დემნა (დიმიტრი) კონსტანტინეს-ძე შენგელაიას ავტობიოგრაფია
დავიბადე 1896 წ. 8 მაისს, სოფელ საჭილაოში (ქუთაისის მაზრა, სამტრედიის რაიონი), რკინიგზელის ოჯახში. დავამთავრე თბილისის ქართული გიმნაზია. შემდეგ ვსწავლობდი ფილოლოგიის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1922 წელს გამოვედი მესამე კურსიდან. 1932 წელს შევედი გეოლოგიურ ფაკულტეტზე თბილისის ინდუსტრიალურ ინსტიტუტში კიროვის სახ. დავამთავრე, მხოლოდ არ დამიცავს დიპლომი. 1940 წელს შევედი სკკ პარტიაში. ლიტერატურულ მუშაობას ვეწევი 1915 წლიდან. კავშირის წევრად ვითვლები დღიდან მწერალთა ორგანიზაციის დაარსებისა. 1948 წ. ვიყავი ჩემს მიერ დაარსებულ საქართველოს მწერალთა კავშირში მთარგმნელთა სექციის ხელმძღვანელი, აგრეთვე ვიყავი გამგეობის წევრი. ვიყავი სახელგამის უფროსი რედაქტორი და ,,საბჭოთა მწერალი". ჩემს მიერ თარგმნილია ქართულ ენაზე ლერმონტოვის, პუშკინის, ოსტროვსკის, ჩეხოვის, მ. გორკის და სხვ. ნაწარმოებები, აგრეთვე ქართველი და რუსი კლასიკოსები. დიდი სამამულო ომის პერიოდში ვმუშაობდი სამხედრო გაზეთის ,,სამშობლოს გმირი" სამხედრო კორესპონდენტად. დაჯილდოვებული ვიყავი ,,წითელი დროშის ორდენით" და მედლებით: ,,კავკასიის დაცვი სათვის" და ,,მამაცური შრომისათვის". რომანებსა და მოთხრობების გარდა ვწერ პუბლიცისტურ წერილებს, კრიტიკასა და ფოლკლორულ წერილებს.
სწორია: ნ. კლ., 1956 წ.ვადასტურებ: ნ. თოფჩიშვილი.
დემნა შენგელაიას ნაწარმოებთა სია:
- ,,სანავარდო";
- ,,თბილისი";
- ,,ბათა ქექია":
- ,,შთაგონება";
- ,,ყრმობა";
- ,,ფიცი";
- მოთხრობების კრებული, ნოველები და სხვ.
- ,,წითელი ყაყაჩო";
- ,,მერხეულა";
- ნოველები;
- კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. სწორია: ნ. კლ., 1956 წ.ვადასტურებ სამდივნოს გამგე: ნ. თოფჩიშვილი.
დემნა შენგელაია
დავიბადე 1897 წელს, მაისის 8-ს (ძვ. სტ.), სოფელ საჭილაოში, დედულეთ-ში. მამაჩემი კონსტანტინე რკი ნიგზის მოსამსახურე, დედა ოლღა გლეხის ქალი, უსწავლელი, შვილებისათვის თავგანწირული ადამიანი და თუ ჩვენ სამ ადამიანს მამაჩემმა საშუალო განათლება მოგვცა, ეს დედაჩემის თავგანწირულების წყალობით. 5 წლიდან მე ტფილისში ვიზრდებოდი. ვტრიალებდი მუდამ რკინიგზელებში. ჩვენ 1914 წლამდე ნაძალადევში ვცხოვრობდით, მაგისტრალის ქუჩაზე, იმ ეკლესიის პირდაპირ, სადაც 905 წლის გული სცემდა და სადაც მიტინგები და პათოსი ხანძარივით იყო დანთებული.
905 წელმა სიზმარივით გაიარა ჩემ ბავშობაში. მახსოვს: რევოლუციონური წითელი მილიცია (მაშინ რაჟდენ სტურუა ჩვენთან ცხოვრობდა), პროვოკატორი დაშკოვსკი, ტერორისტები, მიტინგები, წითელი დროშები, ყაზახები, ცხრა ძმა და როცა მიტინგიდან ყაზახების სროლით დაშლილი ხალხი ნაძალადევის ტყით მოსილ მთებს შეეფინა, ჩემს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩირგვებიდან დამფრთხალი ორი კურდღელი გამოვარდა. მე არ მესმოდა, რა იყო სიკვდილი და ტყვია, მეშინოდა ხიშტის და, როცა რეაქცია დაიწყო, მამაჩემს ვეხვეწებოდი: „ოღონდ ხიშტით ნუ მომკლავენ და რაც უნდათ, ის მიყონ მეთქი“. მერე რეაქციის დროს დაიწყო ჯვაროსანთა მსვლელობე ბი ადგილობრივი მღვდლის მეთაურობით. ჭეშმარიტ რუსთა ჯვაროსნები მიდიოდენ ხატებით ლილოში, გლდანში. არ ვიცი, იქ რას აკეთებდენ, არასოდეს გავყოლივარ. ბავშები რევოლიუციონურ სიმღერებთან ერთად ვმღეროდით ყაზახურ რეაქციონურ სიმღერებს. ჩვენი რეპერტუარი: „მარსელეზა“, „რევოლიუციონური სამგლოვიარო მარში“, „Дубинушка“, „Машинушка“, „чтоя вижу, что я слышу“ და... ყაზახური „Ой-да в Таганроге“... მამაჩემი მუდამგვიან მოდიოდა სახლში, ფარულ კრებებზე დადიოდა და მე მახსოვს, როგორ ელოდა დედაჩემი თვალგაწყალებული მამას. მე ახლა მესმის, რათ იყო ის ასე ბედის მორჩილი, გადაფითრებული და რათ მოტყდა ასე ადრე.
პირველი წიგნი რომელიც მე დედამ წამიკითხა, ასეთ მოლოდინის დროს, ეს, მგონი, დეამიჩის „დედა-შვილის თავგადასავალი იყო, მე მთელი ღამე ვტიროდი. პირველი წიგნი, რომელიც მე საკუთრად წავიკითხე, ეს ლ. აღნიაშვილის პატარა წიგნა კი იყო და ამ წიგნმა მომწამლა მე. მას მერე წიგნი გახდა ჩემი საუკეთესო მეგობარი, მაგრამ მე ხელმძღვანელი არავინ მყავდა და მალოსა და ტვენის გვერდით ვკითხულობდი ყაზბეგს, ნინოშვილს და თვალ-ცრემლიანი ზედ ღამეებს ვათენებდი.
1908 წელს მე ტფილისის ქართულ სათავად-აზნაურო გიმნაზიაში შემიყვანეს. პირველ წელიწადს მე ყველაფერს ქართულად მასწავლიდენ და კარგა ვსწავლობდი, მეორე წელს საოლქო მზრუნველის განკარგულებით უეცრად რუსუ ლად დაგვაწყებინეს სწავლა და მე გული ამიცრუვდა სასწავლებელზე, არაფერი მესმოდა, ვსწავლობდი უმსგავსად. ჩემს ირგვლივ აუტანელი სიღარიბე იყო გამეფებული და მე, პატარა ბავში, ვიყავი მოწამე ნამდვილი დოსტოევსკისებური სცენებისა. მეისრეები, კონდუქტორები, გადამბმელები და მათი შვილები. ყველას უსაზღვრო წყურვილი სწავლისა და აუტანელ სიღარიბის გამო ამ სურვილების განუხორციელებლობა. საშუალო განათლება 1917 წელს დავასრულე. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ყაზარმული ცხოვრება. 1921 წლამდე მე ხან ჯარისკაცი ვიყავი, ხან მოხელე და ეს ხანი უნაყოფოდ დაიკარგა ჩემს ცხოვრებაში, მე ერთი წიგნი არ წამიკითხავს ამ ხნის განმავლობაში, დრო არ მქონდა. ირგვლივ სიმშილი იყო, ომები, [...] და სამოქალაქო ომები. 1919 წელს დედა პარტახტიან სახადით გარდამეცვალა.
ჯერ კიდევ ბავში ვიყავ, სალიტერატურო ასპარეზზე რომ გამოველ. 1916 წელს, აპრილს, გაზ. „თემში“ დაიბეჭდა ჩემი პირველი მოთხრობა „ნირვანა“, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია და ამ მოთხრობის შესახებ წერილიც კი იყო და ბეჭდილი ამავე გაზეთში. მე მაშინ სიმბოლისტების გავლენის ქვეშ ვიყავ. 1917 წელს კიდევ დავბეჭდე ორიოდე მოთხრობა გაზ. „ალიონში“. 1921 წელს ჟურნალ „ცისარტყელა ში“ დავბეჭდე დიდი მოთხრობა „ან დრო სავანელი“. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დავიწყე მე ნამდვილი ლიტერატურული მუშაობა. ვმუშაობდი თითქმის ყველა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში, მაგრამ ნამდვილი დებიუტი ჩემი იყო „სანავარდო“, რომელიც 1924 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“. აქედან იწყება ჩემი შეგნებული მუშაობა ლიტერატურაში, რამაც მე მემარცხენე მწერლობასთან მიმიყვანა.
დემნა შენგელაია