cover

ბიძინა აბულაძე // ბრძანება საბჭოთა თავდაცვისათვის

ჩვენში ყოველი ქვა
სისხლით მორწყულია,
რამდენი გულიც გვაქვს
— იმდენი წყლულია.
რამდენი წყლულია
— იმდენი მკლავები.
მიწა დახნულია
ძმათა საფლავებით,
რამდენი მკვდარია —
— იმდენი ლოდები.
გული ნატარია
ბრძოლების ლოდინით.
აროდეს შედგება
წითელი ჯარები,
შავათ რომ შეღება
მტრების ფანჯრები,
გარბოდენ პირდაპირ,
გარბოდენ ზურგებით,
დაგლეჯილ ფერდებით.
ხალხისთვის ურგები
ვიდექით მეხივით
— გულიც ესევეა
ჩვენი ძმა-გლეხები
მინდვრებს შესევიან.
ბრუნავენ მინდვრები
— მთა-მთაზე გორდება
და ხალხის სიმდიდრე
გულამდე გროვდება.
როდესაც მზის პირი
ამოდის, თენდება,
ცხოვრება ქვითკირი
შენდება...
შენდება...
თითქო ისტორია
ბორბლებს წინ აგორებს
კარგი როშარია
ვინც აწვდის აგურებს.
თითქო ყვავილდება
ეს გული უბელი,
მაგრამ ყვავებივით
ჩხავიან ღრუბლები.
ჯერ არ ამომშრალა
დარდი და ცოფები,
ძმებო როშარებო,
დადექით თოფებით,
თოფებით, თოფებით.
— ჩახმახი გულს გავდეს,
სიტყვები — ვაზნები,
რამდენიც გავარდეს,
გაჩნდეს ზარბაზნები.
ცუდი ვაჟკაცია,
ლაჩარიც ის არი,
ვინაც არ ჩააცვას
სახლს გულის ფიცარი,
ვინაც არ გაცვითოს
გულით მტრის ისარი.
— ჩვენში ყოველი ქვა
სისხლით მორწყულია,
რამდენი გულიც გვაქვს
— იმდენი წყლულია.
და თუ შეინძრევა
ბრძოლით მოედნები,
თოფებით დავიძრათ
ძმები – პოეტები.

„მემარცხენეობა“, 1928 წ. №2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი