ტიციან ტაბიძე // ორპირის ოქროპირი მალდარორი
მინდოდა ყოფილიყო ეს ავტოპორტრეტი, ან პრელიუდია იმ ეპოპეის, რომელსაც შემდეგში დაერქმევა სახელად „ტიციან ტაბიძე“.
ეპოპეის დაწერისთვის გომერი არ არის საჭირო. ანდრეი ბელლიმ ჩვენ დროში პირველად დაამტკიცა,რომ პოეტის პიროვნება თვითონ ეპოპეაა, თუ მოინდომებს თვითონ ამის დაწერას; მაგრამ დღეს სხვა რკალებში იხსნება ეს მოხსენება და, რასაკვირველია, შორიდან იქნება დაწყება. რაც არ უნდა იყოს, საქართველოში პოეტს არ უხდება თავის თავზე ლაპარაკი, სხვა ბევრ სათნოება თუ ზრდილობასთან ყველაზე უფრო ამას ავალებს ტრადიცია. პირადი ინტიმი, თუნდა ლირიკაც ხანდისხან მეტია; შეიძლება ყოველთვისაც, თუ აგრეთვე ტრადიციებზე მივა საქმე.
ორპირი _ ეს ძველი სახელია. ოდესღაც აქ იტვირთებოდენ შუა ზღვისკენ მიმავალი გემები, სიმიდით, წაბლით, ყავრებით და ბევრი კიდევ სხვა საგნებით, რომელნიც ეხლა გამოვიდენ ხმარებიდან. დღესაც ამ ადგილს დარჩენილია დანგრეული სანაოები და დიდი ბეღლები. სხვა დროს როცა ორპირის მართლა ისტორია დაიწერება _ მაშინ იქნება მიშველება რომაელი და ბერძენი ავტორების ფაზისის ადუღებაზე, და ბევრი რამ მართლა საინტერესო შეიძლება გამოჩნდეს. მაგრამ დღეს ამ მხარეს ანათებს მარტო მალიარია და შეიძლება მარტო ამისათვისაც იყოს გამართლებული პოეზიაში. ეს რაც შეეხება ორპირს, ოქროპირს კი რაც შეეხება, ესეც ადვილი ასახსნელია, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც არ არის სხვა პირი გარდა ოქროსი, და განსაკუთრებით პოეტებში, ამიტომ შეიძლება ეს ასახსნელი არც კი იყოს, მით უმეტეს, რომ ეს სრულებითაც არ არის მეტაორა. მთავარი საქმე, მაშასადამე, არის მალდარორი.
მაგრამ ეს სიტყვა სრულიად არ არის ქართული.არც ეს მოეთხოვება ვინმეს, უთუოდ იცოდეს მალდარორი.მალდარორი პოეზიის თუ ლიტერატურის ისტორიაში ისეთი პიორვნებაა, როგორც ჰამლეტი, და როგორც фაუსტი. ლოტრეამონის იმ წიგნს, სადაც პირველათ ალაპარაკდა მალდარორი, ჰქვია „Poesiae“.
ავტორები, რომელნიც გულწრფელად არიან განწყობილი ლოტრეამონთან, ამბობენ,რომ მთელ საპალნე ტომებს წმიდა და დასრულებულ წიგნებისას არ გაცვლიდენ ამ სომნამბულა პოეტის ნახევრად შეშლილ სტრიქონებზე. პირადათ მეც ყველა მონოლოგებს ყველა ტრაგედიებისას არ გავცვლიდი ამ ყვითელ გომბეშოს ატირებაზე, რადგან ეს არის კოსმიური ორეული თვითონ პოეზიის, პოეზიის გილიოტინაზე; სადაც ჯალათი თვითონვე პოეზიაა. ხომ ყოფილა ასეთი მაგალითი, რომ ჟამიანობის დროს თვითონ აბატი უკითხავდა თავის თავს განსასვენებელს... ასეა პოეზიაც ჟამის დროს.
ამ შემთხვევაში მალდარორი ვასილგამია, მაგრამ პუშკინის დროს მეორე ხმაც ჰქონდა პოეზიას, ხმა მერის.
იყო დრო, რომ პოეზია ერთად ერთი ხმა იყო ღმერთისთვის, მაშინ პოეზია ღვთიურ შთაგონებით, ღვთიურ სიხარულით და სიყვარულით დაიბადა. ეს არის თუნდა გეზიოდის კოსმოგონია, შემდეგ პოეზიაზე უტკბესი სიტყვა ლესბოსი ანაკრეონი, ალკეი, საфო, რომის მხედრებზე უფრო ისმის რომის პოეტების ლექსების თქარუნი და ფოლადის ადუღება და შემდეგ განცხრომილი ალექსანდრია, რომელსაც მართლაც ვინ იტყვის რა იყო (მამია გურიელი). კიდევ შემდეგ დანტე, ბაირონი, გიოტე _ და მართლაც რომ გადავიდენ ეს ხალხი ღმერთებში, და აქ ბეატრიჩეს, მანфრედის და фაუსტის მაგიერ ლაპარაკობს მალდარორი თავის გაუთავებელ მონოლოგს. გამეორებაა, მალდარორი დღეს პოეზიის კოსმიური ორეულია. დღეს თვითონ პოეზიას დაემართა მალლიარია. პოეზია აფრა გატეხილი არტურ რემბოს მთვრალი ხომალდია. იქ, ძირს იხრწნება ლევიაфანი, სადაც ხეებზე გველებს სწიკნიან ბაღლინჯოები, და ოთხმოც ლიეზე ისმის ჭიხვინი, როცა მალშტრამს ამაკებს გიპოპოტამი, პირველად აქ გატყდა პოეზიის ხერხემალი.
რასაკვირველია, ხანძარით განადგურებულ სახლის სოროებშიაც სცხოვრობენ თაგვები, რომელთაც ვერც კი გაუგიათ ცეცხლის სისასტიკე, მაგრამ როცა გამოვლენ სოროებიდან, ხომ გაიგებენ და შეხედავენ გადამწვარ დიდ ბუდეს. დღესაც არიან ნუგეშიანი პოეტები, პოეზიის გარეშე, მათ ხომ არც მალდარორის მონოლოგი შეეხება. პირველად ედგარ პომ იგრძნო ეს მიწის ქვეშ გაზმორებული დარღვევის ტალღა, მაგრამ მისი მატემატიკის გონება ამას არ შეუშინდა, რადგან მისთვის სულ ერთი იყო; ის, როგორც ჩინელი, სახლს წაღმაც ააშენებდა და უკუღმაც, მაგრამ უკვე ცხადი იყო, რომ „დანგრეულ ეშერის სახლი“-ს დანგრევის შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა.
(ჰიუსმანსის „Наоборот“ მატემატიკურის სისწორით გამოდის პოს ეშერის სახლიდან). მალდარორზე წინ ადამიანური ენით ამაზე ლაპარაკობს გერცოგი დეზესენტი, როცა აპოკალიპსის კონვულსიებით კითხულობს დაწერას „Великiй сифилисть“.
ეს წიგნი დიაბოლის პრესია ლათინურ რასსის, ამ პრესსში პოეზიაც გავიდა.
ერა კეთილშობილი და მაგარი პოეზიისა გათავდა.
ვერლენმა მოითხოვა პოეზიაში ღორსაც ჰქონოდა ადგილი.
და დღეს პოეზიას დაეუფლა მალდარორი.
შუბლ გატეხილი მონანიებული ვერლენი ატირებული ჯვარცმასთან „O, mon Dieu“ მეორე თვალით უყურებს მალდარორის ყვითელ თვალს. ბევრ გულუბრყვილო პოეტისთვის მაგალითად სასოწარკვეთის და შიშის უდიდესი სიმბოლოა პოეს „ყორანი“. მაგრამ იმისთვის, ვინც ერთხელ მაინც თვალში შეხედავს მალდარორს, „ყორანი“ იმ უბრალო ბოსტნის ჩიტების საფრთხობელათ იქცევა, რომლისაც არც ბავშებს ეშინიათ, არც ჩიტებს.და მაგარი ტერორი, ყველაზე უფრო მწუხარე და დამღუპველი სდგას მაინც მალდარორი, რომელსაც ვერავინ შებმას ვერ გაუბედავს.
ოხ, ეს ღამეები დილიჟანის სახურავზე.
მე ალბათ იმით გავათავებ, რომ ციება შემეყრება.
დილიჟანის სახურავზე აკანკალებული ლაфორგი, თვითონ პოეზიას ალაპარაკებს ამ სიტყვებით. მართლაც იმით გათავდა, რომ დაემართა ციება. აქვე მეორე თვალსა და თვალს შუა დაწერილი ოфორტი.
ის, როცა კვდება,
–– სადაა რეკვიემი?
–– ჩემო ძვირფასო,
ის არ იქნება.
ლაфრგმა მაინც დასწერა ეს რეკვიემი: „სამგლოვიარო მარში დედამიწის სიკვდილზე“, სადაც გამოტირებულია: მონასტერები, კატორღა, ჟამი, შიმშილის ბუნტი, საროსკიპოები, გეგელის ჭკუა და თვითონ პოეზია, და მოალერსე სონეტი. –– ამის შემდეგ არაფერი არ რჩება და ყველაფერი იღუპება იმ კუბოში, რომელსაც ჰქვია დედამიწის დედამიწის ბურთი, რომელიც მირბის უხსოვარ სიბნელეში, სადაც არის მხოლოდ სიშავე, და სიჩუმე, სადაც არ არის არც მოწმე, არც თვალი და არც შეგნება.და მნათობების ოქროს რქებიანი კორტეჟი –– ტრაურით უყურებს ამ დაბნელებას. ლაфორგი პირველი პოეტია, რომელიც აიტანა ცხელებისკანკალმა, მთელი მისი პოეზია –– ეს გადაკრული სიტყვებია ჟრუანტელის. ეს სიტყვებიც პოეზიას ეკუთვნის.
ახ, ქალბატონო, სადა გაქვთ თქვენ ან სირცხვილი და ან სინდისი,
სრულიად არ გავხართ მონა ლიზას
ისე კი იღებთ მის სახეს
და გინდათ ქვეყანა გაავსოთ სპლინით.
ეს არის ირონია პოეზიის:
ხშირად მართალია არის პირდაპირი ატირება.
ნამდვილი Miserere, ღვთისმშობლის ეკლესიის ფანჯარაში დიდი როზეტკის ატირება –– მაგრამ ყველაფერს ფარავს, როცა ბულვარებში გაიარს მწარე სიცილი აბესენტით და ორსული ქალები; რომელნიც აჩენენ მკერდსაც და მუცელსაც და ეს Diesirae იმ დამპალ ჭკუაზე, რომელსაც ოდესღაც მიწა ერქვა.
ლაфორგზე უფრო ადრე კიდევ ბოდლერი მიმართავდა პოეზიას:
თქვენ სინაზის ანგელოსო,
გაკანკალებდათ როდისმე ციება?
ეს იმის შემდეგ, როცა ბოდლერმა პირველმა დახრწნა სამყარო, ეს ის ბებრების კუბოა, რომელიც ასე აგავს ბავშების კუბოს დაპატარავებით — და მართლა გასაკვირია მხატვარი სიკვდილის ამნაირი გულაჩვილება. პირველად პოეზიას ბოდლერიდან აუვიდა გახრწნის სუნი, ამის შემდეგ დაშლა არ შეჩერებულა.
ასტრალი ძაღლი გრძნობს დახსნის სუნს
და იფხანს გვერდებს — მოლოდინში.
Les fleures du Mal, Mal,
Маl’aria.
რუსეთში პირველად ტიუტჩევმა იგრძნო ეს ბოროტი აყვავება.
ეს არის ლექსი „Mal’aria“.
„მიყვარს ეს ღვთის რისხვა. უხილავათ ყველაფერში გათესლილი
იდუმალი ბოროტება. ყვავილებში, მინის სიფაქიზე წყაროში
და თვითონ რომის ცაში. ისევ მაღალია ცის ლაჟვარდი
კიდევ მსუბუქად და ტკბილათ ინძრევა შენი გული, კიდევ
უბერავს თბილი ქარი, ისევ ვარდების სუნთქვა, მაგრამ ყველაფერი
მაინც არის სიკვდილი.“
ეს იქ არის, სადაც გადამწვარ მიწას უერთდება კვამლი ცის ლაჟვარდის იქ განცხრომით სიამეში ცხოვრობს სიგიჟე განწირული (Безумье жалькое).
საქართველო თავის ბუნებით კლასიკურ ეპოქაში იყო გამზადებული მალიარიისთვის. ყველაზე უფრო ალექსანდრიელი და ატაცებული ნამდვილ პოეტ თეიმურაზ მეფეს
აქვს გაბაასება:
ღვდელის და მალიარიის.
სიტყვები ამ ლექსის ძალიან პრიმიტიულია, რომ მოყვანათ ღირდეს – აქ დასაფასებელია მარტო შეხება იდეის.
მე-XIX საუკუნის ულამაზესი ქალი მანანა ორბელიანიც სწერს ლექსს „დიალოგი მალარიასთან“.
ეს ლექსიც ძალიან პრიმიტიულია, აქაც მოცემულია მარტო მოტივი, მაგრამ ასანიშნავია.
ეს არის წინდაწინ მოცემული შესავალი წიგნის
„ორპირის ოქროპირი მალდარორი“.
ეს არის მანიфესტი მალდარორის.
აქვს გამართლება საქართველოში მოლდარორს.
მონოლოგი, სიკვდილის და თავის მოწამვლა მორიელის,
იმ ქვეყანაში სადაც „ვარდბულბულიანნი“ კიდევ პოემობენ,
სადაც იწერება ამდენი გულუბრყვილო პოემა და ამდენი
ნუგეშიანი ლექსი?.. სადაც არიან ისეთი დაიმედებული
ხალხი, რომ მოელიან ახალი ერა დაიწყოს პოეზიაში,
და ამას ნაჯახით გათლილ ლექსებით იწყებენ...
ამაზე ბევრი მსჯელობა დაარღვევს მოხსენების სტილს.
თუმცა აქ ისედაც ბევრია ზედმეტი თქმა. და როცა მე დავდიოდი რიონის ფშანებში, ატეხილ ფშანებში, რომელსაც იორდანე დავარქვი და რომლის კუნძულსაც ახალი პატმოსი, ჩემთან ერთად დადიოდენ ლაфორგი, ტიუტჩევი, ბოდლერი. და იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი გადაშენდა, სადაც მხოლოდ ერთი ბაყაყების ორკესტრი დარჩა, მე ვფიქრობდი პოეზიაზე –– რომ პოეზია ბოლოს როგორც უკანასკნელ წყაროს ამ ფშანს უნდა დაწაფებოდა. და აკი ამბობდა არტურ რემბო:
„მე თუ ევროპის წყალი მინდა: მსურს მხოლოდ ფშანი: ცივი და შავიო. და იყო ეფემერი ჩვენება ციებით გასიებულ ადამიანების, დავიწყებულ საყდრებს მეღამურები ესიენ, და ამორძალები დასეოდენ უზარმაზარ ბაყაყებს, ამ ფოსფორით ადუღებაში როგორც უკანასკნელი საყვირის ცემა ისმოდა მაღალი ხმა მალდარორის... ეს სიტყვებია ჩაწერილი იმ პოემაში, რომელსაც დაექმევა „ორპირის ოქროპირი მალდარორი“.