cover

ბესარიონ ჟღენტი // დღევანდელობის დირექტივები

დღევანდელობის დირექტივები

ქართული მემარცხენეობის მებრძოლმა პოზიციამ გადალახა ლიტერატურის საზღვრები. უკანასკნელი პერიოდის ჩვენი მუშაობა — საკითხის დაყენების მაშტაბით განირჩევა. ახალი პოეტიკის თეორეტიულ-პრაქტიკული განმტკიცებიდან,
ძველი, ტრაფარეტული ლექსისა და პროზის კულტურასთან ბრძოლიდან — ჩვენ გადავედით მთელი მხატვრული კულტურის რეორგანიზაციისათვის ბრძოლაზე; ლიტერატურულ შკოლით დაწყებული მემარცხენეობა —კულტურულ-საზოგადოებრივ მოძრაობათ იქცა.
ჩვენი მხატვრული-იდეოლოგიური კონცეპცია ხელოვნების დანიშნულების, მისი სოციალურ ფუნქციის რევიზიით იწყება: ძველი საზოგადოებრივობის სოციალპოლიტიკურ სისტემაში ხელოვნების ადგილი და ამოცანა “თვითმიზნობრივი ესტეტიზმის, თავდავიწყებისა და ჰაშიშის, ამსახველობისა და ილიუზიონიზმის ცნებებში თავსდებოდა. ჩვენი რამოდენიმე წლის მტკიცებამ ნათელი გახადა ასეთი გაგების შეუსაბამობა დღევანდელობის ბუნებასთან, გარდამავალი პერიოდის მატერიალურკულტურულ მშენებლობის ამოცანებთან.
ძველი საზოგადოებრივი ურთიერთობის ნიადაგზე აგებული ადამიანის ფსიქიკის რეკონსტრუქცია, წარსულის ნამემკვიდრევ ცრუმორწმუნოებათა აღმოფხვრა, სენტიმენტალურ-რომანტიულ განწყობილებათა დაშლა, ძველი გემოვნებისა და ესთეტურ-იდეოლოგიურ თვალსაზრისის რღვევა “– აი, ხელოვნების
პრაქტიკული დანიშნულება ჩვენს დროში.
ასეთია იმ ფორმულის კონკრეტიული გახსნა, რომლითაც ჩვენ ხელოვნებას ახალ ცხოვრების მშენებელ ძალათ, კულტურული რევოლიუციის ძირითად საქმეთ ვაცხადებთ.
აქ ნათელია განსხვავება და დაპირისპირება. ახალი დანიშნულება, ახალი ამოცანა თვით ხელოვნების შინაგან რეკონსტრუქციას ბადებს. შეუძლებელია თანამედროვეობის ამოცანას ვუპასუხოთ ძველი ხელოვნების კანონებზე აგებული
მხატვრული ფაქტით. ეს კანონები იმდენათ გაცვეთილი და ავტომატიზაცია ქმნილია, რომ მათ დაკარგეს ზემოქმედების ის ინტენსივობა და სიცხოველე. ეს კანონები იმდენათ შეფარდებული იყო ძველი ხელოვნების დანიშნულებრივ ბუნებასთან, და ისეთი ორგანიულობით დაკავშირებული ძველი საზოგადოებრივობის სხეულთან, რომ მათი გამოყენება ჩვენს პირობებში — შეუძლებლათ ხდის ხელოვნების დაკავშირებას დღევანდელობის მოთხოვნასთან. პარალელურად ხდება ხელოვნების მასალებრივი ინვენტარის ცვლა. ძველი, ტრადიციული ხელოვნების ხერხობრივი აპარატით მისვლა ახალი ცხოვრებით შემოტანილ მასალასთან არღვევს
მხატვრული ფაქტის ორგანიულობას და მთლიანობას. ეს არა სპობს ძველ მასალებზე მუშაობის შესაძლებლობას. ელექტრონის ეპოქა იყენებს ქვის, ბრინჯაოს და რკინის მასალას, მაგრამ აქ სულ სხვაა — ამ მასალის კონსტრუქციის მეთოდი, ახალია მშენებლობის

კანონი. თუ ასეა მატერიალურ კულტურაში, მით უფრო ხელოვნების სფეროში ძველ მასალებზე მუშაობაც კი — უეჭველად ახალ მეთოდებს და ხერხს მოითხოვს. ამიტომ ვაყენებთ ჩვენ ახალი ხელოვნების ძირითად პირობათ – ახალ მხატვრული ხერხების
აღმოჩენას, მიმდინარე მშენებლობით პროცესებთან შეფარდებით. ახალი ამოცანა ბადებს ხელოვნების ახალ ფორმების საჭიროებას. აქედან მივდივართ ახალი მასალის ძიებისაკენ. ხელოვნებიდან იდევნება რომანტიულ-ეკზოტიური მასალა, ილლიუზიისა, ასბტრაქციისა და ამსახველობის ხელოვნებიდან — ჩვენ მივდივართ
ფაქტების ხელოვნებასთან. აქ ისპობა ფანტასტიური მასალა, გამოგონილი სიუჟეტი, ინტიმურ-ინდივიდუალურ განცდების თემატიკა, ტიპიურ-განმზოგადებელი ყოფითი ფაბულა. ასეთი მასალობრივი „შინაარსი“ სავსებით შეეფერებოდა იმ დროინდელ ხელოვნებას, როცა იგი ცხოვრებიდან გაქცევის, ან ცხოვრების ილლიუზიის მიცემის საშუალებათ იყო გაგებული. ახალი ხელოვნების მასალა არის რეალური და არა „გამოგონილი“ ფაქტი. ხოლო ამ ფაქტების კონსტრუქციის და დალაგების სპეციფიურობა ბადებს მხატვრული ნივთის ღირებულებას, რომელიც ჩვენ გვესმის, როგორც ახალი, მანამდე არ ყოფილა კატეგორია, რომელიც ავსებს და ემატება ცხოვრებას —ნივთებისა და ფაქტების ჯამს. ფაქტიური მასალა და მხატვრული ფორმაციის ახალი ხერხები თანამედროვე ხელოვნების გზა.აქედან ნათელია,თურატომ ვაყენებდით და ვაყენებთ ჩვენ პრიმატულ ამოცანათ ახალ ხელოვნებაში — ახალი სტილისტიურ ხერხების აღნაგობას, რასაც საერთო ხმარებაში „მხატვრული ფორმა“ ეწოდება — აქედან ჩვენი ფორმულა „ფორმალურ რევოლიუციისა“, აქედან ჩვენი პოზიცია წარსულის მემკვიდრეობის საკითხებში.
ესთეტიურ ფეტიშიზმის ნაცვლად ჩვენ შეგვაქვს ხელოვნებაში მიზან-შეწონილობის, უტილიტარობის, გეგმაზომილობის პრინციპი. ხელოვნება კარნახობს ყოფის ორგანიზაციის კანონებს; ხელოვნება ახდენს ახალი ფსიქიკის რეგულიაციას, ხელოვნება ამოძრავებს მასებს ახალი ცხოვრების ფორმაციისაკენ. და ეს „სოციალური დაკვეთა“ პირველ ყოვლისა თვითხელოვნების ორგანიზმის ახალ პრინციპებზეაგებასგულისხმობს.
ამიტომ ყოველგვარი მხატვრული მუშაობა უმნიშვნელოა და უსარგებლო; თუ იგი არ შეიცავს ძველი ესთეტურ ტრფიალების რღვევიდან — დღევანდელობის შესაფარდ ხელოვნების ელემენტებს. ეს არის ერთად-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც ვაფასებთ ჩვენ თანამედროვე ქართული ხელოვნების მდგომარეობას.
მემარჯვენე ბანაკი ქართული მწერლობისა ისევ პასსეიზმის, პრიმიტივის და უმეცრების ჭაობში ბრუნავს. მისი ტრადიციული თაობა დაუსრულებლად სტკეპნის ერთსა და იმავე ადგილს. „აკადემიურ მწერლები“-ს იარლიკით ჩვენს ლიტერატურას ევლინება ჩამორჩენილობისა და კონსერვატიზმის დაუძვრელი ყინული.
იბეჭდება წიგნები, ჟურნალები, ლექსებით და პროზით, მაგრამ არავითარი დაძვრა ადგილიდან. ვარიაცია შტამპის და ტრაფარეტის. არის მკრთალი ცდები თემატიურ განახლების, მაგრამ გაცვეთილ, დაობებულ ხერხობრივ აპარატში მოქცეული ახალი თემატიკა — უფრო შარჟია და კარიკატურა — ვიდრე დღევანდელობის ხელოვნება. ბევრია მათ შორის საკმაო ისტორიული დამსახურებით, რომლებიც თავის დროზე ღრმა და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდენ. ერთი წუთითაც არ დავივიწყებთ, ოდნავაც არ დავამცირებთ ჩვენ მათს ისტორიულ ღირებულებას, როგორც არ ვივიწყებთ ჩვენი
ძველი მწერლობის კორიფეების დამსახურებებს თავისი დროისა და საზოგადოებრივობის მიმართ. მაგრამ დღევანდელი ესთეტური კულტურისათვის მათს ეხლანდელ მუშაობას მხოლოდ აგრესიული, უკანდამხევი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ გვჭირდება, ვიბრძოლოთ მათი გავლენის წინააღმდეგ ახალ ლიტერატურულ ცხოვრებაზე
— არ დავზოგოთ ავტორიტეტები, რადგან ამაშია კულტურული პროგრესის
უმთავრესი პირობა.
ვაგრძელებთ ბრძოლას „ცისფერ ყანწები“-ს წინააღმდეგ. მათი ლექსების ბეჭდვა გრძელდება ინერციით. ვერავინ გვეტყვის —რა დანიშნულებას, რა გამართლებას ატარებს ეს დაუსრულებელი მელანქოლიის, ინტიმიურ ლირიკის, ეკზოტიკის, ღვინის პროპაგანდის პოეზია. თუ თავის დროზე ამ შკოლის გამართლება
მის პათოსსა და ტემპერამენტში მაინც იყო, ეხლა იგი ობივატელურ გემოვნების უკანასკნელი სტადიაა. ყოველგვარ ოსტატობას, მიზანშეწონილობას, სოციალობას მოკლებული. მათი მონოტონური ლექსალობა —მთელი წყება ამ შკოლის პოეტებისა „მღერის ერთ მოტივს" და უკვე ვეღარ გაარჩევ „უხუცესი“ ქართველი პოეტების
ხმას — ჩვენი ლიტერატურული ბოგემის პოეტების ორკესტრისაგან.
ყოველი დღე, ყოველი გამოსვლა ბეჭდვითი თუ ზეპირი ნათელს ხდის, რომ ამ შკოლამ ქართული კულტურის ყველა საკითხებში დაკარგა ელემენტარულად საღი ორიენტაციის შეგნების უნარი.
მემარჯვენე ლიტერატურის ერთმა თაობამ სასიცოცხლო პრეტენზიების შესანარჩუნებლად მექანიკურ გაერთიანების ხერხს მიმართა — ასე შეიქმნა „შეზარხოშებულ ადამიანების კავშირი“, რომელმაც თავისი პასსეიზმის ილლიუსტრაცია დაჯგუფების სახელწოდებაშივე გამოხატა. ლიტერატურის ისტორიას არ ახსოვს, რომ პირველი გამოცემა, ახლად ამოძრავებულ ლიტერატურულ დაჯგუფების, ისე უსიცოცხლო, უფერული და ყოველგვარ ინტერესს მოკლებული ყოფილიყოს, როგორც ეს „არიფიონმა“ მოგვცა. არც ერთი ახალი აზრი, არც ერთი ახალი ტონი. ყველაფერი ძველი, ათასჯერ გაგონილი დავიწყებული. რესტავრაცია უძველეს და მდარე ლიტერატურულ ჟანრებისა და ფორმების. ჩვენი მოვალეობაა
„ცნობის მოყვარე ახალგაზრდობას“ განვუმარტოთ, თუ რაოდენი კონსერვატიზმი, არქაიზმი და ჩამორჩენილობაა შეთავსებული ამ ალმანახში, რომელიც „ახალი ძიების“ და ეპოქის სტილის ფრაზებსაც არ გაურბის.
ჩვენ ვაგრძელებთ ენერგიულ პოლემიკას პროლეტარულ მწერლობასთან. მიზნობრივი ერთიანობა არ გვაფერხებს ჩვენ, ზოგჯერ უმწვავეს ფორმებშიც კი ვიბრძოლოთ მხატვრული იდეოლოგიის სპეციფიურ პრობლემების გარკვევისათვის.
სოციალ-პოლიტიკურ რადიკალიზმთან პროლეტარული მწერლობა ხშირად ათავსებს მხატვრულ-ესთეტიურ კონსერვატიზმს. აქ იწყება ჩვენი უთანხმოებისა და წინააღმდეგობის საზღვრები. ჩვენ ვიბრძვით პროლეტარული მწერლობის მარცხნივ გადახრისათვის მხატვრული მშენებლობის კანონების სფეროში.
პროლეტარული მწერლობა ნაცვლად ახალი მხატვრული ხერხების, ახალი ლიტერატურული ფორმის ძიებისა, გადადის „ახალი ადამიანის“ ძიებაზე. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ „ახალი ადამიანი“, „ჰარმონიული ადამიანი“ და სხ. არ არსებობს. იგი უნდა აღმოცენდეს და მის ფორმაციის პროცესში ახალ ხელოვნებას აქტუალური
როლი აქვს. ამიტომ არა „ახალ ადამიანი“-ს ძიება, არამედ მისი აღმოცენებისათვის საჭირო პირობებისათვის მუშაობა, შესაფარდი ელემენტების ძიება უნდა იყოს ახალი ლიტერატურის ამოცანა.პროლეტმწერლობა აყენებს „სწავლის“ ლოზუნგს, მაგრამ
მათს კონცეპციაში სწავლა უთანაბრდება რესტავრაციის ცნებას. სწავლობენ და სცდილობენ გადმონერგონ ძველი ლიტერატურის ხერხობრივ-მორალური ტრადიციები. ჩვენ ვიბრძვით ასეთი „ცრუ კლასიკურ“ მუშაობის წინააღმდეგ. ძველი მწერლობისაგან, კლასიკოსებისაგან ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ მხოლოდ ერთი
რამ: ისეთივე ორგანიულობით მივუდგეთ ჩვენი დროის ამოცანებს, ისევე გავიგოთ დღევანდელობის მოთხოვნები, როგორც ეს შესძლეს კლასიკოსებმა. აქედან კი ბუნებრივათ გამომდინარეობს მათ მიერ განვლილი გზების უარყოფა და ექსპერიმენტალურ მუშაობის აუცილებლობა ახალ ხელოვნების ორგანიზმის გასამტკიცებლად.პროლეტარულმა მწერლობამ უნდა უარყოს ძველ ლიტერატურულ შკოლების გავლენების ყოველგვარი ვარიაცია (გმირული რეალიზმი, წარსულის მიღწევათა „სინთეტურ გამოყენება“ და სხ. და სხ.). პროლეტარიატი არ სწავლობს
წინამორბედი კლასებისაგან თავისი პოლიტიკისა და ეკონომიკის შენების კანონებს. იგი ქმნის მას თავისი კლასიურ ინტერესების და საჭიროებათა მიხედვით.
ასევე უნდა მიუდგეს ლიტერატურულ მუშაობას პროლეტარიატის კლასიური მწერლობა.
ლიტერატურის გარდა უკანასკნელ პერიოდში ჩვენი საზოგადოებრივობის წინაშე აქტუალურათ დადგა სხვა ხელოვნებათა მდგომარეობის საკითხი. თეატრი, კინო, მხატვრობა — ამ სამმა დარგმა ჩვენი ხელოვნებისამ უკვე შექმნა საზოგადოებრივი ინტერესი და ამ საკითხებშიც აზრთა დიფერენციაცია ბუნებრივათ
მოხდა.
ქართული თეატრის საკითხში ჩვენ გამოვიმუშავეთ გარკვეული პოზიცია. ჩვენ ვებრძვით თეატრის ქაოტიურ მუშაობას, უპრინციპო, კუსტარულ და ხალტურულ მეთოდებს. ქართული თეატრის დღევანდელ მდგომარეობას. ჩვენ გაუწიეთ უსასტიკესი წინააღმდეგობა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, ვიდრე ქართული თეატრი არ აიღებს გარკვეულ ორიენტაციას მაღალ-კვალიფიციურ ხელოვნების ხარისხზე, თანამედროვეობის მხატვრულ იდეოლოგიურ ამოცანებზე, ახალი აუდიტორიის ყალიბობაზე. დღევანდელი თეატრალური ცხოვრება იძირება მეშჩანურ-ობივატელურ მეთოდებში სცენიურ ხელოვნებისა იშვიათი გამონაკლისის რევოლუციონურ რეპერტუარსაც ჩვენი თეატრი აქცევს სიმბოლისტურ-დეკადენტურ გაფორმებაში. ჩამორჩენილობა და ქაოსი – აი, რას ვებრძვით ჩვენ დღევანდელ ქართულ თეატრში.
ჩვენ ვცდილობთ, რომ ქართული კინო-ხელოვნება თავისი განვითარების პირველსავე საფეხურებზე განთავისუფლდეს სოციალურ-პრაქტიკულ ღირებულებით დაცლილი გზებისაგან. ყოვლად უმიზნო და უსარგებლო „ეკზოტიურ ზღაპრების“ მაგიერ ჩვენ ვაყენებთ ქრონიკის, მეცნიერული ფილმის, ფაქტის ფიქსაციის პრინციპებს. კინო – ყველაზე მეტად თანამედროვე ხელოვნება, უფრო ორგანიულად უნდა დაუკავშირდეს დღევანდელობის ამოცანებს. მით უფრო საქართველოში დიდია ამის შესაძლებლობა, რადგან ჩვენი კინო-ხელოვნება წარსულის ტრადიციებით დატვირთული არ არის.
მორიგი ფრონტი უნდა გაეხსნას ქართულ მხატვრობაში შემჩნეულ უდიდეს ჩამორჩენილობას და კონსერვატიზმს. ახალგაზრდა მხატვართა თაობის პოტენცია და შესაძლებლობანი ნადგურდება ყოვლად უაზრო, უმნიშვნელო და უსარგებლო მუშაობაზე. არსად ისე ძლიერი და ეპიდემიური არ არის მემარჯვენე აზროვნების გავლენა, როგორც მხატვართა შორის.აქ ყოველივე ძველი,პრიმიტული და პირველყოფილი გამოცხადებულია „ეროვნულობის“ სინონიმად. ყოველგვარ პროგრესიულობის უარყოფა „ეროვნულობის“ სასულოთ – ჩოხისა და ურმის ნაციონალიზმი, უყალბესი პატრიოტიზმი, აი, რა აფერხებს სახვითი ხელოვნების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ბრძოლა ასეთ ტენდენციების წინააღმდეგ არის უდიდესი საქმე ქართული კულტურის პროგრესისა და განვითარების თვალსაზრისით.
ამრიგათ, მემარცხენეობის პოზიცია მთლიანდება მთელი ქართული ხელოვნების არეზე გარკვეული პრინციპების ნიადაგზე უკომპრომისო და უკანდაუხეველი ბრძოლით.
რაც უფრო მტკიცეა და პოპულიარული მემარჯვენე რუტინების ავტორიტეტი, მით უფრო მკაცრი და ენერგიულია ჩვენი თავდასხმები მათზე, დამყარებული, პროგრესული ქართველი ახალგაზრდობის ყურადღებასა და თანაგრძნობაზე, ჩვენ მივდივართ წინ ახალ ესთეტიურ კულტურის, ახალი ქართული ხელოვნებისა და მეტყველების განმტკიცებისათვის.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ.№2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი