cover

დემნა შენგელაია // რომანიდან „მუხა“

რომანიდან: მუხა

(ერთი თავის მასალა)

გვარდია უკან იხევდა.
წესრიგი დაირღვა, ყველა დაეცა სულით.
იყო: დაღლილობა, ჭუჭყი და უიმედობა.
საიდანღაც ისმოდა ზარბაზნების გუგუნიდა არავის ესმოდა, თუ რად იყო საჭირო ეს სროლა, ყველაფერმა დაჰკარგა აზრი და შინაარსი.
მიდიოდენ ისინი უწესრიგოდ, მიწასთან გასწორებულნი, გახრწნილნი და აგურისფერი ქეჩის მაზარა მოხურულ ზურგზე აწვათ უსასოება და წყევა.
სადგურზე ყორესავით იყო მიყრილი ორთქლმავლები, რონოდები, ზარბაზნები, ფურგონები, სამხედრო ცხენის ურმები, მდევის ბარკლებივით ეწყო ნიგვზისა და ჭანდრის ხეები, იყო ყიჟინა, ორომტრიალი, ვახარამაცი და ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა, კაცი ვერ გაიგებდა, ვის რა უნდოდა, ვის რა სტკიოდა.
მთავრობამ ცეკავშირის ვაშლის საწყობები გახსნა და მიწისძვრისაგან დიდიხნის დაქცეულ სადგურზე სისხლში, კვნესაში, ტკივილებში წამოვიდა წვიმა ვაშლების და ლოყაწითელი ვაშლები იწვენ ტალახში ბავშებივით მხიარულად და გვადა მატახერია უცქერის ნაღვლიანად ამ ვაშლებს და აგონდება სასტუმრო ოთახი კლეინის რეპროდუკციებით, მრგვალ მაგიდაზე მორთმეული დესერტი, ყავა და ნაფარეული...
იქ, სიჩუმეში, როცა ქვეყანაზე იყო თებერვლის ნისლიანი და მძიმე ღამე, ტყვიასავით მძიმედ დაშვებულს დუმილში დარჩა ტფილისი.
ახლა ტფილისი წითელია და ტფილისში ფრიალობენ წითელი დროშები. გვადა სცდილობს წარმოიდგინოს წითელი ტფილისი, მაგრამ ვერ ახერხებს:წითელი დროშები ეფარება მის გონებას.
სადგურზე დაღვრემილი დგას და უცქერის როგორ ლაზღანდარობენ ღია რონოდაზე ზარბაზნებში და მაზარებში ჩამჯდარი მისი ბატარეის ამხანაგები.
ვინტოვკის კონდახი სახელოთი გაუწმენდიათ, ზედ ტილები დაუსვამთ და ისინი გარბიან თოფის კონდახზე, ჯარისკაცები ხანდახან მიმართულებას უსწორობენ,ჰყვირიან, აქეზებენ უცნაურ ბედაურებს და ასე არის გამართული საოცარი დოღი, რომელსაც მხოლოდ ჯარისკაცი თუ მოიგონებს თავის გაძაღლებულ სიცოცხლეში. მხედრები იცინიან და თან დედასა და ჯილაგს აგინებენ ამ ქერა ქალბატონებს და სანაძლეოდ თითო აბ სახარინს იგებენ.
ყველაზე მეტს ზემდეგი ატილა ბღავის, როყინობს, მერე აიყვანს თავის გამარჯვებულ ფალავანს და ისევ იღლიაში ისვამს.
• არ შაგცივდეს, ბარიშკაჯან!.. - ამბობს ის და ყველა იცინის. გვადა უცქერის მათ ნაღვლიანად და ისიც იღიმება.



ესხალხი არის ერთადერთი, ახლა რომ სიცილს ახერხებს. ეს სტუდენტობაა, - არტილერიის მოხალისე ჯარისკაცები, ისინი მუდამ იცინიან, მუდამ უხარიათ სიცოცხლე. ისინი სოფლის შვილები არიან, მოსწყდენ სოფელს და სოფელს არ უნდა ისინი, მოვიდენ ქალაქში, მაგრამ ქალაქი არ იკარებს ამ საშუალო განათლების პროვინციალებს და ასე არიან ისინი შუაში, არც იქით, არც აქეთ, არც ინტელიგენცია, არც გლეხობა, და მათ არაფერი გააჩნიათ გარდა ახალგაზრდობისა და ახალგაზრდობას არ შეუძლია ხანიერი დარდი და ჩივილი.
ერთი მათგანი მუდამ დაღვრემილი ზის თავის ზარბაზანთან, უცქერის ტყვიისფერ ცას და ვერ შერიგებია აზრს, რომ ტფილისი დასტოვეს.
ამხანაგები აჯავრებენ მას. მისი სახელი: „აბრატნი კნიაზი“ და აბრატნი კნიაზს ახლა „ცრემლშეუშრობელ ტარიელს“ ეძახიან.
ღია რონოდებზე ეყარა სამხედრო ტანისამოსი, პერანგები, შპაკური ფეხსაცმელები, ზარბაზნები,ტყვიამფრქვეველები: მაქსიმა,ლუის... პანორამები, სამხედრო სამზარეულო ქვაბები გვერდზე მოქცეულ თუნუქის ბუხრებით და იქვე, ამ უთვისტომობაში, ეგდო ბავშის შიბაქი.
ვიღაც გვარდიელმა ფეხი წაჰკრა, მერე აიღო, მიიდო და მუცელატკიებულ ბავშივით დაიწყო ჩხავილი. ამხანაგებმა მხოლოდ გაიღიმეს, მაგრამ მერე თავი მიანებეს, ვის ჰქონდა მისი თავი!
სადღაც შორს მწყობრი სროლის ხმა მოისმა; ეს, ალბათ, ან ბოლშევიკები იყვნენ, ანდა მთავრობის საველე სასამართლო დეზერტირებს ხვრეტდა.
სადგურში ისევ ის გამუდმებული, ტვინის ამომღები ჟივილი იყო ბავშების, ყაყანი ქალების, სახალხო გვარდიელები დედას აგინებდენ მთავრობას და სადღაც იქვე ტელეგრაფის აპარატი ხროტინობდა მომაკვდავივით.\

  • გაგვყიდეს!..\
  • დავმარცხდით!..\
  • მტერი ახლოს არის!..\
  • იმათ რა უჭირთ, საწყალმა ხალხმა იკითხოს თორემ!..\
  • შენ ნუ გეშინია, ძამიავ, კი მონახავენ გზას!..
    სადგურზე დადიოდა სუფთად ჩაცმული „ინტელიგენცია“, ჯარისკაცები მათ მტრულად უცქეროდენ, სადღაც შორიდან ისევ მოისმოდა ყრუდ კანტი-კუნტად სროლის ხმა, ქშინავდა ჯავშნიანი მატარებელი, ჭრიალებდა ურემი, ისმოდა სამხედრო ბრძანება, ცხენები ხვიხვინობდენ, სტიროდა ძუძუთა ბავში და ყველგან იყო ტალახი, ჭუჭყი, უნიათობა და ამ უნიათობაში სადგურის იქით მოსჩანდა გადათოვლილი მთები თეთრად.
    სადგურის უკან ეგდო თავგადაგლეჯილი საკერავი მანქანა ზედწარწერით: „K-o Singer“ და იქვე ზინგერის გვერდით იჯდა ვიღაცის თეთრი სეტტერი, უკანა თათებზე ჩაცუცქულს, პირი ცად აღეპყრო და ასე შეჰყმუოდა ტყვიისფერ ცას, სტიროდა გულის შემღონებლად, ეს ყმუილი შემოდიოდა სულში და გვადა მზად იყო თვითონაც ასევე დამჯდარიყო ამ ტალახში და ეყმუვლა ძაღლივით.\
  • სული შემიღონა ამ რჯულძაღლმა, მაგისი პატრონი!.. წამოიძახა იქვე ცეცხლის პირას წამოწოლილმა გვარდიელმა დედის გინებით, წამოიწია, ვინტოვკა გადმოიღო და ესროლა.
    ძაღლმა ერთი უცნაურად შეიკნავლა, შეხტა ჰაერში და სულგავარდნილი დაწვა ტალახში ბავშივით. გადმოვარდნილი ვარდისფერი ენა წვერით ტალახში ჩაეწო, — ენაზე მოწანწკარობდა სისხლი და ტალახს უერთდებოდა.
    -რა ამბავია?..
    -მოვიდენ!..
    -ისვრიან!.. _ასხრიალდა ხალხი სროლის ხმაზე, ატყდა ჟრიამული, მაგრამ, როცა სროლა არ განმეორდა, ყველა დაშოშმინდა და სახეებში იყო ისევ პირუტყვული უანგარიშობა.
    გვარდიელმა ერთი გაიღიმა ამ ორომტრიალზე, მერე ვინტოვკა გვერდით მოიდო და წაწვა ისევ. მისი ამხანაგები ისხდენ ცეცხლთან და ფეხებს იშრობდენ. ზოგი მათგანი მიგდებულიყო და ეძინა, ზოგი ქვაბით ჩაის ადუღებდა, ზოგს პერანგები გაეხადა (თითოს ხუთ-ხუთი ეცვა) და აშრობდენ.\
  • ეი, თქვენ, რას აკეთამთ მანდა, თქვენა მამაზაგლი!.. — დაიძახა უცებ ვიღაც თავზე წამომდგარმა ცისფერ თვალებიანმა ოფიცერმა. ის მაღალი იყო, მოხდენილი და ქალივით ლამაზი. ახლავე ბატალიონში ცადით, მტერს ალკა უნდა დავარტკათ!.. — სთქვა მან რუსული გამოთქმით, მაგრამ გვარდიელებს ყურადღება არ მიუქცევიათ, ისევ ისე განაგრძობდენ თავის საქმეს.
    ის გვარდიელი,წეღან რომ ძაღლი მოჰკლა, ფეხზე წამოიჭრა და ავი ყუბაქივით შეუტია:\
  • რას ვაკეთამთ და ვირებს ვკოდავთ, ვერ ხედავ!.. — გააჯავრა მან ოფიცერი, — ჩვენ მეტი ომი არ შეგვიძლია, გვცივა!.. წადით ახლა თქვენ იომეთ!..
    ოფიცერს უნდოდა შეეტია, მაგრამ შეატყო რომ არც ლაპარაკი და არც ყვირილი არ გაუვიდოდა, ერთი ღონივრად გადააფურთხა და წავიდა.
    გვარდიელებმა მხოლოდ თვალი გააყოლეს და ხმა არ ამოუღიათ.
    ერთმა მოხუცმა ახედა მხოლოდ, შეაგინა, მერე თავი ისევ მუხლებში ჩაჰკიდა და ნაღვლიანი ღიღინი დაიწყო.\
  • შეიძლება, ძამიებო, ცოტა გავთბე?.. — მოესმა სიმღერაში მოხუცს, აიხედა, თავზე ვიღაც ტანაყრილი შალმოხურული ქალიშვილი ადგა. მოხუცმა გვარდიელმა რატომღაც ფეხებზე დაჰხედა და დაინახა,რომ ქალს ფეხის თითები გახეულ ფეხსაცმელში გამოყრილი ჰქონდა და შეებრალა.\
  • დედა მცხეთაში დამებნა, ვერ ვიპოვნე, მარტო ვარ, უპატრონოდ... მოვკვდი, ძამიებო, სიცივით და იმიტომ... — სთქვა მან აკანკალებული ხმით მოკრძალებით, მერე ხმა ჩაუწყდა, გაჩუმდა და ქუთუთოებზე ორი მსხვილი ცრემლი გადმოეკიდა.
    გვადამ იცნო იგი.
    ეს ქალი მან ამ დილით ოფიცრების ვაგონში ნახა.
    ოფიცრები პირველ კლასის ვაგონში ისხდენ და კონიაკით გალეშილნი ვიღაც პროსტიტუტს ელაზღანდარებოდენ.
    პროსტიტუტს დუნიაშას ეძახდენ და ისინი ეთამაშებოდენ მას სანაძლეოზე: ყველა ერთის წინააღმდეგ, მორიგისად.
    ოფიცერი შებრუნდებოდა, შარვალს გაისწორებდა, ხალათს გრძლად ჩამოუშვებდა, მერე შემოტრიალდებოდა და ეკითხებოდა:\
  • А ну-ка, дуняша, с какой стороны у меня?..
    თუ დუნიაშა გამოიცნობდა, მაშინ მას აძლევდენ მოგებულ შაქრის დიდ კენჭს და ასმევდენ ერთ ჭიქა კონიაკს, თუ ვერა, მაშინ ის სანაძლეოს მომგებს იქვე გვერდით კუპეში უნდა დანებებოდა უფასოდ.
    იყო ხარხარი, გინება და უწმაწური სიტყვების ხმარება.
    ის ქალიშვილიც იქ იყო, კუთხეში მიჭუჭკული და ზარდაცემულ მაყვალივით შავ თვალებს დამფრთხალ შველივით აცეცებდა.
    გვადამ შეხედა მასდა ის ისე სუფთა იყო, ისე ბავში და უმწიკვლო, რომ შეეცოდა. მივიდა და ჩუმად უთხრა:\
  • რა გინდა შენ აქ, დაია?.. ხომ ხედავ, რა ამბავია? წადი, დაია, წადი და სხვაგან მონახო, იქნება, ბინა!..
    ქალმა მადლიერი თვალები ვარსკვლავებივით შეანათა, ადგა, შალი მოიფუთნა და გარეთ გავიდა.
    ახლა ის აქ მოვიდა და უნდა გაათბოს თავისი სათუთი და სუფთა სხეული ცეცხლთან. მას სცივა, სულ მთლად ძიგძიგებს, ის ჯერ თითქმის ბავშია და ეს თექვსმეტიოდე წლის გოგონა სინათლესავით შევიდა მის გონებაში.\
  • დაიკარგე იქით, შე კახპავ, შენა!.. ვისა აქვს ახლა შენი თავი!.. — შეუტია ისევ იმ გვარდიელმა, წეღან რომ ძაღლი მოჰკლა, მაგრამ მოხუცმა გააწყვეტინა:\
  • გაჩუმდი, შე ხვადაგო, რას ერჩი ამ საცოდავ ბაღანას!.. ღმერთი არა გწამს?.. შეხედე, სიცივით მომკვდარა,საცოდავი!.. — მერე თაგვივით წვრილი მოსიყვარულე თვალებით შეხედა გოგონას და ალერსიანად უთხრა:\
  • მოდი, ბავშო, მოდი, გათბი!.. მოდი, ნუ გეშინია!.. მე სწორედ შენოდენა ქალიშვილი მყავს, მას კესანე ჰქვია და მიცდის ახლა სახლში. ის ხიდისთავშია... გაგიგონია შენ ხიდისთავი?.. გურიაშია, ბაბა, გურიაში. იქ მწვანე მთებია, ოდები და მე ძალიან მიყვარს კესანე... მოდი, ბაბა, მოდი, გათბი!..
    ქალმა მადლიანი თვალები შეანათა, დაჯდა მორჩილი და მთლად დანდობილიდა ისე საცოდავად, უნუგეშოდ მიიჭუჭკა მისკენ, რომ მოხუცს ყელში ცრემლები ბოღმად მოაწვა, გული მოუვიდა და გვერდით გადააფურთხა.\
  • ეი, შე ბებერო ქოფაკო, არ შეიძლება, ერთი მაგ შენმა გოგომ სამსახური გაგვიწიოს?.. — დაიძახა ისევ იმან, მაგრამ მოხუცმა ისე შეუტია, რომ მას ხმა ჩაუწყდა. ამხანაგებიც წამოექომაგენ მოხუცს და ცეცხლს შეშა მიაყარეს, რომ ბავში გაეთბოთ.
    როცა გოგონამ სული მოითქვა, მან დაიწჟო ჩურჩულით, ისე რომ სხვებს არ გაეგონათ: - რა ვქნა, ბიძია, შევცდით... მამაჩემი პოლკოვნიკია, ლაგოდეხში ჩარჩა... ქვეყანა
    მორბოდა და ჩვენც გამოვიქეცით... მე და დედაჩემი... — თვალებზე ცრემლები მოადგა.\
  • არაფერია, ბაბა, ჩემთან ნურაფრის გეშინია!.. ისე იქნები, როგორც შენ საკუთარ მამასთან! — სთქვა მან,მერე ჯერ ერთ ჯიბეში ჩაიყო ხელი, ვაშლი ამოიღო და მისცა,მერე მეორე ჯიბეში ჩაიყო ხელი და სამი ქვასავით გამხმარი გალეტი ამოიღო ზედწარწერით: „хуторок “და ისიც მისცა.\
  • ჭამე, ბიძია, ჭამე!.. მშიერი იქნები!..
    ქალმა მადლობა გადაუხადა, ჯერ გალეტის ხურხნა დაიწყო, მერე ვაშლი მოკბიჩა და სჭამდა იგი ბავშივით შესაქცევად. სითბო თბილად წავიდა ძარღვებში, დაკარგული დედა მოაგონდა, გული აუჩვილდა და გრძელ ქუთუთოებზე მარგალიტებივით გადმოკიდებულ მდუღარე ცრემლებით მიეძინა ცეცხლის პირას ხელში შერჩენილ მოკბეჩილ ვაშლით...
    ეძინა მას მყუდროდ დაღლილ-დაქანცულს და წყნარად სუნთქავდა. ცეცხლი აფიცხებდა მის სახეს და, გადმოყრილ გრძელ თმებით ლოყააწითლებული, ის იყო ლამაზი და შესაბრალისი.
    გვარდიელებს გული აუჩუყდათ და მოსიყვარულე თვალებით უცქეროდენ გოგონას. ის გვარდიელი, ძაღლი რომ მოჰკლა, დიდხანს უცქეროდა მას, მერე წამოიწია, თმაში ხელი ისე სათუთად მოჰკიდა, რომ ქალს არ გამოღვიძებოდა, და აკანკალებული ხმით სთქვა:\
  • საწყალი ბავში!..
    სხვებმაც გადახედეს მას და თანხმობის ნიშნად გაჩუმდენ, მაგრამ მას გული მოუვიდა, რომ ასე გამოაჩინა თავისი გულჩვილობა, შეიგინა და გვერდზე გადააფურთხა.
    ამხანაგებმა მხოლოდ გაიღიმეს და ისევ ისე ჩუმად უცქეროდენ.
    გვადა მოშორდა მათ და ბატარეაში წავიდა. ჯარისკაცებს ეძინათ. შუაში იდგა ნაცრით სავსე ძველი ტაშტი და ზედ ვაზნის ყუთების ფიცრები იწვოდა. არ ეძინა მხოლოდ ერთ ქართლელს, სახელი: ნიკოლა, მის გიმნაზიელ ამხანაგს, ისინი ერთად სწავლობდენ. დასხდენ და ლაპარაკობდენ ამ მთისას, იმ მთისას. მერე ნიკოლასაც მიეძინა. გვადა წაწვადა ფიქრობდა ჯერ იმ გოგონაზე, — მას ეძინა ახლა იქ ცეცხლის პირასდა ხელში მოკბეჩილი ვაშლი ეჭირა. მერე მას მერი მოაგონდა, მერე კიდევ რაღაცა და აირია ყველაფერი...
    ახლა მერი იქ არის, სახლში. იქ მყუდროებაა, სისუფთავე და გვადას ისე მოენატრა სუფთა ლოგინი და მერის წკრიალა ხმა...
    მერი დადის ახლა ოთახში, ფიქრობს გვადაზე და მას მოაგონდა ჩინელ პოეტის ლიუიუისის ლექსი, რომელსაც ასე გრძნობით კითხულობდა ხოლმე მერი როიალის აკომპანიმენტზე:
    ცხრა მთას იქით წახველ შენ
    ჩვენი ქვეყნის შორეულ საზღვარზე საომრად.
    მე ისე მეძნელებოდა
    შენთან განშორება!..
    შენ ახლა, ალბათ, გახდი,
    ამდენი ომ გადახდილი და გაჭირებაში მყოფი...
    მე ზამთრის ტანისამოსს გიკერავ
    და თან ვშიშობ, ვაი თუ სრული მოგივიდეს...
    და ცეცხლის ტკაცუნში მიეძინა.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი