ბესარიონ ჟღენტი // მემარცხენეობის საზღვრები
მემარცხენეობის საზღვრები
ლიტერატურის შინაგანი კოლლიზიები შენელდა. თითქოს ქართული მწერლობის ორგანიზაციული მთლიანობა გულისხმობდეს იმ ბრძოლების დასასრულს, რომელიც მხატვრული იდეოლოგიის სფეროში სწარმოებდა ახალი ესთეტიური კულტურის დამკვიდრებისა, ნოვატორობისა და მემარცხენეობისათვის.
ქართული მწერლობის კონსერვატიული თაობა ამოძრავდა თანამედროვეობის სოციალურ კარნახთან შეგუების ცდებით ის იბრძვის შერყეული ავტორიტეტის აღდგენისა და ახლად მოყალიბე აუდიტორიის დაპყრობის ხაზით.
პასსეიზმი, უკან დაბრუნება, რესტავრაცია, — აი,ტენდენცია, რომლითაც მემარჯვენე ლიტერატურა უპირისპირდება ამომავალი მხატვრული კულტურის პირველსავე საფეხურებს.
მეორეს მხრივ პროლეტარულ მწერლობად წოდებულმა დაჯგუფებამ მონოპოლიურ პრეტენზიის ტონი აიღო. აქ საფრთხე მარტო „ლიტერატურულ ბიუროკრატიზმში“ გადაჩეხვის მოსალოდნელობით არ განისაზღვრება. „პროლეტარული მწერლობა“ ლიტერატურულ ჰეგემონიისაკენ მიიწევს მთლიანი
მხატვრული ორიენტაციის გარეშე. ამიტომ იგი ადვილად ემწყვდევა მემარჯვენე ლიტერატურის დამპყრობ გავლენაში. ტრაფარეტისა და რუტინის აგრესიული მნიშვნელობა კი გაცილებით მძლავრია,როდესაც იგი პროლეტარული მწერლობის ეპიტეტით შედის მკითხველი მასსების ფენებში.
ამიტომ იქმნება პრაქტიკული აუცილებლობა მემარცხენე ლიტერატურის განსაკუთრებული ინტენსივობით ამოძრავებისა. არა „ჯგუფური კაპრიზი“, არამედ შემოქმედებითი კულტურისახალიგზებით წარმართვის ინტერესი გვავალებს კიდევერთხელ გადისინჯოს მომქმედი ლიტერატურის პოზიციები, კიდევ ერთხელ,
ღრმა დემარკაციით გადაიმიჯნოს მოპირდაპირე კულტურული ტენდენციები და ახალი მხატვრული მდინარების დერვატერი საბოლოოდ გაიწმინდოს პასსეისტური ნარჩენისაგან.
პრინციპიალურად ეს დაწყებითი მომენტია მემარცხენეობის ორიენტაციისათვის. კონსერვატიული ტრადიციების დაშლა აუცილებელი პოსტულატია ახალი მხატვრული ფორმაციისათვის. მაგრამ ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, როგორც თავისი შენებითი მეთოდიკის, აგრეთვე მსოფლხედვისა და სოციალური დანიშნულების სფეროში, განსხვავებულ პრინციპებზე უნდა
აეგოს. და აი, ამ პრინციპების სისტემა შეადგენს მემარცხენეობის პოლიტიურ credo-ს.
„საზოგადოებრივი აზრი“ შეეცადა ლიტერატურული მემარცხენეობის რეზონანსი უფრო მარტივ და უმნიშვნელო ფუნქციაში წარმოედგინა. ეხლაც არსებობს ტრადიცია მემარცხენეობის მხოლოდ მეამბოხე განწყობილებით ახსნისა
და მისი ყოფითი სენსაციის კატეგორიად გამოცხადებისა. ეს ან შეგნებული პროვოკაციია მემარცხენეობის წინააღმდეგ, ან დეკადენტურ ბოგემის ტრადიციებზე აღზრდილი თვალსაზრისი.
მემარცხენეობის პოზიტიური კონცეპცია ჩვენი ფრონტისათვის ახალი არ არის. ასეთი იყო ჩვენი თვალსაზრისი მაშინაც, როდესაც საჭირო შეიქმნა მართლაც ქეძაფის სიმძაფრე იმ შმორისა და ჩამორჩენილობის ამოსაწვავად, რომელშიაც იძირებოდა ქართული შემოქმედება ჩვენი ფრონტის ლიტერატურული ამოძრავების პერიოდში.
უცხოეთისა და რუსეთის ხელოვნების პროგრესიული მდგომარეობა, ახალი სოციალური ქარტეხილები და ეროვნული შემოქმედების ახალ სასიცოცხლო გზებზე შემობრუნების ინტერესი გვაძლევდა ჩვენ იმპულსს ლიტერატურულ ტერორის უმწვავეს ფორმებში წარმოებისათვის.
ეხლა, ალბათ, აღარავინ შეგვედავება, თუ გავიხსენებთ, რომ მაშინ მომქმედი თაობა პროლეტარული მწერლობისა, მიუხედავად თავისი ღრმად რევოლიუციონური პოლიტიკური დამსახურებისა, ოდნავათაც ვერ სწყვეტდა კულტურულ რევოლიუციის საკითხს. კერძოდ, ხელოვნების არეზე იგი აბსოლუტურად მოექცა ძველ ლიტერატურულ შკოლების („ყანწების“ ჩათვლით) რკალში და მათი მხატვრული ტრადიციებით წარიმართა. ამიტომ იგი, კულტურული პროგრესის თვალსაზრისით, არა ნაკლებ კონსერვატიულ ძალად იქცა და ამ პროგრესის ტემპის შენელება იყო მისი, — შეიძლება მათთვის გაუთვალისწინებელი — რეზონანსი. ეს თავის დროზე აღვნიშნეთ ჩვენ და ინტენსიური ბრძოლებით
გვიხდებოდა იმის მტკიცება, რომ პოლიტიკური ფიზიონომია არ არის გარანტია კულტურული მემარცხენეობისა და ხელოვნების ტრანსფორმაციისათვის. უკანასკნელი აუცილებლად გულისხმობს ახალი ფორმულის გამომუშავებას მხატვრული შემოქმედების პროცესისათვის, ახალ ორიენტაციას მხატვრული მშენებლობის სპეციფიურ საკითხებში. ამის არ გაგება და მარტო ზოგადი
სოციალურ იდეოლოგიით დაკმაყოფილება არის მიზეზი იმ გარემოებისა, რომ პროლეტარული მწერლობა დღესაც ვერ ჰქმნის საკუთარ ლიტერატურულ პოზიციას და იგი მომაკვდავ ლიტერატურულ შკოლების თავისუფალ გავლენების ასპარეზს
წარმოადგენს.
რევოლუციონურ თანამედროვეობის ხელოვნება ვერ შეითავსებს წარსულის ესთეტიურ ტრადიციებს. აქ სდგება ლიტერატურული მემკვიდრეობის პრობლემა, რომელიც ასე რადიკალურათ დავაყენეთ ჩვენ თავიდანვე, რის გამოც გვიხდებოდა
მძლავრი შემოტევების გადატანა, არა მარტო მარჯვენა ლიტერატურულ პოზიციებისა და აუდიტორიის ობივატელური ნაწილის მხრივ. ხშირად ლიტერატურულ მემკვიდრეობის დაცვისადარესტავრაციის აპოლოგიაში გამოდიან პოლიტიკურად უაღრესად მემარცხენე და პროგრესიული ტრადიციების მატარებელი ხალხი და ამით კიდევ ერთხელ იძლევიან არგუმენტს იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ შეიძლება ერთსა და იმავე პიროვნებაში შეთავსდეს რევოლიუციონერი პოლიტიკაში და კონსერვატორი ხელოვნების საკითხების სფეროში.
აქ კიდევ ერთხელ გაგვიხსენებენ „მემარცხენეობის ბავშური სენი“-ს ფორმულას. მიგვითითებენ იმ ფაქტზე, რომ ჩვენი თანამედროვეობა მთლიანად სარგებლობს წარსულის ტეხნიკური მიღწევებით და სხ. მაგრამ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ შემთხვევაში მატერიალური კულტურის ანალოგია არ გამოდგება სულიერი კულტურის, იდეოლოგიისა და კერძოდ ხელოვნების მიმართ.
წარსულის ხელოვნების მიღწევები, უკიდურესად მაღალი და კი — უშუალოდ უკავშირდებოდენ მათი აღმოცენების ეპოქებს. ამ ეპოქების ბუნება განსაზღვრავდა მათი მშენებლობის სპეციფიურ კანონებს და ამიტომ ამ კანონების აღდგენა არც საჭიროა და არც შესაძლებელი ახალ ყოფისა და კულტურის ფორმაციის პირობებში. ეს არ ნიშნავს წარსულის ხელოვნების ღირებულებისა და მნიშვნელობის უარყოფას. ჩვენ მხოლოდ ვამტკიცებთ, რომ ხელოვნებაში არ არსებობს მხატვრული
მშენებლობის მარადიული კანონები. ამიტომ შეუძლებელია ახალი ხელოვნება ძველ ტრადიციებზე აშენდეს.
მიმდინარე რევოლიუცია აყენებს კულტურული ტრანსფორმაციის აუცილებლობას და ეს ხელოვნებაში შესაძლებელია მხოლოდ წარსულის ტრადიციებისაგან თავდაღწევისა და ახალი მხატვრული ფორმების ყალიბობის გზით. არავითარი რესტავრაცია, არავითარი დაბრუნება. „უკან პრიმიტივისაკენ“, „უკან კლასსიციზმისაკენ“ და სხვა ანალოგიური ტენდენციები თანამედროვე ევროპის ხელოვნებაში აბსოლიუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ახალი საზოგადოებრივობის ყალიბების პროცესი ვერ შეითავსებს ასეთ პასსეისტურ ტენდენციებს. ამიტომ დავუპირისპირეთ ჩვენ მემარცხენე პოზიცია ყველა იმ ლიტერატურულ შკოლებს, რომლებიც მე-19 საუკუნის ესთეტიურ ტრადიციებზე სცოცხლობენ. ამიტომ გადავიტანეთ ჩვენ მოქმედების მთელი სიმძიმე ახალი მხატვრული ფორმების შენებაზე.
აქ გასარკვევია ლიტერატურულ მემარცხენეობის მორიგი პრობლემა: რატომ გადაგვაქვს ჩვენ ლიტერატურული რევოლიუციის ცენტრი მხატვრული ფორმის საკითხებზე,რატომ ვიბრძვით ჩვენ ფორმალური და არათემატიურირევოლიუციისათვის.
ჩვეულებრივ ამას ხსნიან, როგორც უშინაარსობის აპოლოგიას, თითქოს მემარცხენე პოლიტიკა მიდიოდეს შინაარსის უარყოფამდე მხატვრულ ფაქტში. ეს უბრალო გაუგებრობაა. ჩვენ უარვყოფთ ფორმისა და შინაარსის დაპირისპირებას,
მათი ურთიერთისაგან განცალკავების ტრადიციულ თეორიებს. იდეალისტურ ესთეტიკაზე აღმოცენებული დუალისტური თვალსაზრისი ამ საკითხში უცხოა მემარცხენე პოეტიკისათვის. ჩვენ ვამბობთ, რომ მხატვრული ფაქტი შენდება მასალისა და ხერხების კომბინაციის გზით. გარკვეული თემატიური და სიტყვიერი მასალა, განსაზღვრული ხერხების საშუალებით ყალიბდება კონკრეტულ მხატვრულ ფორმად და ეს არის მხატვრული ნივთი განზომილი რაიმე სოციალური დანიშნულებისათვის. მხატვრული მშენებლობის პროცესში თემატიკა იჭერს მასალობრივ ფუნქციას, ხშირად იგი იმპულსია, ან საწყისი შემოქმედებითი პროცესისათვის. ყოველ ეპოქას, ყოველ ლიტერატურულ თაობას, თუ შკოლას
უეჭველად აქვს თავისი სპეციფიური თემატიკა. მაგრამ ეს თემათა ცვალებადობის პროცესი სწარმოებს სოციალურ გარემოში ხელოვნების იმანენტური ბუნებისაგან დამოუკიდებლად. იცვლება სამყაროს ნივთობრივი ბუნება და ხელოვნებაშიაც შედის ახალი თემა. ხელოვნების ფუნქცია ამ შემთხვევაში მდგომარეობს ახალი თემატიკისათვის შესაფარდი მხატვრული ხერხების მომარჯვებასა და მისი ახალ ფორმებში მოქცევაში.
არის კიდევ ერთი განსაკუთრებული გარემოება, რომელიც ჩვენი დროის ხელოვნებაში ფორმალური რევოლიუციის პრიორიტეტს აყენებს. ჩვენი აზრია, რომ ახლა დაპირისპირებული ორი კულტურა (სოციოლოგიურ ენაზე: კაპიტალისტური) ერთსა და იმავე ნივთობრივ ბაზისზე შენდება. ეს ორი კულტურა ურბანული, ინდუსტრიალური ხასიათისაა, ამიტომ მათი მასალობრივი ინვენტარიც პრინციპიალურად ერთგვარია. ახალი კულტურა გულისხმობს მხოლოდ გადალაგებას, რეკონსტრუქციას, სამყაროს ახალ წყობაში მოყვანას. ამიტომ ხელოვნებაშიაც თემატიური საწყისი შეიძლება იგივე დარჩეს. ახალი ხელოვნება ამ თემატიკის ახალ მხატვრულ ფორმებში ყალიბობის ნიადაგზე გაემიჯნება ძველ ხელოვნებას. ლიტერატურის ისტორიამ იცის თემატიური რესტავრაციის არა ერთი შემთხვევა, მაგრამ ერთი და იგივე თემის სხვადასხვა ეპოქის ხელოვნებაში შესვლა სრულიადაც არ აჩერებდა ხელოვნების განვითარებას და პროგრესს.
ამ მოსაზრებიდან ვასკვნით ჩვენ, რომ ხელოვნების იმანენტური ტრანსფორმაცია ფორმალური რევოლიუციით იწყება და ამიტომაც მემარცხენე ხელოვნების აქტიურ ამოცანას წარმოადგენს.
გასაგებია მთელი უაზრობა იმ თვალსაზრისისა, რომელიც ახალ ხელოვნებით ფორმალურ მიღწევებთან ერთათ იდეოლოგიურ რეაქციის აღმოჩენას სცდილობს. ფორმისა და იდეოლოგიის ასეთი დაპირისპირების შესაძლებლობა მოკლებულია ელემენტარულ ლოღიკურ აზრს, რადგან ხელოვნება ნაწილია იდეოლოგიისა,
ხელოვნება კი თავის დანიშნულებას ფორმის გზით უპასუხებს. აქედან პროგრესიული ფორმა ჰქმნის ხელოვნების პროგრესს და, მაშასადამე, იდეოლოგიის სფეროში ეს რეაქციათ არ შეიძლება ჩაითვალოს.
ასეთია ჩვენი არგუმენტაცია ფორმალურ რევოლიუციისა. აქედან ვასკვნით ჩვენ, რომ ლიტერატურის რევოლიუცია არ იქმნება რევოლიუციაზე ლექსების წერით. „საჭიროა მოვახდინოთ რევოლიუცია და არავსწეროთ რევოლიუციის შესახებ“ და ის ლიტერატურულიპოზიცია, რომელიც ვერ მოგვცემს ამ ახალ მხატვრულ ორიენტაციას, რომელმაც უნდა დაშალოს წარსულის ტრადიციები და მხატვრულ პრაქტიკას ახალი მიმართულება მისცეს, ვერ გახდება ლიტერატურულ მიმდინარეობათ, ვერაფერს შესცვლის ხელოვნების ისტორიაში და ლიტერატურულ რევოლიუციისათვის უმნიშვნელო მოვლენად დარჩება, რაგინდ დიდი არ უნდა იყოს
მისი რევოლიუციონური ენტუზია, რაგინდ პროგრესიული არ უნდა იყოს მისი სოციალ-პოლიტიკური მრწამსი. ეს სრულიად არ ნიშნავს ხელოვნების იზოლიაციას სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებისაგან. პირიქით, ჩვენ ვიცით, რომ პროგრესიულ სოციალურ იდეათა საწყისი პოეტ ჰეზიოდეს სიმღერებიდან მოდის და შეიძლება ეს ერთადერთი ტრადიცია იყოს, რომელსაც იღებს მემარცხენე ფრონტი წარსული ხელოვნებიდან, რადგან ეს მემკვიდრეობა ლოგიურია თავისი ბუნებით. ჩვენ კატეგორიულად ვებრძვით ინდიფერენტიზმს სოციალ-პოლიტიკური განვითარების მიმართ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოეტების მემარცხენე თაობა ახალი სოციალური ყოფის ფორმაციაში პირველ ყოვლისა ახალი ხელოვნების დამკვიდრებით უნდა მონაწილეობდეს. ჩვენთვის აღარ არსებობს ხელოვნებისა და ცხოვრების ურთიერთობის პრობლემა. ჩვენთვის გაუგებარია ხელოვნებისა და ცხოვრების კავშირზე მსჯელობაც კი, რადგან, ჩვენის თვალსაზრისით, ხელოვნება ცხოვრების ორგანიული ელემენტია. აქ იხსნება მორიგი სადავო მომენტი ჩვენსა და დანარჩენ ლიტერატურულ პოზიციებს შორის.
აქ სდგება ხელოვნების სოციალური ფენქციის პრობლემა, რაშიაც ჩვენი თვალსაზრისი უპირისპირდება ლიტერატურული რეალიზმის ყველა ვარიანტულ თეორიებს, რომელთაც თეორიებს, რომელთაც ხელოვნების გაგება ცხოვრების ამსახველობით ფუნქციაში გადააქვთ და ხელოვნება ფოტოგრაფიისა და სარკის კატეგორიამდე დაჰყავთ. ასეთი გაგება ხელოვნებას ყოველგვარ სოციალურ უტილიტარულ ღირებულებას უკარგავს ჩვენს პირობებში. „ამსახველობითი ხელოვნების“ პრინციპის საფუძველი მეტაფიზიკურ ესთეტიკაში მდგომარეობს. იგი ხელოვნებას ცხოვრებიდან გაქცევის საშუალებათ აცხადებს, ლიტერატურული რეალიზმი – ცხოვრებაში არსებულ ნივთების ილლიუზიას, მათ სურროგატებს იძლევა. მემარცხენე პოეტიკა არსებითად უპირისპიდება ამ გაგებას. ჩვენი თვალსაზრისით ხელოვნება არ შეიძლება ასახავდეს ცხოვრებას, რადგან იგი თვით არის ცხოვრების შინაგანი, ორგანიული ელემენტი. არა არსებულ ნივთების ილლიოზია, არამედ რეალური მხატვრული ნივთები – აი, მოთხოვნილება, რომელსაც უყენებთ ჩვენ ხელოვნებას. ამ თვითმყოფადი მხატვრული ფაქტების პროდუქციით ხელოვნება ავსებს ცხოვრებას და ამით უშუალოდ მონაწილეობს მისი მშენებლობის პროცესში. ამიტომ ვაყენებთ ჩვენ ხელოვნების ამსახველობითი პრინციპის წინააღმდეგ ხელოვნების ფუნქციად “- ცხოვრების მშენებლობას და ორგანიზაციას ამ თვალსაზრისით, მხატვრული ფაქტი დამოუკიდებელ, იმანენტურ ღირებულებას ატარებს, რაც სრულიად არ განისაზღვრება იმით, თუ რას გამოხატავს ან ასახავს იგი. მემარცხენე ფრონტი ხელოვნებას აცხადებს სავსებით უტილიტარულ, პრაქტიკული მნიშვნელობის კატეგორიათ. იგი ახალი ფსიხიკის ორგანიზაციის ერთ-ერთი უმძლავრესი ფაქტორია და მაშასადამე, ახალი სოციალური ყოფის ფორმაციის უშუალო მონაწილე.
ახალი პოეზია თანამედროვე ნივთობრივ სამყაროში შედის სრულიად განსხვავებული ხედვით და პერცეპციით. იგი ახალი ხერხების აღმოჩენის გზით აშენებს რეალურ მხატვრულ ნივთებს, რომლებიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რაიმე სოციალურ დანიშნულების მატარებელი მოვლენაა.
ამ ძირითად პრინციპებზე შენდება ახალი ხელოვნების ორგანიზმი. თვალსაჩინოა, რომ მემარცხენე ხელოვნების თეორია ძირეულად ეწინააღმდეგება ყველა იმ გაგებებსა და თვალსაზრისებს, რომლებზედაც ემყარებოდა ლიტერატურული აზროვნება დღემდე. ჩვენ არ გვერიდება აღვნიშნოთ, რომ მემარცხენეობის თეორეტიული სისტემა არ არის ქართული წარმოშობის. ეს არ არის ჩვეულებრივი შკოლური კატეგორია. მისი მნიშვნელობა – პრინციპიალურად – ეპოქალურია და უნივერსალური. ეს იმიტომ რომ, როგორც სოციალური, ისე კულტურული კოლლიზიები ჩვენს დროში უნივერსალური მასშტაბით იშლება. მემარცხენე პოზიცია ქართულ ხელოვნებაში, თავისი თეორეტიული ბუნებით, მსოფლიო ახალი ხელოვნების რეზონანსია. მაგრამ ეს, რასაკვირველია, ოდნავათაც არ უდრის ეპიგონობას და მით უფრო შემოქმედებით მიმდევრობას ან პლაგიატს. ხელოვნების გამართლება შემოქმედებით პრაქტიკაში მდგომარეობს. და ახლა უკვე დამტკიცებული ფაქტია, რომ ქართული მემარცხენე პოეზიის პრაქტიკა, ახალი ლექსისა და პროზის კულტურა, სავსებით თავისებური, სპეციფიური, ქართული ბუნებისაა. ჩვენ შევებრძოლეთ დეკადენტური შკოლების მიერ ქართული სიტყვისა და ლექსის გადაშენების ტრადიციას. შეიძლება, ამით აიხსნებოდეს მემარცხენე ლექსის ხალხურ შემოქმედებასთან დაახლოვების ტენდენციებიც.
მემარცხენე ფრონტი აყენებს არა შკოლის ვიწრო პრობლემას, არამედ მთელი თაობის, მთელი კულტურის საკითხს. ლიტერატურის ევოლიუციაში მემარცხენე პოზიციის თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი ახალი, ამომავალი კულტურის პირველ საფეხურზე სდგას და ამიტომ მისი დაპირისპირება ძველ ლიტერატურულ ტრადიციებთან სრულიადაც არ უდრის ჩვეულებრივ „საშკოლათაშორისო” კოლიზიის რეზონანსს.
მემარცხენეობის პრინციპები აერთებენ ახალი ხელოვნების ყველა სახეობას მსოფლიოში და ქართულ სინამდვილეშიაც იგი არ შეიძლება ლიტერატურის საკუთრებად არჩეს.
ქართული თანამედროვე მხატვრობა იძლევა ამის დაჯერებას და ასეთი ტენდენციების შეჭრა ჩვენს თეატრალურ და კინოხელოვნებაშიც უახლოესი მომავლის აუცილებლობაა.
ჩვენ გვაქვს ერთგვარი სიძნელე აუდიტორიის პრობლემაში. ძველ მხატვრულ ტრადიციებზე აღზრდილი აუდიტორია, მისი კულტურისა და გემოვნების, შედარებით, დაბალი დონე ერთგვარ კონფლიქტშია ახალი ხელოვნების მიღწევებთან. აქედან არის ის უდიდესი ბრალდება მემარცხენეობის მიმართ, რომელიც „გაგების“ საკითხში მდგომარეობს.
მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კულტურული პროგრესი აუდიტორიის გემოვნებისა და ტრადიციების გადალახვით იწყება. ამიტომ ჩვენ ოდნავათაც არ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ნოვატორული, პროგრესიული თვალსაზრისი შეუფარდოთ აუდიტორიის კონსერვატიულ ტრადიციებს და უკულტურობამდე დავიყვანოთ იგი. პირიქით, ჩვენ ვიბრძოლებთ ინტენსიურადდა უკანდაუხევლადმასსების შემეცნებაში დამკვიდრებულკონსერვატიულ ტრადიციების აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვიბრძოლებთ მასსების კულტურული დონისა და გემოვნების დაწინაურებისათვის, ახალი ხელოვნების აუდიტორია იზრდება ყოველდღიურად. მასსიური კულტურის შემდეგი განვითარება გარანტიაა მემარცხენე ხელოვნების მასსიურ მოხმარების ობიექტად ქცევისა ეს უახლოესი მომავლის აუცილებლობაა და უმთავრესი პირობა – ახალი იდეოლოგიის, ახალი ფსიხიკის, ახალი საზოგადოებრივობის ფორმაციისა და დამკვიდრებისათვის.
ამიტომ მიგვაჩნია ჩვენ მემარცხენეობა ახალი კულტურის ფუძეთ. ამიტომ ვიცავთ ჩვენ შემოქმედებითი პრინციპების ამ ახალ სისტემას, როგორც ყოველგვარი მემარჯვენე თავდასხმისაგან, აგრეთვე მისი გაბანალებისა და ვულგარიზაციის ცდებისაგან.
ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. №1