ბესარიონ ჟღენტი // „საბჭოთა ხელოვნება“
„საბჭოთა ხელოვნება“
განათლების სახ. კომისარიატის ხელოვნების განყოფილების ორკვირეული ჟურნალი
ახალი ხელოვნების პროგრესისა და წარმატების ერთ მთავარ პირობას საზოგადოებრივი გემოვნების დაწინაურება და ესთეტიური აზრის განვითარება წარმოადგენს.
მოსკოვის სახელოვნო ცხოვრება ამ მხრივაც სამაგალითოა და სანიმუშო. იქ ყოველი ახალი მხატვრული ფაქტი მაქსიმალური რეზონანსით სარგებლობს. იქ სახელოვნო საკითხების გარკვევასა და დამუშავებაში უშუალოდ მონაწილეობენ
სახელმწიფო მოღვაწეებიც კი. ეს გარემოება იმით აიხსნება, რომ საბჭოთა სახელმწიფოს თვალსაზრისით, ხელოვნება ახალი საზოგადოებრივობის ფორმაციის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორთაგანია.
საქართველოში მდგომარეობა ამ მხრივ არ არის დამაკმაყოფილებელი, რომ სპეციალური სახელოვნო პრესა არ არსებობს. გაზეთები კი ხელოვნების საკითხებში შემთხვევით რეცენზენტებზე ემყარებიან, რომელთაც, ცხადია, არ შეუძლიათ
იმპულსი მისცენ ხელოვნების პროგრესიულ მიმართულებას.
ბუნებრივია, რომ ასეთ საგრძნობ დანაკლისს გვერდს ვერ აუვლიდა სახელოვნო განყოფილება და მისი ჟურნალის „საბჭოთა ხელოვნება“-ს სახით მოცემულია ცდა ამისა.
ჟურნალმა პირველი ნომრიდანვე აიღო ხაზი ქართულ ხელოვნების ყველა სფეროების შეთავსებისა თავისი მხედველობის ორბიტში. თეატრი, კინო, მუსიკა, მხატვრობა, ლიტერატურახელოვნების ყველა ეს დარგები პოულობენ თავის მიღწევათა ასეთს თუ ისეთს შეფასებას ჟურნალის ფურცლებზე. მე-3 და მე-4 ნუმერში იყო ცდა ჟურნალის თეატრალურ ბიულეტენად გადაქცევისა. ცხადია, ასეთ ცდას არ შეიძლებოდა გამართლება ჰქონოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ისეთ ქალაქში, სადაც ორი თეატრი არსებობს, თეატრალური ბიულეტენის არსებობა ზედმეტიცაა და ასეთი ტიპის ჟურნალს ნაკლები მნიშვნელობა და გასავალი ექნებოდა.
მე-5 ნომრიდან ჟურნალმა დაიბრუნა ზოგად-სახელოვნო ორგანოს ხასიათი და მან უეჭველად ამ ხაზით უნდა განაგრძოს არსებობა. ჟურნალი მიმართავს ხელოვნების საკითხების დამუშავებისათვის ისეთ ცხოველ და მიმზიდველ ფორმებს,
როგორიცაა დისკუსია, ანკეტა და სხ.
დისკუსია ჟურნალმა მართლაც ფართოდ უნდა გამოიყენოს ყველა ძირითად თეორეტიულ საკითხების გარკვევაში. საბჭოთა სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის სახელოვნო პოლიტიკა ნათლად გულისხმობს რომ ხელოვნების სპეციალ საკითხებში ერთიანი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისი არ არსებობს. თვით მარქსისტული ესთეტიკა და ხელოვნებათმეტყველება ჩამოყალიბებისა და ფორმაციის პროცესშია. ასეთ მდგომარეობაში ესთეტიური აზრი მხოლოდ სადისკუსიო ბრუნვაში შეიძლება ჩამოყალიბდეს.
ჟურნალმა უკანასკნელ ნომრებში შეასუსტა საბიბლიოგრაფიო ნაწილი, რაც არ შეიძლება დადებით მოვლენად ჩაითვალოს.
აღსანიშნავია ჟურნალის ტენდენცია: ახალგაზრდა ძალებზე დამყარება.
ცხადია, ახალი საზოგადოებრივობის ესთეტიური კულტურა ახალი ინტელიგენციის მიერ უნდა შენდებოდეს.
სამწუხაროა, რომ ჟურნალმავერ მოახერხა სისტემატიური გამოცემის ხასიათი მიეღო. მისი გამოცემის ეპიზოდიურობა შეუძლებელს ხდის ჟურნალმა თავის ირგვლივ მუდმივი მკითხველი აუდიტორია შექმნას. ამას უნდა მიექცეს სათანადო ორგანოების ყურადღება.
ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. № 1