ბესარიონ ჟღენტი // ქერძაფი
ქ ე რ ძ ა ფ ი
წამიღოს ისევ სეტყვების დოღმა
იმ მღელვარების კიდევ ერთხელ ელვა დამეცეს
და, როგორც ყელზე დაღერილ ბოღმას
მღრღნიდეს ეს ღამეც.
მკერდები გვედგა ჩვენ ვერდენივით;
ტყვიის ბარტყებათ შემოვერტყით გულებს, რომლებიც
ბაირაღებათ დაგებული მოედნების შუბებზე-სძგერდენ
სტიქიონებათ დაუცხრომლები.
ეხლა თვლემა სდგას დახრილ აფრებზე
და მღვრიე, როგორც ხსოვნა ბალღობის, —
ქალაქს გალღობილს და გადაფრენილს
მისდევს ლექსების განწირული ხმა და სიმძაფრე
დაეცა ცა
დაკუმშული და ღრმა ჭებივით
ისუნთქავს ფიქრებს, ნაფილტვარს და ჟანგით გაბურულს
და ჩემს ლირიკით გახრილ ბეჭებზე
ბრუნავს ტფილისი და ტფილისის უდაბურობა.
ხმა ჩაწყვეტილი, დაკორტნილი და საოცარი
ღამე—ღუმელი ტკივილების, კბენის, ნიაღვრის
როცა პროსპექტი ყელს იმტვრევს, როცა
ღრუბლების ზღურბლი დაღვრემას დაღვრის.
– გაიძვრე ყელი და შეაფარე
ქუხილს გადასულს, – ანგრეულ სანგრებს.
მე ვსვამ ამ ღამეს – ნაფარეულზე
მკაცრს და უმაგრესს
და ვღეჭავ ტოსტებს თავდადების, ძმობის, სიახლის
გულს გამოფიტულს თუ გაანედლებს —
მე ასე დაცლილს ბოთლებსაც კი ბრაზით ვახლიდი
ასევე ცივ და მაღალ კედლებზე.
მშვიდობა მუზებს, შთაგონებებებს და თუ გვჭირდება
ხოტბების ტბები შეუტბოროთ მზეს და ციფერბლატს,
ან ღამეები გადვიყარო თმებზე ფერფლივით,
მე არასოდეს გამიჭირდება
კედლების დაძვრით ვაშენებდე გულს და ნახტომებს,
მყოფადურ თვალში გადმოვდეა ქალდუ,
ან კიდევ ერთხელ, განართხული ღამეების ბოლით სატახტო
ლირიკის ბეწვზე შემოტრიალდეს.
გაზ. „დროული“ 1926 წ. №2