cover

ბესარიონ ჟღენტი // ორატორი ლაპარაკობს

ორატორი ლაპარაკობს

კიდევ ერთხელ ჩვენმა პლანეტამ დაასრულა თავისი უთვალავჯერ განვლილი მოგზაურობა მზის გარშემო და ჩვენ დავდექით მეოცე საუკუნის მეორე მეოთხედის საწყისებზე.
არის რწმენის სიმტკიცეში აყვანილი წინათგრძნობა, რომ ყოველ ახალ თარიღს, ყოველ ახალ შემობრუნებას დრულ მანძილზე ჩვენი საზოგადოებრივობისა და კულტურისათვის მოაქვს მეტი ნათელი და სიმაღლე. არის დაჯერება, რომ ამ ახალ ქრონოლოგიურ რკალის გახსნასთან ერთად იხსნება ახალი ერა ქართული დადებით შემოქმედებისა და სულიერი კულტურის მშენებლობის.
წუთით უკანმოხედვა: – პირველი მეოთხედი ჩვენი საუკუნის – ეს იყო მკრთალი და ამღვრეული სტადია ჩვენი საუკუნოვან ტრაღედიით დაღლილ და სასიცოცხლო ძალებისაგან დაცლილ შემოქმედების. ყოველგვარი ნარჩენი მე-19 საუკუნის გათქვეფილ კულტურულ ტრადიციების. უკანასკნელი წლები: პლაგიატიის და თვალდახუჭულ ეპიგონიზმის – და ბოლოს სოციალური ვულკანების შედეგი – კატასტროფები, ნიგილიზმი, უარყოფა, ტერორი.
ამან გაფანტა ხანგრძლივად დაკუმშული და მდორე ატმოსფერა. რევოლიუციებმა, რყევამ, იმან რასაც ანდრეი ბელიმ „ფრთა ასხმული სისხლი“ უწოდა, დასცალა ქართული შემოქმედების არე ნარჩენი ხლამისაგან და ეხლა დაცლილი ადგილები დარჩა ახალმშენებელ თაობას ეპოქის შესაფარდი ქმედით პოტენციის გაშლისა და გამოყენებისათვის.
აღმოსავლეთის ბარბაროსულ ტომებში არის ჩვეულება – დაარხიონ ხე, რომელზედაც სასიცოცხლო ძალების დასაცდელად შეგზავნილი მოხუცის ბედი წყდება იმის მიხედვით, გაუძლებს თუ ვერა იგი ხის რხევას.
უკანასკნელი წლების კატასტროფებმა უჩვეულად შეარყიეს ქართული საზოგადოებრივობის მთელი სხეული და ჩვენ ეხლაც ვხედავთ, როგორ განწირული სცვივიან დავიწყების და ამოწურვის სიბრტყეებზე ჩვენი კულტურისა და ლიტერატურის ტრადიციულ „მესვეურთა“ თაობა.
ჩვენ იმ თავითვე ვგრძნობდით, რომ ქართული შემოქმედების დეკადანსიდან მობრუნება შესაძლებელი იყო მხოლოდ მისი ინიციატივის საღ ახალგაზრდა ძალებზე გადატანით. ჩვენ იმ თავითვე გვჯეროდა, რომ ამ მხრივ ჩვენ მიერ სიტყვიერებითი
ხელოვნების არეში დაყენებული ტენდენცია განმეორდებოდა ქართული ხელოვნებისა და კულტურის ყველა სფეროებში. მაშინ ეს იყო რწმენა. ეხლა ეს უკვე დასკვნაა იმ ფაქტებიდან, რომელთა წინაშე უკვე ვსდგევართ და რომელნიც ყოველდღეობით მრავლდებიან. ორი წლის მოქმედებით ქართული ლიტერატურის
პრაქტიკისა და თეორიის მიმართებით ჩვენმა ფრონტმა უკვე დაამტკიცა თავისი თავი, როგორც აქტუალური და მებრძოლი ლიტერატურული სკოლა. ყოველი დღე თანამედროვე კულტურის ისტორიისა, ახალი და მძლავრი არგუმენტაციით ამაგრებს ამ დებულებას და ამას ვერ მოხსნის და ვერ შეასუსტებს ვისიმე ირონიული ჟესტი, ჩვენი თვითდაჯერების გულწრფელობაში ეჭვის შეტანა ან კიდევ ჩვენი ასეთი განცხადების ხანძარონიადათ მონათვლა.
პოეზიის გადაღმა: ვის შეუძლია უდავოთ არ აღიაროს, რომ ქართული თანამედროვე დრამა სრულად ახალი ძალების ნიჭსა და შემოქმედებას ემყარება სავსებით ეხლა. ამ დღეებში თავისი პირველი გამოსვლის დღეს საზეიმოთ აღნიშნავს ახალგაზრდა არტისტული კორპორაცია, რომელსაც ჩვენ ყველაფერში არ ვეთანხმებით, მაგრამ უეჭველად მიგვაჩნია მისი პრიორიტეტი ქართული სცენის მიმართ.
ანალოგიური მდგომარეობა ქართული მხატვრობის. აქაც არ შეიძლება ორი აზრის არსებობა იმის შესახებ, რომ ამ ხელოვნების უფრო გამძლე და საიმედო ხაზი მიემართება ჩვენი სკოლის თანა მებრძოლ და მეგობარ მხატვრების მე თაურობით.
ქართული საოპერო სტუდიის უკანასკნელი სანიმუშო კონცერტები და ოპერები, თავის მხრივ, დამარწმუნებლად გვაძლევენ წარმოდგენას ჩვენი მუსიკალური ხელოვნების უახლოეს მომავალში მაღალ და სასურველ მდგომარეობაში ხილვისა.ქართულმა კინომ ხომ ასე უეცრათ გადააჭარბა ყოველგვარ
მოსალოდნელობას. და თუ დაუმატებთ ყოველივ ამას იმ ფაქტსაც, რომ დღითი დღე იზრდება თავისი ავტორიტეტით, რეზონანსით და მიღწევებით ქართული აკადემია, სადაც ყალიბდება მეცნიერული აზროვნების მთელი თაობა, ჩვენთვის გარკვევით წარმოსდგება ქართული სულიერი კულტურის უაღრესი და ნათელი პერსპექტივა.
და მთელი პრეტენზია ამ ახლად დაძრული ძალის, მთელი ეს ახლად მოყალიბე და გათვალისწინებული პერსპექტივები თავის დასრულებას, რეალიზაციას და ფაქტებად ქცევას ელიან სწორედ იმ დროულ არეში, რომლის საწყისზე იწერება ეს წერილი და
რომელსაც ჩვენ ამდენი სიხარულით, რწმენით, მოლოდინით ვეგებებით.
უკვე კარგა ხანია ევროპის აზროვნებამ დაკარგა უნარი ასეთ ოპტიმით დაუხვდეს მომავალ დღეებს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ არის საკმაოდ მძლავრი მდინარება დასავლეთ აზროვნებაში, რომელმაც თანამედროვე ცივილიზაციის შემოქმედების უნარიანობა უარყო და მეოცე საუკუნის მთელი აზრი წინა კულტურულ ეპოქათა შემოქმედების გადაფასებათა და გადალაგებად გამოაცხადა.
ალბათ ჭეშმარიტებასთან სიახლოვით უნდა აიხსნას იმ მოაზროვნის უეცარი პოპულიარობა და რეზონანსი, რომელმაც დასავლეთის დღევანდლეობის ასეთი გაგება მოხდენილ სიტყვიერ ფოკუსში მოაქცია და „ევროპის მწუხრის“ მწვავე ფორმულა მაშხალისებურ პარადოქსად გაისროლა საკაცობრიო აზროვნების ჰორიზონტზე.
ჩვენ აქ არ ვცდილობთ ევროპიულ კულტურის პრობლემები გადავჭრათ; გვინდა მხოლოდ დავინახოთ ის სასიხარულო განსხვავება, რომ თუ ვისმე შეუძლია ჩვენი საუკუნე დეკადანსით აღნიშნოს, – ჩვენს ქვეყანაში პირიქით, ჩვენ ახალი კულტურული სიმტკიცის და ძალშემოკრების პროცესში ვიმყოფებით.
კერძოდ პოეზიაზე: ჩვენი სკოლის პირველი მიღწევა იყო დაშლა წინად არსებულ მდარე ლიტერატურულ გაერთიანებათა ავტორიტეტის. ამიტომ იყო ისე მკიცრი გამიჯვნა და გაბრძოლება „სექსუალისტებისა და ინდივიდუალისტების“ ხელოვნების მიმართ, როგორც ეს უწოდა გადასულ ხელოვნებას ჩვენმა პარიზელმა აკკომენდამ თავის „ცირკულისა და რიცხვის ესთეტიკა“-ში.
ლიტერატურის ისტორიამ არ იცის მეორე მაგალითი ბრძოლის ისე მალე დასრულების, ოპოზიციის სასარგებლოდ, როგორც ეს მოხდა ამ შემთხეევაში. გავიხსენოთ თუნდ ახლო წარსულიდან ლიტერატურული კოლლიზიები ქართველი
რეალისტებსა და რომანტიკოსებს შორის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ უკანასკნელთ არც ერთი წუთით არ უგრძვნიათ დაცემა ოპოზიციის წინაშე, და ალ. ჭავჭავაძე, ორბელიანები და სხ. კალამს და სიცოცხლეს ერთდროულათ დაშორდენ. ეს იყო ფაქტი მათი ქმედით სიმტკიციდან გამომდინარე.
სულ სხვა მოხდა ეხლა. ისინი, ვისაც ჩვენ გაუხსენით წინააღმდეგობა, ეხლა ჩვენზე უფრო მეტი მეტყველებით უარყოფენ თავის თავს. ამიტომ არის, რომ ჩვენს წინაშე ასე უეცრათ მოიხსნა უარყოფისა და ბრძოლების პრობლემა და სკოლის მთელი პოტენცია წარიმართა პოზიტიურ მარცხენა შემოქმედებისაკენ:
ლაპარაკობენ საქართველოში ლიტერატურულ მდინარებათა ჭარბ აღმოცენებისა და ე. წ. „იზმების“ სენსა და საფრთხეზე. ეს აშკარა გაუგებრობაა. ვინც იცის თანამედროვე ევროპიულ ლიტერატურის მრავალფეროვანი დიფერენციაცია ან, თუგინდ, რუსეთის, განსაკუთრებით ამ ორი-სამი წლის წინათ, მისთვის უდავოა, რომ ქართული ლიტერატურა ამ მხრივაც განსაკუთრებულ მდგომარეობაშია.
არ არის მართალი ჩვენში მრავალ ლიტერატურულ დაჯგუფებათა არსებობა. ეხლა ქართულმა პოეზიამ იცის მხოლოდ ერთი სკოლა, ამ სიტყვის მართებული გაგებით და ეს არის „H2SO4“.
ვისაც სურს ეს მოსაზრებაც ჩვენი განდიდების „მანიათ“ გამოაცხადოს, მან მიგვითითოს რომელიმე ლიტერატურულ შკოლაზე დღევანდვლ საქართველოში, გარდა „ცისფერი ყანწებისა“, რომელიც, როგორც ვთქვით, ყველაზე ცხადად თვითონ უარყოფს საკუთარ არსებობას და, რომელმაც თანაბრად დაკარგა, როგორცშემოქმედებითი, ისე ორგანიზაციული მთლიაობა.
ჩვენ ავიღეთ პრეტენზია ლიტერატურულ მემარცხენეობის. ამ ცნებასაც მოუხერხეს ვულგარიზაცია და მემარცხენეობა წარმოიდგინეს ზოგჯერ ქრონოლოგიურ კითეგორიათ, ზოგჯერ პოლიტიკურ ფიზიონომიის ზედნაშენათ. ჩვენ არაერთხელ გვქონდა საჭიროება და შემთხვევა ასეთი გაგების მკაცრი უარყოფისა. გვიხდებოდა ეს სიტყვიერად მიმდინარე დისკუსიებზე, საჭიროა ამ
ცნების საბოლოო განსაზღვრაც.
მემარცხენეობა პოეზიაში ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, როგორც ლიტერატურაში ჯერ არ ყოფილ ფორმულისა და გაგების მოხაზვა და მისი ქმედათი პრაქტიკაში გაშლა. ამიტომ ყოველი ახალი და მემარცხენე შკოლის გამძლეობა იმ თავითვე დამოკიდებულია იმისაგან, აქვს თუ არა მას საკუთარი პოეტიკა
და ლიტერატურის შენების დამოუკიდებელი და განსაკუთრებული ორიენტაცია.
ამით აიხსნება, რომ არავის მოსვლია თავში ფრანგული უნანიმიზმი და ვერლიბრიზმი ან ნატურისტების და გუმანისტების შკოლა ფუტურიზმსა და ექსტრემიზმზე უფრო ახალ მოვლენათ წარმოედგინა, თუმცა ეს შკოლები ქრონოლოგიურად უფრო ახალი მოვლენაა. ამითვე აიხსნება ისე ნაადრევი და ლიტერატურის ისტორიისათვის უჩვეულო: მარცხი, რომელიც ექსპრესიონიზმმა
განიცადა.
ამიტომ ჩვენ ერთი წუთითაც არ გვიფიქრია მემარცხენეობის პრეცენზიები დაგვეთმო მათთვის, რომელთაც ჩვენ შემდეგ სცადეს ლიტერატურულ შკოლის შექმნა და მათ შორის ზოგიერთები, ჩვენთან შედარებით, რამოდენიმე წლით ახალგაზრდებიც იყვნენ.
ჩვენ დაგვჭირდა ხანგრძლივი მტკიცება იმისა, რომ ლიტერატურული მემარცხენეობის დამტკიცება არ შეიძლება პოლიტიკაში რევოლუციონერობით. ახლა ეს უკვე მიღებული დებულებაა, და ოფიციალურ ორგანოებში ამას აღიარებენ მმართველი პარტიის პასუხისმგებელი წევრები.
ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობენ დღეს ჩვენი პროლეტარული პოეზიის „ძველი და ახალი ფრონტები“, რომლებიც დიდ ხანს სცდილობდენ თავისი ლიტერატურული პრიორიტეტი პარტიული ბილეთით დაემტკიცებიათ.
და ამგვარად, ქართული პოეზიის დღევანდელობაში არ არის მეორე დაჯგუფება, რომელსაც წარმოედგინოს უფრო ახალი და განსაკუთრებული ლიტერატურული ცრედო, ვიდრე ჩვენმა შკოლამ, რომელმაც თავისი ლიტერატურული ორიენტაცია უკვე საკმაოდ გაამართლა თავისი მხატვრული პროდუქციით.
არის მეტად თავხედი და მოურიდებელი ბრალდება, რომელსაც ჩვენ გვიყენებენ ყოველთვის, თითქოს ჩვენი ფრონტის მთელი თეორია და პრაქტიკა მოდიოდეს უცხოეთის ახალი პოეზიის გავლენიდან.
ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ და დავამტკიცეთ, რომ ჩვენ „ფეხდაფეხ არ მიესდევთ არც ერთ ლიტერატურულ შკოლას“ დასავლეთის და რუსეთის პოეზიისა. მაგრამ თუ ჩვენი ფრონტის ლიტერატურული გაგება ზოგჯერ ენათესავება უცხოეთს
პარალელურ მიმართულებებს, ეს უნდა აიხსნას მხოლოდ იმ გარემოებით, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად, დიდი ხანია ქართული კულტურა მოქცეულია ევროპიულ კულტურის რკალში და დიდი ხანია მისი უეჭველი გავლენით მიმდინარეობს. და ეს არა მარტო ჩვენს პოეზიაზე ითქმის. განა რუსეთი მე-19 და 20 საუკუნის პოეზიამაც არ განვლო ევროპის ლიტერატურის მიერ აღნიშნული ევოლიუცია?
ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ აძლევს ტონს მსოფლიო კულტურას და ჩვენში არა მარტო ლიტერატურული, სოციალური და მეცნიერული იდეებიც უცხოეთიდან მოემართებიან.
რასაკვირველია, არავინ პერსონალურად და მით უმეტეს არა ჩვენი შკოლა.
მაგრამ ჩვენი მხატვრული პრაქტიკა ყოველთვის ისწრაფოდა უცხოეთის გავლენისაგან თავდაღწევას. ამიტომ მოხდა ჩვენი ხალხურ პოეზიისაკენ გადახრაც, ქართული პოეტური სიტყვის მთელლი ლაბარატორიის დაყენებაც, პოეტურ მიმღეობისა და კონსტრუქციის ქართული ბუნების რესტავრაცია და სხ. ფაქტიური მასალა უამრავია ამის დასამფკიცებლად და ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველისათვის ის უკვე საკმაოდ ცნობილიც არის.
უკანასკნელად ბევრს ლაპარაკობენ ჩვენი შკოლის უკან დახევაზე და აკადემიზმისაკენ გადახრაზე. თუ გავიგებთ აკადემიზმის, როგორც ტრადიციის გაბატონებას, სტატიკას, მონოტონობას, ჩვენი ქმედითი პრაქტიკის ყოველი ახალი ფაქტი საკმაო საბუთია ამ ბრალდების მოსანანელად.
თუ გავიგებთ აკადემიზმს, როგორც სერიოზულობას და გეგმაზომილ, შეგნებულ მისვლას შემოქმედებასთან, ჩვენ შეგვიძლია სრულიად უკან დაუხევლად განვაცხადოთ, რომ ქართული კულტურის და ლიტერატურის მშენებლობაში ჩვენ ვეცდებით გავუსწროთ ყოველგვარივე აკადემიის სერიოზობას და საქმიაანობას.”
ჩვენ ეს ასე გვესმოდა ყოველთვის და ჩვენი შკოლის უკიდურესი რევოლიუციონური ნაბიჯებიც, ჩვენი დებოშებიც კი – არასოდეს არ გაგვიგია მარტო სანახაობის კატეგორიათ და გამრთობ სენსაციათ.
ჩვენი გამოსვლის პირველი დღიდანვე ჩვენ გვქონდა გარკვეული ლიტერატურული მისსია. ჩვენ ეხლაც სავსებით სიცხადით წარმოგვიდგენია ჩვენი ფრონტის ადგილი და მნიშვნელობა ახალი ქართული კულტურის ფორმაციაში. მრავალგვარი მეთოდებით და გზებით მიემართებიან ჩვენი მარცხენა ნაბიჯები ამ ადგილის ამოვსებისა და გამართლებისაკენ.

გაზ. „დროული“ 1926 წ. №3

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი