cover

პაოლო იაშვილი - პირველთქმა 1916 წ.

პირველთქმა

საქართველოს მგოსნებს,
ყველა მეოცნებეს,
ქართველ ხალხს!
ისმინეთ ყველამ ჩვენი ქადაგება!

მრავალის სასიკვდილოთ გავჩნდით ჩვენ ბინძურ მზით გამთბარ ქვეყანაში, სადაც ხალხმა დაჰკარგა შვენება სითამამისა.
საქართველოს ლანდურ არსებას მოვევლინეთ ჩვენ ახალი სხივმოსილობით და ოცნება დაკარგულ ხალხს ვასწავლით განწმენდილ გზას მომავლის ცისფერ ტაძრისაკენ. საყვარელმა ნიმფებმა ასწიეს ფარდა ჩვენი სცენისა, და ვგალობთ ოქროთი შემოსილი განახლების აქტიორები უსხივო ხალხის წინაშე. პირველთქმა ჩვენი არის შხამური, იგი ადუღებულ ფოლადივით დასწვავს თქვენს გულს, უწმინდესი ხელოვანის მტერნო, თქვენ, ვისაც არა გწამთ ხელოვანის მეფობა და მისი მაღალი ტახტის წინაშე არ აღიარებთ სამუდამო ქვეშევრდომობას. ჩვენი ამაყი ოცნება გადასცილდა ყოველ საზღვარს და იქ, სადაც ჩვენ, უკვდავი ძმები, შევიკრიბეთ ახალი სილამაზის სადიდებლათ, – ვხედავთ, როგორ ახალისებს ჩვენს რაინდულ არსებას ყოველი წუთი აღტაცებულ სიცოცხლისა. დრო, როგორც გული შეყვარებულ დედოფლისა, ისე ფარავდა ჩვენ ნათელს იდუმალებას, მაგრამ მოფრინდა სურვილი ოქროს ფრთებით და აიტაცა ცაში ჩვენი სიმღერა, რომელიც ამიერიდან იქნება მარადი ისე, როგორც ჩვენი ქვეყანა. საქართველოს ხალხო, დავიწყებულო, მაგრამ დიდებით დაგვირგვინების ღირსო!
ისმინე ჩვენი ქადაგება:
ღამური გზებით მოვდიოდით ჩვენ, რომ დაგვენთო მზე-კოცონი, მდუმარებით დამშვიდებულ ქვეყნისთვის. ჩვენ შევხვდით შენ უკვდავ კერპებს, მაგრამ სიამაყის ცეცხლით ანთებულებს არ გვსურდა მათთვის ლოცვების შეწირვა. გვწამდა: სასიხარულო განახლება არის ჩვენში და ჩვენს იქით. ავედით მთაზე და არც ერთ ძმას არ დაუკვნესია დაღლილობით. ჩვენ გვაოცებდა ჩვენი თვალები: მათი ელვარება სწვავდა ცივ სიბნელეს. და როდესაც აენთო ლალისფერ ცეცხლის კოცონი, ამაღლდა ერთი ჩვენ შორის, და ცეცხლის ფრთებს გაატანა ცაში შემდეგი აღსარება:
ჩვენ ვადიდებთ სიტყვას ახალს, მკაცრს და ისეთ გაბედულს, როგორც მეფური ხელის გაფრენა გაგიჟებულ დირიჟორისა. უდიდესი თვისება არსებობისა არის სიამაყე – ამაღლდეს ერი ჩვენი და თვითშეყვარებით აოცებდეს ქვეყნიერებას. ხალხი, რომელიც უარყოფს დიდების სურვილს, ჰგავს ავათმყოფს, რომელმაც იგრძნო კოცნა სიკვდილისა
და კიდევ ელის სიცოცხლეში დაბრუნებას. ჩვენ ვკლავთ შიშს თავის ბნელ მანტიაში და ვუმღერით რაინდობას, სიჭაბუკეს და ალურ სიხარულს. შეუძლებელი აღარ არის. ისმინეთ ხმა ერთსული და დაინახეთ მდუმარე კარები, რომელიც ჰფარავდა ჩვენი ქვეყნის ბედნიერებას: ატირდენ ცეცხლის ხმლით დასერილი მისი რკინის ძარღვები და აჰა, დაჰკოცნა ჩვენი სახე ცისფრად მორთულმა ბედნიერებამ. შიშის სამყარო სიბნელეა – ჩვენ ნათელში ვცხოვრობთ. ვცხოვრობთ ნათელში და სიმთვრალეში. გვწამს ყოველგვარი ორგია. ვადიდებთ დამსხვრევის მშვენიერებას. უარვყოფთ წარსულს, როგორც მზით განათებულს, ისე ღამეში შეწუხებულს. წარსულის ოქროს გვირგვინებს გამოვსტაცეთ ძვირფასი მარგალიტები და გადვისროლეთ დავიწყების ზღვაში.
ძლიერება ხალხის სულს და ავათმყოფ სხეულს!
ყოველი სიმშვიდე, სიჩუმე და მთვარის სინაზით გაშუქებული მშვენიერება დავივიწყეთ ჩვენ, – მღელვარების, ხმიერობის და სიჩქარის მადიდებლებმა. ვისაც სურს, მან უმღეროს გაზაფხულის ყვავილებს, მთვარეს და საღამოს მყუდროებას, დამშვიდებულს და ტკბილ სიყვარულს, ტყის იდუმალებას და ფრინველთა გალობას. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გადიქცეს უსაზღვრო, მეოცნებე ქალაქად, სადაც ცოცხალი ქუჩების ხმაურობა შესცვლის ყვავილოვანი ველების ზურმუხტობას.
იმ ტაძარს, რომელშიდაც ხალხი უკანასკნელ ცოცხალ ძალას ნისლიან ლოცვაში კლავდა, ჩვენ ვუცქერთ როგორც ბოროტების სახლს. ჩვენ მოელვარე ხელებში ამაყობენ სხივოსანი პატრუქები და წითელი თვალებით ეძებენ ტაძრის დასაწყისს, რომ თავის კოცნით ერთხელ აამღერონ სასიკვდილო სიმღერით ბინძური კედლები. ისმინოს ხალხმა და დასტოვოს საყვარელი სახლი დასვენებისა. პატრუქის ნათელ თვალებს უხარია ნახვა ტაძრის დასაწყისისა...
ჩვენ გვსურს შევქმნათ გაუგებარი და საოცარი სიტყვები, ჩვენ სიმღერებში თქვენ დაინახავთ მრავალფერებს, რომელთა ხალისიანი ცეკვა გააგიჟებს თქვენს მიძინებულ
თვალთა ცქერას. ყოველი სიტყვა ჩვენი ლექსისა ამაყობს თავის სიცოცხლით ისე, როგორც ჩვენ ამიერიდან ვიამაყებთ ჩვენი „პირველთქმით“, ჩვენი გაბედული აღსარებით.
საქართველოს შემდეგ უწმინდესი ქვეყანა არის პარიზი. ადიდე ხალხო ეს ჩვენი მრისხანე ქალაქი, სადაც გიჟური გატაცებით ჯამბაზობდენ ჩვენი ლოთი ძმები – ვერლენი და - ბოდლერი, მალარმე, სიტყვების მესაიდუმლე და არტურ რემბო, სიამაყით მთვრალი, დაწყევლილი ჭაბუკი. ჩვენი პოეზია გამთბარია მახვილი ინტუიციის ალურობით. – შეითვისეთ: „უარყოფის სილამაზე, გმირული სიჩქარე, განათებულ სიმაღლის სიყვარული, მღელვარების სიდიადე, დასხვრევის იდუმალება. გიყვარდეთ მეხური მისტერიები, ცეცხლის მოკიდება მისი, რაც წარსულმა გაადიდა, გაუღიმეთ სიკვდილის ძახილს, დაივიწყეთ სნეულნი და მახინჯნი, უარყავით ლმობიერება და ქალური სინაზე. გიყვარდეთ ქალი ვნებიანათ და დაუზოგავათ ამრავლეთ ხალხი. ცეცხლი, ცეცხლი ყველაფერს, რაც შობს მწუხარებას და დაღლილობას. უკვდავების სახელით მოგმართავთ, ხალხო: იწამეთ ჩვენი გზა თავისუფალ მომავლისა. ყველას ესმოდეს: ჩვენ თვით დავამსხვრევთ ჩვენს თავზე მოელვარე გვირგვინებს, როდესაც ვიხილავთ, რომ პირველი ნაპერწკალი ჩვენი კოცონისა მოკვდა სამუდამოთ. ჩვენ ფარული თრთოლვით უარვყობთ საყვარელ დიდების ტახტს, როდესაც დავინახავთ, რომ სხვა მაღლობზე გაიხარა ახალმა განახლების კოცონმა. საქართველოს ფირუზ ხელებს გადავეცით ჩვენი აღსარება, ჩვენი წმინდა პირველთქმა. ჩვენ არ ვშორდებით კოცონს. მოდით და ისმინეთ სხვა ქადაგება, მალე იქნება მეორე დღესასწაული. ვიწვევთ ყველას, ვინც გაბედავს და ბინძური ხელით შეეხება ჩვენ ცისფერ ქადაგებას. ჩვენი ძლიერება უკვდავია, და მიტომ არ ვღელავთ პასუხის მოლოდინში!“
მოვისმინეთ უკვდავი სიტყვები ამაღლებულ ძმისა და დავინახეთ, რომ მტრედისფერ
ცაზე წითლად აიბეჭდა მისი აღსარება. მაგრამ, შორიდან, სიბნელიდან მოფრინდენ ქარის ლურჯი მწევრები და ჩვენს კოცონში გადმოისროლეს სიტყვები. ჩვენი აღსარების
მოსასმენათ მოსულიყვენ საცოდავი მომღერლები ავათმყოფ ჩანგებით, ყვითელი მასწავლებლები ღმერთის ქადაგების და პატიოსნებისა, და მრავალი სხვა მახინჯი და დაბრმავებული, როგორც ქურდები და მათხოვრები, ისე შემალულიყვენ შორეულ ბუჩქებში და სწყევლიდენ ჩვენ დღესასწაულს. იმ დროს ერთმა ჩვენგანმა, მთელის თავის სიძლიერით დაიძახა: „არული, არული თქვენ, საცოდავო საჭურისებო, და ხმა დაკარგულო მომღერალნო. დაჰშორდით ჩვენს გზას და გადიკარგეთ უთვალო უფსკრულში“. „არული“ გაისმა ჩვენი საერთო ძახილი. შიშმა შემორკალა მათი უწმინდური გული და გადასცვივდენ უიმედო მტრები ჩვენით გამზადებულ ხრამებში. აღმოსავლეთით მოვგესმა სხვა ხმა. ჩვენსკენ მოდიოდა საქართველოს ახალგაზდობა და გალობდა სიმღერას შეერთებისას... შევერთდით და ერთხმად საქართველოს მომავლის მტრებს შევძახეთ, „არული, არული, არული“. გათენდა... ჩვენი სახეები გადაჰკოცნა ცისფრად შემოსილმა ბედნიერებამ.

ჩვენ მზად ვიყავით მრისხანე ბრძოლისთვის.

პაოლო იაშვილი

ჟურნ. „ცისფერი ყანწები“ 1916 წ. № 1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი