cover

ავტობიოგრაფია

დავიბადე 1901 წელს 26 ივნისს ქ. ქუთაისში. 1921 წელს დავასრულე ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზია (ქართული გიმნაზია). იმავე წელს შევედი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. ოჯახური პირობების გამო იძულებული ვიყავ მესამე კურსიდან თავი დამენებებია სწავლისათვის.

ლექსების წერა დავიწყე მოწაფეობიდანვე. ჯერ ხელნაწერ ჟურნალს „წინსვლის ებლემას“ ამ სახელწოდების ჟურნალი ბეჭდურადაც გამოვეცით. 1919 წ. გამოვეცით ბეჭდური ჟურნალი „ეპრის ინანთი“, უფრო გვიან ვცემდით გაზეთა „ქუთაისი“. ამ ლიტერატურულ ჯგუფში ჩემს გარდა იყვნენ სიმონ ჩიქოვანი, აკაკი ბელიაშვილი და ბესარიონ ჟღენტი.

1922 წელს დავაარსეთ ფუტურისტების ჯგუფი და გამოვეცით ჟურნალი „H2SO4“. ვიყავი ამ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. შემდეგ ჩემი რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „ლიტერატურა და სხვა“. 1925 წელს ჩემი რედაქტორობით გამოვიდა გაზეთი „დროული“.

1926-27 წლებში ვცემდით ჟურნალ „მემარცხენეობას“, რომლის სარედაქციო კოლეგიის წევრი ვიყავ.

გარდა ამ პერიოდულ გამოცემებისა ჩემი ლექსები და სტატიები ლიტერატურის და ხელოვნების საკითხებზე იბეჭდებოდა ჟურნალებსა და გაზეთებში. „ქართული მწერლობა“, „საბჭოთა მწერლობა“, „ხელოვნება“, „მნათობი“ და სხვ.

ამასთან ერთად ვმუშაობდი თბილისის თეატრებში, როგორც ავტორი და როგორც ლიტერატურის ნაწილის გამგე. ჩემი ორიგინალური, ისე გადმოკეთებული პიესები იდგმებოდა მუშათა თეატრში, მუსიკალურ სატირის თეატრში და მრავალ რაიონულ თეატრებში.

ამ წლების მანძილზე ქართული ესტრადა იკვებებოდა ჩემი მცირე ფორმის დრამატული ნაწარმოებებითა და სასიმღერო ლექსებით.

1928 წლიდან 1936 წლამდე არ დამიბეჭდია არცერთი ლექსი. ეს წლები მოვუნდი შემოქმედებით გადაიაღარებას მემარცხენეობის რეციდივებიდან განთავისუფლებას. ეს წლები ვეწეოდი მთარგმნელობით მუშაობას – ვთარგმნე შვარკინის პიესა „ვისია ბავშვი?“ კნორეს „ყაზარმაში“, დემენტიევის „გამარჯვება“, „სიდნეი კინგსლეის „თეთრხალათიანები“ (დავით გაჩეჩილაძესთან ერთად), რომლებიც იდგმებოდა სანკულტურის თეატრსა და მრავალ რაიონულ თეატრში.

1936 წლიდან დღემდე ჩემი ლირიკული და საბავშვო ლექსები და სტატიები ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე სისტემატურად იბეჭდება ქართულ პერიოდულ პრესაში.

1946 წლიდან გამოცემულია ლირიკული ლექსების წიგნები: „სიცოცხლეს ვუმღერ“, „სადაც ვშობილვარ“, „ცისა და მიწის“, „რაც განმიცდია“ „ამ ქვეყანაზე“, „ლექსები“, „შენდამი“, შენთვის ადამიანო“!

საბავშვო ლექსების წიგნები: „მტირალა ილა“ „რატომ ვერ აგებს ჩხიკვი კარგ ბუდეს“, „გოგის წიგნი“, „ზანგი გოგონა“, „ციალას მეზობლები“, „საბავშვო ლექსები“ „ვითამაშოთ ერთად“ „კომში, კომში, კომარა“.

ჩემი წიგნები გამოცემულია რუსულად „рождениа песни“, „зов“ (ლირიკული ლექსები) „кахетински арбуз“ (საბავშვო ლექსები) და უკრაინულად „отарови мама“ (საბავშვო მოთხრობა).

ჩემ მიერ თარგმნილია ლექსები მრავალი რუსი, უკრაინელი, ბელორუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი პოეტებისა.

ცალკე წიგნებად გამოცემულია ჩემ მიერ თარგმნილი არკადი გაიდარის „თემური და მისი რაზმი“ და ნვინოგრადსკაიას „ნაპერწკლიდან“.

1921 წლიდან 1961 წლამდე (პენსიაზე გასვლამდე) ვმუშაობდი საპასუხისმგებო თანამდებობებზე მრავალ საბჭოთა დაწესებულებაში: მუსიკალურ სატირის თეატრში სალიტ. ნაწილის გამგედ, მუშკომპში – კულტგანყ. გამგის მოადგილედ. პროფსაბჭოში მასობრივ-პოლიტიკური სექტორის გამგედ. „ლიტერატურული გაზეთის“ მდივნად, ჟურნალ „ჩვენი თაობის“ პ/მ მდივნად, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ პ/მ მდივნად, საქართველოს ფილარმონიის ლიტერატურის ნაწილის გამგედ, თბილისის კინოსტუდიის ქრონიკის სექტორის რედაქტორად, ჟურნალ „დროშის“ პ/მ მდივნად.

ვეწევი ფართო საზოგადოებრივ მუშაობას ვარ საქართველსო მწერალთა კავშირის სარევიზიო კომისიის წევრი, მიმღები კომისიის წევრი. ახალგაზრდა მწერალთა შორის მომუშავე კომისიის წევრი, საკავშირო მწერალთა კავშირის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის საბჭოს წევრი, საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებული სახელმძღვანელო „დედაენის“ მუდმივი კომისიის წევრი. გამომცემლობა „ნაკადულის“ სარედაქციო საბჭოს წევრი. მოზარდამაყურებელთა თეატრის სამხატვრო წევრი, გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, ალმანახის დაწყებითი სკოლა და სკოლამდელი აღზრდა – სარედ. კოლეგიის წევრი, ალმანახის „საყმაწვილო ლიტერატურის მოამბე“ – სარედ. კოლეგიის წევრი. ლიტფონდის გამგეობის წევრი გარდა ამისა სისტემატურ დახმარებას ვუწევ საბავშვო წიგნის სახლსა და პიონერთა სასახლეს.

ნ. ჩაჩავა.

3665dbac-094c-4087-ade5-a0fb007cd946.jpeg 019d139c-46d4-4186-a69b-807d5b06bfe0.jpeg

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი