ბესარიონ ჟღენტი // მემარცხენეობის რევიზორი
მემარცხენეობის „რევიზორი“.
(ბენო გორდეზიანის წერილის საპასუხოდ. „მემარცხენეობა ქართულ
ლიტერატურაში“. იხ. „ქართული მწერლობა“ № 5).
როგორც მოსალოდნელი იყო, ჟურნალ „მემარცხენეობა“-ს გამოსვლამ ქართულ ლიტერატურაში საკმაო გამოხმაურება გამოიწვია. მის გარშემო მოეწყო საჯარო დისპუტი. დაიწერა წერილები და ბიბლიოგრაფიები. ჩვენ ახლო მომავალში მოგვეცემა შემთხვევა ჯამი გაუკეთოთ ქართულ პრესაში მემარცხენეობა“-ს შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს და სათანადოთ დავაფასოთ ეხლანდელი ქართული კრიტიკის დამოკიდებულება თანამედროვე ლიტერატურულ პრაქტიკასთან.
ამ წერილში გვინდა შევეხოთ მხოლოდ ბენო გორდეზიანის გამოსვლას, რომელიც მართლაც თავისებური და სპეციფიური მოვლენაა. საკმაოდ ვრცელი „პამფლეტი“, რომლის ყველა სტრიქონი უკიდურესათ მტრული და ღვარძლიანი განწყობილებით არის აღნიშნული, მოკლებულია რაიმე გარკვეულ ძირითად თვალსაზრისს. არ სჩანს ავტორის ორიენტაცია (არც სოციალ-პილიტიკური, არც მხატვრულ-იდეოლოგიური), რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს კრიტიკოსი რაიმე მხატვრული ფაქტის ან ლიტერატურული დაჯგუფების შეფასებისა და ანალიზის პროცესში. ამის გარეშე კი, ცხადია, კრიტიკა შეუძლებელია. იგი მოკლებულია ყოველგვარ ლიტერატურულ ღირსებასა და ინტერესს. ავტორი გვარწმუნებს, რომ მისი „ღაღადისი“ გამოწვეულია „ქართული ლიტერატურის დღევანდელი პირობებისა და ერის სოციალური მდგომარეობის“ (!) კარნახით. მაგრამ პირველი და უმთავრესი შთაბეჭდილება, რომელსაც იძლევა წერილი, არის ის, რომ
ავტორი ხელმძღვანელობდა მხოლოდ პირადი განწყობილებით და ამ პირადი „გაბოროტების“ შტამპით აღნიშნულია აქ ყოველი სიტყვა. საზოგადოებრივ-კულტურული საქმიანობის „პირად ანგარიშის“ სიმდაბლემდე დაყვანა – ეს იყო უცუდესი ტრადიცია ძველი არისტოკრატიული ინტელიგენციისა. კარგა ხანია ეს
„კინკლაობა“ ჩვენს საზოგადოებაში შესცვალა: პოლიტიკაში – პარტიულმა ბრძოლამ და ლიტერატურაში: შკოლათა შორის პოლემიკამ. ამ მხრივ გორდეზიანის „ორიგინალობა“ სწორედ ხელსახებია და თვალსაჩინო. მაგრამ მის გამოსვლას კიდევ ერთი „დამსახურებაც“ აქვს. ლიტერატურულ პოლემიკაში მას პირველს შემოაქვს ცნობილი „რენეგატობის“ ნიშანდობლივი თვისება: თავისი გუშინდელი ამხანაგების დაუზოგავი ლანძღვა-გინება.
მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამ თავისებურობით იპყრობს ყურადღებას და საჭიროებს პასუხს გორდეზიანის წერილი, რათა ამთავითვე აღიკვეთოს ამ ყოვლად უვარგისი პრეცენდენტის მნიშვნელობა ქართული მწერლბის სარბიელიდან. მხოლოდ ამ მოსაზრებით, იძულებული ვარ გამოვეხმაურო ამ იაფფასიან ფარიკაობას“.
ვიდრე წერილის განხილვაზე გადავიდოდე, საჭიროა რამოდენიმე ფაქტიური გარემოების აღნიშვნა: ჟურნალ „მემარცხენეობა“-ს რედაქციამ უარი სთქვა გორდეზიანის მიერ წარმოდგენილ წერილის დასტამბვაზე, რადგან იგი, რედაქციის
აზრით, მთელ რიგ გაუგებრობას შეიცავდა. საპასუხოდ რედაქციამ მიიღო გორდეზიანის ღია ბარათი, რომლითაც იგი აცხადებდა, რომ არ იზიარებს რედაქციის მიერ აღებულ ხაზს და ჟურნალში მოთავსებულ წერილების აზრს. ჩვენ გავაკეთეთ სათანადო დასკვნა ასეთი განცხადებიდან და სრული დამშვიდებით „გავანთავისუფლეთ“ გორდეზიანი ჩვენი აზრებისა და შეხედულებების გაზიარების საჭიროებისაგან. ეს გამოიხატა მის ჩვენგან ორგანიზაციულ დაშორების ფაქტში. აი – მთელი სათავე გორდეზიანის უკანასკნელი „ლაშქრობისა“. ჩვენ კი ვფიქრობდით,
რომ გორდეზიანი, განთავისუფლებული, ჩვენი ხაზის თავზე მოხვევისაგან, საკუთარი გაგებისა და თვალსაზრისის ნიადაგზე განაგრძობდა ლიტერეტურულ საქმიანობას. რა საჭირო იყო ამისათვის ეს გაუგებრობითა და უმეცრებით სავსე წერილი?
გორდეზიანი თავის წერილის დასაწყისშივე აცხადებს თავს ჩვენი ფრონტის ერთ-ერთ „მთავარ ორგანიზატორად“. ამის საპასუხოდ მე მხოლოდ ფაქტებს მოვიყვან: 1) არასოდეს გორდეზიანი არ ყოფილა ჩვენი გამოცემის რედაქტორი ან სარედაქციო კოლეგიის წევრი, 2) არასოდეს გორდეზიანს არ დაუწერია ჩვენი გამოცემებისათვის დეკლარაცია ან მეთაური, 3) არასოდეს გორდეზიანი არ ყოფილა
მომხსენებლად ჩვენს მიერ გამართულ საღამო დისპუტებზე, 4) არასოდეს იგი არ წარგვიგზავნია ჩვენს წარმომადგენლად იმ ორგანოებში, სადაც ჩვენ წარმომადგენლები გვყავს (მწერალთა საბჭო, ხელოვანთა მთავარი კომიტეტი, განსახკომის სახელოვნო საბჭო და სხ.) 5) არასოდეს გორდეზიანს არ უწარმოებია ჩვენი სახელით რაიმე მოლაპარაკება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, 6) გორდეზიანი არ მონაწილეობდა ქართველ მწერალთა ყრილობაზე, სადაც ჩვენ გვყავდა ხუთი დელეგატი. ამ რიგათ, ცხადია, თუ რა პასიური და უმნიშვნელო იყო გორდეზიანის მონაწილეობა ჩვენი ფრონტის იდეოლოგიურ-ორგანიზაციულ მუშაობაში. მხატვრულ პრაქტიკაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მართალია, გორდეზიანი მოვიდა ჩვენთან ჩვენი ორგანიზაციული
ყალიბობის დასაწყისშივე, მაგრამ მას ჩვენგან აშორებდა, როგორც განწყობილება და გაგება, ისე მთელი ათეული წელი. ამიტომ ჩვენ შორის იგი ფაქტიურად ყველაზე უმოქმედო და პასიური იყო. ჩვენ შევეცადეთ რაიმე დანიშნულება გამოგვენახა
ამ კაცისთვის და უკანასკნელად დავავალეთ მას კრებების მოწვევა და მდივნობა. ამის შემდეგ მართლაც „ხლესტაკოვის“ შუბლია საჭირო, რომ „მთავარი ორგანიზატორი“-ს პოზაში დადგეს კაცი და ლიტერატურული მიმდინარეობის „რევიზია“ დაიწყოს.
გორდეზიანის მთელი საქმიანობა გამოიხატა გარდა „H2SO4,“ ში მოთავსებულ „სიბრძნეებისა“, იმ ორი წერილით, რომელიც დაიბეჭდა გაზ. „დროული“-ს პირველსა და მესამე ნომერში.
არ ყოფილა შემთხვევა რომ ვისმე, ვინც ჩვეულებრივ პოლემიკას აწარმოებს ხოლმე ჩვენთან, ბენო გორდეზიანის წერილი დაესახელებიოს და იქედან მოეყვანოს ციტატა, ასე, რომ ეს ორი წერილიც „ცარიელი ადგილის შესავსები“ მასალაა ფაქტიურად. არის თუ არა წრესგადასული კადნიერება ასეთი „მწერლის“ მხრივ
ვისმე ლიტერატურულ ნაყოფიერებაში შეედავოს? მე მიმაჩნია ჩვენს დანაშაულად, რომ ყოველგვარი დამსახურებისა და ღირსების გარეშე რამოდენიმე წლის განმავლობაში ვითმენდით გორდეზიანს ქართველი მწერლის პოზაში. მარინეტი ერთხელ როგორღაც სწერდა: იდეალური სიყვარული პოეტებმა გამოიგონეს და
პოეტებმავე უნდა წაიღონ იგი, რადგანაც მავნებელი აღმოჩნდაო. ბენო გორდეზიანის ლიტერატურული არსებობა მართლაც მხოლოდ გამოგონებაა,– იგი ჩვენი გამოგონილია (ვაღიარებთ ამ დანაშაულს) და ჩვენვე შევეცდებით მოვხსნათ ეს მითი. ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გორდეზიანის წერილს არ გააჩნია რაიმე
მთლიანი კონცეპცია, ამიტომ იძულებული ვართ თანდათანობითი მიყოლით გავარჩიოთ ეს უმეცრებისა, ცილისწამებისა და გაუგებრობის „მოზაიკა“.
ავტორი იწყებს ქართული ლიტერატურული მემარცხენეობის აღმოცენების მიზეზების გამორკვევით, სურს ამ შემთხვევაში მარქ.-სოციოლოგიური მეთოდი მოიმარჯვოს, მაგრამ, როგორც ყველაფერში, აქაც დამახინჯებაა და გაუგებრობა. ის სწერს; „საბჭ. წესწყობილების დამყარების შემდეგ საქართველოში შეიქმნა
ახალი ყოფა“. აქედან გამოყავს მას „ქართველი ფუტურისტების“ ორგანიზაციის დაარსების ფაქტის ახსნა. ეს მოხდა 1922 წელს. ამ რიგად გორდეზიანის წარმოდგენაში გასაბჭოების მეორე დღესვე „შექმნილა ახალი ყოფა“. ცხადია, ასეთ მექანიკურ აზროვნებას არაფერი აქვს საერთო მარქსისტულ დიალექტიკასთან და ხელოვნებათმეტყველების სოციოლოგიურ შკოლასთან. ცხადია, ავტორი ერთმანეთში ურევს ორს ისეთ განსხვავებულ ცნებებს, როგორიც არის „ყოფა (быт) და „ყოფნა“ „გარემოება“ (бытье). ასე იხსხება დიდი კულტუროსნობის მქადაგებელი წერილი.
გორდეზიანი აცხადებს, რომ ჟურნალ „მემარცხენეობა“-ს
გამოსვლით მან იგრძნო, რომ ჩვენ ნაცვლად ნამდვილი „მემარცხენეებისა“
მხოლოდ „კარიერისტი ბუნტარები“ ვართ.
საინტერესოა: ოთხი წლის განმავლობაში გორდეზიანს ღალატობდა „გრძნობა და მხოლოდ ჩვენი უკანასკნელი ბეჭდვითი გამოსვლა, (რომელიც ყოველ შემთხვევაში – H2SO4 -ზე მეტი მიღწევა მაინც არის) უხსნის მას ჭეშმარიტების კარებს! ჩვენ
ზევით უკვე განვმარტეთ ამ უეცარი „გრძნობის მიზეზი – მისი გარიცხვა მემარცხენე ლიტერატურის საბჭოდან. ამითვე აიხსნება ის გარემოება, რომ გორდეზიანი უმთავრესად დემნა შენგელაიას, სიმონ ჩიქოვანს და პირადათ მე გვიღებს ნიშანში. ნიკ. ჩაჩავასთან ერთად ჩვენ დავაყენეთ საკითხი გორდეზიანის ჩვენს შორის მუშაობის შეუძლებლობის შესახებ.
გორდეზიანი გვიწუნებს მემარცხენეობის გაგებას და აყენებს საკუთარ განმარტებას. ის იძლევა ხუთ სპეციფიურ თვისებას მემარცხენეობისათვის: 1) ენის რევოლიუცია, 2) სიტყვის ქმედობა აზრისა და ხმის მიხედვით. 3) შინაარსს, 4) სიახლეს და 5) ენის ცოდნას. უკომენტარიოდაც ცხადია, რომ ამის ავტორს არავითარი
წარმოდგენა არა აქვს მემარცხენეობაზე ლიტერატურაში. აქ ჩამოთვლილი კატეგორიები ყოვლად ზოგადი ცნებებია. ენის რევოლიუციის გამოკლებით, ისინი ყოველგვარი ლიტერატურული ფაქტის თვისებებია და მემარცხენეობის სპეციფიურ ნიშნებს არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს. რაც შეეხება ენის რევოლიუციას,
გორდეზიანს უნდა მოეხსენებოდეს, რომ არც ერთ „მხატვრულ ფაქტს“ მსოფლიოში „ენის რევოლიუცია“ არ მოუცია. აქაც როგორც ყოფის საკითხში გორდეზიანის მსჯელობა ობივატელურია. მას ენის რევოლუცია მეტად მარტივად წარმოუდგენია. აქვე უნდა აღვნიშნოთ გორდეზიანის აზროვნების კონსერვატიულობა
ფორმისა და შინაარსის საკითხში. ის ცალკე იღებს „შინაარსს“ და თავის აღნიშნულ ხუთწევროვან კონსტრუქციაში მას დამოუკიდებელ ელემენტის სახით ასახელებს. ოთხი წლის განმავლობაში მას შეეძლო ამ საკითხში რაიმე ესწავლა თავისი
ამხანაგებისაგან.
რაც შეეხება ჩვენს „პოლიტიკასთან დამოკიდებულების“ გაურკვევლობას, ეს უკვე მოძველებული ანკესია, – ამხ. გორდეზიანო! ამ მხრივ ჩვენ საკმაოდ გარკვეული და ნათელი ხაზი გვაქვს აღებული. ეს ხაზი ცნობილია, როგორც ჩვენი ბეჭდვითი,
აგრეთვე ზეპირი გამოსვლებიდან. ამიტომ შრომა ამაოთ ჩაგივლისთ, ამით „წყალს ვერ აამღვრევთ“.გორდეზიანი გარკვეული მიზნით სცდილობს ჩვენი შეხედულებების გაყალბებას. იგი ბრალს გვდებს: „ისინი ებრძვიან ინდუსტრიალიზმის იდეის აგიტაციას“-ო სწერს იგი. ეს არის შეგნებული ცილისწამება. ცნობილია, რომ ჩვენი ლიტერატურული მსოფლგაგება აღმოცენებულია სწორედ ურბანისტულ და
ინდუსტრიალურ კულტურის საფუძველზე. ოდნავ კულტურული მკითხველისათვის ეს ალბად საკამათოც არ იქნება. როგორ შეგვიძლია ჩვენ ინდუსტრიალიზმის წინააღმდეგ ვიყოთ, როცა მთელი ჩვენი ორიენტაცია „მთვარის სამყაროს“ წინააღმდეგ
ამხედრებიდან იწყება?! ზაჰესი ყველაზე ადრე ს. ჩიქოვანმა შეიტანა ლიტერატურაში. „მემარცხენეობა“-ს ამავე ნომერში ბ. აბულაძე უმაღლესი პათოსით სწერს:
„ზურგი ვაქციოთ ისტორიზმის მაბეზარ დუდუნს,
კივის მხეცივით ავჭალიდან მუგუზლის ზეცა“-ო.
ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ „ინდუსტრიალიზმის გაბანალების“, მის „რელიგიოზურ ფანატიზმამდე“ დაყვანის, მანქანის „ფეტიშიზმის“ წინააღმდეგ. ასეთი ტენდენციები არის ლიტერატურაში და სწორეთ ამას ვებრძვით ჩვენ. ეს სრულიად
ნათლად არის ნათქვამი „მემარცხენეობა“-ს სარედაქციო წერილში და ამის სხვაგვარი ინტერპრეტაცია მხოლოდ „გაბოროტებულ“ ენას შეუძლია.
გორდეზიანს მეტად აკვირვებს ის გარემოება, რომ ჩვენის წარმოდგენით, „მემარცხენეობის მთლიან ფრონტში“ შედიან სხვადასხვა ლიტერატურული შკოლისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის მუშაკები.
მისთვის გაუგებარია „კლუბის მუშაკების და ახალგაზრდა თეორეტიკოსების მემარცხენეობა“. გაუგებარია მხოლოდ ის, ამხ. გორდეზიანო, რაც არ იცით! საკმაო იყო გაცნობოდით ჟურნალში მოთავსებულ იმ წერილებს, რომლებიც ქართული მემარცხენეობის რაობას შეეხება და თქვენი გაუგებრობაც მოიხსნებოდა, თუ, რასაკვირველია, განგებ არ დაეძებთ გაუგებრობებს.
„ფუტურიზმი ხომ დინამიკას ნიშნავს“, სწერს გორდეზიანი. აი რა არის მართლაც გაუგებარი და საოცარი. ფუტურიზმი მიმდინარეობაა ხელოვნებაში, რომლის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებათ წარმოდგენილია დინამიზმი. რომელი ლოღიკით (ვექილურით“ თუ უსაქმოთ მოხეტიალეთა“ ლოღიკით) ნიშნავს ფუტურიზმი დინამიკას?
გორდეზიანი სწერს: ის „ახალი“, რაც დეკლარაციაშია გმოთქმული, დღეს ყველა „კომსომოლისტმა“ იცის. შეიძლება ეს ასეა, ამაში არაფერია საშიში და სასირცხვო. ცხადია მხოლოდ ის, რომ გორდეზიანმა არ იცის რაც ყველა კომკავშირელმა იცის. კომკავშირელი სწავლობს, გორდეზიანს კი თავი კულტურის მწვერვალებზე წარმოუდგენია – აი განსხვავეია:
გორდეზიანი გადადის ჩვენი ქართულის დაწუნებაზე, საკვირველია რა უფლებით გამოდის იგი ლიტერატურული ქართულის კანონმდებლის როლში? ცნობილია, რომ ქართული ლიტერატურული ენა ჯერ აკადემიურად დაუმუშავებულია, მისი კანონები განმტკიცებული არ არის, ყოველი ქართული ფრაზა შეიძლება სადავოთ გავხადოთ, მაგრამ ქართული ენის გაწმენდისა და დახვეწის საქმე – ჩვენ ვფიქრობთ, ვერ გაკეთდება რაჭული ჟარგონის მქონე გორდეზიანისაგან, საკმაოა ერთი წინადადება მოვიყვანოთ მისი წერილიდან, სწორეთ ის ადგილი, სადაც „ენას გვიწუნებს“, რომ ნათელი გახდეს მისი „ტკბილსასმენი ენა“. „დეკლარაციაზე ხელის მომწერი შეიძლება მემარცხენეობის გაგებაში შესცდენ, მაგრამ შეიძლება, რომ ეს შეცდომა კარგი ქართული ენით გამოთქმულია”. რად აი, სწორი ქართული სინტაქსისის „იდეალური ნიმუშები”!
გორდეზიანი გადადის ჩემი წერილის („მემარცხენეობის საზღვრები“) განხილვაზე“. „აბდა-უბდა“, „მამაშვილური თეორია“, „სჭრის და კერავს“, „ვექილური ლოღიკა“, ამ ამონაწერებით ცხადი ხდება „ობიექტიური კრიტიკოსის” მიდგომის ფასი და ღირებულება. ავტორი ხშირად იხსენებს რა ჩემს იურისტობას. რა თქმა უნდა, გორდეზიანისთვის უმაღლესი განათლება ისევე გასაკვირი და სასაცილოა, როგორც ველურისათვის მთელი თანამედროვე ცივილიზაცია! პირველად მესმის, რომ კაცი თავისი გაუნათლებლობით ამაყობდეს და სხვის განათლებას დასცინოდეს!
დავანებოთ თავი ამ „წვრილმანებს“, აგრეთვე ჩემი წერილიდან ფრაზების „ჟონგლიორულ” ათამაშებას და გადავიდეთ შედარებით უფრო „სერიოზულ“ ბრალდებებზე.
ჩემს წერილში წარსულის მემკვიდრეობის საკითხის გადაჭრისათვის მე ვამბობდი, რომ ამ შემთხვევაში „მატერიალური კულტურის ანალოგია არ გამოდგება სულიერ კულტურის, იდეოლოგიის და კერძოთ ხელოვნების მიმართ“. მეორე ადგილას მე ვსწერდი ხელოვნების სოციალურ, პრაქტიკულ ღირებულების შესახებ. გორდეზიანს აქ წინააღმდეგობა აღმოუჩენია! რატომ, საიდან? რა წერტილში ხვდება და ეწინააღმდეგება ეს ორი მოსაზრება (სრულიად სხვადასხვა საკითხის შესახები) ერთმანეთს? ალბათ აქაც „მეტისმეტი მარქსისტობით“ მოდის მარცხი გორდეზიანს: როგორ შეიძლება მატერიალურ და სულიერ კულტურას რაიმე ერთმანეთის განმასხვავებელი ნიშნები და სხვადასხვაგვარი კანონები ქონდესო. ძნელია „ყურმოკრული“ მარქსისტობა!
გორდეზიანი განაგრძნობს: „საინტერესოა ჟღენტის სოციალური მიდგომა (თუ სოციალური თვალსაზრისით მიდგომა? ბ. ჟ.) ხელოვნებასთან“ და ამის გასაშუქებლათ – გამოურკვეველ მიზეზების გამო მოყავს ის ადგილი, რომელიც სულ სხვა საკითხს შეეხება ახალ ხელოვნების თემატიური ბუნების გარკვევის დროს მე ვსწერდი, რომ „ორი კულტურა - (კაპიტალისტური და სოციალისტური) ერთსა და იმავე ნივთობრივ ბაზისზე შენდება, ეს ორი კულტურა ურბანული, ინდუსტრიალური ხასიათისაა, ამიტომ მათი ინვენტარის პრინციპიალურათ ერთგვარია“ გორდეზიანი აქედან რატომღაც ასკვნის, „ცხადია, პოლიტიკური ეკონომიის პირველი ფურცელიც არ წაუკითხავს ამის ავტორს“-ო. ჯერ ერთი აქ პოლიტიკური ეკონომია არაფერ შუაშია; მეორე, – პოლიტიკურ ეკონომიას ფურცლები არ აქვს, ის მეცნიერებაა და არა წიგნი! მაგრამ საინტერესოა – საიდან ასკვნის, რომ არ წამიკითხავს? ნუ თუ შეიძლება ასე ზეპირად უტიფრობა? ალბათ გორდეზიანი კიდევ მეტად განცვიფრდება თუ ვეტყვით, რომ სოციალიზმის არსი წარმოების ტეხნიკურ პროცესის გარდაქმნაშიც არ მდგომარეობს. ნუთუ ეკონომისტობაზეც შეუძლია პრეტენზია ქონდეს ამ კაცს? ესეც მორიგი უტიფრობა და თავხედობაა!
გორდეზიანის „ჩხირკედელაობა“ იქამდე მიდის, რომ ჩემი წერილიდან კრებს ყველა არაქართულ თერმინს, რომელიც ჩემს 6 გვერდიან წერილში მიხმარია; საინტერესოა, რომ გორდეზიანი ამ „ოპერაციას“ შემდეგი მოსაზრებით ახდენს: „გავეცნოთ „ესთეტიურ ტრადიციებიდან განთავისუფლებულ“ ჟღენტსო“. რა შუაშია აქ ესთეტიური ტრადიციები? ნუ თუ თერმინების ხმარებით განისაზღვრება ესთეტიური ორიენტაცია? მე არ უარვყოფ, რომ არაქართული თერმინების ხმარება საჭიროა და შესაძლებელიც. სხვაგვარად ჩვენს დროში წერა შეუძლებელია, მით უფრო თუ რაიმე მეცნიერული იწერება, რადგან, ცნობილია, რომ ჩვენ საკუთარი მეცნიერული თერმინოლოგია არ მოგვეპოვება. აიღეთ ჩვენი სახ. უნივერსიტეტის სამეცნიერო გამოცემები და დარწმუნდებით ჩემი აზრის მართებულებაში. რუსული თანამედროვე კრიტიკა და ხელოვნების თეორიაც ჭარბათ ხმარობს არარუსულ თერმინებს, თუმცა იქ თერმინოლოგია უფრო დამუშავებული აქვთ. არის ისეთი თერმინები, რომელთაც ზოგად-საკაცობრიო მნიშვნელობა მოიპოვეს და მათი ხმარების წინააღმდეგ ბრძოლა გორდეზიანისებური ნაციონალიზმია“ ან უკეთ პრიმიტიული პროვინციალიზმი. მაგრამ მოვიყვანოთ გორდეზიანის ამავე წერილიდან (რომელშიაც უცხო თერმინების გაძევებას ქადაგებს) პატარა ამონაწერი – იგი, გარდა თერმინოლოგიის საკითხისა, მრავალმხრივ არის საყურადღებო:
„ქართულმა შემოქმედებამ იცის ორნაირი განწყობილება: ერთი იქმნება სოციალური ემოციებით, მეორე – ლირიკით. პირველ შემთხვევაში შემოქმედების შინაარსია ისტორიული პატრიოტიზმი, რომანტიული იდეალიზმი და დედმოკრატიული მოტივი; მეორე შემთხვევაში სჭარბობს ნიღილისტური სენტიმენტალიზმი. წმინდა ლირიკა იშვიათია, რადგან საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა მძლავრად მოქმედობს პოეტზე. ამიტომ ქართული ლირიკა უმთავრესად პატრიოტიზმში ან ეტნოგრაფიზმში იხრჩობა. ამით აიხსნება ქართული პოეზიის ერთფეროვნებაც. ასეთი განწყობილებით დალაგებული საგნები მისტიურ სახეს იღებს. საგანი კარგავს რეალურ ღირებულებას და გადადის ასტრალურ ყოფაში: ასტრალური საგნობრიობით მოცემული სახეები მუდამ ბუნდოვანია და სუბიექტიური. ასეთ შემთხვევაში საგნის სახე იკარგება ან სიმბოლიზმით ან ალეგორიით“.
ამ პატარა ამონაწერში 35%-ზე მეტი უცხო თერმინია. სჩანს გორდეზიანიც „სწყალობს“ უცხოეთის თერმინოლოგიას. მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ გორდეზიანი თერმინებს ხმარობს მისი აზრისა და მნიშვნელობის შეუგნებლათ. მაგალითად რა არის – ნიღილისტური სენტიმენტალიზმი? გორდეზიანმა რომ ამ ორი თერმინის აზრი იცოდეს შეაუღლებდა მათ? ან რას ნიშნავს ასტრალური ყოფა”? გორდეზიანს რომ ესმოდეს, რომ ყოფა ცოცხალ ადამიანთა სოციალური ურთიერთობის კატეგორიაა, ხომ მიხვდებოდა, რომ იგი ასტრალური არ შეიძლება იყოს, რომ ეს ორი ცნება ერთმანეთს არ ეგუება. რა არის „საგნის სახე იკარგება სიმბოლიზმით ან ალეგორიით“. სიმბოლიზმი რა შუაშია? თუ სიმბოლიკა უნდოდა ეთქვა ავტორს? სახეები შეიძლება იყოს „ბუნდოვანი და სუბიექტიური”, მაგრამ თერმინების ხმარების დროს, ამხ. გორდეზიანო, ობიექტიურობა და გარკვეულობა სავალდებულოა. ცოტა ქვევით გორდეზიანს მემარცხენეობათ ესმის თუ ხელოვანი „საგნებს აითვისებს, როგორც თვითმყოფ ღირებულებებს და არა როგორც სიმბოლოს და ალეგორიას”. გორდეზიანს, რომ წარმოედგინა, რომ ალეგორიული ათვისება არ არსებობს, რომ ეს გამოხატვის ხერხია და არა ათვისების, ხომ არ დასწერდა ასეთ უაზრობას? მაგრამ ზემოთმოყვანილი ამონაწერები სხვა მხრივაც საყურადღებოა. დაუკვირდით მის მიერ წარმოდგენილ „კლასიფიკაციას!“ რა კრიტერიით ყოფს „სოციალურ ემოციებს და „ლირიკას“. განა ლირიკა არ შეიძლება სოციალურ ემოციებზე აშენდეს, ან ლირიკამ სოციალური ემოციები აღძრას? ან როგორ შეიძლება ორი სრულიად სხვადასხვა გვარეობით ცნებების დაპირისპირება? განა უაზრობა არ არის იმის თქმა, რომ სოციალურ ემოციებით შექმნილი განწყობილების დროს შემოქმედების შინაარსი (ხაზი ყველგან ჩემია. ბ. ჟ.) რომანტიული იდეალიზმი, ისტორიული პატრიოტიზმი და დემოკრატიული მოტივია, ხოლო ლირიკით კი – ნიღილისტური სენტიმენტალიზმი? რა „თვითნებური“ თეორიაა! რატომ არ შეიძლება ლირიკაში მოცემული იყოს პატრიოტიზმიც, იდეალიზმიც, დემოკრატიული მოტივიც?
მაგ. ილიას „ელეგია“ ლირიკაა, თუ „სოციალური ემოციები“? მოგვეცით აქ საზღვარი. ანდა რა არის „წმინდა ლირიკა“, რომელზედაც გორდეზიანი ლაპარაკობს?
გორდეზიანი გვეუბნება: „იდეოლოგიის გაშლისათვის საჭიროა თქმის ახალი ფეხნიკა. ტეხნიკა გულისხმობს ენის რევოლუციას და სიტყვის შექმნას“ ჯერ ერთი გორდეზიანს უნდა განვუმარტოთ რომ, თუ ხელოვნება ნაწილია იდეოლოგიისა, მისი „ტეხნიკა“ „იდეოლოგიის გაშლისათვის“ კი არ არის მოწოდებული, ისიც ელემენტია იდეოლოგიისა, აქ ისე, როგორც ფორმისა და შინაარსის საკითხში, გორდეზიანს წარმოუდგენია იდეოლოგია ცალკე, პოეტური ტეხნიკა ცალკე. მაგრამ საინტერესოა რატომ გულისხმობს ტეხნიკა, ენის რევოლუციას? ნუ თუ დაფიქრება, მოსაზრება არ სჭირდება წერას? ნუ თუ ასეთი ელემენტარული შეცდომები ეპატიება „უმაღლესი კულტურის“ პრეტენდენტს გორდეზიანს. ის აკი სწერს: „მემარცხენეობაში ვერ გამოდგება საშუალო კულტურის შემოქმედიო“, სჩანს თავი კულტურის მწვერვალზე წარმოუდგენია, მაგრამ „წყეული ფაქტები და ამონაწერები“ სხვას გვეუბნებიან:
„მე მგონია, რომ მემარცხენეობა იგივეა, რაც ფუტურიზმი“, სწერს გორდეზიანი მე კი მგონია და ვიცი, რომ ამას არ დასწერს ის, ვისაც თანამედროვე ხელოვნებაზე რაიმე წარმოდგენა შერჩენია. გორდეზიანისათვის ახალი ამბავი ყოფილა რომ თანამედროვე მემარცხენე ხელოვნება აღარ თავსდება ფუტურიზმის მოძველებულ ფორმულაში. მას უნდა განვუმარტოთ, რომ მარინეტის ფუტურიზმი ეხლა უკვე მემარცხენე და ახალი აღარ არის, რომ მაგალითად ფრანგული „სიურ-რეალიზმი”, ან რუსული „леф“ – განსხვავდება ფუტურიზმისაგან, სცილდება მის საზღვრებს. ნუ თუ ასეთ ელემენტარულ 6საკითხებზეც საჭიროა კამათი?
საყურადღებოა გორდეზიანის შემდეგი „კონსტრუქცია“, მას წარმოუდგენია რომ ხელოვნებაში არის ამბოხების პერიოდი“ და ამის შემდეგ იწყება „მემარცხენე შემოქმედება“, აქაც მექანიკურ მსჯელობასთან გვაქვს საქმე. უნდა განვუმარტოთ ამხ. გორდეზიანს, რომ ყოველი „მემარცხენე შემოქმედება“, რამდენათაც იგი აგებულია ძველისაგან განსხვავებული კანონებით და ახალი ხერხებით თავის თავში ატარებს ძველის უარყოფას, და ამდენათვე „ამბოხების“ მომენტსაც. ლიტერატურის ისტორიაში ასე ხდება ახალი კანონების დამკვიდრება და საერთოთ ცვალებადობა. ამბოხებას სწორედ ახალი შემოქმედება ახდენს. ეს ორი მომენტი ასე განცალკევებულად არ არსებობენ ლიტერატურის ისტორიაში.
ნათქვამიდან ცხადია, თუ რამდენ გაუგებრობასა და უმეცრებაში იძირება გორდეზიანის თვალსაზრისი და კრიტიკული ალღო. აქედან აშკარაა თუ რამდენათ სწორი იქნება მისი წერილის ის ნაწილი, სადაც იგი აფასებს „მემარცხენეობას“ მხატვრულ პროდუქციას. „გამართული სტრიქონი“, „მემარცხენეობის ყნოსვა“, „გამართული ნიჭი“, „სანდომიანი პოეტი“ და სხვ. – აი ის ყოვლად უაზრო და ზოგადი ფრაზები, რომელიც კარგად ახასიათებს ამ კრიტიკოსს. გადაჭრით იწუნებს. შ. ალხაზიშვილის ლექსს. დავით გაჩეჩილაძის „ზელიმხანი“, ხომ ყოველგვარ გემოვნების დაკარგვათ ეჩვენება. რა გაეწყობა, გემოვნება მეტად სუბიექტიურია! გორდეზიანს ცხადია არ მოეწონება „ზელიმხანი“. აკი მის საკუთარ კალამს ეკუთვნის ისეთი სტრიქონები, როგორიცაა: „ცხრა უღელი კატა მიათრევს ტრამვაის“, „რა შუაშია აქ ყალიონი“, „ქოთანი, სააკაძე და მეწისქვილე“. ცხადია, ასეთი დიდი გემოვნების პატრონს ძნელად მოეწონება სხვისი ლექსი. „გემოვნებაზე არ კამათობენ“, მაგრამ კრიტიკოსი მარტო საკუთარ გემოვნებას არ უნდა ემყარებოდეს. გორდეზიანი შენიშნავს ბ. აბულაძეს, რომ „საგნებს ალაგებს სიმბოლიური ხედვით და ლექსიკონიც სიმბოლიური აქვსო“. რაღა მოეთხოვება კრიტიკოსს, რომელმაც არ იცის, რომ სიმბოლიური ხედვა არ არსებობს, მით უფრო სიმბოლიური ლექსიკონი (სულ სხვაა სიმბოლისტური). გორდეზიანი ხუმრობასაც არ იკლებს და სწერს: „ეტყობა, რომ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას მემარცხენეობა და უნიჭობა ერთი და იგივე გონია“. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ გორდეზიანის წერილს დიდის ხალისით დავბეჭდავდით „მემარცხენეობაში“ და მთელი ეს მისი „რისხვაც“ აცდენილი გვექნებოდა.
გორდეზიანი ფიქრობს, რომ ჩაჩავას ხალხურ პოეზიასთან დაახლოვება გორდეზიანისაგან უსწავლია. ..H2 SO4 -ში გადაჭრით განვაცხადე – ხალხური თქმა არის საწყისი ჩვენი სიტყვის“. ეს ზურგიელიძის სიბრძნე „განუცხადებია“ გორდეზიანს. ჩაჩავას აქვს საკუთარი ხაზი ლექსის შენებისა და გორდეზიანი მას ვერც ქართულში შეედავება, ვერც, თუ გნებავთ, „ნიჭში“. ჯერ-ჯერობით ასეთია ფაქტიური ფაქტიური მდგომარეობა.
„კორიტიკოსი“ გადადის სიმონ ჩიქოვანის ლექსების „განხილვაზე“ გადმოგვცემს ლექსის „მოკლე შინაარსს“. ეს ყოვლად პრიმიტიული კრიტიკის თვისებაა, სად გაგონილა თანამედროვე კრიტიკა, რომ ლექსის „пересказ“-ს იძლეოდეს? „სენტიმეტალური და სიმბოლისტური შინაარსი“–აო ასკვნის გორდეზიანი, რადგან პოეტს ლექსში ქალი ყოლია ნაგულისხმევი. თუ ქალია და სეირნობბაც, სენტიმენტალიზმი და სიმბოლიზმი ყოფილა, ცხადია, ამის დამწერ კრიტიკოსს არ გაეგება, რომ სენტიმენტალიზმი და სიმბოლიზმი – სიუჟეტის და არც თემის მიხედვით არ განისაზღვრება, რომ აქ მსოფლმხედველობასთან გვაქვს საქმე, მიმღეობისა და კონსტრუქციის თავისებურ ხერხებთან. გორდეზიანი ამოსწერს ჩიქოვანის ლექსებიდან მთელ რიგ სიტყვებს და უკვირს: როგორ შეიძლება მემარცხენე პოეტი ხმარობდეს სიტყვებს: წვიმა, წუხილი, წვეთები, თმები, მუხლები და სხ. ჯერ ერთი კრიტიკოსს უნდა გაეგებოდეს, რომ პოეტურ ლექსიკონში არ არსებობს „უფლებადაკარგული“ სიტყვები. ყოველი სიტყვა შეიძლება იქნეს აღებული პოეტური კონსტრუქციის მასალათ. გარდა ამისა, გორდეზიანს არ გაეგება, რომ ჩიქოვანი მთელ რიგ შემთხვევებში სიტყვებს იღებს, როგორც ფონეტიურ მოვლენას (სიტყვა, როგორც ბგერითი მასალა, სიტყვა, როგორც ნივთი პოეტური მშენებლობისათვის) და არ საზღვრავს მას საკომუნიკაციო სემანტიკით. საჭირო კია თანამედროვე კრიტიკოსმა ცოტა რამ ისწავლოს ახალი პოეტური ლექსიკისა და სინტაქსისის შესახებ. სიმონ ჩიქოვანი ძველ პოეზიას ემიჯნება ლექსის მშენებლობის ახალი მეთოდებით. ვისაც ჩიქოვანის კრიტიკა უნდა, მან ეს მეთოდები უნდა განიხილოს და არა „ლექსიკონი“. სჩანს გორდეზიანი ობივატელური გულუბყვილობით კითხულობს ლექსებს! ეს არ ეპატიება „მემარცხენეობის“ „რევიზორს!“.
გორდეზიანი ჩიქოვანის მიმართაც შეგნებული ცილის წამებას ხმარობს. ჩიქოვანის დიალოგიურ ხერხით აგებულ ლექსიდან „(მიძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილს“), რომელიც აგებულია დაპირისპირებასა და კონტრასტის მეთოდით, მოყავს სტრიქონი, რომელსაც ავტორი ათქმევინებს ბარათაშვილს: „გამოსავალი ხალხში არ არის“. კრიტიკოსი ამ სტრიქონს მიაწერს სიმ. ჩიქოვანს და აქედან გამოყავს მთელი პოლიტიკური ფიზიონომიის შესახები დასკვნები. აქ უკვე საქმე გვაქვს კრიტიკოსის უმეცრებასთან კი არა ფაქტების განზრახ გაყალბებასთან.
გორდეზიანი გადადის მემარცხენეობაში“ წარმოდგენილ პროზის ანალიზზე. სტეფანე კასრაძის ნამუშევარში პატოლოგიას ხედავს. საიდან? რატომ? აქ კრიტიკოსი მართლაც რომ პატოლოგიაში ვარდება, ხედავს იმას, რაც არ არსებობს. ეს პატოლოგიური მოვლენაა! ყველაზე მეტი სიმძაფრით თავს ესხმის დემნა შენგელაიას (დემნა ხომ „მემარცხენეობის“ სარედაქციო კოლეგიის წევრია, და გორდეზიანის წერილის დაბეჭდვაზე უარის ავტორი). უსაყვედურებს მას სამი მეთოდის ერთმანეთში არევას. ზემოთ ჩვენ გავარკვიეთ, რომ გორდეზიანს „მეთოდების“ არაფერი გაეგება. აქაც იგივე მტკიცდება: სანიმუშოდ მოვიყვანთ რომ „სიმბოლისტური მეთოდი” მას ესმის, როგორც „რეალისტურად ხორცასხმული იდეის აღწერა“, განა შეიძლება ამის დამწერს მეთოდის შესახებ ვეკამათოთ? გორდეზიანი იმეორებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გავრცელებულ ტრაფარეტულ აზრს, რომ დემნა შანგელაიას არაფერი საერთო აქვს მემარცხენეობასთან. კრიტიკოსი ახალ აზრებსაც უმატებს: დემნას ინტუიციას და ნებისყოფას უწუნებენ. „ცხრა უღელ კატის“ ავტორი ბოლოს შენგელაიას „ლიტერატურულ უსინდისობაშიც რწმუნდება”. უპასუხისმგებლობა უფრო შორს ვერ წავა! მაგრამ გორდეზიანის კურიოზებით სავსე წერილში არის ერთი უმაგალითო კურიოზიც. „წმინდა ფუტურისტულ მიღწევებად“ გვიჩვენებს ბესიკის „ტანო ტატანოდან“ და სხვა ლექსებიდან ციტატებს. ძველი ქართული პოეზიის ცოდნის პრეტენდენტს ბესიკში ფუტურისტი აღმოუჩენია? წარმოსადგენია მეტი უმეცრება? ბესიკი, აღმოსავლური პოეზიის, მისი ეკზოტიკის, ეროტიკის, მზიურობის განსახიერება; – ფუტურიზმი – წმინდა ევროპიული მიმდინარეობა, აღმოცენებული ურბანიზმის ნიადაგზე, თავისი მაშინერიით, დინამიკით, ექსპრესიით როგორ შეიძლება ამ ორი სრულიად მოწინააღმდეგე კულტურულ პოლიუსებზე მდგომი მოვლენების ერთმანეთში არევა? ეგებ ბესიკის მეტაფორა ან ალიტერაცია ატყუებს გორდეზიანს? ასეთი სტილისტური ხერხებით ხომ მთელი ჩვენი პოეზია, მთელი სპარსული პოეზიაც სავსეა! ყველაფერი ეს ფუტურიზმი ყოფილა! ბესიკი – ფუტურისტი! ასეთია „გაბოროტებული ადამიანის“ კრიტიკული შორსმჭვრეტელობა. მართლაც „შორსმჭვრეტელობა“!
მე მახსენდება ერთი ქართველი მწერალი საჯარო დისპუტზე მიმტკიცებდა – კონსტრუქტივისტები და კუბისტები ძველ ეგვიპტეში იყვენო! დაახლოვებით იგივეა გორდეზიანის შეხედულებაც.
მე მახსენდება ერთი ქართველი მწერალი საჯარო დისპუტზე მიმტკიცებდა – კონსტრუქტივისტები და კუბისტები ძველ ეგვიპტეში იყვენო! დაახლოვებით იგივეა გორდეზიანის შეხედულებაც.
დასასრულ კრიტიკოსი განცვიფრებულია იმ მოვლენით, რომ შალვა ალხაზიშვილი, რომელიც ტფილისს არ გასცილებია” სწერს თანამედროვე მხატვრობის შესახებ. კარგი იქნებოდა „მსოფლიოშემოვლილ კრიტიკოსს აღენიშნა თუ რა შეცდომები დაუშვა ალხაზიშვილმა თავის წერილში. ვინ უარჰყოფს, რომ ორიგინალებში გაცნობა თანამედროვე მხატვრობისა (ლიტერატურისაც) უკეთესია, მაგრამ განა არ შეიძლება რეპროდუქციებს ან მიღებული ლიტერატურის მიხედვით იქონიო შეხედულება ეხლანდელ მხატვრობაზე? არ შეიძლება ტფფილისელს ქონდეს წარმოდგენა მიქელ-ანჯელოზე, რაფაელზე? ავტორს გონია, რომ ეს არ შეიძლება, რადგან, მისი აზრით „მხატვრობა არის ხელოვნება თვალის (ხედვის) და ემყარება ფერს“. მარტო ფერს? საიდან გაიგეთ ასეთი სიბრძნე? მაშ გრაფიკა არ ყოფილა მხატვრობა; გეორგ გროსი, ფრანს მაზრელი არ ყოფილან მხატვრები, რადგან მათ ფერებთან არ ქონიათ საქმე. გორდზეიანს მოეთხოვება იცოდეს, რომ მთელი ფრანგული კუბიზმი სწორეთ „ფერადულობის“ (რომელიც იმპრესიონიზმმა გააბატონა) უარყოფიდან გამოვიდა. მას უნდა ესმოდეს, რომ თანამედროვე მხატვრობა გრაფიკული ნახაზებით, კონსტრუქტივიზმით, წარმოებითი პრინციპებით არ ემყარება უმთავრესად ფერებს, რაც შეეხება იმას, თითქოს ჩვენ ვფიქრობდეთ, რომ ქართული თეატრი გამრეკელმა შექმნა – ესეც უდიდესი ცილისწამებაა. ამის მსგავსი ჟურნალში არაფერი სწერია. აქ ლაპარაკია მხოლოდ ირ. გამრეკელის თანამშრომლობაზე ეხლანდელი ქართული თეატრის შექმნის საქმეში. ქართული თეატრის მუშაკებმა კარგად იციან ჩვენი მათდამი დამოკიდებულება და მზგავსი ცილისწამებები აგრეთვე ამაო შრომაა. ამითაც „წყალს ვერ აამღვრევსთ“.
აქ ვათავებთ გორდეზიანთან კამათს. ვფიქრობ ესეც საკმაოა იმისათვის, რომ გორდეზიანმა იგრძნოს თავისი გამოსვლის „უხერხულობა“ და მომავალში „თავი შეიკავოს“. ამიტომ მე მგონია ეს პირველი შეკამათება მასთან – ამავე დროს უკანასკნელიც იქნება. მე არა ვარ მომხრე ლიტერატურაში „სამოქალაქო ზავის“; მე პირველი მხარს ვუჭერ ცხოველ და საქმიან პოლემიკის საჭიროებას, მაგრამ ამისათვის საჭიროა პირველყოვლისა პასუხისმგებლობა, ცოდნა, და რაიმე ეთიური ნორმებიც. უამისოდ კრიტიკოსი ვერ გაიხარებს. ეს უნდა იცოდეს ყველამ და პირველ ყოვლისა: მამარცხენეობას“ „რევიზორმა!“
ჟურნ. „ქართული მწერლობა“ 1927 წ. №6-7