cover

დემნა შენგელაია // ფრაგმენტი რომანიდან „ხვითო“

ფრაგმენტი რომანიდან „ხვითო“

თავად ბარამანდიას მამულები გაშლილი იყო ზღვის ნაპირიდან მოყოლებული, –– წასული მთებში, ხრიოკებში, ხევებში სამონასტრო მამულებამდე. მის მამულებს არ უჩნდა კიდე.
უღარი, ბარი, ჭაობები, უყი, ტბა, მდინარე, სახნავი, საძოვარი, ყამირი, მთები, ღრეები, დობილო, მაღლარი, ჭილოფით დაფენილი მინდორ-ველები, ალორთქილი თხმელის ფშიარები, ტყეები... ითესებოდა: სიმინდი, ღომი, ბრინჯი, თუთუნი, კიტრი, ლობიო, კვახი, ნარინჯი, ჩაი... ნათესები გაშლილი იყო ცისკიდურამდე და ვიწრო სარტყელივით შემოჭერილი ჰორიზონტი ვერ უძლებდა მამულების სიგანეს. ჩრდილოეთით სვანეთის მთები მუზარადებივით ამართულიყვნენ და საღამოობით ახალგაზრდა ემუხვარის სისხლით იღებებოდა (ამაზე შემდეგ) მისი კალთები.
გლეხები და ხიზნები ამუშავებდნენ ბარამანდიას მამულებს, ხნავდნენ, თესავდნენ, თოხნიდნენ თავაუღებლად, წელში გაუმართავად და გაზაფხულზე, როცა ტყემლები ყვავილობას გაათავებდნენ, ბარამანდიას სასახლეში ისმოდა ყანებიდან ნადური სიმღერები.
საბარამანდიო უხვად იყო დაჯილდოვებული ბუნებისაგან. გლეხები მთვარიან ღამით მიდიოდნენ პალიასტომში სათევზაოდ, ან სანადიროდ და ღამენათევნი ბრუნდებოდნენ იქიდან კოღოებითა და დედაბერაბუზებით დაკბენილნი ნანადირევით, თევზითა და ჭაობთა დაუჟმურებულ ლეგენდებით დალორწილნი.
ოტია ბარამანდიას უფროსი ვაჟი გურამ თან ახლდა გლეხებს, გულჩახვეული, დაფიქრებული მოვიდოდა სახლში, ჩაიკეტავდა კარებს... ზაფხულში, როცა თოხნა გათავდებოდა, სჭრიდნენ ტყეებს, იქცეოდა მიწაზე ასწლოვანი ნიგვზები, ჭანდრები, წაბლის ხეები და ათასწლოვანი სისხლივით წითელი ურთხმელები.
შემოდგომით სასახლეში მოჰქონდათ ღალა: თაფლი, გაცეხვილი ღომი, თუთენი, თევზი, ნადირისხორცი, გიდლები, გობები და დარდიმანდი, მოურავი, რომელსაც სახელად კუდაბზაკუნს ეძახდნენ, დააჭენებდა ცხენს ყანიდან ყანაში,
კალოდან კალოზე, სადაც „ხელხვავი“ გუგუნობდა, ჰკრებდა ღალას, დავობდა ბათმანის სიყალბეზე, ტვირთავდა ურმებს, სტენიდა ბატონის ბეღლებს, ხულას ხალმებს, კოკებს, ქვევრებს, ოდის თავანს და თავის თავსაც არ ივიწყებდა.
და ასე: –– გაზაფხულზე ხნავდნენ, ფარცხავდნენ, თესავდნენ, ზაფხულში თოხნიდნენ, ტყეს სჭრიდნენ, შემოდგომით ჰკრეფდნენ, მკიდნენ, სიმინდს სტეხდნენ, ღვინოს სწურავდნენ,ზამთარში ნადირობდნენ, თოხებზე და წალდებზე ახალ ტარსაგებდნენ, შეშას სჭრიდნენ ან და განიერ ყარამანდულ შარვალში შუაცეცხლთან
ბაყვებს იფიცხებდნენ, ახლად შერთულ ცოლს, ალერსს მიუჩვეველნი, მოუხეშავად ეარშიყებოდნენ, კვახს ხარშავდნენ და პატარა ოჯახის წევრს, ორკლასიან სამინისტრო სკოლის მოწაფეს, ყურს უგდებდნენ, რომელიც „ყარამანიანის“ მეოთხე კარს ხმამაღლა კითხულობდა.
ხანდახან მათი მყუდროება სასამართლოდან მოსულ უწყებით თუ დაირღვეოდა, ან „ნადელი“ თუ შეაწუხებდა, ან და მეზობლის ღორი თუ გაარღვევდა ღობეს და იყო პატრონის დედის გინება, მოქნეულ წალდისა და ჭოლოკის ჰაერში სივილი, გამოკიდებულ ძაღლების ყეფა, ღორის ჭყვირილი და მიტევება:\

  • სსსიოჰ!.. სსსიოჰ!.. ეცი, ჰო!.. ეცი ჰო, მაგ მამალი გელის შესაჭმელს!
    მერე იყო მეზობელთან საყვედური, რომ ღორისათვის უღელი დაედგა, ღორის პატრონი ყურს უგდებდა, ჰპირდებოდა, მაგრამ უღელს მაინც არ ადგამდა: (უღლიანი ღორი ბევრს ვერაფერს იშოვიდა და ჭამა მეტი ესაჭიროებოდა).
    შობა-ახალწელიწადს იყო ხაციცისა და ჩიჩილაკის მზადება, ხონჩა და კელაპტრები. საწნეხელზე ღორის თავის ცემა და „აგუნას“ ძახილი.
    ასე ცხოვრობდნენ ისინი ბატონის, ღვთისა და რუს ხემწიფის
    შეწევნით, დაილოცა მათი სახელი.
    რომელიმე ოთხმოცი წლის მოხუცი დაძინების წინ გამოვიდოდა სახლიდან, პირს აღმოსავლეთისაკენ
    იბრუნებდა და ლოცულობდა:\
  • ღმერთო, შენ შეეწიე და აცოცხლე რუს ხემწიფე!..
    სოფელ საბარამანდიოში იდგა ურთხმელის ბოკნებზე დაყრდნობილი ხის ეკლესია.
    საკურთხეველში წმ. გიორგის გავაგასიებული თეთრი ცხენი აფრენილიყო, მხედარს
    რატომღაც ზეწარი გაეშალა და ყბამოქცეული დიაკვანი სახარებით ხელში ყაყანობდა:
    აა-ი-ააა-ა-მი-ი-ინ!.. — და თან ახალგაზრდა ქვრივს თვალს უშვრებოდა.
    პატარა ფეხშიშველა ბავშები გონიერ თვალებით და მოხუცი დედაკაცები სასოებით პირჯვარს იწერდნენ, წმინდა გიორგის რაშს ფლოქებს უკოცნიდნენ და ოცნებად წასულ თვალებით უცქეროდნენ ხახა დაბჩენილ მომაკვდავ გველეშაპს.
    ანაფორა შემოგლეჯილი მსუქანი ხუცესი საცეცხლურს იქნევდა და დედაბრები და ხამის ნიფხავ-პერანგა ბავშები მოწიწებით ჰკოცნიდნენ ჯვარცმასა და მღვდლის მწვირიან ხელებს.
    ოთხმოცი წლის დედაბებრები იდგნენ შავებში მოფუყულ ყვავებივით, ოცნებობდნენ მიბჟუტულ თვალებით და დარდობდნენ წარსულზე, როდესაც ისინი აქ სადედოფლოდ გამოწყობილნი მოუთმენლად უცდიდნენ საქმროს, სიწითლისაგან
    ლოყა უსკდებოდათ, როგორ გამოვიდნენ ისინი მეორე დილით საქორწინო ოთახიდან ბედნიერნი, თვალის უბე ამოლურჯებულნი და ფერდაკარგულნი, როგორ უცდიდნენ ფრთხილი ნატვრით ადრე დაღამებას და როგორ წავიდა მერე ჯაფით გაძაღლებული
    სიცოცხლე, როგორ მოვიდა სიბერე...
    ხახვისფერ ხატებს წინ ბჟუტავდნენ წმინდა სანთლები და ეკლესიაში იდგა საკმევლისა და ჩრჩილის სუნი.
    ანალოღიასთან იდგა თეძო ამოვარდნილი მნათე, სარტყელზე
    ეკლესიის უზარმაზარიგასაღებები გამოება, თაფლის სანთელს ჰყიდდა, სპილენძის
    კაპეიკიანებს ითვლიდა და დიაკვანს ბანს ეუბნებოდა.
    ეკლესიის ეზოში ასწლოვანი ცაცხვები და ჭანდრები ირწეოდნენ და განიერი ჩრდილი გადაეფინათ წაფერდილ ჯვრებიან საფლავებზე.
    სადღაც ჭიჭინობელი გულის შემაღონებლად ჭრიჭინობდა და ყურძენს ამწიფებდა.
    აქ იყო თავად ბარამანდიების საგვარეულო სავანე. აქ ესვენა ბაგრატ დიდის ერთგული ერისთავი და ბარამანდიების სახელოვანი წინაპარი ბარამან და მისი შთამომავლობა ნუგზარ, ოტია, კახაბერ, რატი, მამია... ეპიტაფიებით:\
  1. აქა დაფლულ ტიტულიარნი სოვეტნიკი თავადი ფარსადან ბარამანდია და მყოფელი ამა საწუთროსა შინა 56-სა წელსა, გარდიცვლებოდა რა 1845 წელსა, მაისის 28 დღესა, უკანასკნელ ჟამსა თვისასა იტყოდა მას, ვინცა აქა და მერმეცა ვიტყოდი, მე ვარ აწ ვინცა იქადის მე ვარ... იქნება ვერ მგრძნობელმან... აზნაურმან კორძაიამან უქმნა. ლოდთანა წარმავალთ სთქვათ განუსვენე უფალო მონასა შენსა.\
  2. უბედური დანიშნული გავხდი მეუღლეს ნატრული,
    სიცოცხლემ არ მომცა პირი, თავზე დამედგა გვირგვინი;
    ქორწინებას ვაპირებდი, გამომიჩნდა უცებ ჭირი,
    ამასაც არ დამაჯერა, მომივლინა თვით სიკვდილი,
    ალექსანდრე ბარამანდია მივიცვალე 1877 წელსა,
    იანვრის 10-ს, მშობელი დამრჩა გამწარებული.\
  3. Здесь покоится
    Штабсъ-офицеръ для особыхъ поручений
    при
    Военномъ Губернаторе Карсской Области, Подполковникъ
    Князъ Борисъ Спиридоновичъ
    Барамандия
    родился 1803 г., 11-го мая, сконч. 1854 г. 13-го сентября.
    ...........................................

    სასაფლაო...
    ხანდახან ვინმე შავში ჩაცმული დედაკაცი თუ გადმოვიდოდა ეკლესიის ქვიტკირის გალავნის ალაგზე, დაემხობოდა საფლავზე და დაიწყებდა გულის დამთუთქავ მოთქმასა და ტირილს და მაშინ ადგილობრივი პესიმისტი პოეტი, ვალოდია ირინეშვილი, რომელიც სატელეგრაფო კანტორაში მსახურობდა, დასწერდა
    ოქტავებით პოემას ან სტანსებს სიცოცხლის ამაოებაზე ბანალურ სტრიქონებით, ატირდებოდა ღამეებში, მთვარეს შესჩივლებდა, რამდენიმე სტრიქონიც საყვარლის საფლავის შესახებ იქნებოდა...
    საბარამანდიოში 40-მდე კომლი მოსახლე იყო, ყველა გლეხები. საცოდავად გამოიყურებოდნენ ისლით დახურული სახლები და კარში ეკიდა გასამზეურებლად გაფენილი მწვირიანი ნიფხავ-პერანგი და ვინმე არგადასარჩენ გასათხოვარ გოგოს ერთი ხელი სამზითვო: ორ-ორი ბალიში, ლეიბი, საბანი, მუთაქა, ზეწარი და ერთი ჭრელი თუნუქის ზანდუკი.
    სახლის წინ გაძვალტყავებული ძაღლი იწვა და შიშველი ბავშები დატანტალობდნენ მოლნარზე. ახალგაზდა ლოყაწითელი გასათხოვარი გოგო იქვე სახლის წინ ჩამჯდარიყო, გვერდით ხის კოთხო ედგა, ცოცხალი ბატი ფეხებში მოემწყვდია, კურტუმოს ქვეშ გინგლს აბტკვნიდა და ბუმბლს კოთხოში სტენიდა. ბატის გაჭირვებული ყვირილი ეზოს აყრუებდა და იქვე კურტუმო გამობტკვნილი ბატები კისერ წაგრძელებულნი უზრდელად დატანტალობდნენ და კმაყოფილ ყიყინით და ბუქნით გაჭირვებაში ჩავარდნილ მოძმეს ნიშნს უგებდნენ.
    საღამოთი გოგო ქვეშაგებს მიწიან სახლის კუთხეში დააბინავებდა და ნავახშმევს ლობიოთი მუცელგატენილი დაწყვებოდა და დაიწყებდა ოცნებას ბატონიშვილ გურამზე, რომელმაც დღეს საღამოს მას ირიბად გადმოხედა, თუმცა კარგად იცოდა, რომ იგი ამ ბედნიერებას ვერ ეღირსებოდა და მეთოხე გლეხის აბედივით დაკოჟრებულ ხელების ალერსი და ბალნიანი მკერდი არ ასცდებოდა.
    მამამისი ლოგინში ტრიალებდა, დაბადებას იწყევლიდა და დედას აგინებდა ბატონებს, ხელმწიფეს, ღმერთს და მის გამჩენს. ქალიშვილი ყურს უგდებდა, არ ეძინებოდა და ლობიო მუცელს ჰბერავდა.
    რამდენიმე ხნის შემდეგ იგი გურამმა ფეხმძიმედ შეჰქმნა, ფეხზე დგომას ვერ ჰბედავდა, სულ იჯდა, რომ წამობერილი მუცელი დაემალა, დედამ წყევლისა და ლოყების პოტნის შემდეგ გოდორში ჯდომა ურჩია, რომ ფეხმძიმობა მამას არ შეენიშნა. მამას უკვირდა ქალიშვილის ახლად შეძენილი ჩვეულება, ეჭვი შეეპარა:
    წამოაყენა, მიხვდა, წალდს ხელი წამოავლო... მეორე დღეს იგი წისქვილის კოდში მონახეს: –– თავი დაეხრჩო.
    საბარამანდიოში იდგა დიდი ოტია ბარამანდიას ცხრათვალიანი წაბლის ოდა, შუაში ურთხმელის ბოკნები დაწეულიყო და წელში ჩატეხილი ოდა ყავრის სახურავით.
    ოდის უკან იდგა სამზარეულო, ხულა, სასიმინდე, მოდგულა, საღორე, წაფერდილი ჩეჩმა, ბოსტანი და ბოსტანთან ქთამებისაგან ჩამოსკინტლული ტყემალი.
    სახლში მუდამ სამარისებური მყუდროება იყო, ზაფხულის არდადეგებში თუ დაირღვევოდა ეს მყუდროება.
    გიორგობა დღეს სოფელში გაჩნდებოდა არღნისა და მუსიკის ჭყივილი. მთვრალი ხალხი ეტლებით სეირნობდა. ლოთები ირწეოდნენ, ეტლიდან არწყევდნენ და ენა გამოგდებული ძაღლები სალაფავად მისდევდნენ.
    ოტია ბარამანდიას ოჯახში იყო მრავალ-ჟამიერი, სადღეგრძელოები და ეზოში მოსართავ მოხდილ ცხენების ჭიხვინი.
    ეს იყო გიორგობა დღეს, სოფლის დღესასწაულზე.
    ჩვეულებრივ დღეებში ოტია ბარამანდია იჯდა წელამდე დაცემულ წვერებით, ხელში კრიალოსანს ათამაშებდა და გველაძუა მოურავ კუდაბზაკუნს ემუსაიფებოდა:
    მოურავო, რავაა ნადირობის საქმე? წლეულს მწყრები, მგონია, ბევრი იქნეს და აბა შენ იცი, რავა გააწაფიებ მიმინოს.
    დარები ჯერჯერობით კაია და მოსავალზეა დამოკიდებული რამდენი მწყერი იქნება!
    აი, ხომ ყველაფერი კაია, ბატონო, მარა, ერთი რაცხა მინდა მოგახსენო...
    სთქვი!..
    ჭამისეულის ღელე რომაა, ბატონო, იქინე გლეხებს ყურდგელის ცურცლი უნახავენ...
    სად, ბიჭო?!. – წამოვარდა ოტია, კრიალოსანი ჯიბეში ჩაიდო და აღგზნებულ
    თვალებით მოურავს მიაჩერდა.
    ბრინჯოულასთან რომ ჭამისეულის ღელე უხოვს, დიდი ხსტო რომაა, იქინე, ჩემო
    ბატონო.
    სად იყავი მერე ამდენხანს, შე წუწკო!.. – დაიძახა ოტია ბარამანდიამ და განაგრძო:
    ცხენი ჩქარა და მწევრები!..
    და ცოტა ხანს შემდეგ გაჩნდა ეზოში ტუჩების წრუპუნი, ძაღლების ყეფა, ცხენის
    ხვიხვინი, წყევა-კრულვა და დიდი ბატონი ოტია ბარამანდია წავიდა სანადიროთ.

    ბრინჯოულასთან ოტია და მოურავი კუდაბზაკუნი კურდღლის ცურცლს ამოწმებდნენ, კბილით ¸კვნეტდნენ, გემოს უსინჯავდნენ და, როცა დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად კურდღლის იყო, გაჩნდა ძაღლების სუნსული, განაბული სიარული, სანამ კურდღელი 12 ვერსის მანძილზე არ გამოაგდეს... გაჩნდა ყიჭინა, გამონთებულ მწევრებს მოსდევდნენ ზოგი ფეხდაფეხ, ზოგი ცხენით და იყო კივილი:
    ეცი, მერცხალა, ¸ო¸, ეცი, ¸ო¸! არიქა ჯერანა...
    და საღამოზე ბატონს წკეპლით გაბუჭუჭებულ შემწვარ კურდღელს მოართმევდნენ და ოტია თავს იწონებდა თავის მეუღლე კნეინა ნიტიფოსთან და მის მხევალ ფუსუტიასთან.
    კნეინა ნიტიფო, როცა ქუთაისში იყო, ფუსუტიას სტოვებდა ოტიას მომვლელად და, ოტია, რომ კნეინას არ ყოფნა არ ეგრძნო, ფუსუტიას იწვენდა ლოგინში.
    თუ ნადირობა არ იყო, ან და იქვე მახლობელ რკინიგზის სადგურზე ბაზრობა, ოტია ბარამანდია ნიგვზის ჩრდილში იწვა ან და საქიან ბაწრით დადიოდა მამულებში და მიწებს ¸ყიდდა.
    კვირაში ერთხელ შალომი ან მონოხიე რახილეშვილები თუ ჩამოიარდა და კნეინა
    იყიდდა პირკალს, ფარჩას, მაუდს და სამაგიეროდ მეფართლე ურია რჯულის ფიცითა და ვადაის ძახილით ტვირთავდა ცხენს ყაჭით, ნიგვზით, კვერცხებითა და ქათმით.
    ზამთარში ბარამანდიები ქალაქში იყვნენ და ოჯახი რჩებოდა მოურავ კუდაბზაკუნის ანაბარა.
    ეზოში დადიოდა მოურავის ზურგგადატყავებული ჭაკი ცხენი და ნაზი ჭიხვინით
    ბატონისეულ საპონივით ჩასუქებულ ვაყას ეარშიყებოდა.

    მხოლოდ მოურავი კუდაბზაკუნი ყაყანობდა მთელი დღე. აგინებდა ყველას;
    მოჯამაგირეს, მეზობელს, გლეხებს, ძაღლს, კატას, ცოლს და ყველას. ევაჭრებოდა
    სამოციქულოდ მოსულ გლეხებს, საუკეთესო მამულებს, ვინც მეტს მისცემდა იმას
    აძლევდა დასამუშავებლად, ტყეს ანადგურებდა, სათევზაო ადგილებს აქირავებდა და ასე უმატებდა ბარაქას ბატონის ოჯახს და საკუთარ ჯიბეებსაც ისქელებდა.
    რამდენიმე ვერსის მანძილზე დიდი სოფელი იყო, სოფელში იყო რკ. გზის სადგური.
    სადგურთან დამტვერილი და დანჯღრეული ეტლები იდგა და ჩამოძონძილი მეეტლეები დადიოდნენ წელში მათრახ გამორჭობილნი. როცა ეტლი სადგურიდან დაიძროდა წუწკი ძაღლები სამი ვერსის მანძილზე უცდიდნენ მას სოფლის გზაზე ენაგამოგდებულნი, ერთი მტკაველი ტყავი რომ ჩამოეხიათ ეტლის ჯინზე და მერე ერთი ორომტრიალით, ყეფით, და ყმუილით გადაცვენილიყვნენ ორღობეებში, რომ ეტლზე ჩამოხეული ტყავისათვის საკუთარ, ტყავიც მიეყოლებინათ.

    სადგურში იყო დეპო. დეპოში 50 კაცამდე მუშაობდა და ყოველ დილით 5 საათზე
    აბღავდებოდა საყვირი. მუშები მიდიოდნენ სამუშაოდ.
    სოფელში იყო ერთადერთი სასწავლებელი აბრით:
    2-класное училище Министерства Народного Просвещения.
    რომელსაც გარდა მასწავლებლებისა და რამდენიმე კაცისა ვერავინ კითხულობდა
    და აფთიაქი, რომელსაც ეწერა:
    აფთიექი
    მერე რუსულად:
    АПТЕКА
    და შემდეგ უცხო ენაზე:
    APOTHEKE
    Провизора И.А. Конордова
    დაბაში იყო აგრეთვე პრისტავის სამმართველო, სასამართლო, ფოტოგრაფია და
    პატარა ბაზარი. მასწავლებლები დადიოდნენ ყვითელ ფოლაქებიან დიაგონალის
    მუნდირებით, კაკარდიან გახამებულ ქუდითა და ქოლგით.
    აფთიაქში ბინძურ ხალათიანი პროვიზორი შუშიდან შუშაში რაღაც წამალს ასხამდა და სოფლის ბიჭები მოწიწებით უცქეროდნენ მას და ათვალიერებდნენ კედელზე ჩამორიგებულ შუშებსა და ოქროს წყალში მოელვილ გიპსის ბიუსტებს. პრისტავი იუპეტირივით ბრწყინავდა ოქროს პაგონებში და გალაქულ ჩექმების ჭრაქუნი ფერს უკარგავდა კბილ დამძვრალ ბებერ კნეინებს. ფოტოგრაფი დადიოდა თავის აპარატით სოფელ-სოფელ სატირლებზე და კუბოში ჩასვენებულ მკვდრებსა და ჭირისუფლებს იღებდა. მის აბრას ეწერა:
    Фотография П. А. Чикоридзе და სურათები იყო გამოკრული:
    ბუტაფორიულ დიდ ლოდთან წამოწოლილი იყო თმაგაჩეჩილი სტრაჭნიკი თოფითა და პალასკით, იქვე მეორე სურათში ტელეგრაფისტი პოეტი ვალოდია ირინეშვილი შამფურზე გაჩაჩხულ გოჭივით გაჯგიმულიყო, ბრაუნინგის სისტემის რევოლვერი შუბლზე მიედო, ვითომ თავს იკლავდა, და სოფლის გოგოები ჩერდებოდნენ მის წინ, ცრემლებს კაბის კალთით იწმედნენ და თავმომწონე პოეტი ტელეგრაფისტი დღეში ხუთჯერ ჩაიარდა თავისი სურათით დასატკბობლად და თვალ-ყურის სადევნებლად, თუ რა დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მისი ტრაგიული სახე და აღფრთოვანებული სწერდა
    სატელეგრაფო კანტორიდან მოპარულ ქაღალდებზე ლექსებს, როგორ მოსძულდა
    სიცოცხლე, რა ძნელია სულით ობლობა და როგორ აწამებდა მსოფლიო სევდა.

    დაბაში იყო სასამართლო და აქ დადიოდნენ ქვრივი ქალები, ობლის მზრუნველები, გლეხები, ხიზნები და სამართალს ეძებდნენ. სამართლის ქურუმები – აბლაკატები დადიოდნენ ყურში გარჭობილ კალმისტარებით, ჯიბეში მელნით, მარკებითა და თხოვნის ქაღალდებით ქიმიურ მელანში ამოქვარქნილნი და თითო თხოვნას მანეთად სწერდნენ, ქუდი დაუბანელ თავის გამო გაქონილიყო და შავად ლაპლაპობდა.

    ბაზარში იყო სამიკიტნოები, სადალაქო, საყასბო, მეხილეები, მეკუბოვე და პარკის
    „ფაფრიკა“. სამიკიტნოების წინ თამაშობდნენ ნარდს, დომინოს და ქაღალდს, როცა პრისტავი ჩამოიარდა, ქაღალდს მალავდნენ. ერთად ერთ დალაქს მთელ დაბაში ჭიამაია ერქვა. იგი ტოლსტოის მიმდევარი იყო, ხორცს არ სჭამდა, სამაგიეროდ პირის პარსვის დროს მუშტარს სისხლს უხვად ადენდა და გაპარსულები სადალაქოდან გამოდიოდნენ ყბა ახვეულნი, როგორც საოპერაციო კაბინეტიდან.
    აქ დასწერა ტელეგრაფისტ პოეტმა ირინეშვილმა თავისი შესანიშნავი პოემა
    „ქართველთა სისხლი“, რომლითაც საქართველოს მინდორ-ველები არის მორწყული.
    ძაღლები ყასბებს არ ასვენებდნენ და მონღოლთა ურდოებივით ესხმოდნენ თავს ყეფით, ღრენით და ყასბებს დღეში რამდენიმეჯერ უხდებოდათ მათი იერიშების მოგერიება, ამის გამო მათ პრისტავს განცხადება მიართვეს და მოითხოვდნენ თავდაცვის კომიტეტის დაარსებას.
    სამიკიტნო ორი იყო:
    ერთი:
    ხარჩოვნია „მოდი მნახე“
    „მახოია აქ არის“
    მეორე:
    რესტორაცია „ნეაპოლ“
    ხარჩოვნია „მოდი მნახეში“ მეარღნე მახოია არღანს უკრავდა, არღანზე მიკრული იყო შიშველი ქალის უწმაწური სურათი და ეწერა: Одесса, Нечада Волковская,191, მახოია ჯღამაძე.
    დაბაში ერთად ერთი ქუჩა იყო აკაკი წერეთლის სახელობაზე. სადგურში მატარებელი მოვარდებოდა კივილით, ოხვრით და მიყრუებულ დაბაში ასტეხდა ერთ ალიაქოთს.
    აჩქარებული მგზავრები ფუსფუსით ჩამოდიოდნენ, ურიები ბოხჩებითა და რკინის არშინით ვაგონის კარებში იჭედებოდნენ და იყო სულწასწრებულ მგზავრების ლანძღვაგინება და ურიის ფიცი-სალავარდი.
    თუ საზაფხულო არდადეგები იყო, სადგურის პერონზე სეირნობდნენ საზაფხულოდ ჩამოსული გიმნაზიელები ბრიოლინითა და ქონით გაპრიალებულ და გადაყოფილ თმებით,
    შარვლის ყოშებზე „შტრიპკებით“ და ყავისფერ წინსაფარიან კაბაში გამოწყობილ
    სადგურის უფროსის ჭორფლიან მსუქან ქალიშვილს ეარშიყებოდნენ და თან პაპიროს „სიმპატიას“ ეწეოდნენ.
    სახელი მათი იყო ტარიელ და ნესტან-დარეჯან, რომეო და ჯულიეტა, ბირდღი და
    კუკუნია...
    პერონზე იყო დიალოგი:
    ტარიელ: – და აი ყოველივე ამის შემდეგ, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მე მაინც
    პლატონიური სიყვარულის მომხრე ვარ...
    გავაგასიებული და ფეხმსხვილი ნესტან-დარეჯანი უპასუხებდა, რომ სიყვარული
    ნამდვილად არის და იგი აუცილებლად პლატონიური უნდა იყვეს და მას მეტად აკვირვებს მისი სეპარატიული მიზნები (სიტყვა სეპარატიული მას თავისებურად ესმოდა და თავი მოსწონდა ამ სიტყვის ცოდნით), მაგრამ ყოველივე ეს მათ ხელს არ უშლიდა, რომ ჭამსა სეირნობისას, აკაკის „სულიკოს“ დამღერების შემდეგ, გიტარა გვერდით გადაეგდოთ,
    ერთი მეორისათვის საუკუნო პლატონიური სიყვარული შეეფიცათ, ორიოდე ტაეპი „ვეფხის ტყაოსნიდან“ ეთქვათ და იქვე გზის პირას ჩახუტებულნი და აქოშინებულნი ანწლებში სრულიად არაპლატონიურად ჩაწოლილიყვნენ.

    დაბაში ყოველ პარასკევს ბაზრობა იმართებოდა და მთელი დაბა ერთი დღით
    მოცოცხლდებოდა.
    პირახვეული გასათხოვარი ქალები ¸ყიდდნენ ყვერულებს, დედლებს, კვერცხებს, ყაჭს, წინდებს, იყო გოჭის ჭყვირილი, ურიების ყვირილი და დედაკაცები ყიდულობდნენ კეცებს, ჩითს, ბუბლიკებს, ფარგას..

    მაჭანკლებს მო¸ყავდათ სასიძოები და სასძლოები გადასანახულებლად, საქმეებს
    არიგებდნენ, მზითვს ანგარიშობდნენ, ქორწილს შემოდგომისთვის ნიშნავდნენ.

    ქორწინება ღამეს ნეფეს დედოფალს უცვლიდნენ და, როცა დილით სიძეს
    გაეღვიძებოდა, ნახავდა, რომ ვიღაც უკბილო გასათხოვარ დედაბერთან იწვა, მაგრამ რას იზამდა, ბედს ურიგდებოდა, ცოლს გამომცემელს უგინებდა და მაჭანკალს პირსა და პატიოსნებას.
    დუქნის სვეტებზე მიბმული ცხენები ერთი მეორეს ახტებოდნენ, კისერში ¸კბენდნენ, ჭიხვინობდნენ და შეზარხოშებული თავად-აზნაურობა სვამდა საქართველოსი და მთელი ქვეყნის თავად-აზნაურობის სადღეგრძელოსა და თავს ინუგეშებდნენ რომ თავადაზნაურობა ჯერ ყველგან მაგრადაა და ქვეყნიერებას არაფერი უჭირს.
    რომელიც რომე... დალიე... შენი ჭირიმე... თუ არ დალიო, შეგირცხვა ულვაში და
    გვარიშვილობა... ისმოდა სამიკიტნოდან და მახოია არღანზე „სუსანას პესნას“ უკრავდა.
    ზაფხულში ჩამოსული ინტელიგენცია ყოველ შაბათს „ვეჩერებს“ მართავდა. პიესები იდგმებოდა იოსებ იმედაშვილის „ცხოვრების სარკიდან“: „ადვოკატი მელაძე“, „ჭკუისა მჭირს“ და „ურიელ აკოსტა“. ინტელიგენციას ამ სოფლის მასწავლებელი, ტელეგრაფისტი პოეტი ირინეშვილი, სადგურის უფროსი და მისი თანამოსამსახურენი, პრისტავი, ფერშალი, პროვიზორი და მოწაფეობა შეადგენდა.
    „ვეჩერებზე“ ინტელიგენცია არშიყობდა, ერთი მეორეს კონფეტიებს აყრიდნენ და
    ბაასობდნენ ლიტერატურასა და დრამაზე. ერთს ყველას ფილოსოფოსი ოგიუსტ კონტი ერჩია (ოგიუსტ განსაკუთრებულ ინტონაციით წარმოითქმოდა) და მეორეს პოეტი კანტი. ერთი მოწაფეთაგანი ლაპარაკობდა როსსისა და ბატისტინის გენიალურ დრამატიულ ნიჭზე. ეს იყო აპოგეა განათლებისა და, თუ ორიოდე სიტყვა შეეძლო ეთქვა ვინმეს ბალეტისა და მეტეორიტების შესახებ, ეს ხომ მთლად უკეთესი.
    „ვეჩერი“ გახურებული იყო და სოფლის დედაკაცები ალუბლის, გორტენზიების,
    ბჭოლისა და ღობის ძირებში მიმალულნი, უცქეროდნენ, როგორ ატარებდა დროს თავად-აზნაურობა და ინტელიგენცია, ლოყას იპოტნიდნენ, კრუსუნობდნენ, ჭორაობდნენ.

    ღმერთო, რავა არ დამეფსება აი თვალები ამის შემხედვარეს!.. – მოსთქვამდა ერთი
    მოხუცი დედაკაცი, შავ თავშალს იფუთნიდა და დანაოჭებულ ტუჩებს პრუწავდა.

    ერთი ამ სასიკვტილე ძღაბს უყურე, რავა ეხუნტრუცება ბატონიშვილს, რათა
    დოდომიწა არ გაგისკტება, შე არ გადასარჩენო და თან არ ჩაგიტანს!.. – ჩურჩულობდა მეორე და გადაშუაღამების შემდეგ, როცა ნაქეიფარი თავად-აზნაურობა მიეცემოდა თავაშვებულ ლაზღანდარობას, დედაკაცები თავშალის ფუთნით, წყევა-კრულვით მირბოდნენ სახლებისაკენ სოფლის ორღობეებით, აღვიძებდნენ კინწისკვრით თავის გასათხოვარ ქალიშვილებს და ეკაპასებოდნენ:

    არ დაგინახო იქინე, შე მიწაგასახეთქო, არ დაგინახო, თვარა მოგკლავ, სურუმგურუმად (ვითომ სოდომ-გომორად) მოგიქცევ მაგ ცხვირს!..

    გასათხოვარი გოგო თვალებს იშმუშნიდა, იღლიებს მოიფხანდა, გაწეწილ თმებით
    დედას გაკვირვებული უცქეროდა, მერე მიწვებოდა და ისევ მიიძინებდა.
    ეძინა ყველას.
    ეძინათ რკ-გზის სახელოსნოს მუშებს, ეძინათ გლეხებს.
    თავად-აზნაურობა ქეიფობდა და მაშინ, როცა გლეხები და მუშები ურმებით, თოხებით, წალდით სამუშაოდ მიდიოდნენ, მთვრალი თავად-აზნაურობა მოდიოდა ბანცალით და უქმად დარჩენილ ხმლებით გზის პირებზე ამოსულ ანწლებს ებრძოდა...

ჟურნ. „ლიტერატურა და სხვა“ 1924-1925 წ. № 1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი