cover

საქართველო–ფენიქსი (ქართველი ფუტურისტების მანიფესტი) 1922 წ.

საქართველო–ფენიქსი (ქართველი ფუტურისტების მანიფესტი)

მრავალი საუკუნე გავიარეთ ფეხ-შიშველი და ძუძუ-მწოვარა ბავშვებივით შევჩერებოდით
ახლო საუკუნეების მიერ შექმნილ ქართულ გაღარიბებულ სულს.
აკანკალებული, დასახიჩრებული ბებრები, რომლთაც დაკარგული ჰქონდათ მომავლის მზერა, ახლაგაზრდობასაც იპატიჟებდნენ მთვარის სიჩუმით გაყვითლებულ სასაფლაოზე, რომ მათაც ცრემლებით ედიდებიათ ხავსიანი აკლადამები.
საიქიოს სულებივით დადიოდნენ შავი ლანდები ლოდებს შორის და ანაფორებით საკმეველს უკმევდნენ ძეგლების ნანგრევებს.
არავის არ სურდა.
ყველას ეშინოდა გათენების.
მხოლოდ ღამეში უყვარდათ დადება ძეგლის, რომელიც ატარებდა შოთას სახელს.
მუხლ-მოდრეკილი ადიდებდნენ მას და ისმოდა ხმა მომოტონური და გულგამგმირავი:
„იყავი და ადიდე მარად.
საქართველო შენზე ლოცულობს, როგორც ღმერთზე, რომელიც
არ გამეორდება..“
ჩვენც მოვისმინეთ აღსარება და გათამამებული მით, რომ
ვიგრძენით გათენება, გაუჩინეთ ფოსფორის ცეცხლი ხავსიან სასაფლაოს.
ცამდი აღწევდა ალი.
აღტაცებული შევქენით კიჟინა და შევცქეროდით ნაპერწკალებს,
რომლებიც მისდევდნენ ლანდებს გაპარულებს, ჩვენს საწინააღმდეგოდ
რომ ირაზმებოდნენ.
გიჟური ხარხარი აგვიტყდა მაშინ, როდესაც ვიგრძენით მათი
გაციებული სისხლის სისუსტე, როდესაც ისინი აპირებდნენ შემოტევას,
ერეკლეს გამტყდარი ხმლით ჩვენი ელქტრონის გულების წინააღმდეგ.
თვალწარმტაცი სურათი დაგვიდგა წინ, საქართველოს მომავლისაკენ.
ცხრა–თვალა მზის სხივებით განათებულ ასსართულიან სახლის თავებზე შხუილით გარბოდნენ მატარებლები და ჰაეროპლანები კალიებსავით და ფუსფუსებდნენ ქარხნების კვამლით გაჭვარტლულ ცაზე.
უზარმაზარი მონუმენტებიდან, რომელიც იყო პლანეტათა შორის სადგური, ელვის სისწრაფით ავარდა მანქანა, რომელსაც მიჰყავდა მგზავრები პლანეტა მარსზე.
და არ იყო დაღამება.
პროჟექტორების გახურებულმა ენებმა დასერეს ღამე.
და ჩვენ ვიწამეთ ახალი საქართველო.
ვაცხადებთ ყველასათვის:
უარყოფთ წარსულს, რადგან იგი არის სამლოცველო ბებრების და მომაკვდავების.
საუკუნეებით იცქირებოდნენ უკან და საუკუნობითვე დარჩა საქართველო მომავლის გარეშე.

ქართული პოეზიის დამახასიათებელი თვისება იქნება გაქანება,
სითამამე და ამბოხება. ქართული სული არასდროს არ იყო დატვირთული ცრემლებით.
ჩვენ ვიწამეთ სიტყვა დინამიური, ქეზაფივით რომ სწვავს საოპერაციო
სხეულს.
საქართველო იყო სწრაფი და ფხიზელი.
იგი მომავალში უნდა მიჰქროდეს ელექტრონთან ერთად.
დაივიწყეთ სიყვარული, რადგან იგი საუკუნეებით აფერხებდა
კაცობრიობის მსვლელობას, და რომელმაც დაასახიჩრა მამა-კაცის სული.
უდიდესი ცოდვა, რომელიც ექმნა სიყვარულმა, არის მთვარეზე ლოცვა და სენტიმენტალიზმი.
იწამეთ.
ელექტრონის შუქმა ჩააქრო მთვარე და მეოცე საუკუნე აღარ იცრემლება სენტიმენტალობით.
ჩვენ შევიყვარეთ მანქანის კვამლში გაჯანგული ბრბო, აღტაცებით ტაშს რომ უკრავს რევოლუციას.
ჩვენ შევიყვარეთ ქალაქი ხმაურით, - არსენალით ღამით რომ თვალებს აბრიალებდნენ.
აღტაცებული შევცქერით ცამდი ამართულ სახლებს და ლოკომოტივის
კივილით ვაბნევთ მუსიკას საქართველოს მიდამოებში.
აღარ არის ზღვა მხატვრებისა და ოცნებისათვის.
დრედნოუტებმა და კრეისერებმა დაიკავეს უამრავი და უძიროსივრცე.
ზღვის ძირზე თამამად დასეირნობენ მყვინთავები და თევზები შურით ივსებიან წყალქვეშა მავალი გემების ხედვით.
ჩვენ ვიწამეთ ამიერიდან საქართველო როგორც Perpetum Mobile..
ვაღიარებთ ქართველ ხალხს მსოფლიო მესიად და ვაარსებთ ფუტურიზმს.
დეე ძველებმა, რომელთაც დაკარგული აქვთ მომავლის იმედი, იკვებონ სული წარსული
ჰ ა ე რ ი თ.
დეე მათ საქართველოს არქეოლოგიაში ნახონ წამალი თავიანთი მოურჩენელი ტკივილების.
ჩვენ კი ახლაგაზრდა ფუტურისტებს არ გვჭირდება მსხვერპლის შეწირვა ხავსიან ნანგრევებისადმი.
არ ვჩერდებით მუზეუმებისა და ძეგლების წინაშე და ვქმნით საქართველოს მომავალს, რომელსაც არ ახასიათებს დრო და სივრცე.
ჩვენ გვწამს, რომ მრავალნი გათეთრებულნი დაირაზმებიან ჩვენს წინააღმდეგ მორალიზმის დაჯანგული ბლაგვი ხმლით, როდესაც დაინახავენ ჩვენს თავხედურ გაქანებას მომავლისკენ.
მაგრამ ჩვენ ვიტყვით:
შორს ჩვენგან დაბლა დაცემულნო. უარყოფთ რაც ჩვენ უკან არის და ამიერიდან საქართველო ჩვენგან იწყება.
და გვწამს, რომ ახლაგაზრდული აორთქლებული სისხლი გადაიტანს თამამ სიტყვას, გადაირბენს ამ ლეშებზე და შეჰქმნის ძლიერ სხეულს, რომელიც მსოფლიო ჰორიზონტზე გამოცურდება, როგორც მესსია საქართველოს სახელით.
ნიკოლოზ თავდგირიძე, აკაკი ბელიაშვილი, დავით გაჩეჩილაძე, ბესარიონ ჟღენტი, სიმონ ჩიქოვანი, გრიგოლ ორაგველიძე, პოლ ნოზაძე, ალექსანდრე გაბესკირია, მზია ერსითავი.


ავტორთა ჯგუფი თბილისი, 1922 წელი, 6–7 მაისი

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი