ტიციან ტაბიძე // ღვდელი და მალჲარია
ძველი ორპირი. დანგრეული სანაოები.
ეწყება მთვარეს ხაშმიანი ცხელების სრესა.
მამის ოლარზე ობობების ქსელი მოება.
ღამეა თეთრი და შავია ქალდეას მესსა.
ძველია თემა: გიჟი ღვდელი და მალჲარია.
ატირდენ ერთად ბაყაყები დამშრალ ფშანებში,
თითქოს ახველებს ჭლექის ხველით Misse Lea Lee-ს.
თითქოს ყანჩები გაერიენ ფარშავანგებში.
მიბორგავს მთვარე, ყვითელ საბანს მიასრიალებს.
ძველია თემა: გიჟი ღვდელი და მალიარია.
ვარსკვლავით შეშლილს უსახო ძმებს სალამი ღამის,
მიყვება სული დავიწყებულ სატურნალიებს.
ჩემთვის სამშობლო სახვევია მშრალი ბალღამის,
დაწყევლილ მინდვრებს გაუმზადებს მშიერ კალიებს.
დისერტაციას დავამზადებ მე ამ საგანზე:
ყვითელი თვალი მონგოლების და სააკაძე...
ძველია თემა: გიჟი ღვდელი და მალჲარია.
ძველი ორპირი. დანგრეული სანაოები,
ქალდეას ზეცა ამართული, ვით ეშაფოტი.
მონომანისთვის აღარ არის სხვა სათნოება,
რომ დაჭრილ სულის გადითვალოს ყველა ნაფოტი.
ბედის ვარსკვლავი საქართველოს მართლა მკვდარია,
რეკვიემივით ისმის ეხლა ყველა არია.
ძველია თემა: გიჟი ღვდელი და მალჲარია.
„შვილდოსანი“ 1920 წ. იანვარი №1