დემნა შენგელაია // COMENTARIA DE BELLO GALICO
COMENTARIA DE BELLO GALICO
დღეს, რევოლიუციის მიერ მომხდარ გადატრიალების შემდეგ პროზა ჩამოდგა პირველ რიგში, როგორც საფრანგეთის რევოლიუციის შემდეგ (ონორე ბალზაკი, ემილ ზოლა, ჰუსტავ ფლობერი). ლირიკის სეზონი გათავდა. დადგა დრო მანქანების ეპოსის.თანამედროვეობა ვერ ეტევა სახარინით დატკბილულ ლექსებში და ამას გარდა, ამბობენ, რომ სახარინი ჰქმნის იმპოტენციის საშიშროებას. საჭიროა მეტად თხელი ჭკუა და იმპოტენტის პლატონიური სიყვარული, რომ დადგე ლირიკის
საფრთხის წინაშე. პროზა მოდის უზარმაზარი ციკლონივით და ძნელია მისი გალბობა ლირიკის ფსიქოლოგიურ წყალში. მას მხოლოდ ერთად ერთი თვალი აქვს და ეს თვალი შემოქმედებაში მუდამ გარედან იცქირება შიგნით. იგი არ იკარგება საკუთარ სახეებში. მხატვარი სახეებს ობიექტიურად და გულგრილად უნდა ალაგებდეს: მხოლოდ აქ არის შესაძლებელი ირონია — არა მრუდე ხაზი შემოქმედებაში?
დიდი გამბედაობაა საჭირო, რომ არ გქონდეს არც რითმა, არც ზომა (მეტრი), და სხვა და სხვ., ისე შეხვიდე შინაურივით ზღვა სახეებში და დაიწყო მისი გადალაგება. საქართველოს ლექსი დააწვა როგორც უწმაწური კოშმარი და ყოველი გაფუჭებული 17 წლის ყმაწვილი თავის მოვალეობად სთვლიდა საკუთარი წვლილი გაეღო მის სასარგებლოდ. ეს იყო მეტად კარგი მოვლენა თავისი შედეგებით: ყველა ხედავს, რომ ლექსი გადატყდა ხერხემალში. პროზისათვის საჭირო იყო მაგარი ინტელექტი, გამტანი შემოქმედება, ბასრი თვალი, ერუდიცია და მაგარი უკანალი. ამ უკანასკნელით საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა დაჯილდოვებული, დანარჩენით კი არც ერთი მათგანი.
ლექსი გამოთაყვანდა სონეტებში და პროზა — მინიატურებში (ამ სამარცხვინო საქმეში მეც მიდევს წილი). ეს იყო ტრაღედია ხელოვნებისა, სადაც კასტრატების როლს ჩვენი პროზაიკები თამაშობდენ. სანდრო ცირეკიძე — ყველაზე უფრო ტრაგიული იყო ამ როლში. მისი პირველი საფეხური — მინიატურა, მეორე — სათაური, მესამე — სიკვდილი პროზისა და მისი ლექსთან დაახლოვება („სონეტი პროზით“). ასე გამოულპა ძირი არგონავტების ხომალდს. ისინი ერთგულად ჰქარგავდენ თავის მზითვებს, გადაჰყვენ მის სტილიზაციას; მაგრამ გათხოვების პირველ ღამის შემდეგვე მიატოვეს. ეს პროზა ფარმაცევტის მიერ ლაბორატორიაში
დამზადებული მინიატურის სამყაროების აბები იყო, რომელიც მოისპო რევოლიუციებით. ოქტომბრის რევოლიუციამ გახსნა ყველა არსებულ საზღვრების ახალი პერსპექტივები. ვისაც ხილვა შეუძლია, ის დაინახავს ახალ გზებსა და მიღწევების შესაძლებლობას.
აქ უნდა ილაპარაკო საქმიანად, ან და გაჩუმდე. აუტანელია იმ მაღალი კონტურეიდან აღმოხეთქილი პსევდო კლასიკური ორატორიები, და აი სწორედ აქ არის ძირი პრიმიტივის, აქედან იწყება იგი. აქ პრობლემები დაყენებულია შიშიველი ხორცით, და ხორცის სტილიზაცია უკვე დამახინჯებისა და უგემურების მომასწავებელია. რეალი ითხოვს საქმიან მიდგომას. აქედან გამოდის საქმიანი წერის მანერა,რაც შეიძლება ნაკლები წყალი და სახე. მოცემული კონკრეტიულად და საზოგადოთ ფრაზათა კონკრეტიზაცია პოეტები, როგორც არისტოკრატიული მაღალი
ჯიშის კასტა, მოისპო. ხელოვნება დაუახლოვდა ფიზიოლოგიას, სტიქიას, და ამიტომ არის იგი ხალხური.
აქედანვე იწყება პრიმიტივი და აქედან მიემართება იგი ზღაპრებისაკენ, შელოცვებისაკენ (ნ. ჩაჩავას „სენტიმეტალიკის შელოცვა“ და ს. ჩიქოვანის „სანაპირო სიმღერა „ხაბო“). ამიტომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია ქართული დიალექტები და
საზოგადოთ პროვინციალიზმი. პროვინციალიზმები ჩვენ გვრწამს, როგორც ინვენტარი, იგი საგანს აბრუნებს ახალი სახით და სახეს გვაძლევს მეტი რელეფობითა და თავიდან აუცილებლობით (Навязчливость).
ამ გზით იყო წასული ჩემი რომანი „სანავარდო“ და ამავე გზით წავალ შემდეგშიც მეტის გარკვეულობით.
იმ გადახალისების შემდეგ, რომელიც მოხდა H2SO4 ჟურნალით, პოეზიის ყველა მიღწევების გადაფასება შესაძლებელი გახდა. გაიხსნა სრულიად ახალი მოულოდნელი მიღწევები პოეზიის. ეხლა პოეზიის პრობლემები სრულიად ხელახალია და ფორმალური მეთოდები სონეტში და ტრიოლეტში კი არ მოქცეულა, არამედ უამრავ ახალ ფორმებში, რომლებიც საჭიროებს მთელ რიგს ბიოლოგიურ კვლევებისას, როგორც ეს რუსეთში ხდება შკლოვსკის მიერ. წელს პარალელურად ამასთან გამოქვეყნდა პავლო ნოზაძის რომანის პირველი ნაწილი „დღე და ღამე რევოლიუციის“, რომელიც ჩემთვის მისაღები არის და მეორე მხრით ხსნის პროზის ახალ პერსპექტივებს. აქვე ხდება დაშლა ძველი პროზაული განწყობილების. ეს უფრო ამტკიცებს ხელოვნების ახალი გზების დაწყებას, რომლის საჭიროებისათვის მე დიდი ხანია დამოუკიდებლად ვმუშაობდი და ეხლა საშუალება მეძლევა საერთო მუშაობაში ჩაბმისა.
დემნა შენგელაია
რედაქციის შენიშვნა.
ამხ. დემნა შენგელაიას განცხადების ერთ დებულებას რედაქცია არ სთვლის საკითხის სწორ დაყენებათ (საკითხი — ლექსები) მაგრამ შენგელაიას „სანავარდო“, დაწმენდით ჩვენი ფრონტისათვის მისაღებია (ფორმალური მეთოდები და პრიმიტივი). ხოლო მისი უკანასკნელი ნაშრომები ამაგრებს ჩვენი ფრონტის საერთო გეზს პროზაში.
რედაქცია
ჟურნ. „ლიტერატურა და სხვა“ 1924-1925 წ. №1