ავტობიოგრაფია
როდესაც ავტობიოგრაფიის წერა მიხდება, ყოველთვის ერთი არასასიამოვნო ამბავი გამახსენდება. ეს იყო, მგონი, 1930 წელს (კარგად არ მახსოვს). ოდესღაც დღიურებს ვწერდი. შემონახული მქონდა ამ დღიურებით შევსებული შვიდი წლის კალენდარი. ერთხელ სახლში მესტუმრა „მეგობარი“ კრიტიკოსი. სამუშაო კაბინეტში შემასწრო დღიურების წერის დროს. რამდენიმე გვერდის გადაკითხვის შემდეგ ის რატომღაც ჩემი დღიურებით ძალზე დაინტერესდა. ბევრი ხვეწნისა და ფიცის შემდეგ მან ეს დღიურები (შვიდი წლის კალენდარი) გამომტყუა, თანაც შემომფიცა, ერთ კვირაში დაგიბრუნებო. მაგრამ მოტყუებული დავრჩი. გადიოდნენ დღეები და კვირეები და ჩემი დღიურების კვალსაც ვერ ვაგნებდი. „მეგობარი“ კრიტიკოსი კი ყოველშეხვედრაზე მპირდებოდა, ხვალ-ზეგ უსათუოდ მოგიტანო. თან და თან მეც გადამავიწყდა დღიურების ამბავი. ერთხელ რუსთაველის თეატრის საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობდა კომკავშირის აქტივის კრება. მოხსენებას აკეთებდა ს.კ.პ.(ბ) ცეკას მაშინდელი მდივანი ლ. ღოღობერიძე, ხალხის მტერი. ამ კრებას მეც ვესწრებოდი, როგორც კომკავშირელი პოეტი და პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის და საქართველოს მწერალთა ფედერაციის პ/მგებელი მდივანი. პირველ რიგში ვიჯექი და თავს არხეინად ვგრძნობდი. მაგრამ, უცებ, თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი დაბნეულობა და უხერხულობა, როცა ცეკას მდივანმა, ილაპარაკა რა კომკავშირელის მორალსა და თვისებაზე, გახსნა პორთფელი, ამოიღო კალენდრების დასტა, გადაფურცლა ერთ იმათგანი და კითხვა დაიწყო. ტანში გამაჟრჟოლა: ეს ხომ ჩემი დღიურებიდანაა? მომხსენებელი ყოველ ჩემს ციტატას თავისებურ დასკვნას უკეთებდა დადღიურების ავტორს სასტიკად მამათრახებდა. მერჩია, მიწა გამსკდომოდა და უფსკრულში ჩავსულიყავი. არ მახსოვს, როგორ გამოვედი დარბაზიდან. მომხსენებელი პოლიტიკურ კვალიფიკაციას უკეთებდა ჩემს მოსაზრებებს: მართალი უნდა მოგახსენოთ ამ დღიურებში ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწესაც ვაკრიტიკებდი, უარყოფითად ვახასიათებდი, განსაკუთრებით ფილიპე მახარაძეს. ეს კაცი, რატომღაც, თავიდანვე არ მომწონდა. არ მომწონდა მისი მეტისმეტად მედიდური და უკმეხი ხასიათი. ალბად იმიტომ, რომ მას ახალგაზრდობა არ უყვარდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა პროლეტარული მწერლები. ისეთ თავზეხელაღებულ და საეჭვო მწერლებს კი მფარველობდა, როგორიც იყვნენ: პ. ქიქოძე, ფ. ნაროუშვილი და სხვები, როდესაც ისინი „კაცი ჭამიურ“ ბრძოლას აწარმოებდნენ ქართველი კლასიკოსების, კერძოდ, ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. მახსოვს, ერთხელ, მგონი, 1926 წელს, მოსკოვიდან არ დადეგებზე ჩამოსული, დროებით ვმუშაობდი ჟურნალ „მნათობი“-ს რედაქციაში. რედაქტორის დავალებით მას მივუტანე სახლში მისივე წერილის ამონაბეჭდები. მოსამსახურემ კარი გამიღო, იკითხა ჩემი ვინაობა. მერე კარებთან გამოჩნდა ფილიპეს მეუღლეც. ანაბეჭდები გამომართვა და კარი მიიხურა. თითქმის ერთ საათს დერეფანში ვიცდიდი. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი. მაშინ მე, ასე თუ ისე, საკმაოდ ცნობილი ახალ გაზრდა პოეტი ვიყავი. არ შეიძლება, ჩემი სახელი ფილიპე მახარაძეს გაგონილი არჰქონოდა. მან კი ოთახში შეპატიჟების ღირსიც არ გამხადა... კიდევ მეორე მაგალითი: ეს იყო უფრო გვიან, 1932 წელს. მაშინ მე ცოლშვილიანი ვიყავი. ბინის მხრივ საშინელ მდგომარეობას განვიცდიდი. ვცხოვრობდი პუშკინის ქუჩაზე № 3, მდებარე ძველ და ბინძურ სახლში (ყოფილ სასტუმროში), რვა კვ. მეტრიან ოთახში. ერთხელ, როგორც იყო, მაკლერის მეოხებით მოვახერხე ბინის გადაცვლა. ბინის გადამცვლელი აღმოჩნდა ვიღაც ცაბაძე. იგი ცხოვრობდა ძერჟინსკის ქუჩაზე № 9, სახანძრო რაზმის გვერდით, კუთხის სახლში. ვინაიდან მოქ. ცაბაძის ბინა შესდგებოდა ორი მოზრდილი ოთახისაგან, მან მოითხოვა შეღავათი. იძულებული გავხდი, ჩემი სიმამრი, თავისი ცოლშვილით გადამეყვანა ჩემს ოთახში და მისი ორ ოთახიანი ბინა, რომელიც მოთავსებული იყო ჩემს გვერდით, დამეთმო ცაბაძისათვის. ამრიგად, ბინის საკითხი თითქოს და მოგვარდა. მაგრამ არ გასულა კვირაც და ერთი ამბავი ატყდა ჩემი ახალი ბინის გარშემო. გამომედავა პოეტი ალექსანდრე აბაშელი. თურმე, ნუ იტყვით, ყოფილი რევოლუციონერის ვასო ცაბაძის ნაბინარში ჩავსახლებულვარ. ვასო ცაბაძე, შემთხვევით იყო თუ სხვა მიზეზით, 1924 წლის აგვისტოს ავანტიურაში მონაწილეობისათვის დაუხვრეტიათ. პოეტი აბაშელი კი თურმე მეურვეობდა მის ობლებს. მე ეს მდგომარეობა არვიცოდი. რასაკვირველია, ძალზე შევწუხდი. მიუხედავად ათასგვარი თხოვნისა და შუამდგომლობისა, აბაშელი პრინციპზე დადგა და რაზმა „შავჩოხელი“ მწერლები და კოლექტიური საჩივრით მიმართა ფ. მახარაძეს. საჩივარში მე გამოყვანილი ვიყავი, როგორც უზურპატორი. ფ. მახარაძემ სასწრაფოდ გასცა ბრძანება ბინიდან ადმინისტრაციული წესით ჩემი გასახლების შესახებ. საქმეში ჩაერია ხან პარტიის ცეკა, ხან კომკავშირი, ხან მწერალთა კავშირი, მაგრამ მთავრობის თავმჯდომარეს სიტყვა ვერ გადაათქმევინეს. არც ალექსანდრე აბაშელი ცხრებოდა. მას ამხ. ს. ორჯონიკიძისთვისაც გაუგზავნია საჩივრის წერილი. ამხ. ს. ორჯონიკიძის რეზოლუციის თანახმად, ჩემთვის სამაგიერო ბინა უნდა მოეცათ. მაგრამ ფ. მახარაძემ თავისი მაინც გაიტანა და იმავე წლის, სწორედ რვა მარტს, ადმინისტრატული წესით ბინიდან გამასახლეს, ბარგები ქუჩაში გამიყარეს. იძულებული გავხდი, ამეკრიფა ჩემი ბარგი-ბარხანა და სასტუმრო „პალასში“ გადავსულიყავი დროებით საცხოვრებლად. ამრიგად, ჩემი რვა კვ. მეტრიანი ოთახიც დავკარგე. ცაბაძის ნაბინარში კი გაიხსნა შინაურული სასადილო, რომელსაც დიასახლისობდა აბაშელის მეუღლე...
აი, ეს სამარცხვინო ამბავი მქონდა აღწერილი ერთერთ დღიურში. შემდეგში, როგორც გავიგე, ჩემი დღიურები ხელში ჩავარდნოდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ მაშინდელ რედაქტორს, ხალხის მტერს დავით ვოლსკის. უკანასკნელის მეშვეობით კი ეს დღიურები გადასულიყო ლ. ღოღობერიძის განკარგულებაში. რასაკვირველია, მარტო გაკიცხვას არ დამაჯერეს. მეორე დღესვე იმავე ღოღობერიძის თავმჯდომარეობით შესდგა მწერალთა ფედერაციის კრება და მე მდივნობიდან გადამაყენეს. ასე დამთავრდა ჩემი დღიურების ისტორია... მე განზრახ გავუკეთე ასეთი გრძელი შესავალი ჩემს ბიოგრაფიას, რათა იცოდეთ, თუ რა გულის ტკივილით განვიცდი ჩემი შვიდი წლის დღიურების უგზოუკვლოდ დაკარგვას. ეს დღიურები რომ არდაკარგულიყო, შეიძლება, ბევრი საინტერესო მასალა დარჩენოდა მომავალ თაობას ჩემი ცხოვრებიდან. ასე კი, ერთბაშად ძნელია ავტობიოგრაფიის დაწერა, მით უფრო ბავშვობისა და ყრმობის წლებიდან. ამას კი მახსოვრობის ფანტასტიური ნიჭი სჭირდება... მაინც მოგახსენებთ ცოტა რამეს ჩემი ბიოგრაფიიდან:
დავიბადე 1903 წელს, 28 აპრილს (ძველი სტილით), სოფელ ხორგაში, შეძლებული გლეხის ოჯახში. ბაბუაჩემი ნიკოლოზ მირცხულავა მაშინდელი სოფლის პირობებში განათლებულ კაცად ითვლებოდა. შეძლებულადაც ცხოვრობდა. ედგა ძველი, მამაპაპური რვათვალიანი ოდა, რომლის წინ აღმართული ასწლიანი ჭადარი თითქმის ჰექტარიანი ეზოს ნახევარს ფარავდა. იგი იყო მწიგნობარი და განთქმული მედავითნე. შესანიშნავად იცოდა ქართული, რუსული, თათრული და ბერძნული ენები. სახლში საკმაო ბიბლიოთეკაც გააჩნდა, უფრო მეტად საღვთო წიგნები. იცნობდა საერო ლიტერატურასაც. ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსნი“-ს ბევრი ადგილი, განსაკუთრებით აფორიზმები. სიტყვა-პასუხში ხშირად ამ აფორიზმებს იშველიებდა. შესახედავად ფრიად ლამაზი და წარმოსადეგი კაცი იყო. მაღალი, ახოვანი, მკერდზე ფართო, თეთრი წვერები ეყარა. ნამდვილი ბიბლიური სახე ჰქონდა. იგი ერთ დროს ივანე ჯავახიშვილთან ნაცნობობასაც კი ჩემულობდა. ხობის მონასტერში ბერად ყოფნის დროს თითქოს მასთან მოსულიყოს ივანე ჯავახიშვილი, გამოეკითხოს მონასტრის წარსული, მისი ვინაობა-გენეალოგიაც. და ივანე ჯავახიშვილს მაშინ ეთქვას, თითქოს რომ გვარი „მირცხულავა“ წარმოსდგება ქართული ვარსკვლავიდან, თითქოს ჩვენი წინაპრები ერთდროს ვარსკვლავთმრიცხველები ყოფილიყვნენდა სხ. ბაბუჩემმა ასხუთი წელი იცოცხლა, გარდაიცვალა შემთხვევით ცხენიდან ჩამოვარდნის დროს.
მამაჩემი ანდრია ნიკოლოზის-ძე მირცხულავა მიწის დამუშავების გარდა მოიჯარადრეობას ეწეოდა. წლების განმავლობაში სოფლის მექარხნეთა ამხანაგობაშიაც შედიოდა. ხობის წყლის პირად მუშაობდა სახერხსაფ-ქვავი ქარხანა, რომლის მეხუთედი წილი მას ეკუთვნოდა. ერთხელ ამ ქარხანამ კინაღამ იმსხვერპლა. ქარხანაში შემთხვევით გასკდა ათტონიანი საფქვავი ქვა და ზედ დაეცა, ფეხი მოსტეხა. დიდხანს მკურნალობდა ოდესაში, დაბეჟილი ფეხი მაინც ვერ გაუსწორეს. ერთხანს ეზოში, გზის პირად პატარა სავაჭრო დუქანიც ედგა, მაგრამ ვაჭრობის შნო სრულებით არ ჰქონდა, მუდამ აგებდა. სალაროში მხოლოდ ნისია თამასუქები რჩებოდა. ამის გამო დედა-ჩემსა და მამას შორის ხშირად უსიამოვნებას ჰქონდა ადგილი. ბოლოს დაცარიელებული დუქანი დიდის ვაი-ვაგლახით გადაწეული იქნა უკანა ეზოში და გადაკეთებული იქნა სიმინდის საწყობად. დედაჩემი მაშული, გვარი თქორთუა (ქორთუა ქართულად ნიშნავს ქართველიშვილს), აზნაურის ქალი იყო, სამეგრელოს აბასთუმნიდან. ბაბუაჩემი დედით, მაცი ქორუა, შეძლებული ოჯახის პატრონად ითვლებოდა მთელ სოფელში. ეწეოდა მევენახეობას. წლიდან წლამდე მის მარნებში გამოულეველი იყო ცოლიკოურის ღვინო.
დედაჩემი ბუნებით კეთილი, სანდომიანი და ღვთისმოსავი ქალი იყო. მეზობლებში პატივისცემა და სიყვარული ჰქონდა დამსახურებული. ჩემი ოჯახი განთქმული იყო სტუმართმოყვარეობით. ჩვენთან სტუმრობას არ თაკილობდნენ იმდროინდელი ფეოდალებისა და თავადების ნაშიერები ჯაიანე ბიდალიპონავები. თითქმის ყოველ წელიწადს შემოგვდიო და სიმინდის უხვი მოსავალი. ხანდა ხან ზედმეტი სიმინდი მამაჩემს ნავით (ხობის წყალზე) გაჰქონ და ფოთში გასასყიდად. მახსოვს, ერთხელ (მაშინ მე შვიდი წლის თუ ვიქნებოდი) სიმინდით სავსე ნავი გადაგვიბრუნდა ხობის წყალზე და ხუთას ფუთამდე სიმინდი წყალში ჩაგვიცვივდა. მაგრამ ეს უბედურება ჩვენს ოჯახს თითქმის არც კი დასტყობია. სამაგიეროდ, ნავის გადაბრუნების ადგილას იმ წელს გაჩნდა უამრავი თევზი და გაჩაღდა დიდი თევზაობა. სოფლის განთქმულმა მელექსემ ეფრემ კაკულიამ ამაზე ლექსიც კი გამოიგონა: „ნეტავი, დამაჭერინა ხის მოგრეხილი კავებით ჩვენი ანდრიას სიმინდით გასუქებული ღლავები“ (მომყავს ქართულად).
ხორგა თავიდანვე მჭიდროდ დასახლებული სოფელი ყოფილა. მას შუაზე ჰყოფს მდინარე ხობი, რომელიც უშუალოდ შავ ზღვას ერთვის, ყულევთან. ზღვიდან ამ მდინარით ხშირად შემოდიოდნენ პატარა, აფრიანი სავაჭრო სანდლები. ყოველი ამ სანდლის გამოჩენა ჩვენთვის, სოფლის ბავშვებისათვის მთელ სანახაობას წარმოადგენდა. სანდალი რამდენიმე დღით გაჩერდებოდა ხობის პირად, ეკლესიის წინ, წაივაჭრებდა და გედივით კვლავ აფრას გაშლიდა და ნელ-ნელა გაუდგებოდა გზას აღმა, ხობისაკენ. ხორგა ყველაზე მდიდარ და სიმინდის უხვ მოსავლიან სოფლად ითვლებოდა ახლომახლო მდებარე სოფლებს შორის. სიტყვა ხორგა ქართულად ნიშნავს ხორაგს.
მაგრამ ამ სიმდიდრესთან ერთად იგი განთქმული იყო ჭაობებით. ჭალა-დიდის ზონის ჭაობებში უხვად ბუდობდნენ ბუზის ოდენა კოღოები. მოსახლეობის თითქმის ოთხმოცდაათი პროცენტი მალიარიით იყო დაავადებული. შვიდი წლის ვიქნებოდი, როცა სოფლის სასწავლებელში შემიყვანეს. ჩვენი სკოლა მოთავსებული იყო შუა ხორგაში, სოფლის კანცელარიასთან, ჩემი სახლიდან ერთი ვერსტით დაშორებით, მდინარის პირად, მაღალ ქვის ბოკონებზე შემდგარ ხის უზარმაზარ შენობაში. მეც მომისწრო სკოლის ველიკო რუსულ მარეჟიმმა. მეგრულად ან ქართულად და ლაპარაკებისათვის „ბეზა ბედას“ ფირ-ფიტა იყო შემოღებული. ვაი მაშინ, თუ ვინმე ცუღლუტი მოწაფეთაგანი ამნალის ოდენა ფირფიტას შემოგაჩეჩებდა ხელში! საღამომდე სკოლაში უსმელ-უჭმელად დაგტოვებდნენ. რამდენჯერ მეც მერგო ეს სასჯელი. რამდენჯერ დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ დედაჩემს „ტყვეობიდან“ დავუხსნივარ ხოლმე. სკოლაში, თავის ქებად არ ჩამომართვათ და, პირველ მოწაფეთ ვითვლებოდი. მასწავლებლებისაგან როზგი და ყურის აწევა არ მახსოვს. ისე კი ძალიან მკაცრი და უხიაკი პედაგოგები გვყავდა. ზოგი მასწავლებელი მეტად დაოსტატებული იყო ბავშვთა ფიზიკურ „აღზრდაში“. თავში ჩააფრინდებოდა მოწაფეს, ორივე ყურით მაღლა ასწევდა და ასე იმდენხან ეჭირა, სანამ საწყალ ბავშვს გუგებიდან თვალები არ გადმოეკარკლებოდა და აგლეჯილ ყურებიდან სისხლი ყელზე არ გაესკვნებოდა. განსაკუთრებით სიბეჯითეს ვიჩენდი მათემატიკაში, მართლწერაში, გრამატიკაში და ხატვაში. საღვთო სჯული არმიყვარდა. უფრო იმიტომ, რომ მისი არც ერთი სიტყვა არ მესმოდა. ამ საგანს გვასწავლიდა სოფლის მღვდელი, ვინმე კინტირია კვირკველია, რომელსაც მოწაფეები კინტირია ბერს ვეძახდით. იგი ცხოვრობდა სოფელ ქარიატაში, სკოლიდან ერთი ვერსტით დაშორებით. სახლიდან სკოლაში და პირიქით მუდამ ჯორზე შემჯდარი დადიოდა. დარში თუ ავდარში მუდამ ნაბადი ეხურა, თუმცა, მღვდელი და ნაბადი უცნაური შეხამება იყო მაშინ. ერთხელ კინტირია ბერის ჯორის საქციელმა აალაპარაკა მთელი სოფელი: კინტირია ბერი, ყოველ დილით, როცა სკოლაში შემოდიოდა, ჯორს თოკით ხეზე მიაბამდა და ზედ თავის გაცვეთილ ნაბადს გადააფარებდა. ერთ დღეს, როდესაც კინტირია ბერი თავის გაკვეთილს გვასწავლიდა, ჯორს თოკი აეწყვიტა და ნაბდიანად სახლში წასულიყო. ბერმა გამოგვყო რამდენიმე მარდი მოწაფე და დაგვასაქმა: არიქა, ჯორს გამოეკიდეთ და უკან დააბრუნეთო. გზად მომავლებმა გვითხრეს, ბერის ჯორი ნაბდიანად თავის ეზოში დგასო. გავფრინდით ბერის სახლისაკენ, შევცვივდით ეზოში და ჯორს ალყა შემოვარტყით, მაგრამ, მეტი არაა შენი მტერი, ჯორმა ტლინკების სროლა დაიწყო და ახლოსაც არ მიგვიკარა. არც მოფერებამ გასჭრა, არც მუქარამ. უკან გავბრუნდით, პატრონს სხაპასხუპით მოვახსენეთ ჯორის გაჯიუტების ამბავი. ბერმა წვრილი, ქალური ხმით ერთი მაგრად შეიკურთხა და ჩქარი ნაბიჯით სახლისაკენ გასწია...სოფელში, ახლაც, კაცი რომ გაჯიუტდება, იტყვიან კინტირიას ჯორზე შეჯდაო...
სხვა მასწავლებლებიდან, თავისი კეთილი და ლმობიერი ბუნებით მახსოვს ძველი, დამსახურებული მასწავლებელი ნესტორ ჭითავა, რომელიც რუსულ ენასა და მათემატიკას გვასწავლიდა.
ჩემი მოწაფეობის დროს სკოლა დაიწვა. ამის გამო სოფელში ხმაც კი დაირხა, თითქოს ეს სკოლა ძალით დაეწვათ ქარიატელებს, რათა კულტუ-რულად მინისტრატიული ცენტრი თავიანთ სოფელში გადაეტანათ. ამაში სასამართლოც ჩაერია... მხოლოდ არ ვიცი, საქმე როგორ გათავდა. ყოველ შემთხვევაში კულტურულად მინისტრატიული ცენტრი ისევ შუა ხორგაში დარჩა და ჩვენც, ახალი სკოლის აგებამდე, სწავლას განვაგრძობდით იქვე დაქირავებულ კერძო ბინებში. მონათლული ვარ ბიძის მიერ (დედით). მისივე სახელი მქვია. შინაურობაში „დურ ჩეს“ მეძახდნენ. „დურჩე“ ქართულად ნიშნავს თეთრ თავას. ბავშვობაში ძალიან ანცი და დაუდეგარი ხასიათის ვიყავი. ჩემი საყვარელი სათამაშო იყო რიკ ტაფელობა და ბურთაობა. ბურთს მე თვითონ ვაკეთებდი ბეწვისაგან. დაოსტატებული ვიყავი აგრეთვე შვილდისრისა და „თახვან ტიას“ გათლაში. „თახვან ტიას“ ვეძახდით ლერწმისაგან გაკეთებულ იარაღს, რომელსაც რკოს „ტყვიებით“ ვტენავდით და შემდეგ ზუმპის საშვალებით ვისროდით. ზოგიერთ „თახვან ტიას“ ნამდვილი რეველვერის ხმა ჰქონდა და მისგან გასროლილი „ტყვია“ კამეჩსაც კი ააფუცხუნებდა. ეზოში, დილიდან საღამომდი იდგა ამ „რევოლვერების“ ბათქა-ბუთქი. უხმო იარაღთაგან განთქმული იყო შურდული. მაგრამ ის იშვიათი იყო, რადგან მაშინ სოფლად სათანადო რეზინის შოვნა ჭირდა.
ზამთარში კი მიყვარდა ეზოს უკან რაგვის დაგება. როკზე გამოვაბამდი გრძელ თოკს და ქოხის კარის ჭუჭრუტანიდან ბეღურებს ვუთვალთვალებდი. და როდესაც ბეღურების გუნდი ფრთხილი გოგმანით შევიდოდა რაგვში მარცვლების ასაკენკად, უეცრად თოკით როკს გამოვაცლიდი და რაგვი (უკეთ რომ ვთქვათ კარი) დამბლასავით თავზე დაეცემოდა დაფრთხალ ჩიტებს. ეს ნადირობა დიდი სიხარულის მომგვრელი იყო ჩემ თვის.
ხობის წყალი საკმაოდ მოზრდილი მდინარეა. მისი განი ალაგ-ალაგ ასიოდემეტრს უდრის. წყალი ყველგან სუფთაა, მტრედისფერი. თევზიც ბლომად იცის. ზაფხულობით ეს მდინარე ჩვენთვის სასპორტო მოედანს წარმოადგენდა. ბავშვები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით გაღმა-გამოღმა გამოცურვაში. მე კარგად ვიყავი გაწაფული ორღიით (მკლავებით) ცურვაში. მხოლოდ ჩაყვინთვა მეზარებოდა. ოდნავ წყლის შიში მქონდა. ერთხელ, ჩაყვინთვის დროს, ნაპირზე მიბმულ ტივებ-ქვეშ მოვექეცი და იქიდან ბავშვებმა ძლივს გამომათრიეს წყლით გაგუდული და გონდაკარგული. ეს შიში დღემდე თან დამყვა. თუმცა ცურვის ოსტატობას ზედმიწევნით ვფლობ, ზღვაში მაინც შორს ვერ შევდივარ, ბავშვობიდან თანდაყოლილი წყლის შიში მიპყრობს.
არ დადეგებზე ხშირად დავდიოდი ჩემს ბიძასთან, აბასთუმანში, რომელიც ხუთმეტიოდე ვერსტით იყო ჩემი სოფლიდან დაშორებული. აბასთუმანი 1500 მეტრით აღემატება შავი ზღვის დონეს. იქ გზა ადიოდა ბილიკებით. მიყვარდა მთების ნაზი ბუნება, მიტაცებდა ნაკადულების გიჟმაჟური ლტოლვა და ჩხრიალი. მხოლოდ მეზარებოდა ერთი ადგილის გავლა. ეს ოღრო-ჩოღლო ადგილი შემოღობილი იყო უზარმაზარი ქვებით. ბიძაჩემს უთქვამს ეს ჩამქრალი ვულკანი არისო. თურმე შიგ ერთხელ ჩაუშვიათ გრძელ თოკზე გამობმული კატა და უკან მხოლოდ გადამწვარი თოკი ამოუღიათ. არვიცი, ეს რამდენად შეიცავდა სიმართლეს, ყოველ შემთხვევაში, ამ ადგილზე გავლა მეზარებოდა და მივუახლოვდებოდი თუ არა „ჩამქრალ ვულკანს“ გზას ყვირილით გავირბენდი შიშის დასაძლევად.
აბასთუმანი ჩემი მეორე სამშობლო იყო. აქ ტოლებთან ერთად ვერთობოდი ჩიტებზე ნადირობით, თევზაობით და ცხენზე სიარულით. პირველხანებში ძალიან მიჭირდა ცხენზე შეჯდომა. ხშირად მარჯვენა ფეხს გავუყრიდი უზანგს და ცხენს პირუკუ მოვექცეოდი. მაგრამ თანდათან გავიწაფე ამ სპორტშიაც და ხშირად მარტო მივსეირნობდი ცხენით ზუგდიდისაკენ, სადაც ახლო ნათესავები მეგულებოდა.
ხორგის პირველდაწყებითი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, სწავლა განმეგრძო ფოთის საქალაქო სასწავლებელში. ამ კეთილისაქმის ინიციატორი იყო დედაჩემი. მამაჩემს უნდოდა, ჩემგან კარგი მოიჯარადრე და საქმის კაცი გამოსულიყო. ფოთის საქალაქო სასწავლებლის დირექტორად იყო მეტად ობროდი და უხეში ადამიანი, გვარად პოპოვი. სასწავლებელში მკაცრი რეჟიმი სუფევდა. პაპიროსის მოწევას სასწავლებლის ეზოშიაც ვერ ვბედავდით. დირექტორის უნებართვოდ მოწაფეებს კინოშიაც არ გვქონდა წასვლის უფლება. ფოთში, დიდი სობოროს პირდაპირ, იყო ერთი პატარა კინო-დარბაზი, „ილიუზუმად“ წოდებული. ერთხელ, რამდენიმე მოწაფე წავედით ამ კინოში რაღაც რევოლუციონური სურათის სანახავად. კინოს დამთავრების შემდეგ, როდესაც დარბაზი განათდა და გარედ გამოსვლა დავაპირეთ, კარებთან შემოგვეჩეხა ჩვენი დირექტორი. ჩვენ დავიბენით და გავიქეცით. მეორე დღეს სასწავლებელში დაგვხვდა კედელზე გამოკრული ბრძანება, რომელიც იუწყებოდა სასწავლებლიდან ჩვენს გარიცხვას. ორი კვირა ვიყავით სასწავლებლის გარედ. ბოლოს, როგორც იყო, ჩვენმა მშობლებმა დიდი ხვეწნით და მუდარით დააშოშმინეს მრისხანე დირექტორი და ჩვენს მერხებს დავუბრუნდით.
ფოთის საქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მშობლებმა რატომღაც ზუგდიდის ქალ-ვაჟთა გიმნაზიაში შემიყვანეს. გიმნაზიის დირექტორად იყო, იმ დროისათვის ფრიად განათლებული და ნასწავლი კაცი, მექი კობახიძე, მგონი, ჩვენი გამოჩენილი სახალხო მსახიობის პიერ კობახიძის ბიძა. ვცხოვრობდი დეიდაჩემის, კვალანდარიას სახლში. დეიდაჩემს შვილობილად ჰყავდა ჩემი უფროსი და, რომელიც სწავლობდა ამავე გიმნაზიაში, წინა კლასში. ოჯახის პატრონი თეოფილე კვალანდარია შეძლებული გლეხი იყო. ჰყავდა ნახირი და მათ შორის ერთი უცნაური, მეწველი თხა, რომელიც თავისი ტოლებისაგან გამოირჩეოდა ჯიღიანი რქებით და ბიბლიური წვერებით. მოწველვის წინ ყოველთვის სახლის სახურავზე ადიოდა და იქიდან დიდისვაი-ვაგლახით ჩამოგვყავდა. თეოფილე კვალანდარიას სისხლი ჰქონდა გამშრალი ამ თხის ჯიუტობისაგან. რამდენჯერ დააპირა მისი გაყიდვა, მაგრამ ვერ გაიმეტა, კარგად იწველიდა. კვალანდარიას სახლში ბინადრობდა ზუგდიდის მაზრის ყოფილი უფროსი, „ვეზნ ნაჩალნიკად“ წოდებული, მეფის მოხელე მიხა საჯაია. იგი კვალანდარიას შორეული ნათესავი იყო. უცნაური თავისებური კაცი იყო ეს საჯაია, მსხვილი და ტანდაბალი, ჩქარი და ფიცხი. რუსულად ნაკითხი და განსწავლული. კარგად იცოდა რუსული და უცხოური ლიტერატურაც. მაშინ მენშევიკების ბატონობის ხანა იყო. მეფის მოხელის თანამდებობიდან გადაყენებული და ჩინ-მენდლებ-ჩამორთმეული მიხა საჯაია ახლა ვექილობას ეწეოდა. მას მოსწონდა ჩემი კალიგრაფია და ხშირად განცხადებას მაწერინებდა რუსულად. ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა. ჭერამდე მიდგმული კარადა გაჭედილი იყო შექსპირის, შილერის, მოლიერის, შელის, პუშკინის, ლერმონტოვის, ტოლსტოის, დოსტოევსკის, ტურგენევის და იურიდიული ხასიათის წიგნებით. მე ხშირად ვსარგებლობდი ამ ბიბლიოთეკით. განსაკუთრებით მიყვარდა მოლიერი. მისი რამდენიმე კომედიაც ვთარგმნე. ერთხელ საჯაიას გავანდე ჩემი გულისნადები და მორიდებით წავუკითხე ერთი მეტის-მეტად გრძელი ლექსი, რომელიც ჰეინეს „სიზმარი“ს გავლენით იყო დაწერილი. საჯაიამ ლექსი მომიწონა და წამახალისა. თან მითხრა: ჩვენ აქ ადგილობრივი მწერალი გვყავს ლეო შენგელაია-ქიაჩელი და ხვალ იმასთან მიგიყვანო. მართლაც, მეორე დღეს წავედით ქალაქში. ბაღში რომ შევედით, მან უეცრად მკლავში ხელი ჩამჭიდა. აი, ბედი თუ გინდა, სწორედ ის არის! მითხრა და სამკითხველოს გვერდით, რუის პირად ჩამომჯდარ ქერა კაცზე მიმითითა, რომელიც ზედიზედ თამბაქოს აბოლებდა და გაზეთს ჩაჰყურებდა. „ის არის ლეო ქიაჩელი, წამოდი, ახლავე გაგაცნობო“. მაგრამ მე მომერიდა, გავჯიუტ დი, ხელში ლექ სი შევაჩეჩე და გა ვიქეცი. შორიდან ვუთვალთვალებდი, თუ როგორ მივიდა ჩემი მეცენატი ქიაჩელთან, მიესალმა, გვერდით მოუჯდა, ლექსი გადასცა და გადაუალაპარაკა...
საჯაია საღამომდე არ დაბრუნებულა. მე გულისფანცქალით მოველოდი ჩემი ლექსის ბედს. საჯაია ცოტათი შექეიფიანებულიყო და მხიარულ გუნებაზე იდგა. ჰაი, შე გლახაკო, სად გაიქეცი! მითხრა მან საყვედურით, შენი ლექსი ქიაჩელს ძალიან მოეწონა და შენი გაცნობა უნდოდა, რად გაიქეცი? შემდეგ უბიდან ლექსი ამოიღო, გადმომცა და თან დაუმატა, შემოგითვალა, წერა განაგრძოს და მისგან კარგი პოეტი გამოვაო! ჩემში ერთი-ორად გაიზარდა საჯაიას კეთილი ბუნება და ხასიათი. მაინც უცნაური კაცი იყო მიხა საჯაია. ის უკვე სამოც წელს მიღწეული იყო და თმაში ერთი ღერი თეთრი არ ერია. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო უშავდებოდა ულვაშები. ერთხელ, პირის პარსვის დროს, შემთხვევით თავზე დავადექი. მან უცებ რაღაც გადამალა, სახეზე პირსახოცი შემოიფარა და დამიცაცხანა: გადი აქედანო. ამ დროს, სამართებლის მაგიერ, ხელში შევამჩნიე კბილის გაშავებული ჩოთქი. თურმე ულვაშებსა და წარბებს იღებავდა. ხან და ხან კოხტად გამოიკვანწებოდა თავის ჩინ-მედლებიან ტანისამოსში და დიდხანს კედლის სარკეში იცქირებოდა. ასეთი უცნაური კაცი იყო მიხა საჯაია.
ზუგდიდის გიმნაზიაში მხოლოდ ერთ წელიწადს ვსწავლობდი. ფოთის ქალ-ვაჟთა გიმნაზიაში გადავედი. მა შინ გიმნაზიის დირექტორად იყო სერგო დანელია. მას მთელ ქალაქში მკაცრი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ის ცოტა ხანს იყო თავის თანამდებობაზე. ერთხანს მის თანამდებობას ასრულებდა ფილიმონ ნადარეიშვილი. სერგო დანელიასთან შედარებით მოწაფეები მას კეთილ და ლმობიერ კაცად ახასიათებდნენ. ბოლოს ის გამოსცვალა მიხეილ კინწურაშვილმა, „ია სამანი“-ს ფსევდონიმით ცნობილმა პოეტმა. უკანასკნელთან უფრო ახლო ურთიერთობა გვქონდა. გვასწავლიდა საქართველოს ისტორიას და მწერლობას და მის საგნებში ყოველთვის ხუთიანებს ვღებულობდი. მან ამავე დროს იცოდა ჩემი მიდრეკილება პოეზიისადმი. კითხულობდა ჩემს ლექსებს, მიწონებდა, თან რჩევა-დარიგებას მაძლევდა. აგრეთვე თანამშრომლობდა ჩვენს ხელთნაწერს ჟურნალში, რომელიც „ჩირაღდანი“-ს სახელწოდებით გამოდიოდა ყოველთვიურად.
კომკავშირის არალეგალურ მუშაობაში გიმნაზიაშივე ჩავები, 1921 წელს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ დღიდანვე ვმუშაობდი ხობის რაიონში, კომკავშირის ორგანიზატორად. ამავე წელსვე დავესწარი კომკავშირის პირველ ლეგალურ ყრილობას, როგორც დელეგატი ხობის რაიონიდან. ყრილობა მიმდინარეობდა რუსთაველის თეატრის საკონცერტო დარბაზში. მოხსენება გააკეთა ბორის ძნელაძემ. ახლაც თვალწინ მიდგას პირველი კომკავშირელის, ახალ გაზრდა გმირის ნათელი სახე... შავი სათვალით, მწვანე ხალათში ქამრით და უბრალო ჩექმებით. 1921 წელსვე გადმოვედი ტფილისში. ვმუშაობდი კომკავშირის ცეკაში, ბეჭვდით სიტყვის განყოფილების მდივნად. პარალელურად ვსწავლობდი სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. 1923 წელს, კომკავშირის ცეკასთან, ჟურნალ „მომავალი“-ს რედაქციასთან დაარსდა ამავე სახელწოდების ახალგაზრდა კომკავშირელ მწერალთა წრე, რომლის თავმჯდომარეც მე ვიყავი. 1923 წელსვე, საქ. კ.პ.(ბ) ცეკას მივლინებით გავემგზავრე მოსკოვს, ვ. ბრიუსოვის სახელობის სალიტერატურო ინსტიტუტში სასწავლებლად. პოეტივ. ბრიუსოვი იყო ამავე ინსტიტუტის რექტორი და ლექტორიც. გვასწავლიდა პოეტიკას. ამ ინსტიტუტში სწავლობდნენ მაშინდელი გამოჩენილი პოეტები და მწერლები: ა. ბეზიმენსკი, ვ. გოლცევი, ი. უტკინი, დ. ალტაუზენი, მ. სვეტლოვი და სხვები. ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ და საღამოებს მართავდნენ: მ. გორკი, ა. ბელი, ნ. ასეევი, ვ. მაიაკოვსკი, ს. ესენინი, ბ. პასტერნაკი, ი. სელვინსკი და სხვ. მახსოვს რამდენიმე საინტერესო შემთხვევა: ერთხელ ვ. ბრიუსოვი ლექციას გვიკითხავდა პოეტიკაზე. ბრიუსოვი მუდამ ლექციას კითხულობდა მჯდომარე, გულზე ხელდაკრეფილი. უცებ აუდიტორიის კარი გაიღო და ბარბაც-ბარბაცით შემოვიდა ს. ესენინი. ის მეტის-მეტად მთვრალი იყო.„მე უკეთეს რამეს წაგიკით ხავთ“ წაიდუდუნა მან და უბოდიშოდ კათედრაზე ავიდა. დაიწყო ლექსის კითხვა. მხოლოდ კარგად არ მახსოვს, რომელ ლექსს კითხულობდა. ჩვენ იძულებული გავხდით ტაში დაგვეკრა. ვ. ბრიუსოვი ისევ-ისე იჯდა ჩუმად, გულზე ხელდაკრეფილი. ბოლოს, როგორც იყო, მთვრალი ესენინი მოწიწებით დარბაზიდან გავიყვანეთ და ლექცია გავნაგრძეთ.
მეორე შემთხვევა: რუსეთის ახალგაზრდობას თავიდანვე უყვარდა მაიაკოვსკი. 1924 წელს, ამავე ინსტიტუტში გაიმართა ლიტერატურული საღამო. ი. სელვინსკი კითხულობდა თავის ახალ პოემას „ულიალაევშჩინას“. დარბაზი გაჭედილი იყო მოსწავლე აუდიტორიით... „ყოჩაღ, კარგია!„ - გაისმა უცებ დარბაზში შემოსასვლელ კარებიდან ბოხი ხმა. მოვიხედეთ კარებთან იდგა ვლ. მაიაკოვსკის გიგანტიური ფიგურა. ყელზე ეკიდა ფართო, წითელი ჰალსტუხი. ორივე ხელი ჯიბეში ეწყო. მან სელვინსკის მისამართით ისროლა ეს რეპლიკა. „მაიაკოვსკი„ ელვის სისწრაფით მოედო აუდიტორიას. ყველა ფეხზე წამოვდექით. ოვაცია გავუმართეთ. ვსთხოვდით ლექსი წაეკითხა. მაიაკოვსკი ერთხანს ჯიუტობდა, არ უნდოდა, ხელი შეეშალა მეგობარ პოეტისათვის. ბოლოს ხელში აიტაცეს და სცენაზე აიყვანეს. სამჯერ წააკითხვინეს ლექსი. ერთ- ერთი ლექსთაგანი, როგორც მახსოვს, იყო „მარში მარცხნივ“. აუდიტორია მაინც არ ეშვებოდა. მაიაკოვსკი იძულებული გახდა, სცენის უკანა კარებიდან გაპარულიყო.
მას შემდეგ შემთხვევა მქონდა ახლოს გავცნობოდი მას. ეს მოხდა ტფილისში, 1925 წელს. მოსკოვიდან ჩამოსული ვიყავი არდადეგებზე. იმ ჟამად, ჟურნალ „მნათობი“-ს დამატებად გამოცემული იყო ჩემი, კ. კალაძის და კ. ლორთქიფანიძის ლექსთა პატარა კრებულები. ჩვენ ახალგაზრდა პოეტებმა მაშინ შეხვედ რა მოვუწყვეთ ტფილისში სტუმრად ჩამოსულ მაია კოვსკის. ეს მოხდა მწერალთა კავშირში, ახლანდელ „საუდი“-ს ოთახში. მოვიდა მაიაკოვსკიც. მას ხელში ჩვენი სამი პატარა ლექსთა კრებული ეჭირა. მახსოვს, მაშინ მე წავუკითხე მას „დარიალი“. მაიაკოვსკი მისმენდა გულდასმით. მომიწონა, თან მითხრა: ასეთ ლექსს რუსეთში ახლა სელვინსკი წერსო. ამავე დროს: შენი ლექსი ბესიკსაც მაგონებსო და ქართულად დაიწყო: „ტანო ტატანო, გულწამტა ნო,ზილფად მარებო!“ ამ საღამო-შეხვედრაზე თავიანთი ლექსები წაიკითხეს აგრეთვე ჩემმა მეგობარმა პოეტებმა კარლო კალაძემ და კონსტანტინე ლორთქიფანიძემ. მაიაკოვსკი ნასიამოვნები დარჩა. ჩვენ არ მოვეშვით და მასაც რამდენიმე ლექსი წავაკითხვინეთ (მხოლოდ არ მახსოვს, რომელი). ვიგრძენით დიდბუნოვანი ადამიანისა და პოეტის გულწრფელობა და მზრუნვლი ხელი.
მაგრამ ყველაზე უფრო დაუვიწყარ მოგონებად დარჩება ჩემთვის 1936 წლის მარტის თვე. ქართველი ხალხის რჩეულ შვილებთან ერთად წილად მხვდა ბედნიერება გამგზავრებულ ვიყავი მოსკოვს და კრემლში ახლოს მენახა კაცობრიობის ბრძენი ბელადი ამხანაგი სტალინი. ამხანაგ სტალინმს შინ დავპირდი უფრო ნაყოფიერად და ენერგიულად ვიმუშავებდი ჩემს დარგში დიდი ლენინის იდეების დაცვისა და განხორციელებისათვის, სტალინური ეპოქის შესაფერი ლიტერატურის ამაღლებისა და განვითარებისათვის. და თუ რამდენად შევძელი ბელადისადმი მიცემული პირობის შესრულება ამის შესახებ თვით მკითხველმა იმსჯელოს.
ალიო ანდრიას -ძე მირცხულავა (მაშაშვილი) 8. 1. 52 თბილისი