ტიციან ტაბიძე // უჟმური კვირეები
უჟმური კვირეები
27 ივლისი
ექვსი წელიწადია ვემზადები, დავსწერო ლექსი „Dimanche“.
ამას ჰქვია ლაფორგის კვირა.
ასეთი უჟმური კვირა მაინც არ მახსოვს,
ზარები ქალაქშიც არ რეკავენ.
ყველა ტაძარი შეიქნა ფეერიული.
ეს ლექსი, რომ ამ დღეს დამეწერა,
ნაღველი დაიქცეოდა ფოლადივით.
შემიძლია დავიჩემო, რომ სიზარმაცის
ღმერთი მაინც ვარ.
თუ ისიც დაემატა, რომ ლოთობა ჩემი მეორე სტიქია —
ჩემზე ეროვნული პოეტი არ ყოფილა საქართველოში.
მე, კოტე მარჯანიშვილი, შალვა დადიანი და დავით ჩხეიძე
ტანტების ცირკში ვართ: კულა გლდანელის იუბილეზე.
ვინ მისცა ამდენი ტემპერამენტი ყარაჩოღელებს!..
საწყალი გლდანელი დგას გაკოტრებულ სოვდაგარივით.
მის წინ მისი ძველი პორტრეტია —
რკინა, ჩამოსხმული ადამიანათ.
პაოლო იაშვილის მაგიერ სიტყვას ამბობს
არბიტორი: „შენ დაუკა, ვანუა“.
როგორც თავის მკვლელი რუსთაველზე მოდის კოლაუ ნადირაძე.
ერთად ვიხრჩობით:
ოპერეტა „მხიარულ ქვრივზე“.
ჩვენ, თავის მკვლელთა ორგიას
აკლია ვალერიან გაფრინდაშვილი.
თუ ეს არ არის ლექსი,
იყოს ერთი ვარიანტი გაუქმებულ კვირეების.
შემდეგ, ალბათ, ასეთ ლექსისთვისაც ვერ მოვიცლი.
ყველაფერი წინ მიდის პოეზიის გარდა,
იწყება ლექსის უკუღმა ელექტროფიკაცია.
მე ვარ ამის წინასწარმეტყველი.
იყოს ბიოგრაფია ერთი დღის.
მჯერა — შემდეგ მაინც გამოვა ეპოპეა: ტიციან ტაბიძე.
ჟურნ. „მეოცნებე ნიამორები“ 1924 წ. დეკემბერი №11 29/VII ტფილისი