა და მას
სტკივა ხორცი, რომელსაც ჰაერი ხვდება.
როცა წერილს ვწერდი. მე მომაგონდა სრულიად შემთხვევით სერგო კლდიაშვილის ერთი მოთხრობა, როდესაც ის ოთახებს გადაალაგებს და ეს მას ახარაბს ბავშვივით. არ მახსოვს სად დაიბეჭდა, აღნიშვნად ღირს, მაგრამ ა,ას ჩვენ, ალბად, კიდევ დაუბრუნდებით და ამაზე მაშინ.
ტაქტილიზმი არის ნოვთის მასის შეგრძნება, მისი სიმძიმისა და შინაარსის მიწვდომა, ჩვენ სწორედ ამას უწოდებთ ინტიმობამდე დასვლას, აქ საგანი გადმოდის ჩვენში და ჩვენ გადავდივართ საგანში, აქ საზღვარი საგანსა და სუბიექტს შორის იკარგება და აქ ხდება სწორედ ის უდიდესი სასწაული, რომელსაც ჩვენ შემოქმედებას უწოდებთ.
აქ ან უნდა შეშალო, ან-და ეს ფაქტი უნდა გამოხატო, მას უნდა დაარქვა სახელი. ეს აგდებდა სასოწარკვეთილებაში ერთ პოეტს:
Не дай бог сойти с ума!...
ეს არის საგნის პირველხილვა, როდესაც შემოქმედს ავიწყდება მისი ყოველდღიური სახელწოდება, იგი პირველად ხედავს მას და ადამივით არქმევს ახალ სახელებს. აქ არის მომენტი სიტყვის შემოქმედებისა. ასეთივე ამბავი მეორდება განწყობილების მიმართ და სწორედ აქ იბადება ის ბგერადი ლექსები, რომელსაც ჩვენ ასეთი შეუფარებელი სახელი დავარქვით, როგორც როშვა. რუსული ტერმინი: 3ayM-იც სრულიად შეუფერებელია. საჭიროა რევიზია ამ ტერმინის. აი ამ მომენტში უნდა ვეძებოთ ჩვენ სათავე სიტყვის შობისა. მაგრამ ამის შესახებ ჩვენ ცალკე წერილი გვექნება.
ასევე იგრძნობა სიტყვაც და ამას ჩვენ უწოდებთ სიტყვის ტაქტილიკას. სიტყვების ტაქტილიკა მოცემულია ნ. ჩაჩავას და სიმონ ჩიქოვანის ბგერად ლექსებში, აგრეთვე ჩემ რომან „ტფილისში“ მონოლოგი ძროხასთან და ხალხური შელოცვები, რომელიც პირველად მე გამოვიყენე, როგორც ქართული პროზის მიუცილებელი ინვენტარი რპმან „სანავარდოში“. ამავე მომენტთან არის დაკავშირებული პრიმიტივისა და პროვანსალიზმის საკითხები, მაგრამ ესეც შემდეგ.
„როცა მე ვხედავ ნივთს, რომელიც ანათებს, ის დგას ცალკე, მაგრამ, როცა მე ვიტყვი: ლამპა!: ეს ნივთი იღებს უცნაურ სახეს, ის გარკვეულ ფორმაში ყალიბდება, მოის ჩემთან, შემოდის ჩემ ინტიმობაში და მე მეშინია არ წაიქცეს, არ გატყდეს და ცეცხლი არ გამიჩნდეს.
„მზის სისტემის გარდა არის მრავალი სისტემები, მაგრამ მე ისინი სრულიადაც არ მაწუხებენ, რადგან მე ვიცი მათი სახელები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არსებობენ და გადაულახავი ფაქტები არიან.
„როცა მე რამე ახალ ნივთს ვნახავ, რომლის სახელიც არ ვიცი, ეს ნივთი მაწუხებს მე, დამსდევს კახპასავით და მეხვევა რომ მივიღო იგი, შევიყვარო და სახელი დავარქვა. როცა მის სახელს გავიგებ, ან დავარქმევ, მაშინ მე ვისვენებ და მძინავს უდარდელ ბავშივით, რომელიც მთელი დღის თააშობით დაიღალა.
„ფაქტი მოჩვენებაა, ცხოვრება შეხედვაა და მიდგომა“.(„ტფილისი“).
მე არ მოვიყვან მაგალითებს, ეს მოსაწყენი იქნება და ზემეტიც. განა მთელი რომანი „ტფილისი“ მთვარესთან შეხებით არ არის გამოწვეული.
ასევე არის „ფიქრები მტკვრის პირას“. ვინც გულდასმით წაიკითხავს, ის სხვა მრავალ ცდებითან ნახავს ამ მასალებში ამ ხაზსაც.

გაზ. „დროული“ 1926. № 3.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი