cover

ბიძინა აბულაძე

1907 - 1964

ბიძინა ვლადიმერის ძე აბულაძე (1907-1964), თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ ლიტერატურით იყო დაინტერესებული. 1922 წლიდან ფუტურისტებს დაუახლოვდა და ქართული ფუტურისტული მანიფესტის ერთ-ერთი ხელმომწერიც გახდა. მოგვიანებით 1927 წელს პირველი ლექსი სწორედ ჟურნალ „მემარცხენეობაში“ დაბეჭდა. შემდეგ ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწეოდა: იყო გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ პასუხისმგებელი მდივანი. (1937-1938), „კომუნისტის“ ლიტერატურის „განყოფილების გამგე (1938-1941). ამ პერიოდში წერდა: მხატვრულ ნარკვევებს, კრიტიკულ წერილებს და თეატრალურ რეცენზიებს, დაწერა ორი მონოგრაფიაც: „მარჯანიშვილის თეატრი“ (1938, დიმიტრი ჯანელიძესთან თანაავტორობით) და „ქუთაისის თეატრი“ (1941).

1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს, რედაქტორობდა დივიზიის გაზეთს. 1942 წელს კი სევასტოპოლთან ტყვედ ჩავარდა. ქართველმა ემიგრანტებმა დაიხსნეს საკონცენტრაციო ბანაკიდან და ომის დამთავრებამდე გერმანიაში ცხოვრობდა ამ პერიოდში თარგმნა: გოეთე, შილერი, ჰაინე, რილკე...

1945 წელს დაბრუნდა სამშობლოში მაგრამ მოსკოვში დააკავეს. ჩემოდანი, რომელშიც თარგმანები ჰქონდა შენახული. მის თვალწინ დაწვეს და გადაასახლეს. 1946-1956 წლები კომის ასსრ, კიროვის ოლქში გაატარა.

გრიგოლ რობაქიძემ 1947 წლის ღვინობის თვეში ქართველ მწერლებს ბიძინას ბედზე მიწერა: „ტყვედ მოხვდა ბიძინა აბულაძეც. ქართველებმა მისი განთავისუფლებაც მოახერხეს. საქართველოში მე იგი მინახავს — ხოლო არ ვიცნობდი. დამიახლოვდა ბერლინში. საოცრად გამენდო. ვცანი მასში დიდი ნიჭი. მიუნხენიდან მწერენ: ბ. ა. აღფრთოვანებით შეხვდა საბჭოთა ჯარებს, არა ლეგალურადაც მუშაობდა საბჭოეთისთვისო, ხოლო ნდობა მაინც ვეღარ დაიბრუნაო: შემდეგ გამოექცა საბჭოელებს, დაიჭირეს და ჩამოახრჩვესო. თუ ეს მართალია, მაშინ მისი დაღუპვა ძალიან მტკივნეულად დაურჩება ქართულ მწერლობას. ეხლა ერთი საკითხი: გადაიხარა იგი თუ არა გერმანიის მხარეზე? გადაჭრით ვამბობ: არა. ჩემთვის სიცრუე უცნობია — ამ მხრით საბჭოთა ხელისუფალთა შორისაც მიცნობენ ზოგიერთნი. მოვალედ ჩავთვალე ჩემი თავი სიმართლე მომეწოდებია თქვენთვის, შესახებ თქვენი მოძმესი. საწყალი, სულ ცოლ-შვილს იგონებდა“.

1956 წელს დაბრუნდა საქართველოში. ამავე წლის 8 სექტემბერს მწერალთა კავშირში აღადგინეს, შემდეგი წლიდან კი მწერალთა კავშირის თარგმნილი ლიტერატურის გამომცემლობა „ზარია ვოსტოკაში“ რედაქტორი იყო. რუსულ ენაზე თარგმნა ქართველი მწერლების აკაკი ბელიაშვილის, რევაზ ინანიშვილის, ედიშერ ყიფიანის, გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობები, „ბალავარის სიბრძნე“, „ამირან დარეჯანიანი“ და სერგი ჭილაიას მონოგრაფია „ქართულ საბჭოთა ლიტერატურის განვითარების გზები“.

57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

შრომები

    ISU logoDH logo

    © 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი