ტიციან ტაბიძე // სეზონის ფალავანი
სეზონის ფალავანი
ეს სულ ერთია, მაინც გაუგებარია,
შეიძლება წერა ჰიეროგლიფებით.
თითქოს პატარა ბავშვი ვარ — დაფაზე გრიფელით,
და ჩემი სულიც სხვას აბარია.
მადონნა დეზერტირის ბაზარზე
(უსათუოდ თემაა ახალი)
გულგრილობით ქვეყანა გადავრაზე,
„დასავლეთის დივანს“ დასწერდა ბაყალი.
მე თვითონ მიყვარდა წინად ლირიკა,
მზად ვიყავ უმიზეზოდ მთელი დღე მეტირა,
დღეს ყველა იმედი მართლა გაირიყა –
ლირიკის პოეტი მგონია მესტვირე.
მართალი გულით, უკანასკნელ თავგანწირვით
მივმართავ ყველას, უსათუოდ გამომიტირონ.
ლაფორგის კვირა ჭიანურის ატირდა წირვით,
დაწყევლილ პოეტს ნუ ამადლით, როცა გთხოვთ მირონს.
წვიმს შემოდგომა წარღვნის წვიმით... მე ვარ ორპირში,
და ეს გრიგალიც მოთხრის ღამე, ხომ იხტიოზავრს.
მე მეჩვენება ჩემი თავი მეფის პორფირში,
სოველი ჭინკა თავმდაბლობით მეუბნება ზარს...
მე თვითონ მივზდევ ყოველ წასულ დღეს.
მზად ვარ ვიტირო ბავშვზე უმწარესს.
თორმეტმა ღვდელმა მამა გასუდრეს.
მე ერთი ღვდელიც არ ამიგებს წესს...
და ვმადლობ უფალს, ჩემი სული მას აბარია,
მან ერთმა იცის, რომ არ იყო იგი სამიწე.
ასე ატირებდა პოეტს მალლიარია,
ასე გაუგებრად სწერდა ტიციან ტაბიძე.
„მეოცნებე ნიამორები“ 1922 წ. დეკემბერი №8
18 ოქტომბერი, 1922 წ.
ქ. ტფილისი