ტიციან ტაბიძე // ფრანსის პიკაბია დადას კანიბალის მანიфესტი
„დადას“-ს მანიფესტები.
„დადა“ ეწოდება ყველაზე უფრო მემარცხენე ჯგუფს საფრანგეთის პოეზიაში.
„დადა” უფრო მემარცხენეა, ვინემ ფუტურისტები. მოგვყავს ჩვენ გაზეთში „დადას“-ს მანიფესტები და ლექსები. ამჟამად რედაქცია თავს იკავებს ამ მიმართულების დაფასებისგან. ამის შესახებ დაიბეჭდება „მეოცნებე ნიამორების“ №10 ნომერში გაგრძელება ტიციან ტაბიძის წერილის „ირონია და ცინიზმი“, რომელიც ეხება მემარცხენეობის პრობლემას პოეზიაში შემდეგი სათაურით „ცისფერი ყანწები და დადაიზმი“.
ფრანსის პიკაბია.
დადას კანიბალის მანიფესტი.
თქვენ ყველამ ადექით, ვისაც ბრალი გედებათ! ორატორს შეუძლია თქვენთან ლაპარაკი, მხოლოდ იმ პირობით, თუ თქვენ ფეხზე ამდგარი მოისმენთ.
– ფეხზე ამდგარი, როგორც მაშინ, როცა მღერიან მარსელიეზას
– ფეხზე ამდგარი, როგორც მაშინ, როცა მღერიან „ღმერთო ფარვიდე“
– ფეხზე ამდგარი, როგორც მაშინ, როცა მღერიან „God Save the King“.
– ფეხზე ამდგარი, როგორც ამართულ დროშების წინ.
უკანასკნელად, ფეხზე ამდგარი, როცა გელაპარაკებათ დადა, რომელიც გამოხატავს ცხოვრებას და ბრალს გდებთ თქვენ იმაში, რომ გიყვართ სნობიზმი, იმ წამშივე, როცა ის გაძვირდება.
თქვენ ყველამ დაჯექით?.. სულერთია, უკეთესია, ასე მე უფრო მეტი ყურადღებით მომისმენთ.
რას აკეთებთ თქვენ აქ, რომ განთხულხართ ლოკოკინებივით სერიოზულები – რადგან თქვენ სერიოზულები ხართ, ხომ მართლა?..
სერიოზულები, სიკვდილამდე სერიოზულები. სიკვდილი მართლა სერიოზული საქმეა – არა?
კვდებიან გმირებად ან იდიოტებად – მაგრამ ეს ხომ სულ ერთია. ერთადერთი სიტყვა, რომელიც არ არის ეფემერული, ეს არის სიტყვა „სიკვდილი“.
თქვენ გიყვართ სიკვდილი სხვებისთვის! სიკვდილი! სიკვდილი!..
მხოლოდ ფული არ კვდება – ისინი მხოლოდ იცვლიან თავის ბინადრობას.
ის ღმერთია, რომელსაც თაყვანს სცემენ, ის სერიოზული პერსონაჟია.
ფული – კეთილ ოჯახებშიც კი მოწიწების საგანია. პატივი და დიდება ფულს! ადამიანი, როდესაც ფული აქვს, სათაყვანებელი კაცია.
პატიოსნების გაყიდვა და ყიდვა კი შეიძლება, როგორც უკანალის.
უკანალი კი წარმოადგენს ცხოვრებას, როგორც შემწვარი ვაშლები და როგორც თქვენ ყველა, რომლებიც ასეთი სერიოზულები ხართ. თქვენ უფრო ცუდი სუნი აგდით, ვინემ ძროხას.
დადას არაფრის სუნი არ უდის, რადგან ის თვითონ არარაობაა და არაფერი.
როგორც თქვენი იმედები – არარაობაა.
როგორც თქვენი სამოთხეები – არარაობაა.
როგორც თქვენი ღმერთები – არარაობაა.
როგორც თქვენი პოლიტიკოსები – არარაობაა.
როგორც თქვენი გმირები – არარაობაა.
როგორც თქვენი მხატვრები – არარაობაა.
როგორც თქვენი რელიგიები – არარაობაა.
ისტვინეთ, იყვირეთ, თუ გინდა ყარყატო ჩამიხიეთ – მერე ამის შემდეგ რა იქნება?.. შემდეგ კიდევ მე გეტყვით, რომ თქვენ ყველა ხართ – მსხლები და სამი თვის შემდეგ მე და ჩემი მეგობრები მოგყიდით თქვენ ჩვენს სურათებს რამდენიმე ფრანკად.
გაზ. „რუბიკონი“ 1923 წ. 3-4