cover

დემნა შენგელაია // თეთრი დღეები

თეთრი დღეები

მესამე აქტი

პირველი ეპიზოდი

(მყუდრო, დაყურსული ღამე. ზღვის ნაპირი. ზღვა შრიალებს ნაპირზე. პროჟექტორები სერავენ სიბნელეს. შორს განათებული საპატიმრო მოსჩანს და საპატიმროს იქით შუქურა: ჯერ წითლად ნათდება, მერე ლურჯად და შემდეგ თეთრად. დუმილი. მოისმის საბარგულ ავტომობილის ყრუ გუგუნი. გუგუნი თანდათან ახლოვდება და სცენაზე ნახევრად შემოდის ბრეზენტ წაფარებული საბარგული ფერადი ჯარისკაცებით. საბარგულის აცეტილენის სინათლე ორ ზოლად ანათებს სცენას. ჯარისკაცები ჩამოდიან. ხმაური).
ზედამხედველი. აბა დავიწყოთ!.. (ავტომობილში ფათურობენ. გაისმის ვიღაცის კვნესა. ვიღაცისკვნესა. ბრეზენტს გადახდიან. ზედამხედველი ავტომობილის სინათლესთან მივა, პორტფელიდან მივა,პორტფელიდან ქაღალდებს იღებს და კითხულობს). ბაკურაძე!.. ჩამოიყვანეთ ის დედაკაცი!.. (გამოჰყავთ შავებში ჩაცმული ჩადრიანი ქალი — სულიას დედა).
სულია. ნენა!..
სულიას დედა. შვილო!.. შვილო!..
მტვირთავი მუშა. (ავტომობილში) გაწყნარდი, ბიძია, გაწყნარდი, სულია!.. აზრს შეურიგდი, ბიძია, შეურიგდი!.. უკეთესია... გაგიადვილდება!..
სულია. ნენა!.. სად ხარ?.. მეშინია, ნენა!..
ზედამხედველი. ხმა ჩაიწყვიტე, შე ძაღლის ლეკვო!..
სულიას დედა. (ხელებს ცად აღაპყრობს) ვალლა!..
ზედამხედველი. აბა, დედაკაცო, უკანასკნელი პირობა, სთქვი ყველაფერი და შენი შვილი თავისუფალი იქნება.
სულიას დედა. ნენა, რა ვთქვა, რომ არაფერი ვიცი!..
ზედამხედველი. იცი, ეშმაკის კერძო!..
სულიას დედა. არ ვიცი!.. არ ვიცი!.. არ ვიცი!..
ზედამხედველი. კარგი!.. კეთილი!.. ჩამოიყვანეთ ის ბიჭი!..
(ჩამოიყვანენ. დედასთან მიჰყავთ).
სულია — მე ლიბანში ვიყავი... ფორთოხალზე... არაფერივიცი...
ზედამხედველი — ხმა ჩაიწყვიტე, შე წუპაკო!.. ხუთ წუთს გაძლევთ ვადას... კარგად იფიქრეთ... გესმის, დედაკაცო?.. ჩამოიყვანეთ ყველა (ჩამოჰყავთ ტუსაღები. ხელები გაკრული აქვთ). შენი გვარი?
მტვირთავი. ინწკირველი.
ზედამხედველი. (სწერს) სახელი?
მტვირთავი. ესტატე.
ზედამხედველი. კეთილი. ზიარება ხომ არ გინდა?
მტვირთავი. არა.
ზედამხედველი. მაშ წაიყვანეთ.
მტვირთავი. (ახალგაზრდა მუშას) იუდა!.. გამცემო!.. (მიჰყავთ. ისმის ფეხქვეშ ქვიშის ხრაშუნი. ცოტა ხანს შემდეგ სროლა. დუმილი).
ზედამხედველი. გათავდა!.. შენი გვარი?
1-ლი მუშა. ანდღულაძე.
ზედამხედველი. სახელი?
1-ლი მუშა. იოსებ.
ზედამხედველი. სათქმელი ხომ არა გაქვს რა?.. თუ
დაასახელებთ ვინმეს, გაპატიებთ.
1-ლი მუშა. (ათრთოლებული მივა აცეტილენის სინათლესთან და თვალებზე ხელს აიფარებს, მერე შემობრუნდება, ტორტმანით სულიას მიუახლოვდება) შვიდობით, პატარავ, მე შენოდენა შვილი მყავს!.. მთლად შენხელა... (პაუზა) წამიყვანეთ!..
ზედამხედველი. (გამოძახილივით) წაიყვანეთ!.. (მიჰყავთ. ხვრეტენ). ახლა თქვენი ჯერია. დედაკაცო, სთქვი, ვინ არიან მოღალატენი და შვილს გაპატიებთ!
სულიას დედა. (გაკუშტებული) არ ვიცი!.. ჩუმათაი იყავი, ნენა, ჩუმათაი... გოუყუჩდი, შვილი, რომ გესროლონ, გოუყუჩდი... თვალები დაჭუტე, ნენა, გენაცვალე, თვალები დაჭუტე და გათავდება... მეც შენთან ვიქნები... ნუ გეშინია, შვილო... სისხლს ეიღებენ... თვალები დაჭუტე, ნენა!.. თვალები... თვალები, შვილო, შენი თვალები... ნენა, ჩემი სიკვდილი... (ჰკოცნის. გამოთხოვების სცენა. უეცრად შორიდან ავტომობილის ხმა მოისმის).
ზედამხედველი. ეს ვინ უნდა იყოს? ის სულელი ამერიკელი ქალი ხომ არ მოსულა? (შემორბის შიკრიკი პაკეტით).
შიკრიკი. გენერალმა გამოგიგზავნათ. წაიკითხეთ და დასახვრეტებს გამოუცხადეთ!..
ზედამხედველი. ორი-ღა დარჩა, დანაჩენი დავხარჯეთ!..(თავისთვის კითხულობს)აჰა!..(ხმამაღლა კითხულობს). განიხილა რა ხელმეორედ
რა ხელმეორედ დიდ ბრიტანეთის ძლევამოსილ არმიის საველე სასამართლომ საქმე სამხედრო მატარებლის აფეთქებისა, მუშა თოლიგაურის დაკითხვის თანახმად გამოარკვია, რომ მუშა იოსებ ანდღულაძე, თვით მათე თოლიგაური და მენავე სულეიმან ბაკურაძე თავისი ამ სამი დღის წინათ საველე სასამართლოს
დადგენილების თანახმად დახვრეტილ მამით უდანაშაულოდ სცნო,
ამიტომ...
სულიას დედა. შვილო!.. შვილო!.. სულიკო!..
ზედამხედველი. გააჩუმეთ ეგ დედაკაცი!.. ამიტომ სასამართლო ადგენს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მატარებლის აფეთქებაში დანაშაული არ მიუძღვისთ, განაჩენი მაინც სისრულეში იქმნას მოყვანილი, რადგან დიდ ბრიტანეთის სასამართლო უცოდველია და მას შეცდომის დაშვება არ შეუძლია. ხოლო მუშა მათე თოლიგაური, მისი ერთგულების გამო, რითაც მან თავისი პირუთვნელი ჩვენებით დიდი სამსახური გაუწია ინწკირველის ბოროტმოქმედების გამომჟღავნებას, განთავისუფლებულ იქმნას დაუყოვნებლივ!
ახალგაზდა მუშა. მე?.. მე?..
ზედამხედველი. (მდაბალი ირონიული სალამით) თქვენ თავისუფალ ხართ, მიბრძანდით!..
ახალგაზდა მუშა. მე?.. მე?.. ხალხნო!.. არ მინდა... არ მინდა... (მიდის ტორტმანით, თავი ხელებში აქვს ჩარგული).
სულია. (ფეხებში უვარდება ზედამხედველს) აფიცერო!.. მაპატიე, აფიცერო!.. მე უბრალო ვარ, აფიცერო, მე ცამდის მართალი ვარ, ცამდის, ცათამდის, ცაა... ცავ... მე ლიბანაში ვიყავი ფორთოხალზე... რაზე მკლავთ... რას მერჩით... ნენა... შეეხვეწე,
ნენა... მაპატიებენ... შეეხვეწე და მაპატიებენ... ჩემი ნენაი, ჩემი
ნენაი...
ზედამხედველი. სთქვით, ვინ არიან მოღალატენი და გაპატიებთ!..
სულიას დედა. რომ არ ვიცი რა ვქნა, ბეჩა...
ზედამხედველი. მაშ კარგი... მომწყინდა ეს კომედია!..წაიყვანეთ...
სულია. (მიჰყავთ. იბრძვის) ნენა... ჩემო ნენა... (სტირის) ნენა... ნენა... რას მიშობიენ, ნენა, დევირჩვი, დევირჩვი... ნენა...
სულიას დედა. (ავტომობილის სინათლეზე ჩადრჩამოფარებული დგას გარინდებული და უაზროდ ბუტბუტობს). არაფერია, სულიკო!.. დეიძინე, შენ შემოგევლო შენი ნენაი, თვალები დაჭუტე, ნენა, თვალები და დეგეძინება.
სულია. (თანდათან შორს ისმის მისი ხმა). ნენა... ნენა...
ქუდი... ქუდი დამრჩა მაქანა... ქუდი... გამიშვით... გამიშვით, თქვე ურჯულოებო... მომაძვრეთ მაგი პირსახოცი... დევირჩვი... არ მინდა... ჩემი თვალით მინდა უყურო... ჩემი თვალით მაყურებიეთ...
ზედამხედველი. შეჩერდით! (სიწყნარე. სულიას ნიათგამოლეული კვნესა ისმის მხოლოდ). უკანასკნელად გეკითხები, ვინ არიან კიდევ დამნაშავენი?.. თუ გასცემ, შვილს გაპატიებთ... ხომ ნახე, ის მუშა რომ გავანთავისუფლეთ ერთგულებისთვის?..
სულიას დედა. (უაზროდ, არ ესმის). დეიძინე, ნენა, დეიძინე.. თვალები დაჭუტე და დეგეძინება... მამაშენიც, შვილო... მამაშენიც... სისხლი... სისხლს ეიღებენ...
ზედამხედველი. მაშ, კარგი!.. განაგრძეთ!. (ისევ ისმის შორეული ხმაური და ჯარისკაცების გინება).
სულიას ხმა. ნენა... ქუდი, ჩემი ქუდი!.. ქუდი!.. (სროლა და ხმა მიწყდება).
ზედამხედველი. გათავდა (დუმილი). შენ თავისუფალ ხარ, დედაკაცო!.. (ერთხანს სიჩუმეა. ჯარისკაცები ბრუნდებიან. აცეტილენის სინათლეზე სულიას დედა სისხლში დასვრილ ზანგს მოჰკრავს თვალს და უკან მოაწყდება).
სულიას დედა. სისხლი... ჩემი შვილის სისხლი... შვილო... შვილო!.. (კივილით მიწაზე დაეცემა და ნაცემ ძაღლივით კნავის, კნავილი ამუშავებულ მოტორის გუგუნით იფარება. ჯარისკაცები ავტომობილში სხდებიან).



მეორე ეპიზოდი

ისევ ის სცენა. გათენების ხანია. ჯერ კიდევ ბინდებია
მისს ანტონია. ახ, რა ბნელა!..
ჯეკ. შეხედეთ, მისს, რა ლამაზად თენდება... შეხედეთ ცას, რა წარმტაცია!..
მისს ანტონია. როგორ მომატყუა... როგორ მომატყუა იმ ქართველმა გენერალმა... დამაცადოს, მე იმას ვაჩვენებ როგორ უნდა ამერიკელ კეთილშობილ ქალის მოტყუება...
ჯეკ. მართალია, მისს, ის გენერალი! ასეთი სანახაობა ქალებისთვის არ არის!..
მისს ანტონია. ახ, ღმერთო, როგორ მიფანცქალებს გული!.. მაშ აქ ხვრეტენ, ხომ, აქ, არა?.. აი ამ ადგილას, ახ ღმერთო, რა საინტერესოა!..
ჯეკ. ფრთხილად, მისს, აქ სისხლი უნდა იყოს, ფეხი არ გაისვაროთ!..
მისს ანტონია. სისხლი?.. როგორ, სისხლი?.. მაშ აქ დახვრიტეს!.. ერთი საათით ადრე რომ წამოვსულიყავ მოუსწრებდი!.. გამიჭირა საქმე იმ ლეიტენანტმა, ვერ მოვიცილე და აი... დამაგვიანდა...
ჯეკ. რა სამარისებური დუმილია!..
მისს ანტონია. შევცდი რომ წამოველ. იქ, პავილიონში, იმდენი მხიარულება იყო... მეგონა რამეს ვნახავდი საუცხოვოს... მინდოდა კეტისთვის მიმეწერა... აქ კი ყველაფერი ისეა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს... საწყალი მუშა... რა მორცხვი იყო, რა ახალგაზდა... ის ისე მადლიერად მიცქეროდა წუხელ თვალებში... ეგონა,
აპატიებდენ... რა იცოდა... რა იცოდა... ახ რატომ არ მაყურებინეთ... ვინ იცის კიდევ როდის იქნება დახვრეტა... მე ისე მინდოდა...
ჯეკ. ეს ღვთის გმობაა, მისს!.. აქ ადამიანები დახოცეს... სიკვდილი ცირკი არ არის...
მისს ანტონია. როგორ?.. როგორ მიბედავთ თქვენ მაგეთ ლაპარაკს?.. (მიწაზე ფეხს ჟინიანად დაარტყამს, ცხარობს, მერე უეცრად სიცილს დაიწყებს). ახ, რასენტიმენტალური ადამიანი ყოფილხართ თქვენ, მისტერ ჯეკ!.. თქვენ მისიონერი უნდა ყოფილიყავით და არა სამხედრო პირი!..
ჯეკ. კმარა, მისს!..
მისს ანტონია. (უეცრად იკივლებს). აი!.. აი!.. ეს რა არის... ფეხი რაღაცას წავკარი... მკვდარია, მკვდარი!..
ჯეკ. (იხრება. შემთხვევით სარგებლობს და ფეხზე ხელს უსვამს, თან თვალებში უცქერის, ხელში ანთებული ჯიბის ელექტრო-ფანარი უჭირავს. სულიას ქუდს იღებს). ეს ქუდია, მისს!..
მისს ანტონია. ქუდი?.. (გამოართმევს, მიზეზიანად ათვალიერებს ელექტრო ფანარის სინათლეზე). ფუჰ!.. რა საზიზღარი სუნი აქვს... ოფლისა და ფორთოხლის... (ზღვაში გადააგდებს. ითენა).
ჯეკ. ხედავთ, მისს, თოლიები?..
მისს ანტონია. ვხედავ!.. ახ, მე შემცივდა, მისტერ!.. (კანკალებს).
ჯეკ. მომეკარით და გათბებით!.. (ხელს ჯერ გაუბედავად ხვევს, მერე მაგრა მიიკრავს).
მისს ანტონია. მისტერ!.. ახ, მისტერ!..
ჯეკ. მისს ანტონია, მე მეტი არ შემიძლია, თქვენ ჩემი უნდა იყოთ!..
მისს ანტონია. ცაც!.. მისტერ!.. (ჯეკი უფრო გაბედულად იკრავს მკერდში). ახ, მისტერ... მისტერ!.. რას სჩადიხართ, ახ... ჯეკ!.. ჯეკ!.. (კოცნა. ალერსი. ისმის ავტომობილის საყვირის დაჟინებული ძახილი).
მისს ანტონია. გესმის, ჯეკ? .. მამა გვეძახის!..
ჯეკ. (ყურადღებას არ აქცევს. ჰკოცნის. თავდავიწყება). ტონი!.. ჩემო ტონი!..
მისს ანტონია. ჯეკ!.. ახ, ჯეკ!.. ჯეკ!.. (შემოდის მისტერ ხოდლეი).
მისტერ ხოდლეი. (ეძახის). ტონი!.. ტონი!.. (თვალს მოჰკრავს მათ ალერსს, დაიბნება).
მისს ანტონია. ახ, მამა!..
მისტერ ხოდლეი. უკაცრავად... მე შემთხვევით...
მისს ანტონია. დაგვლოცე, მამა!.. ჯეკი ჩემი საქმროა!.. მე ისე მომწყინდა, მამა, ისე, რომ უნდა გავთხოვდე!..
მისტერ ხოდლეი. კეთილი, შვილო, კეთილი!.. (ხელს ასწევს, უნდა დალოცოს, მაგრამ ამ დროს ისე, თითქოს მიწიდან ამოიზარდაო, სულიას დედა გამოჩნდება: ის იქვე ეგდო მიწაზე დამხობილი. მთლად შავებშია, შავი ჩადრით. მისტერ ხოდლეი, მისს ანტონია და ჯეკი გაშტერებული უცქერიან).
სულიას დედა. ჩშშ... ჩშშ... არ გააღვიძოთ... აქანა ჩემი სულიკოს ძინავს...

(მუნჯი სცენა)

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. №2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი