cover

ბიძინა აბულაძე // ბუტაფორა

დიდხანს მიყურებს ცა დაგლეჯილი და სიბრაზით
შელურჯებული
საკუთარ კბილით კისერ დაკბენილს და შეფორაჯულს.
მე ოთახში ვარ. თითქო კოლოფში ვეგდო ცხედარი
და საფრთხობელად მატარებდეს ბავშთა კრებული.
გადმოდის ციდან კლასიკური პოზა ღრუბლების,
შეარხევს ფრთებს, რომ ჩამომხსნას გულზე საკინძი.
დავიწყებ ბრძოლას.
თუ გავიმარჯვე, ვაკოცებ მარჯვენს,
ან და ბავშივით ყელს გადვიკაწრავ.
არაფერს არ ვგრძნობ,
ყველაფერი ფეხებზე მკიდია,
ჩემს წინ ამართულს საქართველოს მორცხვი სხეული.
ოხ, როგორ მინდა, სიბრაზისგან გამოვღადრო მისი მუცელი,
რომ მე დამბადა უტიფარი და საძაგელი,
— ვემსხვრევი კედლებს — მე ტირილიც აღარ მენდობა,
მოვკალი დედა და ლირიკა გავცვალე სხვაზე,
და თუ მათხოვარს სადმე დაჰკლავს უიმედება,
მაშინ მიპოვნით მგზავრს დაკარგულს შორეულ გზაზე.
— ვემსხვრევი ფანჯრებს...
მოაჯირებზე ვხედავ სხეულებს მკლავზე გამოკრულს,
შევყვირებ ქუჩებს: — ხელი გამიშვით,
მე მინდა ვიყო უდარდელი და გულშიშველი,
მაგრამ თითები ფრთების, ბუმბულის
ეძებენ ცაში ფიქრებს დამსხვრეულს და შეფორაჯულს.
აფრინდი, სულო აწეწილო, ნიავს გაჰყევი,
ქარის ზუილი სადაც აფრთხობს ჭალებში ჭოტებს,
სადაც მთებიდან გადმოგიდგამთ გული, ფშაველნო,
სადაც ტირიფის წმინდა ასულებს
ჩემი სხეული მიენდობა თმებით დასვრილით,
სადაც მთის თხემსა და ნაპრალებში
ვაჟას მოღლილი გული მარხია...
დავიგლეჯ ყელს, რომ დავიყვირო: — მე ვარ მართალი,
შენ სტყუი, ზეცავ, რომ დამბადე მე უტიფარი და საძაგელი,
ვემსხვრევი კედლებს, დავემხობი სივრცეს თვალუწვდენს
— გაგიშლი გულს — გადარბენა ეკლებზე სინჯე.
მომიკვდეს დედა, თუ არ მიყვარდე, მიწავ მშობელო,

მომიკვდეს მამა, თუ ყოველდღე შენთვის არ ვკვნესდე,
მაგრამ გული მაქვს გაფატრული, სისხლით დაცლილი,
ჩემი სხეული ამართულა, როგორც შანდალი,
დავეძებ ცაში ფიქრებს გაბნეულს, მთებში გაფანტულს,
თითქოს ოთახში ვარ ჩამწყვდეული, როგორც კოლოფში
შავი ცხედარი
და საფრთხობელად მატარებდეს ბავშთა კრებული.

„მემარცხენეობა“, 1927 წ. №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი