ბესარიონ ჟღენტი // თვით პოეტიკაზე
1. თვით პოეტიკაზე
(შესავალის სახით)
ობიექტიური პოეტიკა, როგორც დამოუკიდებელი კვლევა - მოსაჩვენარი
ილლიუზიაა მხოლოდ. ეს შეუძლებლობა მარტო თანამედროვე აზროვნების რელატივიზმით არ აიხსნება.
პრობლემის სრული კონცეპციის მოსახაზავათ, აუცილებელია მისი განყენება საკუთარი ინტერესებისაგან და უშუალო განსჭვრეტა.
პოეტიკას კი უფრო ხშირათ ქმნიან პოეტები, რომლებიც ცხადია, თვითონ არიან მოქცეული პრობლემის ორბიტში, დაყენებულ საკითხის რკალში და უეჭველათ ფარავენ მის დიდსა თუ პატარა ნაწილს.
აქ ყველაზე მეტათ წარმოსადგენია ის ბადე-გარსი, რომელიც ბერგსონის აღმოჩენით, მოვლენისა და მის ამთვისებელს შორის ჩნდება (უკანასკნელის ინტერესიდან გამომდინარე) და სპობს შესაძლებლობას ფაქტის ყოველმხრივი ხილვისას.
ამიტომ პოეტიკაში ყველაზე მეტათ: „რაც ფაქტია, — არ არის ფაქტი“, რაც ჭეშმარიტებაა მხოლოდ ნაწილია ჭეშმარიტების.
ლიტერატურული კრიტიკა —ჩემის წარმოდგენით — ანალიტური განგრძობაა შემოქმედების სინთეტურ პროცესისა. იგი პოეზიაში მოქცეულ რკალების გახსნაა და ექსპოზიცია.
ამიტომ პოეტიკა, რომელიც ერთის შეხედვით თითქოს მარშრუტს უხაზავს პოეზიას, თითქო ლიანდაგს უგებს პოეზიის ექსპრესს, — ნამდვილათ: უკვე წინასწარ განსაზღვრულია თავის ნააზრევში.
როგორც ლოღიკა ნააზრევის შემდგომი რევიზიაა და თვით აზროვნების პროცესისათვის უმნიშვნელო, ისე პოეტიკა, შემოქმედებაში უკვე დამკვიდრებულ მიღწევათა ანალიზია და თვით შემოქმედებას არაფერს მატებს.
არგუმენტაციისათვის:
მაგალითად რას აძლევს თანამედროვე რუსულ პოეზიას თუნდ ისეთი საინტერესო სპეციალური ნაშრომები პოეტიკის საკითხებზე, რომლითაც ეხლა ბიბლიოთეკის თაროებს ავსებს „academia“-ს გამომცემლობა.
ეიხენბაუმი, ტომაშევსკი, ჟურმანსკი და სხვები, რომლებიც ამუშავებენ საკითხებს რუსული ლექსის მელოდიკის, ინსტრუმენტოვკის, მეტრიკის, რითმის და საერთოთ ლექსის ტეხნოლოგიის შესახებ, მხოლოდ მიღწეულ კომბინაციათა ილლიუსტრაციას იძლევიან, მაგრამ მათი წიგნები ვერც კი მოასწრებენ ვიტრინებში მოქცევას, რომ ახალი, პოეზიაში მიღწეული შესაძლებლობანი სპობენ კანონათ აღიარებულ მეთოდებს.
ამ რიგათ, თანამედროვე განწყობილებაში პოეტიკის თეორიას არ შეიძლება დაეკისროს პოეზიისათვის ტრაქტატების შექმნა და მისი მომავალი კონტურების შემოფარგვლა.
მას ერთი მნიშვნელოვანი მისსია რჩება:
არსებულ საპოეზიო მიმართულებათა პოზიციების დაზვერვა, და მათი შეფასება:
აქედან: პოეტიკა და ლიტერატურული კრიტიკა დღეს გადაქცეულია ბრძოლის საუკეთესო იარაღათ საპოეზიო შკოლათა შორის.
კიდევ არგუმენტაცია:
თანამედროვე ფრანგული პოეტიკა შკოლების მანიფესტებითა (როგორც, მაგ. მანიფესტები, „la Pleiade“-ს „la Muse Française“-ს და სხ. ჯგუფების) და სადისკუსიო ნაშრომებით განისაზღვრება.
ჟან კოკტოს, ჟიულ რომენის, ჟორჟ შევენურის, და სხ. თეორეტიული ხასიათის ნაწერები მხოლოდ პოლემიკაა და ბრძოლა საკუთარ ლიტერატურულ „credo“-ს გასამტკიცებლათ.
და ჩვენი წერილიც ამ თავითვე გარკვეულია თავის მიზანში: იგი იწერება ქართულ პოეზიაში დაყენებულ შმორის სალიკვიდაციოთ და იმ პოზიციების საბოლოო დარღვევისათვის, რომლებზედაც კიდევ სდგანან ქართულ პოეზიის ავტორიტეტული თუ არა ავტორიტეტული რუტინები.
კიდევ ერთი განმარტება.
ქართული პოეზიის მიმართულებათა გადაფასების დროს ჩვენ ზოგჯერ დაგვჭირდება შევეხოთ ლიტერატურულ „პიგმეებსა“ და „დაუსრულებლივ პატარა სიდიდეებსაც“.
ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გავანადგუროთ ამ მოლეკულარულ ბაცილების ატმოსფერის მშხამავი გავლენაც.რომ გარკვეული იქნეს ის იდეოლოგიური არე, ის სტრატეგიული პუნქტი, საიდანაც ჩვენ ვუმიზნებთ დღევანდელ ქართულ ლიტერატურას, საჭიროა წინასწარ კონკრეტულათ მოიხაზოს ჩვენი „მემარჯვენე ხელოვნებისაგან“ დაშორების მთავარი მომენტები.ამიტომ ამ წერილის პირველ ნაწილში ჩვენ გადავსჭრით ზოგიერთ ცენტრალურ პრობლემებს თანამედროვე ხელოვნებისას.
2. ფორმა და შინაარსი
ეს საკითხი დიდ ხანს წარმოადგენდა პოლემიკის საგანს. ხან ერთის, ხან მეორის მხარეზე იხრებოდა პრიორიტეტი. ამ ნიადაგზე ჩნდებოდენ მთელი ლიტერატურული შკოლები. ჩვენ მიერ საკითხი სწყდება ასეთ დუალიზმის სრული უარყოფით.
ფორმა და შინაარსი ორი განუკვეთელი ელემენტია შემოქმედებისა, ისე უსაზღვროთ გადასული ერთი-მეორეში, რომ დაკარგულია მათ შორის შეხვედრისა და განსაზღვრის წერტილი. რადგან აფორმიული არაფერია, ხოლო რაიმე ფორმალი კომბინაცია უშინაარსოთარც კი წარმოიდგინება, ამიტომ ყოველი ახალი ფორმა
გულისხმობს ახალ იდეას და პირიქით. ამ რიგათ ფორმისა და იდეის პრობლემას ჩვენ ვსჭრით მონისტური თვალსაზრისით.აქედან ნათელია ძირეული შეცდომა იმ „კრიტიკოსების“, რომლებიც ôუტურიზმში მხოლოდ ფორმალურ მიღწევებს აფასებენ.
ვ. პასსეიზმი და ფუტურიზმი
ხელოვნება, რომელიც ცდილობს ასახოს „ამწუთურ“ რეალობა, იჩეხება პასსეიზმში.
თქვენ ვერც კი მოასწრებთ დაამთავროთ შტრიხიული ნახაზი „აწმყოსი“, რომ მისი შესაფარდი დრო უკვე გაიქროლებს, და ხელთ გრჩებათ „განვლილის“ სურათი. ამიტომ ხელოვნებას სჭირდება წინად მზერა. იგი უნდა იძლეოდეს ეკვივალენტს „მყობადერი“ რეალობისას.
აბსოლუტურათ „თანამედროვე“ შემოქმედება შეუძლებელია.
აქ შეიძლება ფსიქოლოგიის ის დებულებაც დავიხმაროთ, რომ დროის აღთქმა (восприатия) შეუძლებელია მისი სწრაფი სრბოლვის გამო.
ამით აიხსნება, რომ „ყოფა-ცხოვრების“ ხელოვნება („бытовое искуство“ ), მიუხედავათ თვისი პრეტენზიებისა „თანამედროვეობაზე“, ყოველთვის ჩამორჩენილობის ტრაგედიაში იხრჩობა. ამ რიგათ: რაც მყობადური არაა — ის წარსულისეულია.
4. ღმერთიდან – ნივთამდე
სიუჟეტის ევოლიუცია ხელოვნებაში მიმდინარეობს კაცობრიობის კულტურულ ეტაპების პარალელურათ.
ციური ღმერთებისა და ოლიმპის რელიგიოზური ექსტაზისით გაჟღენთილ ხელოვნებას სცვლის ხელოვნება, სადაც სიუჟეტი ადამიანია — (ჯერ რაინდი, შემდეგ უბრალო მომაკვდავი) შემდეგ ხელოვნება ჩერდება ცხოველთა სამყაროზე, უსიცოცხლო ბუნებაზე და უკანასკნელათ, იგი უახლოვდება მატერიას ნივთს.
ასე დაეშვა ხელოვნება ციდან – ჩვენს პლანეტამდე: მეტაფიზიკურ ტრანსცენდენტალობიდან – პოზიტიურ რეალობამდე.
5. ნივთი
ახალი ხელოვნება მიმდინარეობს მატერიალურ მშენებლობის პროცესის პარალელურათ. როგორც მთელი თანამედროვე მატერიალური კულტურა ნივთობრივ კონსტრუქციებით შენდება, ისე ხელოვნებისათვისაც, შემოქმედების საწყისიც (სიუჟეტი) და მიზანიც — ნივთია. (წარმოებითი φუტურიზმი და კონსტრუქტივიზმი).
ნატურალიზმი „საგანს“ განიხილავდა, როგორც სტატურმყარ მატერიას. ჩვენ ნივთს ვღებულობთ როგორც დინამიურ ელემენტს მშენებლობითი მოძრაობისა.
იმპრესსიონიზმი და სიმბოლიზმი „საგანში“ ხელოვანთა კონკრეტ სიმბოლიკას მის უკან დაფარულ ტრანსცენდენტალი აბსტრაქციებისა. ჩვენი მისვლა ნივთთან — სავსებით პოზიტიურია. აქედან: აფსიქოლოგიზმი ახალ ხელოვნების.
6. სიუჟეტი
ვიქტორ შკლოვსკი დაახლოებით ასე სჭრის სიუჟეტის საკითხს: თანამედროვე ხელოვნება ნივთების მიმართებაა, ამიტომ მთავარი ამ მიმართების და კომბინაციის ფორმალი თავისებურება, და არა თვით ობიექტი. სულ ერთია, „სამყარო მიემართება
სამყაროს, თუ ბურთი — ბურთს“.
ოსკარ ვალცელი იმოწმებს გიოტეს თქმას: დღევანდელი მწერლები მთავარ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ „რაზე“ სწერენ, — ივიწყებენ კი, — თუ „როგორ“ სწერენ.
სწორეთ ეს „როგორ“ არის არსებითი თანამედროვე ხელოვნებაში.
თემა და სიუჟეტი იმპულსია მხატვრული შემოქმედების
— თვით შემოქმედება კი — სიუჟეტის თავისებურ შესრულებას გულისხმობს.
განსახიერების პრობლემა.
აბსოლიუტური რეალიზმი ხელოვნებაში წარმოუდგენელია. ხელოვნური ნაწარმოები არ შეიძლება ობიექტის იდენტიური ადეკვიტი იყოს. ეს იმითაც მტკიცდება, რომ ყოველგვარ ხელოვნების ათვისება შესაძლებელია მხოლოდ ასოციაციის გზით. რაც უფრო წინაურდება კაცობრიობა, მით უფრო იზრდება მისი
ასოციაციური, წარმოდგენითი პოტენცია. ამიტომ კულტურულ პროგრესის პარალელურათ ხელოვნება შორდება სიუჟეტს.ეს თეორეტიული მტკიცება მართლდება ისტორიულათაც. თანამედროვე კუბიზმი, სუპრემატიზმი და მთელი მემარცხენე ხელოვნება ცხადმყოფი არგუმენტია ამ დებულებისათვის.
მეორეს მხრივ: ხელოვნება, რომელიც ობიექტის ეკვივალენტიურ განსახებას მოგცემს, არ იქნება შემოქმედება, რადგან ეს უკანასკნელი სამყაროს, ჯერ არ არსებულათ შევსებას გულისხმობს.
მიღწევა იყო ელენა გუროს თქმა: მე მინდა ჩემს ოთახში დავაყირავო დგამები და ამრიგათ მივიღო მსოფლიოს ახალი აღთქმაო.
შეიძლება ამ პოეტური მეტაფორიდან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ თანამედროვე მემარცხენე ხელოვნება გარესკნულს ასახავს ყოველთვის ახალი ინტერპრეტაციით, ე. ი. გარდასახეობით, მართლაც: რეალისტური სურათი, მაგალითათ ქვის, ერთი წუთითაც ვერ შეარხევდა ჩვენს ნერვიულ აპარატს.
ასეთი ხელოვნება ვერ მოგვცემდა ჯერ განუცდელ შეგრძნობთა შესაძლებლობას; მაშასადამე გაუმართლებელი დარჩებოდა ხელოვნების ფუნქცია, რომელიც ჩვენ გვესმის ახალი სიცოცხლისა და მყოფადერი რეალობის შექმნის სახით.
აქ შევსწყვეტთ ჩვენი წერილის, ასე ვსთქვათ, პოზიტურ ნაწილს, რომელშიაც თეზისების სახით შევეცადეთ წარმოგვედგინა მთავარი მომენტები მემარცხენე ხელოვნების იდეოლოგიიდან.
ეს მიღწევები აერთიანებენ მთელ თანამედროვე მემარცხენე ფრონტს ხელოვნებისას (მიუხედავათ მისი სხვა და სხვა მიმართულებებათ დაყოფისა) გილიომ აპოლინერიდან ჩვენამდე: ზემოთ გამოყვანილი დასკვნები გამოდგებიან, როგორც წინასწარ განმაპირობებელი პოსტულატები იმ კრიტიკული თვალსაზრისის გასაგებათ, რომლითაც ჩვენ ეხლა მივუდგებით თანამედროვე ქართულ ლიტერატურას:
II
„ცისფერი ყანწები“
ეს თეორიაში – სრულ გაუგებრობის და გერმაფროდიტიზმის, ხოლო პრაქტიკაში მთავარმნიშველობამდე დასული პლაგიატოს ნიადაგზე გაერთიანებული ლიტერატურული ლეში შეიძლება მოექცეს იმ ფორმულაში, რომლითაც ლარუსსოს ლექსიკონი განმარტავს არლეკინს:
ყოველგვარი ნარჩენის კომპილიაცია.
ორი სიტყვა, ორდენის წოდება ერთი შეხებით იძლევა წარმოდგენას ამ შკოლის იმანენტური ბუნებისას.
„ცისფერი ყანწები“ – ერთის მხრივ გვაგრძნობიებს „დაუსრულებლობისაკენ მსრბოლავ ექსპანსიურ სულს“ ფანტასმაგორულ სწრაფვას მისტიურ სსივრცეებში,მეორეს მხრივ – ყანწებისა და აზარფეშების კულტს, რაც ესენციაა საშუალო საუკუნოების და ფეოდალური კულტურის ფსიხიკისა.
ჩვენ საბოლოოთ და ალბათ უკანასკნელათ ვახდენთ გენეზისს ამ შკოლის ათი წლის არსებობისას. უკანასკნელათ, რადგან მოსაბეზრებელია წერა და ლაპარაკი ისეთ მოვლენაზე, რომელიც არც ერთ წერტილში არ გადაკვეთს ეპოქის და თანადროულობის მიმართებას.
ის შკოლები, რომელთა პატარა ეპიგონობას სცდილობდა „ცისფერი ყანწები“ დასავლეთსა და რუსეთს ლიტერატურაში უკვე განვლილი პერიოდის რკალშია მოქცეული. დასავლეთის ახალ პოეზიისათვის სიმბოლიზმი ისევე არქივის მასალაა, როგორც რომანტიზმი ან ნატურალიზმი. თუ ცოცხალია მნიშვნელობა ვერჰარნისა და უიტმენის, ეს მათი განსაკუთრებული ურბანული ბუნებით აიხსნება მხოლოდ.
რუსული სიმბოლიზმი – მკვდარია თანამედროვეობისათვის; იგი ფაქტიურათ ემიგრაციაში იმყოფება რევოლიუციისაგან.
ჩვენში ყველაფერი იგვიანებს. „ცისფერი ყანწები“ უკვე მოიხსნა, როგორც მებრძოლი შკოლა და შეეფარა რედაქციებს მთარგმნელისა და ქრონიკორის როლში. მთარგმნელობა ამ შკოლის სპეციფიკა თავიდანვე იყო; მაგრამ ეხლა დაკარგეს გამბედაობაც თარგმანის საკუთარ შემოქმედებით გამოცხადების და მთელი მათი ეხლანდელი მისსია ფუტურისტულ და ექსპრესიონისტულ ლიტერატურის ქართულ ენაზე პოპულიარიზაციით ამოიწურება.
ამ რიგათ „ცისფერ ყანწებს“ აღარც პრეტენზიები აქვს. და თუ ჩვენ მაინც ვლაპარაკობთ ამ მიმდინარეობაზე, ამის ახსნა ჩვენ ამ წერილის შესავალში გვაქვს, რომ ეს წერილი ლიტერატურულ შმორის სალიკვიდაციოთ იწერება.
– – –
ყანწი, ეს პრიმიტივის და პირველყოფილობის სიმბოლიკაა, რომელსაც არ შეხებია ცივილიზაციის დამკუთხავი გავლენა, მართლაც შეიძლებოდა გამხდარიყო ღერბათ ისეთი პრიმიტიული გემოვნებისა და უკულტურო შკოლისათვის.
ქართული პოეზიის ტრანსფორმატორულ პრეტენზიებით მოსული შკოლა იმდენათ უკულტიურო აღმოჩნდა, რომ თავისი გამოცემის პირველ ნომერში კურიოზულათ არიეს და ვერ განასხვავეს ორი ისე პოლიარულათ ურთიერთისაგან დაშორებული მიმართულება, როგორაცაა სიმბოლიზმი და ფუტურიზმი.
პაოლო იაშვილის „პირველთქმა“ რომანტიული პათოსით განმეორება პირველყოფილი ფუტურიზმის მანიფესტების; და ტიციან ტაბიძის წერილი, სიმბოლიზმის იდეოლოგიის პრეტენზიით. ასეთი იყო თეორეტული სიმტკიცე „ცისფერი ყანწების“.
რასაკვირველია, საჭიროების გარეშეა იმ ვულგარული აბსურდიის კრიტიკა, რომლითაც დატენილია ეს მანიფესტი და წერილი. მათი გახსენება მხოლოდ იმ „ჰიბრიდამის“ საილიუსტრაციოთ არის საჭირო, რომელსაც „ცისფერი ყანწების“ პირველი ნუმრიდან დღემდე ანვითარებდა ეს შკოლა.
გრ. რობაქიძე და ტიციან ტაბიძე ქმნიდენ თეორიულ მსოფლმხედველობას „ცისფერი ყანწებისას“. ერთ ჩემ წერილში „პლაგიატია და გრამოფონი“ მე ვამტკიცებდი, რომ რობაქიძე აზროვნებს და ქმნის ყოველი ახლად „მოსული“ წიგნის ან ჟურნალის დამპყრობი გავლენით. უაილდის, ნიცშეს და ოტოვეინგერის პოპულიარიზაციიდან იგი ახალგაზრდა „ყანწელებმა“ სიმბოლიზმის „უმცროსი თაობის“ ორიენტაციაზე გადაბარგეს. უკანასკნელათ გამსახურდიას ექსპრესიონისტულ დეკლარაციების ეპიგონი გახდა და „მიწასთან დაბრუნების“ თეორიებს არკვევს.
ნათქვამი მხოლოდ იმის საილუსტრაციოთ, რომ რობაქიძეს არ ახასიათებს აზროვნების დამოუკიდებლობა და გამძლეობაა მსოფლმხედველობის გარკვეულობა. იგი გიპსიური ელასტიურობით იზრდება ყოველი ახალი გავლენის ყალიბში.
ტიციან ტაბიძეს მოსწრებულათ ეწოდა „ბიბლიოგრაფიული“ მოაზროვნე.
„ცისფერ ყანწებში“ ის ამტკიცებდა სიმბოლიზმის მსოფლმხედველობის იდენტურობას ქართველი ხალხის ფსიხიკასთან და „ყველა არგუმენტით“ სცდილობდა გაემაგრებია სიმბოლიზმის პერსპექტივა ჩვენში.
შემდეგ „Куранты“ -ში სიმბოლიზმს „ცისფერი ყანწების“ გარდავალ პოზიციათ აღიარებდა და ირწმუნებოდა, რომ ამ შკოლას მთელი პერსპექტივა დუტურიზმისაკენ იხრება; უკანასკნელათ ამტკიცებს, რომ პოეზია რემბოს შემდეგ „ერთი ხაზითაც არ გახროლა”.
დასასრულ „ცისფერ ყანწების“ და დადას დაკავშირებას სცდილობს. ჩვენთვის საინტერესო იყო ხვეული ამ კომბინაციის, მაგრამ ტაბიძე ყოველთვის პრობლემის პერიფერიაში ტრიალობს და საკითხს გადაუწყვეტელს სტოვებს: მისი წერილები ყოველთვის „შესავალია“; ან საკითხის გამორკვევას დაპირებით ასრულებს. ამ რიგათ იდეოლოგია „ცისფერი ყანწების“ ვულგარული ეკლეკტიკაა. ეხლა მისი „პრაქტიკის“ სწრაფი ექსკურსიც:
გრ. რობაქიძე – „პოეტი-ფილოსოფოსი”, დებიუტანტი „თეატრი და ცხოვრების“; პირველი სტადია – გატაცება გრიშაშვილით („სირენას სიმღერა“-სა და გრიშაშვილს შორის ერთი ნაბიჯია). შემდეგ ყალბი პათოსი და ცრუკლასიკური რიტორიკა. უკანასკნელათ: მიწასთან დაბრუნება და პრიმატივის პოეტიკა: რაფიელ ერისთავთან დაახლოება (ეს ჩემს მიერ აღნიშნული იყო თავისდროზე); „მალშტრემ“ –ლიტერატურული ხლამია „დიონისეს კულტი”, რელიგიოზური ექსტაზი.
პაოლო იაშვილი – პირველ ხანებში პარიზის შთაბეჭდილებით გაბრუებული და ბალმონტის ეპიგონი („ფარშევანგები ქალაქში“, „წითელი ხარი“ და სხ.); შემდეგ იმაჟინისტების გავლენა: „წერილი დედას“ (ესენინიადა); ეხლა: „უნდა ავარდე მამადავითზე“, მარინეტით შეუგნებელი გატაცებიდან – დაწმენდილ რომანტიკამდე. შემოქმედებაშიც მხოლოდ; კონჭერინსიე ან უკეთ – იმერელ აზნაურის პათოსის „ტოლუმბაში“. „ფერადი ბუშტები“ აპოდრეოზია მთელი მისი ბუშტივით მსუბუქი და „გაბერილი“ პოეზიის.
ტიციან ტაბიძე – „უაილდის პროფილი“ (დეგენერაცია და დეკადანსი); კულტი წარსულის: „ქალდეას ქალაქები” („დანგრეულ კიბეს მე ვაშენებ, უკან მოვყვები“), „ძველი ორპირი, დანგრეული სანავოები“, მალიარიის, ტუბერკულოზის, ნახველის და შხამის პოეზია. მჟავე ლირიკა. „მადლობა უფალს, ჩემი სული მას აბარია“ – უკანასკნელათ აღელვებს დანიელა ურიაც. და „ხედავს იმ მარგუს, მოწამლული სადაც დაწვება“.
ვალერიან გაფრინდაშვილი – „ოფელიის კუარიორი და დენშჩიკი“, ყველაზე მეტათ ფანტასმაგორული და მისტიური კოლორის პოეტი – „მისტიური საფერფლე“, „დაისები“, – ბლოკური პლატონიზმი, საგნების იდეალიზაცია და ჭარბი ფსიხოლოგიზმი. ჭლექისა და თვითმკვლელობის პოეტიკა. ბრუნავს დანტომების რკალში; ყოველი საგანი მისთვის დანტომია – სიმბოლიკა რაღაც აბსტრაქტულის და ტრანსცენდენტალის.
კოლაუ ნადირაძე – მთვარის თანამგზავრი: ძველი ციხეების კედლების წინ ჟრუანტელი; ბალდახინის და „momento mori“- ს პოეტი. „მოკუნტული, როგორც იუდა“, „თითქო ღვთისმშობლის ცრემლი დამეცა ლოცვის დროს თავზე“, „და ღვთისმშობელის მოგრძო თვალები, უმანკო სევდით ამოვსებული“; „ოჰ, ღმერთო ჩემო, ეს სავსე გული შენ ჩაგაბარე, და მას ეგ კალთა ბროლით ქარგული-გადააფარე”. ილლიუსტრაციისათვის კმარა. საერთოთ: სპლინი, ავათმყოფი სენტიმეტალიკა, ნევრასტენია, პასსეიზმი და მთელი დეკადენტური ფსიხიკა.
გ. ლეონიძე– „ნაკადულის“ და „ჯეჯილის“ ახლო თანამშრომელი, პრიმიტიული „სიმსუქნის“ პოეტი. მოზვერისა და კახური კამეჩის შთაბეჭდილების პოეზია. ეხლა ზაქარია ჭიჭინაძის პროფესიონალური გამგრძელებელი ვახტანგ კოტეტიშვილთან ერთად.
რაჟდენ გვეტაძე – ანუ მათეშვილი „თეთრი წიგნის“ ავტორი; „დაბინდული ქარვები“ და „ღამეები“ (აღსანიშნავია ფერითი კოლორიტის ევოლიუცია: თეთრი – ყვითელი – შავი). ტემა: „ოფლიანი ღლიავი“. სოფლის პეიზაჟი (ბოსტანი –– ხბოს ტანიბოზები და უკანასკნელათ ვირების მესსიანიზმი. რობაქიძეს ეს პრიმიტივთან დაბრუნებათ მიაჩნია; მე კი – უკულტურობაში ჩახრჩობათ და პრიმიტივიდან თავდაუღწევლობით, დანარჩენებზე შეჩერება არაფერს გამოარკვევს ახალს.
რეზიუმე:
„ცისფერი ყანწები“ თავისი სენტიმენტალიკით და რომანტიკით „მთვარის სამყაროს“ და სოფლის პოეზიაა. მისი შემოქმედების ობიექტი მკვიდრი ბუნების „საგანია“, გაიდეალებული და აბსტრაქციაში გადატანილი. აქედან გამომდინარეობს: მეტაფიზიკური და მისტიური ძიება ღმერთებისა და „ასტრალური სამყაროების“. აქიდანვე გამომდინარეობს „ფსიხოლოგიზმი“ „ცისფერი ყანწების”.
„ცისფერი ყანწები“ უკანმზერისა და პასსეიზმის პოეზიაა. მასში იშლება დეგენერატული სკეპსისი, შხამი, ტუბერკულოზი, სპლინი და საერთო სიკვდილისა და გადაშენების აგონიით ამღვრეული სული. აქედან იგი დეკადანსის პოეზიაა.
„ცისფერი ყანწები“ ფსიქოლოგიურათ ეთიშება მასსას; იგი ილიუზიაა ცოცხალი და მბრუნავი გარესკნელისაგან და საკუთარ ეპილეფსიურ განცდებში მომწყვდევაა (ულტრაინდივიდუალიზმი), „ცისფერი ყანწები“ პასსივი და სტატიურია ათვისებისა და განსახების პროცესში.
ასე ამრიგად დამტკიცებულია ჩვენი დებულება, რომ „ცისფერი ყანწები“ არც ერთ წერტილში არ გადაკვეთს თანამედროებას.
ჩვენი საუკუნე ხასიათდება პოზიტური და რეალური აღთქმით გარესკნელისა; თანამედროვე კულტურა შენდება ყოველგვარ ფსიხოლოგიზმისაგან დაწმენდილ ნივთების უტილიტარულ კონსტრუქციით. ჩვენი რევოლიუციონური ეპოქა დინამური თავის მშენებლობით პროცესში და ჯანსაღი ოპტიმიზმით მიიწევს მყოფადობისაკენ. თანამედროვე ფსიხიკა სცილდება ინდივიდუალურ ნაჭუჭს და გადადის კოლექტივიზმში.
კიდევ ერთი ფაქტი: H2 SO4 -ის პირველ ჟურნალში „ყანწელების“ ლექსები გადატანილი იყო შაბლონური სამიკიტნოების სიმღერების მოტივზე. ეს არ ყოფილა შემთხვევითი მოვლენა. აქ მტკიცდება „ყანწელების“ აკუსტიური სიჩლუნგე, ლექსის ტეხნოლოგიის და საერთოთ შესრულების მხრივაც.
III
პროლეტარული პოეზია
პირველყოვლისა, პროლეტარული პოეზიის მომავალი ჩემთვის მეტისმეტად პრობლემატურია. მთელი აზრი პროლეტარიატის ბრძოლისა იმაში მდგომარეობს, რომ მოისპოს საზოგადოების კლასობრივი დიფერენციაცია და შეიქმნას მთლიანი, ჰარმონიული ყოფა. ამ რიგათ პროლეტარიატის მიზნობრივი გამარჯვება ნიშნავს „პროლეტარული პოეზიის“ როგორც ყველაფრის, რაც კლასიურია მოხსნას.
შეიძლება პროლეტარული პოეზია შერჩეს გარდამავალ პერიოდს იმორ პერიოდს შორის, რომელთა ერთი მხრივ ლიკვიდაცია და მეორეს მხრივ შექმნა არის raison d' être თანამედროვე რევოლიუციისა.
პროლეტარიატი უშუალოთ დაინტერესებულია, რომ ეს ინტერვალი, რაც შეიძლება მინიმალურ დროს იტევდეს.
მეორეს მხრივ:
პროლეტარული პოეზია არ შეიძლება იყოს შკოლა.
თუ პროლეტარული პოეზია უპირისპირდება ბურჟუაზიულს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ბურჟუაზიული პოეზია თავის მოცულობაში შკოლების რამოდენიმე ათეულს იტევს. რატომ შეიძლება, რომ პროლეტარული შემოქმედებაც ასეთივე მიმართულებრივ დაყოფას არ განიცდის.
მე მგონია, რომ ეს ასე მოხდება.
რუსულ პროლეტარულ პოეზიას რომ გადავხედოთ, ზოგი მათგანი თუტურიზმის გავლენას განიცდიან (მაგ. ბეზიმენსკი); ზოგი სიმბოლიზმისაკენ იხრებიან (მაგ. გერასიმოვი) არის რეალისტებისა და ნატურალისტების გავლენაც (დემიან ბედნი, კაზინი და სხ.).
პროლეტარულ პოეზიის ყველაზე ახლო მონათესავე პოეტი თანამედროვე გერმანეთის – მაკს ბარტელი ექსპრესიონისტების გავლენაშია. განსაკუთრებული ესთეტიური კრედო ახასიათებს პროლეტარულ პოეზიის შესაფარდ შკოლას ეხლანდელ საფრანგეთშიც – ვლაპარაკობთ უნანიმისტებზე.
ამ რიგათ პროლეტარულ პოეზიას მხოლოდ სოციალური მრწამსი აერთიანებს, ისევე როგორც ექსპრესსიონიზმს ნაციონალური ტენდენციები. ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ განსაზღვრავს საპოეზიო მიმდინარეობას.
როგორც ზევით აღვნიშნეთ, ერთსა და იმავე სოციალურ არეზე შეიძლება მრავალი საპოეზიო მიმართების გაშლა.
ხელოვნებაში მიმართულებათა დამყოფ ნიშნათ ვერ გამოდგება სოციალური და ნაციონალური თვალსაზრისი.
ეს უდავო ჭეშმარიტებაა.
კერძოთ საქართველოში პროლეტარული პოეზია ჩემის მტკიცებით, არ არსებობს. ის მონოპოლური პრეტენზიები, რომელსაც რევოლუციონურ და პროლეტარულ შემოქმდებაზე აცხადებს ამ წოდებით გაერთიანებული მწერალთა კავშირი, ჩემს ფიქრით უზურპატორული მითვისებაა.
რევოლიუციონური პროლეტარიატი ანგრევს წარსულის „ტრადიციულ ალპებს“ (თქმა მარქსის) საქართველოს პროლეტარული მწერლები კი – ვერ მიგვითითებენ ვერც ერთ მიღწევაზე თვის შემოქმედებაში, რომელიც ამ წარსულის ტრადიციებით არ სცოცხლობდეს მთლიანათ.
თუ პროლეტარული პოეზიის აპოლეგეტები გვეტყვიან, რომ ისინი რევოლიუციას ახდენენ შემოქმედების იდეის მხრივ, ჩვენ მათ დუალიზაციაში დავიჭერთ და მოვაგონებთ, რომ ყოველი ახალი იდეა, მხოლოდ ახალ ფორმალ კომბინაციაში შეიძლება მოექცეს.
ქართული პროლეტარული პოეზია ნატურალიზმისა და რეალიზმის ნიადაგზე სდგას. ხსენებული შკოლები პასიურათ ისახავენ ობიექტურ გარემოებას და ხელოვნებაში „არსებულის“ ეკვივალენტს იძლევიან.
აქ დაშორებაა რევოლიუციისაგან, რომელიც არსებულის უარყოფას გულისხმობს და დინამიურათ ქმნის მყოფადს.
ამ ზოგად შტრიხებში საკმაოთ იშლება კრიტიკა ამ მიმართულების.
ჩვენ თავს ავარიდებთ ამ მწერლების შემოქმედების პერსონალურ განხილვას (იგი ვერ გაუძლებს კრიტიკას).
ვიტყვით მხოლოდ, რომ ქართულ პროლეტარულ პოეზიაში იგრძნობა სოფელი და პრიმიტივი.
საწარმო პროლეტარიატი კი ქალაქის პირმშოა და მისი ფსიხიკა ურბანული.
ილიუსტრაციისათვის მხოლოდ ზოგიერთების ფსევდონიმებს შევეხები. მაგალითად ერთი თვალსაჩინო ფიგურა ქართულ პროლეტარულ პოეზიისა ფსევდონიმათ ატარებს „ეულს“. რა საერთო აქვს ამ სკეპტიკურ განდეგილობას და ულტრა ინდივიდუალიზმის გამომხატველ სიტყვას, კოლექტივისტურ ფსიხიკით გაჟღენთილ პროლეტარიატის იდეოლოგიასთან?! მეორე „ვაკელი“. ვაკე და მთა – ეს ბუნების სტიქიის აპოგებაა. თანამედროვე ცივილიზაცია დაგეგმულათ იპყრობს ბუნების ყველა თავისებურებებს. ქალაქში ისე საგრძნობი არ არის მთა და ბარი, როგორც სოფლად. აქედანაც: დაშორება პროლეტარიატის პსიხიკიდან და პრიმიტიული განწყობილება.
ასევე შეიძლება ითქვას: ზომლეთელზე და სხ.
საზოგადოთ: საქართველოში პროლეტარულ რევოლიუციის შასაფარდი ხელოვნების პრეტენზიას ვერ გაამართლებს „საქართველოს პროლეტარულ მწერლობის კავშირი“.
თუ ეს დებულება ოდნავ მაინც საკამათო გამოდგა, ჩვენ სხვა დროს მეტი სიცხადით დავამტკიცებთ ამას.
ჟურნ. „ლიტერატურა და სხვა” 1924-1925 წ. №1