cover

სერგეი ტრეტიაკოვი // მტერს ნუ დავეხმარებით

მტერს ნუ დავეხმარებით

(წერილი საქ. სახკინმრეწვის მემარცხენე კინომუშაკებს)

ჩვენი მიზანი აქტივისტთა დამუშავება უნდა იყოს.
ჩვენ გვინდა მეოცნებე იდეალისტის პრაქტიკის მატერიალისტით შეცვლა.
„სიზარმაცისადმი მადის“ გახსნის ნაცვლად ჩვენ გვინდა საქმისადმი მადის გაღვიძება, ამას მოითხოვს დღევანდელი აღმშენებლობა.
ჩვენ არ გვესაჭიროება ადამიანის კულტივაცია, რომელიც „თავდავიწყებას ეძებს“, ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ მასის გათვითცნობიერებას, რომელიც ინტერესით უცქერის ცხოვრების ყოველ ახალ ნაჭერს, განსაკუთრებით თუ ის დღეინდელობისაა,
რომ გარდაქმნილ იქნას პასიური (ექსპლოატატორულ წყობილებისათვის გამოსადეგი) ადამიანის ტიპი აქტიურ ადამიანად, ამისთვის ჩვენ განკარგულებაში არის ხელოვნების მთელი არსენალი და მათ რიცხვში „ყველაზე მნიშვნელოვანი
ხელოვნებათა შორის –– კინო“.
ორი ხაზი იბრძვის კინოში.
ერთის მხრივ კინოში გზას იკაფავს ქრონიკა –– ცოცხლად ჩვენება იმისა, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. იზრდება სამეცნიერო ფირიც, რომელიც მსუბუქი განსახებით იძლევა ზუსტ ცოდნას, განმტკიცების გზაზე სდგას სააგიტაციო ფირიც, რომელიც ნერვებს ახალისებს და აფხიზლებს.
მეორე მხრივ –– ბუდუარი. ბინდები, ბუნდოვანი მოხაზულობანი, სულის შემხუთავი ჰაერი (ალბათ, თავბრუსახვევად) და ქალის ხორცი უხვად –- ტუჩები, თვალები, მკერდი, ძუძუები, მხრები.
ყველაფერი ამას შემდეგი სიტყვებით აფარებენ ნიღაბს: „მოსვენება“, „გართობა“, „განყენება“ (საკითხიარისგან უნდათ განაყენონ და საით უნდათ დააყენონ).
ლაპარაკი გვაქვს ეგრეთწოდებულ „მხატვრულ ფილმზე“.
მხატვრული ფილმის –– რომელსაც 90% ცენტრში სიყვარულის ინტრიგა აქვს მოქცეული –– მიზანია გამოიწვიოს საამო მღელვარება რაიმესთან დაკავშირებით რაიმე სასიყვარულო ამბის ირგვლივ, რომელიც ხდება ამისთვის სპეციალურად შერჩეულ აქტიორებს შორის.
მაყურებელი შეჰყავს ამ სიყვარულის თამაშში; იხარჯება სექსუალური ფონდი, ერთი უადვილესი და უტკბილესი სახეთაგანი თრობის აქტისა, მომხიბლველ და მადის აღმძვრელ ხორცის ნაჭრად იქცევა. მთელი მისი მუშაობა მიმართულია მიბნედისაკენ, დნობისაკენ, თვალების მაღლა აპყრობისაკენ და ბოლოს, ხანჯლით ლამაზი სიკვდილისაკენ.
და არ გესმის არაფერი? არ იცი საჭიროა სოლიდარულ გრძნობათა გამოხატვა ამ უმაქნის, ლოგინის ლამაზ ქალისადმი თუ პირიქით, დასცინო მას და გაარაბრუო. განსაკუთრებით ახლა, როცა ცხოვრებაში შემოდის ქალი-მეგობარი, მუშაკი აქტივისტი.
სიყვარულის ინტრიგები კინოში ლამაზ ქალ-ვაჟთა კულტის აღიარებაა, ფოტოგრაფიული ნერწყვის ყლაპვაა ეროტიულად მომქმედ მომენტების გამო. ლოკალეს (მდებარეობის) და რეკვიზიტის (ნივთების) მხოლოდ ესთეტიური მიზნის გამოყენება –– ეს მტრის სასარგებლოდ მუშაობას ნიშნავს.
კაპიტალისტურ სამყაროში მხატვრული ფილმის მიზანია მთელი დღის შრომით მოქანცულ ადამიანის ილლიუზორულ განცდათა სამყაროში გადაყვანა.
მას მიაქვს მისი დღეინდელობის წინააღმდეგობებით აღშფოთებული ტვინი მაყურებლისა ფათერაკების ინტრიგებში, ეკზოტიურ ქვეყნებში, ფუფუნებაში, ულამაზეს დედალმამლების საზოგადოებაში –– მხატვრული ფილმის მიზანია, ამოსწოვოს მთლიანად ადამიანი, რომელიც პატარაა, შეურაცყოფილია სინამდვილით ბრაზობს და სწყინს, არ აძლევს საშუალებას, რომ ამ ბრაზმა და წყენამ პროტესტის სახე მიიღოს.
კაპიტალისტი კინოდან ადამიანი წონასწორობა აღდგენილი და დაშოშმინებული უნდა წავიდეს –- აი, რათ მოითხოვს ამერიკა (რომელიც ყველაზე უფრო მიზანშეწონილად სარგებლობს ხელოვნებით მმართველი კლასის თვალსაზრისით), რომ ფილმს აუცილებლად ბედნიერი დასასრული ჰქონდეს.
ჩვენ კი არ გვეშინია სინამდვილის, ჩვენ მას ვაკეთებთ, ჩვენი ბრძოლა ამ ყოველდღიურობასთან კიდევ უფრო გვიორკეცებს ენერგიას. აი, რათ არ გვესაჭიროება ჩვენ ჩვენივე თავის ცემა, იმით რომ ესთეტიურ სიროფს ვამზადებთ ლამაზ ქალებით,
პეიზაჟებით, ჩაცმულობით და ფუფუნებით. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ
უცხოეთის წარმოებისა და საკუთარ მხატვრულ-მეშტამპეთა მიერ
გამზადებულ კინო სიროფს.
მემარცხენეობის ლოზუნგია: ბრძოლა კინო-ნარკოტიკის წინააღმდეგ, რომელნიც აყრდნობენ სურათს მაყურებლის თრობასა და სექსუალობაზე. ჩვენ ვიბრძვით პრაქტიკის თვალსაჩინოობისათვის და კინო მაყურებლის აღგზნებისათვის
უკეთეს სინამდვილის შესაქმნელად.

ს. ტრეტიაკოვი

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. №2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი