cover

ბესარიონ ჟღენტი // „მუშათა თეატრი“ რაც გინახავს ვეღარ ნახავ

მუშათა თეატრი „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“

პიესა აქვს. ცაგარლის. ტექსტი გადაკეთებულია ნიკ. ჩაჩავას მიერ დადგმა მიხ. ჭიაურელის

ქართული თეატრალური მშენებლობა დღემდე სახელმწიფო დრამით განისაზღვრება. სხვა თეატრალური ერთეული საქართველოში არ არსებობს. თუმცა ორგანიული მთლიანობა მხატვრული პრინციპისა და მშენებლობითი მეთოდების მხრივ — რუსთაველის თეატრსაც არ აქვს, რაც არა ერთხელ აღგვინიშნავს.
ტფილისში არსებული „მუშათა თეატრი“ დრამატიული ხელოვნების დაძველებულ ჟანრებზე ემყარება. იგი თავისი მხატვრული კონცეპციით გაცილებით მემარჯვენეა და კონსერვატიული, ვიდრე „აკადემიური დრამა“. ეს მოვლენა
თითქო ბუნებრივად არის მიჩნეული და ამის წინააღმდეგ არავინ ლაპარაკობს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გაუგებრობაა და უდიდესი შეცდომა. შეუძლებელია მუშათა პროგრესიულ აუდიტორიისათვის გამიზნული თეატრი შენდებოდეს აკადემიურ დრამიდან გაძევებულ თეატრალურ ტრადიციებზე. შეუძლებელია პროლეტარიატის ესთეტიური კულტურა ყალიბდებოდეს იმ ტრაფარეტის
ფარგლებში, რომელიც ბურჟუაზიულ თეატრების დეკადანსის პერიოდში გამომუშავდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ მუშათა აუდიტორიას აქვს მეტი პრეტენზია და მოთხოვნილება ახალი ხელოვნების პრინციპებზე აგებული სანახაობით ხელოვნებისა, რადგან იგი შედარებით ნაკლებათაა დატვირთული ძველი
კულტურის ტრადიციებით, რადგან იგი უფრო მეტად ანტიპოდურია მომაკვდავი კულტურის მემკვიდრეობისადმი.
ეს გარემოება უეჭველად უნდა იქნეს გათვალისწინებული. მუშური აუდიტორიის ესთეტიურ დამახინჯებას და პასსეიზმში გადაჩეხას ბრძოლა უნდა გამოეცხადოს. მუშათა თეატრი აკადემიურ დრამაზე მეტად უნდა წარმოადგენდეს ექსპერიმენტებისა და მემარცხენე აღმოჩენათა ლაბორატორიას.
ამ მხრივ პირველ გაბედულ ექსპერიმენტს რეჟ. მიხეილ ჭიაურელის დადგმა წარმოადგენს: „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. როგორც ყოველ ცდას, ამ სპექტაკლსაც აქვს დეფექტები და ლაპსუსები. ამ წერილში ჩვენ მხოლოდ იმ ექსპერიმენტალურ მიღწევების აღნუსხვა გვინდა, რომლებიც პროგრესიულად და დადებითად მიგვაჩნია.\

  1. აქვ. ცაგარელის კომედიის მძაფრი კომიზმის სცენიური რესტავრაცია შეუძლებელი იქნებოდა „საავტორო უფლების“ ხელშეუხებლათ ტექსტის დაცვით სპექტაკლი სავსებით ისტორიზმში და ეტნოგრაფიაში ჩაიძირებოდა. ამიტომ ტექსტის დაშლა და მისი რეკონსტრუქცია თანამედროვე ყოფისა და სტილის ფონზე — სავსებით მიზანშეწონილია დანიშნულებრივად (ამ მხრივ აღსანიშნავია რეჟისორთან ნიკ. ჩაჩავას ლიტერატურული თანამშრომლობა).\
  2. სპექტაკლის ცენტრი გადატანილია სოციალურ მომენტზე და მისი მხატვრული განვითარება სოციალურ კოლლიზიების ფონზე მიმდინარეობს. ამ მხრივ დადგმა სანიმუშოა: როგორ შეიძლება თეატრი გაექცეს „ხალტურას“ და მაინც დარჩეს აგიტაციის ფუნქციაში.\
  3. კომედიაში შეტანილია საკლუბო ხერხები (რაც მონოტონობას არღვევს) და გამოყენებულია მუსიკალური ეფექტები (ამ მხრივ აღსანიშნავია რეჟისორთან ანდრო ბალანჩივაძის მუსიკალური თანამშრომლობა).\
  4. კომედიაში შეტანილია მოულოდნელობის, გაუცხოებისა და „სიურპრიზების“ ხერხები.\
  5. სპექტაკლის კომიზმი შენდება უმთავრესად მოძრაობათა კონსტრუქციით, რაც თანამედროვე თეატრის მთავარ პრინციპს უნდა წარმოადგენდეს.\
  6. სცენიური ინვენტარის მაქსიმალური უტილიზაციით გადაჭრილია თეატრალური კონსტრუქტივიზმის ამოცანა. არც ერთი საგანი სცენაზე არ რჩება სტატიურ და გამოუყენებელ მდგომარეობაში (სადღვებელი, ტახტი, ხმალი, დამბაჩა და სხ.).
    ეს დადგმა სრულიად არ შედის პრიმიტიულ თეატრის რკალში. როგორც სჩანს, დადგმა აგებულია სავსებით თანამედროვე და მემარცხენე პრინციპებზე. აუდიტორიისა და სცენის ემოციონალური ურთიერთობა მიღწეულია.
    დადგმის საერთო კოლორიტს ავსებს ლადო გუდიაშვილის დეკორატიული ესკიზები. ამ დადგმით მუშათა თეატრმა პირველად გადალახა ძველი ხელოვნების საზღვრები, ამ გზით უნდა განვითარდეს მუშათა თეატრის მხატვრული ფორმაცია.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი