ბესარიონ ჟღენტი // ნამდვილი გული
ნამდვილი გული
ვიდრე ადრეა,
ვიდრე დრო ფიქრის, დაჩოქების ან შევედრების
სდგას შორს, გადაღმა,
ავმართოთ ყელი, სიმღერებით, ავყვეთ აღმართებს,
ვიმღეროთ ძვლებით, ფრჩხილებით, ნესტოებით
ჩვენ სინესტეში ხომ ღრუბლებიც ვერ გვედრებიან.
ვინც დაგვიპირებს გვანუგეშოს და შეგვიცოდოს,
იცოდეს მაინც:
რომ ყველა წარღვნებს ჩვენ ვუხვდებით მუდამ უქოლგოდ,
რომ ჩვენში ეხლაც ცოცხალია მრავალი ცოდვა,
მაგალითად: გული, ცრემლი, გოლგოთა.
აძგერებული და გასატყორცნად მომართული,
ვინატრებ ეხლა დაყვირებას, როგორც ჩახრჩობას;
ამოყვეს გული ხმის ნაგუბარს და სართულების
ჩარჩოებს ჩარჩეს!
დამატყდა გრძნობა უტვირთესი და ურთულესი
გადავიხრები და გავწვები, როგორც ხარიხა
ხედავ: ხორკლებად ამობურთული
იზრდები კრიალ სიბრტყეებზე და ტიხარი ხარ
გინდა სიმტკიცე მკვრივ ჯებირების
და სიმტკიცეში სითხეებიც გეჯიბრებიან.
როდესაც მკერდზე ეჟვნებივით დაირეკება
ერთათ მოსული აღელვება და დამშვიდება;
ძმებო: ქალაქებო, მზეებო და ხიდებო,
ჯანყი პოეტებს, რომ გიშენენ მხრებზე სახრეებს
და ლექსებისკენ ჯოგებივით გერეკებიან.
ჯანყი თვითონ მეც, რომ მინდოდა თქვენთვის მეამბო
ჩემი გაფრენა მუდამ ბოხი და მეამბოხე,
რომ ეხლა დავცხრი და თანაბრად მეამბორება
გომბორის ყინვა და დამწვარი პოხიერება.
ვინ გაიფიქრებს სცნას სიმხდალეში
თუ ეხლა გული დანაზედაც კი დაეგება
და ეგებ მაშინ ბრუდახვეული და გალეშილი
იმ სიხარულით, გასროლილი ნიშანს რომ მოვხვდი,
მომდგარ წარღვნებსაც ქუდმოხდილი
მე შევეგებო.
გაზ. „დროული“ 1926 წ. №3