ტიციან ტაბიძე // მელიტა დადაისტური მადრიგალი
მელიტა
დადაისტური მადრიგალი
ყველაზე უფრო არცხვენს ჩემ სახელს ტიციანს,
ძველ ხავერდის ტიციანთან შედარებით დახეული კანაპები.
ალბათ არ ელოდა ტიციანი ასეთ ორეულს.
მერი შერვაშიძე (გიგო დიასამიძის ჟურნალიდან ამოხეული),
ურია მხატვარმა სამ წელს რომ ხატა,
უყურებს ამ ლექსს და ეცინება.
წინათ ღვთისმშობელს ეს სახე ჰქონდა,
წინათ აშენებდნენ ამისთვის ტაძრებს.
……………………………………..
……………………………………..
……………………………………..
თავზე დამყურებს მერი შერვაშიძე
(სანდრო ყანჩელის ჟურნალიდან ამოხეული,
ურია მხატვარმა სამ წელს რომ ხატა).
მელიტა! შენ ალბათ უყურებ ტიუტჩევის და რომის ცას,
იქნებ მარინეტიც შენით აღტაცებულია.
ჩვენი ტფილისი კი თანდათან ძირს იწევს,
გრიგოლ რობაქიძემ ხერხემალი გადაუტეხა,
მაგრამ მიწისძვრა მაინც იგვიანებს.
ჟურნ. „მეოცნებე ნიამორები“ 1923 წ. დეკემბერი №10