cover

ბიძინა აბულაძე // ტფილისის მზეზე

შესავალი

შემოვიარეთ ჩვენ ქვეყნები
გზა ურიცხვები.
მრავალი მთები გადმობრუნდენ
ჩვენი შეხებით.
შორს ზაფხულია —
ჩვენ ტფილისის მზეს ვეფიცებით
და მტკვრის ტალღებზე გაგვიწყვია
ცხელი ფეხები.
თორმეტმა გულმა გადიარა ცაზე ცეცხლივით,
თორმეტჯერ მტკვარი ახმაურდა ახალ ლანდებით.
ჩვენ ვართ მტრედები —
ვერიდებით მარტო ხეტიალს,
კენტივით ვდგევართ ქვეყანაზე და
ვიფერფლებით.
სევდა გვაყრია ნაბადივით ყოველის მხრიდან,
შორს მთაწმინდაზე
დაკაწრულებს დავაწყობთ ფიქრებს.
ვამბობთ: — ჰქრის ქარი და გვიხარია,
საპნის ბუშტებათ თუ ჰაერში გავიფანტებით.
მაგრამ გუშინდელ ნაგავებში დღეს სულს
ვინ მარხავს,
ბოლით შერუჯულ ფიქრებისკენ ვის უჭირავს
თვალთა ბაია?
სადაც მტკვრის ძირში სიმღერები
დააღრჩობს არღანს,
იქ აგრძელებენ ისტორიის მლაშე ბაიათს.
სადაც სისხლი და სიმხურვალე
სხეულებს დაგავს
და ჭაპან-ნაწყვეტ პოეტების ოფლი იღვრება,
ყველა პოეტი ისტორიზმის დარჩენილ ნაგავს
მოათრევს მუზის ჯაგლაგ ცხენით და სახედრებით.
ჰოი, ტფილისო!
შეგებრალება კიბოს ზურგი ამომავალი,
რომ მოაქვს მიწა კოჯრის და
ლუში შირაქის,
საკუთარ მხრებში მირჩევნია თავის დამალვა,
რომ არ ვუმზერდე საზიზღრობას
ვით სირაქლემა.
ისევ და ისევ მზის ისარი შუბლზე გვესობა,
ორმოცდაათჯერ ავსწევთ ტონს,
რომ უმღეროთ რკინის მავთულებს.
ჩვენს ტანში დარბის ახლობელი უმიზეზობა
და ვისვრით ლექსებს სეტყვასავით
გამოკვართულებს.
ვშორდებით წარსულს მშრალს და ჭუჭყიანს,
ბესიკის ლექსებს
მამა-პაპას გულზე ვაფარებთ,
როგორც მხეცები
დაუნდობლად ვებრძვით ერთმანეთს —
მე ამ ბრძოლაში სამჯერ გული გამიჭეჭყია.
და როცა ფანჯრებს მოადგება მთვარე
აბეზარი,
ვაფურთხებ ტფილისს
ასე ვერაგს და ვიგინდარას.
თითქოს მაბრაზებს ბარათაშვილი
და უზრდელობით გულმოსული მე ვიგინები.
გადიარს სიცხე, გამოჩნდება სუნთქვა ჰერეთის,
ვაფურთხებ ტფილისს, რად არ ძალუძს იგი
შებოლოს.
ფრენენ ჩემს თავზე ჯოხებივით
ჭავჭავაძე და წერეთელი
და ცილინდრებით აორთქლებულ ფიქრებს ისვრიან.
ბოლოს და ბოლოს
მიათრევს კუზს ეს ზღაპარი ძველი და დუნე,
კუპრივით სივრცეს მნათობები თავზე ეცემა.
— ზურგი ვაქციოთ ისტორიის მაბეზარ დუდუნს! —
ჰკივის მხეცივით
ავჭალიდან მუგუზლის ზეცა.
ჰოი, ტფილისო, მოვალ შენთან შენი ბახალა
და მოწიწებით ჩამოგართმევ კოჟრიან
ხელებს.
არ გვინდა ლექსი, რადგან ლექსმა გული
დაღალა,
ავსწიოთ ხმა და ვუმღეროთ ზეცას შერუჯულს.
ორმოცდაერთხელ გული აღარ შემიბრუნდება,
რომ მოვიაროთ ჩვენ ქვეყნები,
გზა ურიცხვები.
ვფრინავთ ჰაერში, მეგობრებო, როგორც
ბურუსი
და ქვეყნის ზურგზე ჩვენ ტფილისის მზეს ვეფიცებით.

„მემარცხენეობა“, 1927 წ. №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი